მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობასთან დაკავშირებით ქუთაისში, მოსამართლის სახლთან 30-წუთიანი საპროტესტო შეკრების გამო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ციცინო მოსიძემ 9 პირი – ნინო ქათამაძე, გელა მთივლიშვილი, მაია ცირამუა, ვლადიმერ აფხაზავა, ხვიჩა ვაშაყმაძე, ირინა ზარანდია, ქეთევან ფილაური, ეკა კუხალაშვილი და გივი ცინცაძე სამართალდამრღვევებად ცნო და 5000-5000 ლარით დააჯარიმა.
მასწავლებელ ლადო აფხაზავას სიტყვა სასამართლოზე: „17-18 წლის ვიყვაი, როდესაც ჩემი ორივე მშობელი გარდაიცვალა და სახლში დავრჩი მარტო მე. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში იშვიათად იყო ოჯახი, სადაც ერთი ოჯახის წევრი იყო, მაგრამ დღეს მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრნი ვართ ოჯახში იმიტომ რომ ჩემ გვერდით ცხოვრობენ ძალადობაგამოვლილი ბავშვები, ბიჭები...ვცდილობ, რომ პროფესია მოვუძებნო, ვცდილობ რომ ვუმკურნალო და 2024 წლის მაისში, როდესაც აღდგომის დღესასწაულზე დედაჩემის და მამაჩემის საფლავზე მივდიოდი, ჩემთან ერთად იყვნენ ჩემი ბიჭიც, ლევანი და თავს დაგვესხნენ. გაგვილახეს ძვლივს გადარჩენილი ბიჭი...
ძალიან ბევრი წარმატება მქონია, მაგრამ არასდროს მითქვამს, რომ მე დედაჩემის და მამაჩემის სიყვარულის დროს შეძენილი და გაკეთებული სახლი გავყიდე სხვისი შვილისთვის და ვუმკურნალე. ის დღეს ჩემთან ცხოვრობს, საოცარ მესიჯებს მწერს და მინდა გითხრათ, რომ მე ჩემს თავს არ ვეკუთვნი, მე არ ვცხოვრობ ისე, როგორც ლადო აფხაზავას უნდოდა ცხოვრება. მე ვცხოვრობ ამ ბავშვებისთვის...
მოკლედ, პირველად მიწევს ჩემი თავის დაცვა ამდენი ხნის განმავლობაში. არასოდეს თავი არ დამიცვია და დღეს იძულებული ვარ, დავიცვა. მე საათებზე ვმუშაობ, ამიტომაც მაძლევს შესაძლებლობას, რომ სამ სკოლაში ვიმუშავო. ამიტომ ზოგიერთს შეიძლება აქვს იმის წარმოდგენა, რომ მე ძალიან დიდი შემოსავალი მაქვს. დიდი შემოსავალი რომ მქონდეს, ერთ სკოლაში ვიმუშავებდი და არა სამში. მიწევს ერთი სკოლიდან გადარბენა მეორეში და რამდენიმე კილომეტრის გავლა. ველოსიპედი მქონდა და ისიც მომპარეს და ფეხით დავდივარ.
აქედან გამომდინარე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, ჩვენ არ გვაქვს ისეთი შემოსავლები, რომ ამ სანქციას [5000 ლარი] გავუმკლავდეთ. მე მაშინ დამჭირდება ჩემი კოლეგების დახმარება და ძალიან გთხოვთ, არ მსურს ჩემს კოლეგებს ვთხოვო დახმარება და ამ საქმეში, დაახლოებით, 100 მასწავლებელი ჩავრთო“.
ზედმეტი უხერხულობის გარეშე გთხოვთ, რომ ეს სანქცია მოგვიხსნათ და მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნით გაგვისტუმროთ აქედან“, - განაცხადა ლადო აფხაზავამ.
ლადო აფხაზავა და სხვა 8 პირი სასამართლომ 5000-5000 ლარით დააჯარიმა
განყოფილება: პოლიტიკა
გადასვლები: 404