აქ მიედინება მდინარე სუფსა, რომლის სიგრძე 117 კილომეტრს შეადგენს. სუფსაში არის რკინიგზის სადგური, გადის საერთაშორისო მნიშვნელობის გზა სამტრედია-გრიგოლეთი. სოფელში არის საჯარო და სამუსიკო სკოლები, კულტურის სახლიც! 1999 წელს მდინარე სუფსის მარცხენა ნაპირზე, გაიხსნა ბაქო-სუფსის ნავთობტერმინალი. არის საავადმყოფოც, მის მდგომარეობაზე ქვემოთ მოგახსენებთ. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი თვითდასაქმებულია, ეწევიან მენერგეობას, მეცხოველეობას, ცდილობენ განავითარონ სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგი. სუფსის თემის მოსახლეობა დაახლოებით 5000 კაცამდე მერყეობს, მოსახლეობას აქვს განცდა, რომ ისინი ცენტრალური და რაიონული ხელმძღვანელობის მიერ მივიწყებულნი არიან, არ ყოფილა კომუნისტების შემდგომ პერიოდი, მათთვის ღირსეული და სათანადო ყურადღება მიექციათ. ნათელი მაგალითია ნავთობტერმინალი, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს მორგებული ადგილობრივ მოსახლეობაზე. დასაქმებულია ნაწილი ამ ობიექტზე, თუმცა ტერმინალი გაცილებით პროდუქტიული უნდა იყოს. დაპირებით, მუნიციპალიტეტის გამგებელი და დეპუტატი (წინაც და ახალიც) ბევრს დაპირდნენ, მაგრამ... შევეცდები მკითხველს რეალური სურათი დავანახო, რკინიგზის სადგური უიშვიათესი გამონაკლისია იმ მხრივ, რომ ის გამგეობის ბალანსზეა და არა რკინიგზისაზე (წინა მთავრობის დროიდან). არ ვიცი, ნანახი აქვს თუ არა ეს სადგური მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას, მაგრამ ყველა შემთხვევაში ფრთხილად იყვნენ მონახულებისას, რადგან სირცხვილის კორიდორი არ ასცდებათ. დანგრეული, გაპარტახებული შენობა, სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი, რომელსაც კეთილმოუწყობელიც კი არ ეთქმის, სახურავის პრობლემის წინაშეც დადგა. სადგურის უფროსი თამაზ მანაგაძე ლურსმნებით ხელში დამხვდა, მისი და ადგილობრივების მეშვეობით, ავად თუ კარგად შეკეთდა სახურავი და ძვირადღირებულ აპარატურაზე დროებით წყალი აღარ ჩამოდის, თუმცა როდემდე გაძლებენ, არ იციან. მისივე თქმით, არაერთ თხოვნას თუ მოთხოვნას ყური არ უგდეს, გამოსავალი ერთია მხოლოდ, დაბრუნდეს სადგური რკინიგზის ბალანსზე. გაზიფიცირება არის ერთ-ერთი, რის გამოც მოსახლეობა ძალიან ღელავს. გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის გოჩა ჩხარტიშვილის თქმით, გრიგოლეთს მიეწოდება ბუნებრივი აირი, რაც შეეხება დანარჩენს, პროექტი მზადაა და კომპანიის პასუხს ელოდებიან. გამგეობის შენობის ინფრასტრუქტურაც ისეთი მოუწესრიგებელია, ნამდვილად ვერ იტყვი კეთილმოწყობის სამსახურს რაიმე ეწყალობოს. რაც შეეხება კულტურის სახლს, ვითარება იმდენად მძიმეა, რომ აუცილებელია ამ საკითხის სიღრმისეული ანალიზი. ასე რომ, აუცილებლად შემოგთავაზებთ ცალკე წერილს, ახლა კი მოკლედ გეტყვით, აქ უბრალოდ წარმოუდგენელია რაიმე ღონისძიების გამართვა, სტუმრის მიღება _ დამტვრეულია სკამები, განათებაზე საუბარი ზედმეტია. დირექტორის ლელა სარიშვილის თქმით, მოხდა შემცირება, რაც მათთვის სრული მოულოდნელობა იყო, წუხს განთავისუფლებული თანამშრომლების გამო, ასეთი ღირსეული კადრები იშვიათად სხვაგან შეგხვდესო. თვალშისაცემია ამოვსებული კვლები, სასწრაფო აუცილებლობას წარმოადგენს სანიაღვრე არხების გაკეთება, ზოგიერთ ეზოში წყალიც კი შედის ამის გამო. მართლაც, ასეთი რელიეფის მქონე დასახლებაში სანიაღვრე არხების უქონლობა, ყოვლად დაუშვებელია. ხვნა-თესვის მომლოდინე გლეხები იმედს იტოვებენ, იქნებ ცოტათი მაინც დაეხმაროს მუნიციპალიტეტი. პრობლემათა სათავეში დგას თხილის შეწამვლის საკითხიც. ყველაზე ,,საინტერესო~ მიდგომას მაინც საავადმყოფოსთან დაკავშირებით წააწყდებით, მთავარი ექიმის ავთო ჯიჯიეშვილის თქმით, ყველა ცდა, თხოვნა, წლების განმავლობაში საავადმყოფოს კეთილმოწყობასა და ინვენტარის ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით ამაო გამოდგა. 5000 კაცი მართლაც ღვთის ანაბარადაა დარჩენილი, თბილისში გადარეკილი, ლანჩხუთიდან მოსული დახმარების ბრიგადა, ვერაფრით იქნება ,,სასწრაფო~. სწორედ ეს საკითხი დაუყენებია ბატონ ავთოს, იქნებ ტურისტული სეზონის დროს, როდესაც გადატვირთულია ეს მხარე, მაშინ მაინც დავაყენოთ ერთი სასწრაფო დახმარების ბრიგადა სუფსის ცენტრშიო, მაგრამ დარჩა `ხმად მღაღადებლისა, უდაბნოსა შინა~. ის აპარატურაც დიდი ძალისხმევითაა შენარჩუნებული, რაც გააჩნიათ ათეული წლებია. გაგეცინებათ, მაგრამ ნაცვლად 40-ზე მეტი თანამშრომლისა, რომლებიც წინათ ემსახურებოდნენ საავადმყოფოს, ახლა ოთხი(!) ადამიანია დასაქმებული. ისმის კითხვა, შედის კი სუფსა რომელიმე მუნიციპალიტეტში? ანუ, რომელიმე ბიუჯეტში არის გათვალისწინებული? თუმცა, კაცნი ვართ, იქნებ დაავიწყდათ. სამაგიეროდ, მშვენივრად გრძნობენ თავს ჩინეთის მოქალაქეები, რომლებსაც სახელმწიფო მნიშვნელობის გზა გაჰყავთ, აქ ზოგიერთს განსახლება მოუწია, ზოგს კომპენსაცია, თუმცა გაურკვეველია, რატომ ეთქვა უარი მარინე ჭანტურიას განსახლებაზე, როდესაც გზა მის სახლთან 18 მეტრში გადის. მისივე თქმით, მას პრობლემა ჩინელებთან არ აქვს, მისი პრეტენზიები საგზაო დეპარტამენტისკენაა მიმართული, რომლის წარმომადგენლები აბუჩად იგდებენ მის თხოვნას და უკვე მოთხოვნას. ,,მე ხომ არ შევხვეწებივარ ვინმეს ჩემს სახლთან გაეყვანათ გზა, არც რაიმე სარგებელზე ვარ გადარეული, უბრალოდ, თქვენ ხედავთ, რა ახლოს გადის ეს გზა და იცხოვრება თუ არა აქ. ჩემი მოთხოვნა სამართლიანია და სასამართლო გზით დავამტკიცებ ამას~ _ აცხადებს მარინე ჭანტურია. გავეცანი რა სიტუაციას, მინდა გითხრათ სამართლიანი სასამართლოს პირობებში ნამდვილად უნდა გაიმარჯვოს ამ ქალბატონმა, ჩვენ თვალს მივადევნებთ მოვლენებს. უამრავი სოციალურად შეჭირვებული ელოდება აგენტს, რათა შეჩერებული დახმარება აღუდგეთ, ისე საარჩევნო წელია და შანსი გაცილებით დიდია. სანამ ურემი გადაბრუნებულა, სადგური, გამგეობა, კულტურის სახლი, საავადმყოფო თავზე დანგრევია ამ ხალხს, მივხედოთ. ნუ აძლევთ ყველაფერს კეისარს. სუფსის მოსახლეობას მინდა ვუთხრა, გვიგულეთ თქვენს გვერდით, ამ მოკლე შინაარსის მქონე სტატიით ნამდვილად არ შემოვიფარგლებით... ცნობილი სუფსელი პოეტის, ყველასათვის საყვარელი ტარიელ ჭანტურიას არ იყოს: - ბედი უნდა ყველაფერს: ყველა ნახატს; ყველა ფირს; ყველა რომანს; ყველა ლექსს! _ ბედი უნდა ყველაფერს! ყველა ტომს და ყველა რჯულს; ყველა ერს და ყველა ბერს; ყველა ხალხს და ქვეყანას! თორნიკე ჯიჯიეშვილი
განყოფილება: კულტურა
გადასვლები: 0