დეკემბერო, მებრალები რა ვქნა,
სულ ერთ დღეში ჩაბარდები წარსულს,
დრო ყველაფერს წისქვილივით დაფრქვავს,
იქნებ ახლა აგვაშოროს ავსულს.
ახალი წლის გაღიმებულ მთვარეს,
სიხარულით მეც გავუღებ კარებს,
დედამიწის ულამაზეს მხარეს,
საქართველოს უფრო შემაყვარებს.
ვარსკვლავებო, სანამ დილა მოვა,
მოდით ყელზე მომეხვიეთ მძივად,
ჰა, საცაა დაიწყება თოვა,
მე უთქვენოდ უსაშველოდ მცივა.
ამ სამყაროს ვერაფერი წაშლის,
ღვთის წყალობას
ველოდები ახლა,
დეკემბერო, სულ ერთ წელიწადში
კვლავ მოგვიწევს
ერთმანეთის ნახვა!
რევაზ ოკუჯავა



