ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ვახტანგ ზენაიშვილი: `ხახვივით შერჩათ ბიუჯეტის თანხების გაფლანგვა და კორუფციული `ოტკატები~

ვახტანგ ზენაიშვილი: `ხახვივით შერჩათ ბიუჯეტის თანხების გაფლანგვა და კორუფციული `ოტკატები~
18-09-2015, 00:00

10 სექტემბერს გაიმართა შეხვედრა სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელთან. შეხვედრაზე საუბარი იყო სოფლის მეურნეობაში განსახორციელებელ სახელმწიფო პროგრამებზე და ამ მიზნით გამოყოფილ სახელმწიფო დაფინანსებაზე. `მინისტრის დონეზე იქნა გადაწყვეტილება მიღებული ლანჩხუთში ჩაის ფოთლის გადამამუშავებელი ძლიერი, დიდი ქარხნის მშენებლობის შესახებ. ასევე 50 ჰა-მდე ჩაის პლანტაციის სრული რეკულტივაცია ჩატარდება~. ეს სიტყვები სხვა მრავალ დაპირებასთან ერთად სწორედ ამ შეხვედრაზე ითქვა. `ჩაის წარმოების აღდგენა ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. ჩემი დავალებით სოფლის მეურნეობის სამინისტრო მუშაობს ჩაის წარმოების განვითარების პროგრამაზე, რომელიც უახლოეს მომავალში დამტკიცდება~. ეს სიტყვები კი ბატონ პრემიერს ეკუთვნის. პირდაპირ, ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე ვიტყვი, რომ ესაა `ოცნების~ ჩვეულებრივი სოციალისტური თვალთმაქცობა. რომც აშენდეს ასეთი ფაბრიკა ლანჩხუთში, მას არ ექნება არავითარი ეკონომიკური დატვირთვა. ასეთი საბჭოური გამოხდომების უკან სახელმწიფოს მაღალ ეშელონებში მოკალათებული ჩინოვნიკების კორუფციული ინტერესები და საარჩევნო კონიუნქტურა დგას, რომელთაც, ჩვენდა სავალალოდ, მოსახლეობის მხრიდან საბაზრო ეკონომიკის ანბანის არცოდნა და კომუნისტური წარსულიდან მომდინარე მენტალობა ასაზრდოებენ. დავსვათ მარტივი კითხვები: სად მიაქვთ მაგ ფაბრიკაში წარმოებული პროდუქცია?! გაუწევს კონკურენციას ხარისხითა და ფასით შემოტანილ, იმპორტულ საქონელს?! მინდა ვკითხო ამ სფეროში მოღვაწე მეწარმეებს: თქვენი პრობლემა რა არის? არასაკმარისი სიმძლავრეები, თუ გასაღების ბაზრების სიმწირე? თქვენ რა, გაყიდეთ უკვე მთელი ნაწარმი და ბაზრის მოთხოვნას ვეღარ აუდიხართ და ახალი, სახელმწიფო ფულით აშენებული, ქარხანაა საჭირო? იქნებ ნედლეული, ჩაის ფოთოლი, გინდათ მეტი და ვერ შოულობთ, სახელმწიფო თანხებით პლანტაციების აღდგენაზე რომ მიდის საუბარი?! და თუ ეს ასეა, რატომ თქვენ თავად არ აფართოებთ წარმოებას? რატომ კერძო ინვესტიციებს არ მოიზიდავთ? თუნდაც `გეოპლანტი~ რატომ უცდიდა სახელმწიფო დაფინანსებას, რატომ კერძო ინვესტიციებით არ ააშენა ჩაის შესაფუთი საწარმო ოზურგეთში, თუ ეს კომპანიისთვის საჭირო იყო და მომგებიანი? პასუხი მარტივია: საკუთარს ყველა უფრთხილდება, წინასწარ განწირულ საქმეში ფულს არავინ ჩადებს, სახელმწიფოს ფული კი არავის ენაღვლება, ის კი არა ხელის მოთბობაც შეიძლება ზედ. ნუთუ კითხვა არ გვებადება, რატომ დაიხურა და მეტიც, აღიგავა პირისაგან მიწისა საბჭოთა დროს მოქმედი ყველა, მიაქციეთ ყურადღება, ყველა სახელმწიფო ჩაის ფაბრიკა, პრივატიზებული თუ არაპრივატიზებული?! აქ არ გამოდგება პრიმიტიული არგუმენტები: ცუდმა ხალხმა `შეჭამა~, `მხედრიონმა~ დაანგრია და გაყიდა, ამერიკას და მასონებს არ უნდოდათ ჩვენთან რომ ფაბრიკა-ქარხნებს ემუშავათ და სხვა მსგავსი `აზრები~. მოგეხსენებათ, იმას, რაც მოგებას, შემოსავალს იძლევა, არავინ ხურავს, არავინ აჩანაგებს... აგერ, ჩვენს თვალწინ ჩატარდა ხალხის აზრით `უფასო~, სინამდვილეში კი სწორედაც ხალხის ჯიბიდან ამოღებული თანხებით, ანუ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული, ხვნა-თესვის კამპანია. შედეგი? ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის განვითარების თვალსაზრისით _ ნული. აი, შრომის კულტურის დაქვეითებაში, ცრუ ღირებულებებისა და მოლოდინების გაღვივებაში, ინფლაციურ პროცესებში თავისი წვლილი ნამდვილად შეიტანა. ახლა კიდევ ჩაი და ჩაის ფაბრიკები. შედეგი. რა თქმა უნდა. იგივე იქნება - განიავებული ბიუჯეტი, გაზრდილი კორუფცია. იმიტომ, რომ ასეთია სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ეკონომიკური თუ სოციალური პროექტების ბუნება. რა გათვლა აქვს `ოცნების~ ხელისუფლებას? ხალხმა თუ არა, მან ხომ იცის, რომ თვალთმაქცობს და იტყუება. ეს ტყუილი ჩაის ფაბრიკის ექსპლუატაციაში გაშვებიდან (თუ ასეთი რამ მართლაც მოხდა) რამდენიმე თვეში იმით გამჟღავნდება, რომ პროდუქცია არ გაიყიდება და ფაბრიკა დაიხურება (აქ არ შევჩერდები თუ რა დამანგრეველი შედეგები ექნება სახელმწიფოს ჩარევას ამ სფეროში მოღვაწე, კერძო სექტორისათვის), როგორც ეს, თავის დროზე, `ნაციონალების~ მიერ მსგავსი მეთოდებით აშენებულ საკონსერვო და სასათბურე ობიექტებს დაემართათ. მაგრამ ნახეთ, ძაღლის თავი სად მარხია! ამას წინათ, ბატონი დავით ბაქრაძე, `ნაციონალური მოძრაობის~ ერთ-ერთი ლიდერი შეხვდა, თუ არ ვცდები აგარაში, მათი მმართველობის პერიოდში აშენებული ხილის გადამამუშავებელი ქარხნის 400-მდე თანამშრომელს, რომლებიც აღნიშნული საწარმოს დახურვის გამო უმუშევრები დარჩნენ და ასე უთხრა: `ჩვენ ავამუშავეთ, `ოცნებამ~ კი დახურაო~. ხახვივით შერჩათ ბიუჯეტის თანხების გაფლანგვა და კორუფციული `ოტკატები~, ის კი არა პოლიტიკური ქულებიც ჩაიწერა `მხსნელი სახელმწიფო~-ს მომლოდინე ამომრჩეველში. ჰოდა, `ოცნება~ რა, `ნაციონალებზე~ ნაკლები თვალთმაქცია?! განა ის ვერ იტყვის, როცა დრო მოვა, ჩვენ ავამუშავეთ და მავანმა გააჩერაო? ეკონომიკური კანონზომიერებიდან გამომდინარე, ნამდვილი მიზეზი საწარმოების დახურვისა, ამომრჩეველს ნაკლებად აინტერესებს და ასე გრძელდება პოლიტიკური თაღლითობა არჩევნებიდან არჩევნებამდე. აი, `ოცნების~ ეკონომიკური პოლიტიკის ანი და ჰოე. დღეს იმავე ოპერიდან არიებს უკვე კახეთში ასრულებენ. ყურძნის სუბსიდირება ხომ `ნაციონალებმა~ დაიწყეს. `ოცნებამ~ კიდევ მეტად წაახალისა. იმდენად, რომ ვეღარც პროცესებს თოკავს და ვერც გაზრდილ მადას აკმაყოფილებს. `ნაციონალებმაც~ საარჩევნო ქულების ჩაწერის დროაო და ერთი ამბავი აქვთ ატეხილი: სახელმწიფო გლეხებს ძალიან ცოტას უხდის. აკი საბაზრო ეკონომიკა გვინდაო?! ხომ არ იცით, თავის დროზე, საბჭოთა ეკონომიკა რატომ ჩამოიშალა?! ბატონებო! მე არც კოოპერატივების შექმნის წინააღმდეგი ვარ და არც ჩაის ფაბრიკების მშენებლობის, ოღონდ კერძო სახსრებით! კერძო სექტორმა უკეთ იცის, როდის ააშენოს, სად ააშენოს, ან ააშენოს თუ არა საერთოდ და ა.შ ამა თუ იმ ფორმით სახელმწიფოს ბიზნესში ჩართულობა არამხოლოდ შეცდომაა გრძელვადიანი ეკონომიკური პერსპექტივის თვალსაზრისით, არამედ დანაშაულიც. თუ რა დანაშაულია, ეს პრაქტიკაში დაგვანახა სბჭოთა ეკონომიკურმა სისტემამ. უნდა გვესმოდეს, რომ ასეთი ეკონომიკური ავანტურიდან ყველა დაზარალდება, მათ შორის სახელმწიფო, მოგებული მხოლოდ რომელიღაც მექრთამე ჩინოვნიკი იქნება. გამოსავალი?! გამოსავალი ლიბერალური, ანუ თავისუფალი საბაზრო ეკონომიკაა, ამ ცნების ნამდვილი გაგებით და არა კრონი კაპიტალიზმი (სახელმწიფოსთან თანშეზრდილი ბიზნესი), რომელიც სოციალისტური ზიზილ-პიპილოებითაა მორთული. ვახტანგ ზენაიშვილი, სპეციალურად `ჰო და არასთვის~

განყოფილება: მთავარი თემა
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა