ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ეს სიყვარულია...

12-05-2022, 14:42

ეს სიყვარულია...
-----------------------------------------------------------
როდესაც გგონია, რომ მის პოვნამდე შენმა ,,მე''-მ ბევრი იარა, ბევრგან იარა და ბევრჯერ გადა(იარა);
ან კიდევ, პირიქით - ფიქრობ, რომ შენი ცხოვრების გზა ამ დრომდე უმიზნო და უმიზეზო ხეტიალით გაიცვითა, რადგან არც არაფერი გქონდა გასავლელი, არც არაფერი შეგხვდა საინტერესო და, ზოგადად, სამყაროს ფერებსაც ვერ აღიქვამდი, თუნდაც - არ აკვირდებოდი; 
უბრალოდ, ერთი უფერული, უმნიშვნელო წერტილი იყავი ამ უზარმაზარ გალაქტიკაში.
ბოლოს კი, მოულოდნელად, რუტინული ყოფიერების უსიერ ტყეში შემოჭრილ სხივს მიაგენი და მიხვდი, რომ ეს სწორედ ისაა, რაც ასე გაკლდა, რაც ასე გჭირდებოდა ვაკუუმის შესავსებად.
და იწყება ამბოხი საკუთარ არაცნობიერთან.



ტვინის ყველა უჯრედი გამოფხიზლდება ამ დროს საღათას ძილისგან და გონს მოეგება. 
ქვეცნობიერში მობინადრე ბრძოლის ჟინი გაიძულებს, რომ ჩაეჭიდო ამ მაცოცხლებელ სხივს ახალი შეგრძნების შესაცნობად; 
ძლიერად ჩაეჭიდო, რომ გაგიყვანოს დაბურული ბნელეთიდან და მიგიყვანოს მზესთან - ყველაზე დიდებულთან, ყველაზე ნათელთან, ყველაზე მიუწვდომელთან.
თითქოს შენშივე ხედავ, როგორ ჩნდება პაწია მარცვალი გულის უმცირეს ხვეულში, როგორ ღვივდება ნაპრალებში, მოიცავს ყოველ კაპილარს, გადასწვდება არტერიას. 
თავს მოიყრის გონებაში, მერე სამშვინველში;
არაცნობიერიდან ცნობიერში.
იქედან ვერაღსაწერ ჟრუანტელად გადანაწილდება მთელს არსებაში და 
საკუთარი სისხლის ჩუხჩუხსაც კი მოჰკრავ ყურს.
მერე ჩუმად, შენთან, შენთვის, შენში იმ შენეულ სივრცეს ამოიშენებ, რომლის დომინანტიც გულია - ყველაზე უტყუარი, უშეცდომო ორგანო.
ჰო, გული, რადგან ახლა მხოლოდ მისი თვალებით იმზირები, მხოლოდ მას ემორჩილები - მიაყურადებ და პასუხსაც ამოგძახებს, ხმაურიანს.
თილისმასავით დაგდევს მონატრების მძაფრი შეგრძნება.
ერთდროულად ძლიერიც ხარ და სუსტიც.
ამის შემდეგ ყველაფერი იცვლება შენ გარშემო:
ცხოვრებას უღიმი, თითქოს მაღლდები; 
საკუთარი თავის რწმენა გემატება, რადგან ,,მან" შეძლო შენში დაენახა ის, რისი დანახვაც აქამდე არც კი უცდიათ;
უკვე გრძნობ, რომ ,,შენ" შენ არ ხარ, სადღაც ისე იკარგები, თავს ვერ პოულობ და სხვა ხარ რაღაცნაირად;
თვალსაწიერს ფერები ემატება და შენში თავსდება მთელი პალიტრაც;
ხელის მტევანი ფუნჯს მხოლოდ ზეცასთან მისაახლოებელ ფერს აძებნინებს.
ჰო, აღარც თავად დგახარ ბინძურ მიწაზე. 
ფერისცვალების გზით ტრანფორმაციას აღწევ.
იმდენად სუფთავდები შიგნიდან, რომ სწყდები საყრდენს, მიემართები ზევით, ღრუბლებს ზევით, ცისკენ. 
კიდევ უფრო ზევით, ციდან 
სამ... 
შვიდ... 
არა, ცხრა მეტრზე. 
იქ, სადაც ემპირეის წიაღია, სადაც სიცოცხლე დაუშრეტელ წყაროდ დუღს.
შენში მინავლებული ყველა სიმი აჟღერდება აქამდე დაუწერელ სიმფონიად, რომელიც ყველგან ურჩად დაგყვება და მხოლოდ შენ გესმის. გინდა იმხელა ხმა გამოსცე, რომ ექომ ,,მასთან" მიაღწიოს.
მთელი სამყაროს სიდიადეს შეიგრძნობ ამ დროს და ხვდები, რომ ეპიცენტრი ,,ისაა", რადგან სწორედ ამ სამყაროდ იქცევა ,,ის" შენთვის.  
ამიერიდან ყველაფერ ნათელს მასთან აიგივებ, მისი უბორკილო ტყვე ხდები. 
გინდა, გონებით მიუახლოვდე, მისწვდე, ფაქიზად შეეხო მისი სულისა თუ სხეულის კონტურებს და შეიგრძნო; 
ოცნებობ, მხოლოდ მისი გულის სიხშირე და სუნთქვის რიტმი გირღვევდეს მყუდროებას; 
ზომავ და  ფიქრებით ამცირებ მასთან დამაკავშირებელ მანძილს. 
მისვლამდე ათას სათქმელს აარქივებ, ნახვისას კი ვეღარაფერს ეუბნები,  რადგან ჩერდება პულსაცია, თითქოს იყინები; 
ისე ქუცმაცდება ყოველი სიტყვა ბგერებად და ისე იფანტება არეალში, ვეღარც მოიხელთებ, ვეღარც თავს უკონავ აქამდე არაერთხელ ნაფიქრ-ნააზრევს.



მხოლოდ მზერის იმედადღა რჩები, რადგან მას თუ ძალუძს ისაუბროს მდუმარე მონოლოგით.
მზერა უტყვი, ყოვლისმომცველი და მრავლისმთქმელი ერთთავად, გაცვეთილ სიტყვებზე აღმატებული, რომელმაც, შესაძლოა, მთლიანად უამბოს მას შენი ვნებათაღელვა, ემოცია, განცდა.
ან რა საჭიროა, სიტყვებმა გააუბრალოოს გრძნობა, როცა თვალებში ამოკითხულსაც შეუძლია მისი უკვდავყოფა.
ახლაღა აღმოაჩენ, რომ მიზეზიც ჰქონია შენს არსებობას და მიზანიც. 
ჰო, კიდევ ხვდები, რომ მნიშვნელობაც შეიძინე არა იმიტომ, რომ სხვისთვის იყავი უმნიშვნელო აქამდე, არამედ იმიტომ, რომ იმისთვის გახდი მნიშვნელოვანი, ვინც ასე გეერთადერთება, გესამყაროება...
და როცა საბოლოოდ დაასკვნი, რომ თურმე ღირდა ამ წამად, ამ შეგრძნებად, ამ ნაფაქიზევ განცდად შენი ამქვეყნად მოვლინება და უსასრულო ლოდინიც კი, აბსტრაქტული სახელი ვეღარ დაეტევა თავის მოცემულობაში, შეიცვლის მდგომარეობას, საკუთარ ნიშას იპოვის და კონკრეტულ სახელს შეიძენს.
ამბობენ, ბრმააო. 
ვითომ?!

* მადონა თებიძის ჩანაწერებიდან

ავტორი: ლ.ქ
გადასვლები: 731
FACEBOOK კომენტარები