
,,ჰო და არას“ მიერ დაანონსებულ შეხვედრაზე, რომელიც ითვალისწინებდა პოზიციის დაფიქსირებას მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, აქტიურად გამოგვეხმაურნენ მუნიციპალიტეტში მოქმედი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და საზოგადოებრივად აქტიური პიროვნებები. მათ გამოთქვეს თავიანთი გულისტკივილი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, შეაფასეს ჩატარებული არჩევნების შედეგები და ისაუბრეს გაყალბების წარმოუდგენელ ახალ მეთოდებზე. დაიგეგმა სამომავლო აქტივობები და მოსახლეობისთვის ინფორმაცის მიწოდების აუცილებლობა. ხაზი გაესვა საპროტესტო აქციების მშვიდობიანი ფორმებით ჩატარების მნიშვნელობას, რაც ხორციელდბა კიდეც ლანჩხუთში. შეხვედრაზე გაიხსენეს, რომ 1989 წლის 9 აპრილის, აქციების პირველი მონაწილე ქალაქი, სადაც თბილისის შემდეგ მოეწყო არასანქცირებული მიტინგი, იყო ლანჩხუთი და მათი მონაწილეები ამ შეხვედრასაც ესწრებოდნენ. ხაზი გაესვა მნიშვნელოვან მომენტს _ მიმდინარე პროცესებმა პირველად საქართველო დააყენა განსაკუთრებული საფრთხის წინაშე, რომ ა.შ.შ. აჩერებს საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას, ხოლო ევროკავშირი შეშფოთებულია საქათრთველოს მთავრობის ანტიევროპული კურსით და უკვე შეაჩერა მან საქართველოსთან ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული თანამშრომლობა. სავარაუდოდ შეჩერდება უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან და დაწესდება სანქციები პოლიტიკური პირების მიმართ, რაც მნიშვლენლოვან დარტყმას მიაყენებს საქართველოს ეკონომიკას და შეიძლება 90-იანი წლების ფორმატშიც დავბრუნდეთ, ამიტომ შეკრებული საზოგადოების აზრით აუცილებელია გაგრძელდეს მშვიდობიანი საპროტესტო აქციები, რათა ხელისუფლებაზე მოხდეს ზეწოლა, რომ დაინიშნოს ახალი არჩევნები საერთაშორისო მედიაციით და საქართველო დაუბრუნდეს ევროატლანტიკურ ორიენტაციას. ის, რომ ხელისუფლება, რომელიც უკვე გაყალბებული არჩევნების შედეგად არალეგიტიმურია და თვითმარქვიაა და ამბობს, ვითომ 2028 წლის შემდგომ დაიწყებს ევროკავშიში გაწევრიანებაზე ზრუნვას, ისეთივე თაღლითობაა, როგორც, წინასაარჩევნოდ ოცნების ლოგოზე ნახევრად ევროკავშირის დროშის მიხატვა, რაც მოკლე ხანში გამომჟღავნდა იმით, რომ ევროკავშირის დროშით ხელში მყოფ ადამიანებს, მათ შორის ახალგაზრდებს, გოგონებს, წიხლებით გაუსწიორდნენ სამთავრობო ძალოვანი სტრუქტურები. ხელისუფლების წარმომადგენლები უკვე აღარ მალავენ მათ სიმპატიებს რუსეთის მიმართ, ხოლო რუსეთის პრეზიდენტი, პუტინი, დიდებით მოიხსენიებს პატივცემულ თვითმარქვია ხელისუფლებას. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ევროკავშირის და აშშ ხელისუფლებები გააგრძელებენ აუცილებელ მხარდაჭერას ქართველი ხალხის მიმართ, რათა საქართველო დაბრუნდეს ევროატლანტიკურ ორბიტაზე და იძულებულს გახდიან თვითმარქვია ხელისუფლებას, რომელიც არ უღიარებია რუსეთის ორბიტრაზე მყოფი ქვეყნების გარდა არავის, მიიღოს ის გადაწყვეტილებები, რაც მოთხოვნილია საპროტესტო აქციებზე _ გაზაფხულზე დაინიშნოს ახალი არჩევნები საერთაშორისო მედიაციით.
კახა ასკურავა: სიახლე არ იქნება თუ ვიტყვი, რომ არჩევნები არ არის მხოლოდ არჩევნების დღე. არჩევნები არის მთელი პროცესი. დავიწყოთ იქედან, რომ ამ ქვეყანაში 2018 წლის შემდეგ თავისუფალ არჩევნებთან ერთად სიმართლესთან მაიხლოებული არჩევნები არ ჩატარებულა. როდესაც არჩევნების გამო სესხები დაუფარეს ოჯახებს წინა არჩევნების დროს, ეს იყო უპრეცედენტო გაყალბების ნიშანი, რაც მსოფლიომ დაინახა. ივანიშვილი ყველა არჩევნებზე აყალბებდა იმ დონეზე, რა დონეზეც ეს მას ჭირდებოდა. მათ ამჟამინდელ არჩევნების დროს ამბსოუტურად ყველა სეგმენტზე იმუშავეს. არც ლანჩხუთი არ არის გამონაკლისი. სამწუხაროდ, ლანჩხუთი და მთლიანად გურია, ქოცურ რეგიონად აღიქმება.
ამას აქვს თავისი მიზეზი. სადაც მეტი გაჭირვებაა, იქ უფრო მეტად ყიდულობენ, უფრო მეტად აშინებენ ხალხს. გათვლილი ქონდათ ის, რომ დიდ ქალაქებში უჭირდათ და აქცენტი ქონდათ რეგიონებზე. რეგიონებში არის ნაწილი მოსახლეობისა, რომელსაც ვერანაირი გზით ვერ ყიდულობენ. მადლობის ღირსია ის მოსახლეობა. ივანიშვილმა იცოდა, რომ 2024 წლის არჩევნები იყო უმნიშვნელოვანესი მისთვის. ეს არ იყო მხოლოდ მის მიერ დაგეგმილი სპეცოპერაცია ეს იყო რუსეთის ფეესბეს მიერ დაგეგმილი სპეცოპერაცია, რომლითაც მან შეუსრულა ყველას. ჩვენი, ოპოზიციის შეცდომებიც არსებობდა. იყო რაღაცები, რაც ჩვენც ვერ შევაფასეთ სწორად. ჩვენ არც ადამიანური და არც ფინანსური შესაძლებლობები გვქონდა საკმარისი. ჩვენის მხრივაც დავუშვით შეცდომები, რამაც შედეგი გამოიღო. 
გია გოგუაძე: მე ოლქში გახლდით პარტიის წარმომადგენელი. ერთი კვირით ადრე, როცა კომისიებში, ფუნქციები განაწილდა და ყველამ იცოდა ვინ იყო რეგისტრატორი, უკვე იქიდან დაიწყო არჩევნების გაყალბება. თითოეული თქვენთაგანი იქნებოდით საცდელ ტრენინგზე, სადაც ვნახულობდით ელექტრო მანქანას და ვიგებდით როგორ უნდა მიგვეღო მონაწილეობა არჩევნებში. შეხვედრაზე გვაჩვენეს როგორ გაფერადდა ოთხი ბიულეტენი. აქედან სამი ამოვიდა ბათილი, ამას მოჰყვა ჩვენგან უდიდესი რეაქცია, მოვითხოვეთ იმწამსვე მანქანების გახსნა. ოლქმა უარი თქვა. დავწერეთ საჩივარი, მივმართეთ ცესკოს. გაგვიჩნდა ეჭვი, რომ მანქანას რომ ვუყურებდით, ამ სათავსოში იყო რაღაც ბიულეტენები. ოთხი ნორმალურად შევსებული ბიულეტენიდან ამოვარდა სამი ბათილი ბიულეტენი. გვეუბნებიან, რომ გადაიღალა მანქანა. მე მაშინვე მივხვდი, რომ პრობლემები იქნებოდა არჩევნებზე. ჩამოიყვანეს წელიწად ნახევარი უფასო შვებულებაში მყოფი ბაღების ხელმძღვანელი კობალავა, ზონდერად ატარეს ბაღებში და აბულიგებნდნენ აღმზრდელებს, პედაგოგებს. მე პირადად აკეთში ვაძლევ ხმას. ხმის მისაცემად როცა ავედი, გავოგნდი, ისეთი სიტუაცია დამხვდა. სახელმწიფო მოხელე იდგა კარებში. შიგნით დამკვირვებლებისთვის ადგილი არ იყო. როცა ვკითხე შენ რატომ დგეხარ აქ-მეთქი, მაჩვენა გულზე ჩამოკიდული რაღაც არარსებული არასამთავრობოს ბეიჯი. აბსოლუტურად ყველა სახელმწიფო მოხელეს ჰქონდა ასეთ ბეიჯი. მათ შორის საკრებულოს წევრებს. როცა არ დასაჯეს ხაჯალიის სკოლის დირექტორი, რომელმაც ბავშვებთან ერთად რეკლამა გაუკეთა ოცნებას, 27 სკოლის დირექტორს გაეხსნა გზა, რაც გინდა აკეთეთო. საჩივარს აზრი არ ჰქონდა. ეუთოს წარმომადგენელს ჩავაწერინე 25 სახელმწიფო მოხელის სახელი და გვარი, ასევე 31 კაპიტნის. (ოცნების მიერ დანიშნული კაპიტნები ლანჩხუთშიც იყვნენ, რა თქმა უნადა.) 6 თვით ადრე ოცნებამ დაიწყო გადამზადება პედაგოგების, რომლებიც უნდა ყოფილიყვნენ კომისიის წევრები. ჩვენც მოვითხოვეთ ამ გადამზადების პროცესში ჩართვა. საქმე იმაში იყო, რომ მათ მიერ სერთიფიცირებული კომისიის წევრი, შემდეგ იღებდნენ გაცილებით მაღალ ხელფასს, ვიდრე არასერთიფიცირებულები.
არჩევნებამდე რაც ვარაუდები იყო, მიმაჩნია, რომ სწორი იყო, მაგრამ მთელი ამ მანიპულაციებით მოხდა გაყალბება და წინასწარ რა ციფრიც დაწერეს, საბოლოოდ სწორედ ის დაიდო.
ჯუმბერ ბლაგიძე: უნდა გაგრძელდეს აქციები ლანჩხუთში. ის, რომ თბილისშია აქცია, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში, კარგია, მაგრამ ჩვენთანაც უნდა გაგრძელდეს. კი ვცხოვრობთ პატარა მუნიციპალიტეტში, მაგრამ მნიშვნელოვანია აქაც გაგრძელდეს პროტესტი. დღეს ნომერ პირველი ამოცანაა მივაღწიოთ ხელახალ არჩევნებს და გათავისუფლდნენ დაპატიმრებულიები და ამისთვის ჩვენ სოლიდარობა უნდა გვქონდეს.
ირაკლი გიკაშვილი: 4 წელია ჩამოვედი ოჯახთან ერთად თბილისიდან. ჩემს წრეში რომ ვტრიალებდი თბილისში, აქ რომ ჩამოვედი მივხვდი, სულ სხვა გარემოში მოვხვდი. ძალიან ბევრ პრობლემას ვხედავ ამ რაიონში. ძალიან ბევრი ადამიანი არის ჩემი სოფლიდან ევროპაში სამუშაოდ წასული. დიდი ეჭვი მაქვს, რომ მათ ნაცვლად აქ თავისუფლად შეიზლებოდა ხმა მიეცათ. მე პირადობა თბილისში მქონდა, მივედი ჩემი პასპორთით ჩაწერეს ნომერი და მომცეს ხმის მიცემის უფლება. ასე შეიძლება გაკეთებულიყო ნებისმიერ ევროპაში წასულ ადამიანზე. ლანჩხუთში, ჩემი დაკვირვებით, 10-დან 9 აძლევს ოცნებას ხმას. ზოგი დაშინებით, ზოგი იმით, რომ დასაქმებულია და ასე შემდეგ. დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი ოპოზიციური პარტიის ავტორიტეტს დიდი დარტყმა მიაყენა იმან, რომ ჩვენ დავდიოდით და ვეუბნებოდით, ელექტრონული არჩევნების გამო ხმას ვერავინ მოგვპარავდა, მაგრამ ასე არ დარჩა.
ნონა მურვანიძე: პირველ რიგში სოლიდარობას ვუცხადებ ყველას, ვისაც გამოხატული აქვს თავისი პროტესტი ამ გაყალბებული არჩევნების გამო. განსაკუთრებით სოლიდარობა ახალგაზრდებს და ყველა პროფესიის ადამიანს, ვინც პროტესტს გამოხატავს. განსაკუთრებული სოლიდარობა მათ, ვინც დაკავებულია. არ მეგულება წინა წლების არც ერთი საპროტესტო აქცია, რომელზეც ამდენი ჩემი კოლეგა, ექიმი ყოფილიყო დაპატიმრებული. მე პირადად მარიამ წილოსანსა და სხვა ახალგაზრდებს მინდა გვერდში დავუდგე. რაც შეეხება არჩევნებს. აქ იყო მეტად არაკონკურენტული გარემო, რასაც ძალიან კარგად იყენებს ხელისუფლება მუდმივად. წარმოიდგინეთ, 10 მოსახლეზე ერთი კოორდინატორიც კი შესაძლოა ჰყავდეთ. გაყალბება იყო, მაგრამ გასაკვირი ის არის, რომ ჩვენს მოსახლეობაში ამას პროტესტი თითქოს არ გამოუწვევია. ამ ინდიფერენტულობასაც აქვს თავისი მიზეზი უთუოდ. მერე იყო პრემიერმინისტრის განცხადება ევროკავშირთან დაკავშირებით და მოგეხსენებათ ამას რა მოჰყვა _ უზარმაზარი საპროტესტო განწყობილება, რასაც ვერაფერი შეაჩერებს. რაღაც წუთებში შეივსო მთელი რუსთაველი და პარლამენტის წინ სივრცე. დღეს დადგა დრო, რომ აქტიურად მთქმელი და მოქმედი გავხდეთ თუ გვინდა ქვეყანამ წარმატებს მიღწიოს.
მაია ჩხაიძე: რატომ იყო აუცილებელი განცხადების გაკეთება, რომ ჩვენ ვწყვეტთ კავშირს ევროპასთან. ვინ დამაჯერებს, რომ ეს პირდაპირ რუსეთისკენ არ მიგვაქანებს. სახელმწიფო სამსახურში ვარ, მაგრამ ვერავინ ვერ ამიკრძალავს აზრის გამოხატვას და დაფიქსირებას. ეს ძალიან დიდი დისკრიმინაცია და ჩაგვრაა. როცა თეატრის ისტორიას ექსკურსიის სახით ვყვები, ვიხსენებ ორ უნიჭიერეს რეჟისორს, რომელიც 37 წლის რეპრესიებს შეეწირა. ეს იყო ვანიკო აბაშიძე და ესე ებრალიძე. მე ყოველთვის აქცენტს ვაკეთებ მათზე და ვფიქრობ, რომ ასეთი არ უნდა იყოს ჩვენი მომავალი.
ვახტანგ ზენაიშვილი: კომუნისტების დროს სკოლაში მასწავლებელი ვიყავი. მაშინ ვლაპარაკობდი ისეთ რამეებს, რაც კომუნისტების დროს არ იყო მოსაწონი. პედაგოგებში არის შიში სამუშაოს დაკარგვის, ბევრ პედაგოგს აქვს სესხი, აქვს მრავალი პრობლემა, ეს ერთი მხარეა, რომლიც საზოგადოებაში ზოგადად არსებობს. მთავარი ის არის, რომ ხელისუფლება მთავარი დამსაქმებელია, მესაკუთრე ხელისუფლებაა და ადამიანებში არ არის ეს საკუთრება გადანაწილებული. ანუ ხელისუფლებაზეა უმრავლესობა დამოკიდებული. პედაგოგები ზოგადად ბუნებით კონსერვატორები არიან, ახლის შეგუება უჭირთ, რა თქმა უნდა ყველა ასეთი არ არის, ჩვენი სასკოლო სისტემა საბჭოური სისტემაა, არ შეცვლილა. ტოტალიტარული სულისკვეთება ამ სკოლებში დარჩა. ერთი მოსწავლის და ერთი მასწავლებლის ხმალდახმალ ბრძოლა არა მგონია გამოსავალი იყოს. ეს დიდი პობლემაა და ამ პრობლემას მთლიანობაში უნდა მოვლა. როდესაც შეიცვლება სისტემა და შეიცვლება უკეთესობისკენ, შეიცვლება სკოლებიც და ამ საბჭოთა ჭყაპსაც გადალეკავს და წაიღებს. კერძო სკოლებსაც რომ ვეძახით, იქაც კი განათლების სამინისტროს აქვს ცხვირი ჩაყოფილი და სანამ ეს ასე არის, ეს პრობლემები სულ იქნება.
სოსო კვაჭაძე: ჩვენ ქრისტიანი ხალხი ვართ. პედაგოგისთვის დღეს არც ისეთი წნეხია, რომ ცოტნე დადიანობა გჭირდებოდეს. რაც ხოფერიების ოჯახმა გააკეთა მე იმის მზგავსს ვერ გავაკეთებ, მაგრამ სიმხდალეში არ უნდა გადავიდეთ. დღეს თუ პედაგოგი მიტინგზე გამოვა, ათიათასობით პედაგოგს სახლში ვერ გაგვიშვებენ. არაფერი აგიტაცია ბავშვებს და პედაგოგებს არ სჭირდებათ, ყველამ ყველაფერი იცის. ახალგაზრდები ხედავენ ყველაფერს, დღეს ამის საშუალება არის. ახალგაზრდებს არ სჭირდებათ ჩვენი წინამძღოლობა, აქეთ, გვასწავლიან ბევრ რამეს,
გია გიგუაძე: კარგა ხანია ბოიკოტის რეჟიმში ვართ საკრებულოში. კომისიის სხდომისთვის როცა დამირეკეს ოფიციალურად ვუთხარი ტელეფონში, კომისიის თავმჯდომარეს, რომ მე იმ კოლეგებთან ვერ დავჯდები, რომლებმაც საარჩევნო კამპანია ჩაატარეს ჩვენი დაჭერის დაპირებით. ასი ორასი, სამასი ლარია დარიგებული მოსახლეობაში. წილოსანი, რომელიც პარლამენტის დეპუტატია კვლავ, მაგალითად იმ ასი ლარის გამო, მხოლოდ ხელფასის სახით 624 ათას ლარს იღებს. ამის გარდა უამრავ საბიუჯეტო სახსარს გაფლანგავს, ამ თანხებით წავა-წამოვა და ასე შემდეგ. 30 წელია უკვე საქართველოს იმ 20 პროცენტიან რუსული მართვის ტერიტორიაზე, არსებობდა ორი თვითაღიარებული პარლამენტი, ახლა ეს 80 პროცენტიც აიღო რუსმა და ეს არის მესამე თვითაღიარებული პარლამენტი.. ანუ, სამი თვითაღიარებული რუსული პარლამენტი არსებობს საქართველოში.
ვალიკო მგელაძე: ამ მთავრობის ერთ ერთ მთავარ დანაშაულად მიმაჩნია ნეპოტიზმი. მიმუშავია თანამდებობაზე, მაგრამ არც ერთი ჩემი ნათესავი არ დამიყერნებია გვერდით, იმიტომ რომ, ისევე უჭირდა სხვას, როგორც ჩემს ნათესავს. აინშტაინს აქვს ნათქვამი: რა კარგია გაუნათლებელი ადამიანი, მან ყველაფერი იცისო. ასეთი ბევრია ჩვენს ირგვლივ.
ლადო ჩხაიძე: ჩვენ მოგვიგეს სახელისუფლებო რესურსის გამოყენებით. ამავე დროს ვიტყვი, რომ ბიულეტენის გაუმჭირვალობა სულაც არ იყო დაცული. კამერა დასცქეროდა ხალხს ზემოდან, რომელიც გაფრთხილებული იყო, რომ ყველაფერს ხედავდნენ და იყო შიშის მომენტი.
მთავარი, რისი თქმაც მინდა, თავის დროზე, კანონიერი ხელისუფლება დაამხვეს და არავინ არ დასჯილა, პირიქით ჯაბა იოსელიანი დიდუბუბის პანთეონშია დასაფლავებული და თენგიზ კიტოვანის შვილი გამოდის დღეს და ჭკუას გვასწავლის, მკვლელები ხართო, გვეუბნება აქციის მონაწილეებს.
ამირან გიგინეიშვილი: თუ თითოეულ საარჩევნო უბანზე ინფორმაცია წამოვიდოდა ერთიანი საარჩევნო ბადიდან, მაშინ ერთი და იგივე პირის მიერ მეორეჯერ ხმის მიცემა იქნებოდა გამორიცხული. ამათ გააკეთეს წინასწარ, ჩადეს მათთვის ხესაყრელი ბაზები თითოეულ უბანზე. შესაბამისად გამოირიცხა განმეორებით ხმის მიცემის თავიდან აცილება.
რობერტი წილოსანი: მთავრობას ჰქონდა საკმარისი ფულადი და საკადრო რესურსები, რასაც ოპოზიცია მოკლებული იყო, ცალკე კონკრეტულ ოპოზიციურ პარტიას არ ჰქონდა საკადრო რესურსი უბნის გასაკონტროლებლად, ამიტომ უკეთესი იქნებოდა, ოპოზიცია ერთიანი ფრონტით გამოსულიყო და ადამიანური რესურსიც გაეერთიანებინა. რაც უფრო შედეგიანს გახდიდა ამ არჩევნებს ჩვენთვის.
მაია ჩხაიძე: უბანზე მოსულ ამომრჩეველს გადაწყვეტილი აქვს ვის მისცეს ხმა. საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანები ვერ გამოდიან კომფორტის ზონიდან, აქვთ ადეკვატური ხელფასები, აგრეთვე დამატებითი შემოსავლები, რომელიც არაკანონიერია, პედაგოგებს არ შეუძლიათ თამამი ნაბიჯების გადადგმა,
რამაზი გვარჯალაძე: ,,ჰო და არა"-ს, მის რედაქტორს ქალბატონ ნონა გიგინეიშვილს და მთლიან შემოქმედებით ჯგუფს ვულოცავ 25 წლის იუბილეს, თქვენი როლი უდიდესია ჩვენი მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ ცხოვრებაში, გისურვებთ წარმატებას!
მიმაჩნია, რომ დღევანდელმა არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ არჩევნები არამარტო 2024 წლის 26 ოქტომბერს გააყალბა, არამედ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ყველა ჩატარებული არჩევნები მათი მხრიდან იყო გაყალბებული, არჩევნეი, ბუნებრივია, მხოლოდ არჩევნების დღეს არ ყალბდება, ყველა მათი ადმინისტრირების პირობებში ჩატარებული ყველა არჩევნებში გამოყენებული იქნა მოსყიდვა, დაშინება, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ე.წ. ქუჩის ბიჭების და სამწუხაროდ ზოგიერთი სასულიერო პირის გამოყენება. უბრალოდ კონკრეტული არჩევნების პერიოდში ყველა ამ მეთოდს იყენებდნენ სხვადასხვა ზომით, კონკრეტულად იმ დროისთვის არსებული გარემოს შესაბამისად. ეგ მეთოდები იმდენად დანერგილი იქნა პრაქტიკაში, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი არცერთი პოლიტიკური პარტიის პროგრამითაც კი არ ინტერესდებოდა სამწუხაროდ, ელოდებოდნენ არჩევნების თარიღს და წინასწარ აღნიშნავდნენ ერთჯერადად მომცემენ 200-300 ლარს, სხვა პარტია რო შემოვხაზო მომიხსნიან სოციალურს, არ მომცემენ სახლის სახურავს და ა.შ. მათ მიერ დამკვიდრებულ მახინჯ სტანდარტებზე, რამაც ძალიან უარყოფითი როლი ითამაშა. სოციუმზე აღარ შევჩერდები, ვინაიდან მათი მხრიდან სწორედ ამ მანკიერი ქმედებების გამო ქვეყანაში შეიქმნა ღრმა პოლიტიკური კრიზისი, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ქვეყანა იმყოფება უდიდესი საფრთხის წინაშე. მოღალატე რუსმა ოლიგარქმა თორმეტი წლის ავტორიტარული მმართველობის პერიოდში მოახერხა და სრულად ჩამოშალა ყველა ინსტიტუცია. ბოლო რამოდენიმე არჩევნებში საზოგადოებაზე აპელირებდა ომით და მშვიდობით, მართლმადიდებლური სარწმუნოებით, ოჯახური ღირებულებებით და ევროპულ დიდ ოჯახში ღირსებით შესვლით. რეალურად მისი და მისი მონების პოლიტიკური საქმიანობების შედეგად ქვეყანამ მიიღო შემდეგი. 1) მშვიდობის გარანტი ჯარი, (ინსტიტუცია) რომელიც მისი ხელისუფლებაში მოსვლის დროს უდიდესი რეიტინგით სარგებლობდა პრაქტიკულად ჩამოშლილია და 2012 წელთან შედარებით აბსოლუტურად უუნაროა. პოლიცია აბსოლუტურად პოლიტიკურ ინსტრუმენტად და მის პირად მცველებად აქცია, რითაც ამ ინსტიტუციის რეიტინგის განადგურებაც გამოიწვია. 2) საპატრიარქოში და პირადად პატრიარქის მიმართ ისეთი კონკრეტული ჩარევები მოახერხა, რომ ამ ინსტიტუციაზეც უდიდესი უარყოფითი რეაქცია იქნა საზოგადოებაში გამოწვეული, რაც 2012 წლამდე პერიოდს და დღევანდელ მდგომარეობას თუ შევადარებთ ერთმანეთს ეკლესიაში მრევლის რაოდენობის კატასტროფული კლებას შევნიშნავთ, რაც ძალიან სამწუხაროა. (ეკლესიაზე შეტევა დაიწყო მოსაყდრის პოლიტიკური გადაწყვეტილებით დანიშვნით, დეკანოზ მამალაძის პოლიტიკური მოსაზრებით დევნის და მისი საპყრობილეში გამოკეტვით, პატრიარქის მიმართ გაუგონარი ცილისმწამებლური მესიჯების ვინმე ცაავას პირით გავრცელების შედეგად, რასაც მისი მედიების და მონა პროპაგანდისტების საშუალებით ცდილობდა და ცდილობს სხვა პოლიტიკურ და არასამთავრობო ორგანიზაციებს დააბრალოს) 3) მისი მმართველობის დროს უპრეცედენტო რაოდენობის ოჯახები იქნა დანგრეული რა ტენდენციაც,, სამწუხაროდ, დღესაც გრძელდება, კერძოდ, მე ვცხოვრობ ლანჩხუთში კუპრეიშვილის ქუჩაზე, ბოლო ათ წელიწადში ოცზე მეტმა ქალმა დაასაფლავა შვილი, მეუღლე, მშობლები, დედამთილი, მამამთილი, ნათესავი, მეზობელი, ისე, რომ გასვენებას ვერ დაესწრო საზღვარგარეთ ყოფნის გამო და ასეთ მტკივნეულ პროცესს ვიდეოზარებით უერთდებოდა. ეს ხალხი საგულაოდ კი არ არის წასული, არა, ეს ხალხი რუსი ოლიგარქის მოღალატეობრივი პოლიტიკის გამო აღმოჩნდა ამ მდგომარეობადი. 4) 2012 წლიდან დღემდე უამრავი პოზიცია მაქვს საჯაროდ დაფიქსირებული, სადაც აღვნიშნავდი, რომ ივანიშვილი პუტინის მონაა და რუსი, რაც პრაქტიკულად ყველა მის პოლიტიკურ ნაბიჯში იკითხება, მაგრამ ყველაზე მარტივი მაგალითების მოყვანაც შეიძლება, გავრილოვის ჟვანიას სავარძელში მოთავსებას თუ გავიხსენებთ, პოზნერისთვის გაწელილ ელარჯს, აფეთქებულ საყდრის, განადგურებულ ბოტანიკერ ბაღს, რუსული კანონის მიღების, საქართველოს კონსტიტუციის მოქალაქეებისათვის თავზე გადახევას, მოპარული არჩევნების, და ევროკავშირთან ინტეგრაციასთან დაკავშირებით 2028 წლამდე მოლაპარაკებების შეჩერების სახით. ბოლოს ცდილობს სრულიად საქართველოს დამცირებას და ქვეყნის პრეზიდენტად ყაველაშვილის დანიშვნა დაავალა მის 89 მონას. ყოველივე ადასტურებს იმას, რომ რუსმა ივანიშვილმა მიზანმიმართულად გაანადგურა ყველა ინსტიტუცია და ყველაზე დიდი ავტორიტეტი ქვეყანაში, რაც ეგონა საშუალება, მარტივად ჩაებარებინა ქვეყანა მისი მამა პუტინისათვის, რაც პრაქტიკულად ვერ გამოუვა, რადგანაც საბედნიეროდ, ყოველდღიურად დედაქალაქის მთავარ გამზირზე ყოველდღიურად იბადება ასიათასობით სხვადასხვა ასაკის, სქესის და პროფესიის გმირი, რომელთათვის უპირველესი არის სამშობლო, თავისუფლება, დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და განვითარება, რისი ყველაზე კარგი გზაც ევროპაშია.
ამიტომაც რუს ივანიშვილს და მის მონებს საქართველოს გარუსებაში გამარჯვება არ უწერია, არა რუს ოლოგარქს, არა რუსეთს, გაუმარჯოს ევროპულ საქართველოს!
,,30 წელია უკვე საქართველოს იმ 20 პროცენტიან რუსული მართვის ტერიტორიაზე არსებობდა ორი თვითაღიარებული პარლამენტი, ახლა ეს 80 პროცენტიც აიღო რუსმა და ეს არის მესამე თვითაღიარებული პარლამენტი”~
განყოფილება: პოლიტიკა
გადასვლები: 469



