სულ რაღაც, ერთი თვის წინ, საექსპედიციო ჯგუფმა, რომელსაც სათავეში ანსამბლ ,,შავნაბადას“ ხელმძღვანელი დავით ცინცაძე და ლანჩხუთის ხუხუნაიშვილების სახელობის სალოტბარო სკოლის ხელმძღვანელი ავთანდილ თურქია ედგა, ზემო აკეთის წმ. გიორგის სახელობის ტაძრის ეზოში სასაფლაოეზე, ლეგენდარული შვიდკაცას წევრების საფლავები მოეძიეს და მათი აღდგენა გადაწყვიტეს. ეს ამბავი აკეთელი მოკრიმანჭულეების ხუხუნაიშვილების საფლავების ძებნით დაიწყო, ანსამბლის 7 წევრიდან ექვსის საფლავი უკვე ნაპოვნი და რესტავრირებულია.
ჩვენ რედაქციაში მოვიწვიეთ, ამ დიდებული საქმის ერთ-ერთი წამომწყები ანსამბლ ,,შავნაბადას“ ხელმძღვანელი დავით ცინცაძე.
- ბატონო დავით ჩვენ გვინდა, მოკლედ გვიამბოთ როგორ დაიწყო ეს ამბავი და რა ეტაპზე ხართ ახლა, ვიცით რომ 10აგვისტოს უნდა ჩამოსულიყო პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოფელ აკეთში?
2010 წელს, სოფო ჭელიძე იყო კულტურის ცენტრის დირექტორი,როცა დაარსდა ხუნაიშვილების სახელობის სკოლა, 10 წელი გავიდა ამის შემდეგ და მინდოდა მომენახულებინა ამ სკოლის ხელმძღვანელის ავთო თურქიას საქმიანობა, მას აკეთში ჰყავს გუნდი, იქ რომ გალობა ისმის, სწორედ იმ სკოლის დამსახურებაა, რომელიც 10 წლის წინ ლანჩხუთში გაიხსნა, იმ 80 მოსწავლიდან, რომელიც ამ სკოლაში სწავლობს, რამდენიმე მათგანი ახლა ელოდება თეატრალურ უნივერსიტეტში შიდა გამოცდების წესით ჩარიცხვას, რადგან მათ გაიარეს ხუხუნაიშვილების სახელობის სკოლა. ამის გარდა კიდევ ერთი უნივერსიტეტია, რომელიც ელოდებათ. ამით იმის თქმა მინდა,რომ ამ სკოლას დიდი გავლენა აქვს საქართველოს უმაღლეს სამუსიკო სასწავლებლებელთა შორის. მოკლედ რომ გითხრათ აკეთში ჩემი მოსწავლის ავთო თურქიას, მოსწავლეების მოსანახულებლად წავედი. აკეთში რომ კაცი მოხვდება კი უნდა მოიკითხოს ხუხუნაიშვილების საფლავი სად არის?!, მოვიკითხეთ და აღმოჩნდა რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ ვარაუდით, ამ საფლავების ნაწილის ადგილმდებარეობა იცოდა სად იყო და ნაწილის შესახება არც მათ იცოდნენ, ავედით აკეთის სასაფლაოზე და თქვენც მოგეხსენებდათ რაც დაგვხვდა
-უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ჩვენ გამუდმებით ვწერდით ამ თემაზე, აკეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი და სასაფლაო ამ სოფლის სავიზიტო ბარათია, კარგს საქმეს ყოველთვის აქვს დადებით გამოხმაურება. ახლა თავად ღონისძიების შესახებ გვინდა გვითხრათ.
რაც შეეხება ღონისძიებას, 10 აგვისტოს გვინდოდა ჩაგვეტარებინა, რადგან 10 აგვისტო არის ანზორ ერქომაიშვილის დაბადების დღე, ასე იყო შეთანხმებული და ჩამოყალიბებული, თუმცა ძალიან დიდი თხოვნის შედეგად კულტურის სამინისტროს, პრემიერის აპარატის და ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრისა, გვთხოვეს რომ არ გვიწყინოს აკეთლებმა და ერთი დღე შევცვალოთო. ამ ყველაფრის თავი და თავი არის, არა ანზორ ერქომაიშვილის იუბილე არამედ, ანზორის საქმის გაგრძელება, რომელიც დაიწყო აკეთელი ხუხუნაიშვილების ნამღერის ჩამოტანიდან და გრძელდება აკეთელი ხუხუნაიშვილების საფლავების პოვნით . როცა ჩვენ პრეზიდენტის ადმინისტრაციას ვესაუბრეთ გვითხრეს, რომ უნდოდათ ანზორ ერქომაიშვილის დაჯილდოება ბრწყინვალების ორდენით და ეს ორი რამე ერთმანეთს დავამთხვიოთო, თანაც სოფელ აკეთში გაგურის სასაფლაოზე ანზორ ერქომაიშვილის დიდი ბაბუა განისვენებს. ამ ყველაფერმა გამოიწვია საზოგადოების დიდი ინტერესი, მე ვარ პირველი არხის ჟურნალისტი, აქედან გამომდინარე მთავარი მხარდამჭერი გახლავთ პირველი არხი სრული გაშუქება იქნება პირველი არხისაგან. ღონისძიებას ასევე გააშუქებს იმედის ტელევიზია.
- საიდან დაიწყება ღონისძიება?
პრეზიდენტი ჩამოვა ზემო აკეთში, ნახავს ტაძარს, იქვე ნახავს ლეგენდარული ხუხუნაიშვილების საფლავებს, 5 საფლავი გვქონდა ნაპოვნი, მაგრამ მეექვსე საფლავიც ვიპოვეთ, ეს არის ალმასხან ხუხუნაიშვილის საფლავი, ალმასხანი გახლდათ საოცარი მოკრიმანჭულე, ის რომელიც იცინის (ანუ გურული კარკაცი). ზაქარია ფიფაიშვილის საფლავს აღარ ვეძებთ, რადგან საქართველოს ტერიტორიზეარ არის, იგი დახვრიტეს.
ამ საფლავების მონახულების შემდეგ, პრეზიდენტი წავა სოფელ გაგურში მაცხოვრის სახელობის ტაძარს მოინახულებს. ასე რომ ლანჩხუთს ამდენი სტუმარი ამგვარი კულტურული ღონისძიების სანახავად, მე არ მახსენდება ამ ბოლო პერიოდში ჰყოლოდა. სტუმრებს უნდა ვაჩვენეთ ლანჩხუთის მუსიკალური რესურსი, ხუხუნაიშვილების სახელობის სკოლა, ზემო აკეთის მგალობელთა გუნდი და ანსამბლი ,,მხედრები“ ადგილობრივ კულტურის წარმომადგენლებს უნდა მიეცეთ საშუალება დადგნენ ვარსკვლავებთან და იმღერონ. დავით ცინცაძემ ჩვენთან საუბარში ასევე აღნიშნა, რომ ერთი თვეა რაც მიმდინარეობს სოფელ აკეთში ხუხუნაიშვილების საფლავების აღდგენა- რესტავრაციის სამუშაოები და ამ საქმეში მათ ჯგუფს გვერდით უდგას, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია, თავად მერი ალექსანდრე სარიშვილი და აგილობრივი მოსახლეობა.
9 აგვისტოს, რესტავრირებულ საფლავებსა და რესტავრაციაში მყოფ ტაძარს, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ანზორ ერქომაიშვილთან და კულტურის გამოჩენილ წარმომადგენლებთან ერთად მოინახულებს. აკეთი ელოდება: თემურ ჭკუასელს, დავით ევგენიძეს, ანსამბლ "რუსთავს", ანსამბლ "შავნაბადას", თამარ ჭოხონელიძეს, გია ბაღაშვილს, მიქაბერიძეების ოჯახს, მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელ რუსუდან წურწუმიას, მალხაზ ერქვანიძეს, თეატრალური უნივერსიტეტის რექტორ გოგი მარგველაშვილს, დეკან გიორგი შალუტაშვილს, რეჟისორ ავთო ვარსიმაშვილს, ფოლკ. ცენტრის დირექტორ გიორგი დონაძეს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას და კულტურის სხვადასხვა წარმომადგენელთან ერთად, სამინისტროს თანამშრომლებს.
მაია კუკულაძე
9 აგვისტოს ლანჩხუთში დიდი სტუმრიანობაა, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, სხვა სტუმრებთან ერთად, სოფელ ზემო აკეთს ეწვევა

ავტორი: მაია კუკულაძე
განყოფილება: პოლიტიკა
გადასვლები: 1 356