ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ამირან გიგინეიშვილი: ,,მალე იმპერიიდან წამოსვლის 40 წელი გავა და ეს უდაბნოში შობილი ბავშვები შევლენ აღთქმულ ქვეყანაში"

15-05-2024, 11:48


,,დობრო პაჯალოვატ ვტამბოვსკუიუ  ობლასტ! – დაწერა ფეისბუქზე ამირან გიგინეიშვილმა მას შემდეგ, რაც პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ფრაქცია „ქართული ოცნების” მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” მესამე მოსმენით, ახალგაზრდების მწვავე პროტესტის ფონზე,  რეკორდულ დროში, წუთსა და შვიდ წამში განიხილა და მხარი დაუჭირა კიდეც. ,,საცხა იქეთ, ვორკუტაში, სიკტივკარში ან სალეხარდში უნდა გაუშვა, ტამბოვი ახლოსაა აქედან"– რუსეთის შორეულ მხარეებში ამისამართებს კანონპროექტის მხარდამჭერ პარლამენტარებს ლანჩხუთელი კაკო ფირცხალაიშვილი.  
,,რუსული დეპო, სახელწოდებით - პუტინიზმი ბორენკას ინტერპრეტაციით...", – ეს კი ფიქრია ჩხარტიშვილის შეფასებაა პარლამენტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
,,მსოფლიო რეკორდი საპარლამენტო თაღლითობაში! ასე სწრაფად ქრისტეც არ გაუყიდია იუდას", – ასე ეხმაურებიან რიგითი მოქალაქეები იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ 67 წამში მიღებულ გადაწყვეტილებას.
ხელისუფლებას და მმართველ პარტიას ,,უცხოური აგენტების კანონის" განხილვის შეჩერებას ურჩევენ თბილისში ვიზიტით მყოფი ევროპელი პოლიტიკოსები. ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაელ  როთმა ოპოზიციის წევრებთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ ზემოთ აღნიშნული კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, გაწევრიანებაზე საქართველოსთან მოლაპარაკებები ვერ გაიხსნება. 
,,ძვირფასო მთავრობავ და ძვირფასო მმართველო პარტიავ, შეაჩერეთ ეს ,,უცხოური აგენტების" კანონი. საქართველოს ნათელი მომავლის ვერანაირ შესაძლებლობას ვერ ვხედავ, თუ მთავრობა არ გაიწვევს ამ კანონს. ჩემი პატივისცემა ქართველ ხალხს, რომელიც ქუჩაში მშვიდობიანად აპროტესტებს. ამ რთული გამოწვევების დროს თბილისი ნამდვილი ევროპის დედაქალაქია. ვერ ვხედავ ვერანაირ შესაძლებლობას, გაიხსნას მოლაპარაკებები ამ კანონის პირობებში. ევროკავშირის გზავნილი ძალიან ნათელია", - თქვა გერმანელმა პოლიტიკოსმა.
თუმცა, როგორც ჩანს, ხელისუფლების გეგმაში არ შედის უკან დახევა, ჯერჯერობით მაინც. პრემიერის თქმით, საქართველოს პარლამენტი მოსახლეობის უმრავლესობის რაციონალური ნების შესაბამისად მოქმედებს და კანონს მიიღებს. 
,,საქართველოს გარედან ვერავინ აუკრძალავს საკუთარი ინტერესების დაცვას. თუმცა, ვეტოს ფარგლებში პოზიციების დაახლოება შესაძლებელია, თუ პრეზიდენტს დესტრუქციული პოზიცია არ ექნება. ჩვენ მზად ვართ და ღია ვართ დისკუსიებისთვის ვეტოს ფარგლებში",– ასეთია ხელისუფლების  პოზიცია, კობახიძის პირით გაჟღერებული.
,,ძალიან მრცხვენია, რომ სხვა ,,სიკეთეებთან" ერთად ჩვენი ქვეყნის პრემიერი, ირაკლი კობახიძე ჭორიკანა ადამიანიც ყოფილა" – ასე აფასებს პრემიერის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს ლანჩხუთელი ოპოზიციონერი გოჩა ჯანაშია, – ,,მან ბოლო ორ ბრიფინგზე ისეთები იბჟოტიალა, ორღობის ჭორიკანა დედაკაცებსაც კი შეშურდებოდათ. მან გამოიგონა ძალა სახელად – "გლობალური ომის პარტია", რომელსაც თურმე გავლენა აქვს მთელ მსოფლიოზე და მისი მსხვერპლიც კი ყოფილა ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი. მისი ნაამბობით, ეს ძალა თურმე ამ ორ მონსტრს ასუსტებს, განსაკუთრებით ევროპას და საქართველოს რას უზამს, ხომ წარმოგიდგენიათო. პრემიერმა ცოცხალი თავით არ ინება ამ ძალის დასახელება, რამეთუ ჩვენი ქვეყნისთვის ეს სასიცოცხლო მნიშვნელობის საფრთხის მატარებელი იქნებაო. წარმოგიდგენიათ, რა ბოდვასთან გვაქვს საქმე, თურმე საქართველო და მისი პრემიერი გლობალურ ძალას ეწინააღმდეგება და ამით ამტკიცებს არნახულ ვაჟკაცობას და ურჩობას და  ყველაზე მეტი სამწუხარო ისაა, რომ ამის სჯერა სამთავრობო ტელეკომპანიების – ,,იმედისა" და ,,პოსტივის" პროპაგანდის შედეგად  ქართული ოცნების მხარდამჭერთა ერთ არცთუ უმნიშვნელო ,,ტვინგამორეცხილთა" ნაწილს მაინც. ამასთან, კობახიძემ სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგებზე გვესაუბრა, სადაც თურმე ქვეყნის მოსახლეობის 80 პროცენტს სურს არასამთავრობო სექტორის გამჭვირვალობა, ხოლო 60 პროცენტი მხარს უჭერს უშუალოდ ამ რუსულ კანონს. დაესიზმრა მას ეს, თუ რა ხდება, წარმოდგენაც არ გვაქვს, იმიტომ, რომ მას არ დაუსახელებია ამ სოციალური კვლევის ჩამტარებელი ორგანიზაცია და ვადები, როცა ეს გამოკითხვა ჩატარდა. ამის გარეშე კი რაიმე კვლევის ლეგიტიმაციაზე საუბარი ზედმეტია. ცალკე თემაა სამართალდამცველთა ის საშინელი მოქცევა დემონსტრანტების, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა გოგო-ბიჭების მიმართ, რომელიც გაფიქრებინებს ადამიანს, რომ ისინი ქართველები კი არა, გადამთიელები არიან. რა პრემიის და რა ბრძანების ფასად უნდა გააკეთო ეს ადამიანმა, ვერ წარმომიდგენია. კი მესმის, პროტესტის დროს არის მომენტები, როცა გარკვეული აგრესია მოდის პროტესტანტთა მხრიდან, მაგრამ დაკავებული ხალხის ასეთი ცემა-ტყეპა მაინც არაპროპორციული და სამარცხვინო საქციელია და დანაშაულის უტყუარ ნიშნებს შეიცავს. ჰოდა, მოვა დრო, ყველას მოეთხოვება საკადრისი პასუხი. და რაც მთავარია, ჩვენ დავრწმუნდით, რომ ეს რუსული კანონი რეალურად რისთვის სჭირდება ივანიშვილის ბანდას, რომელმაც კანონის მიღებამდე დაიწყო რეპრესიული მანქანის ამოქმედება, თუმცა ამ ქმედებამ გააღვიძა ის მიძინებული ,,პოლიტიკური ვულკანი", რომელსაც სტუდენტი ახალგაზრდობა ჰქვია".
ამასობაში კი  საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილმა, „ხალხის ძალამ“ ახალი ინიციატივა გააჟღერა სოზარ სუბარის პირით. მისი განცხადებით, „ხელისუფლებამ უნდა იმსჯელოს“, „იმსახურებენ თუ არა“ საქართველოს პარტნიორი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები და სხვა მაღალჩინოსნები ქვეყანაში შემოშვებას. ,,ხალხის ძალა“ მათ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს უწოდებს და საქართველოს ხელისუფლებაზე „თავდასხმებში“ ადანაშაულებს.
„აშკარაა, რომ მათი მიზანი საქართველოში პროცესების რადიკალიზაციის ხელშეწყობა, პოლიტიკური პროცესისა და საზოგადოების პოლარიზება და რადიკალური ოპოზიციის მხარდაჭერაა... მიგვაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებმა თავი უნდა შეიკავონ ჩვენს ქვეყანაში დესტრუქციისთვის ჩამოსულ პოლიტიკოსებთან შეხვედრისგან...", – ასეთია ,,ხალხის ძალის" განაცხადი.
 ამ ყველაფრის ფონზე კი თბილისში აქციები არ წყდება. ერთ თვეზე მეტია, რუსთაველის გამზირზე, ძირითადად ახალგაზრდები იკრიბებიან და ახალ სამოქალაქო საზოგადოებას ქმნიან. ფაქტობრივად, გაფიცულია ყველა უნივერსიტეტი, მთელი სტუდენტობა ქუჩაშია, მათ შორის ლანჩხუთელი ახალგაზრდებიც.
,,ყოველთვის და ყველგან ვაფიქსირებდი ნათლად ჩემს აზრს და არავის არასდროს არ შემშინებია…. აქაც ვიტყვი და განვმეორდები, არ გაბედოს და არავინ არ მომაკრას ქოცობისა და ნაცობის იარლიყი, რადგან მაძრწუნებს იმის გახსენება თუ როგორ იქცეოდნენ მიშასდროინდელი პოლიცია, როგორ აწამებდნენ და უნგრევდნენ ფსიქიკას პატიმრებს და მძაგს ახლანდელი, ივანიშვილისდროინდელი პოლიცია, თუ როგორ დაუნდობლად სცემდნენ ქალებსა და ახალგაზრდა ადამიანებს, ჩემთვის ორივე პარტია  ნაგავია!
დავიღალე ამათი დაუსრულებელი ერთმანეთის ლანძღვითა და გინებით, საშინლად გულისამრევი სანახავია სოცქსელებსა და საზოგადოებაში ადამიანთა ორ ნაწილად გაყოფა, ქოცობად და ნაცებად, რომლებიც  დაუსრულებლად კამათობენ და ერთმანეთს ახსენებენ თავიანთ ცუდს! რეალურად არც ერთი მათგანი არ იბრძვის საქართველოს ევროპული მომვლისათვის.
და თუ ვინმეს გაუჩნდება ჩემდამი კითხვა: -  წაკითხული მაქვს თუ არა რუსული კანონი?! 
აქვე დავაფიქსირებ ჩემს აზრს - წავიკითხე მაგრამ, იცით რაშია საქმე? ყველა ადამიანმა საკუთარი საქმე უნდა აკეთოს, მე ვარ მედიცინის სდუტენტი და კანონების გარჩევაში კომპეტენტური არ ვარ, კანონი უნდა განიხილოს სამართლის წარმომადგენელმა პირმა, მაგარამ  იმ დედააზრს ვხდები, რაც მასშია ნახსენები, რომ ის არ არის ქართული, რომ ის გვაშორებს დასავლურ ინტეგრაციას!
ჩემთვის ეს კანონი იყო, არის და იქნება რუსული, მხოლოდ იმის გამო რომ დედაჩემი ემიგრანტია, და არამარტო დედა, განა არსებობს ოჯახი საიდანაც არ არის ადამიანი საზღვრებს გარეთ გასული? მე უამრავს ვიცნობ, სწორედ ამიტომ მინდა ევროპული სტანდარტები, რო დაფასდება ადამიანის შრომა სათანადოდ და ყველა თავის სამშობლოს დაუბრუნდება. 
მადლობა და მიყვარხართ ყველანი, ვინც ამ ბრძოლაში ჩართული ხართ! 
არა რუსულ კანონს!
ძალა ჩვენშია!" - წერს ფეისბუქზე სტუდენტი გიგი წილოსანი.
,,მალე იმპერიიდან წამოსვლის 40 წელი გავა და ეს უდაბნოში შობილი ბავშვები შევლენ აღთქმულ ქვეყანაში", – ასე აფასებს ახალგაზრდობის აქტიურობას  ამირან გიგინეიშვილი.
          სოფო წილოსანი
 

განყოფილება: პოლიტიკა
გადასვლები: 75
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა