,,ჰო და არა“ გასულ ნომერში დაიბეჭდა სტატია, სათაურით ,,სკანდალი- ლანჩხუთში მალე ბორდელი გაიხსნება?“ მას შემდე, რაც ეს წერილი წაიკითხა საზოგადოებამ, ჩვენს მობილურ ტელეფონებზე ზარები არ შეწყვეტილა. ვინც გვიკავშირდებოდა, მათი უმრავლესობა შეწუხებული იყო ბორდელის შესაძლო გახსნით და იმ მდგომარეობით, რაც ამ მიმართულებით გვაქვს ლანჩხუთში. ისინი მადლობას გვიხდიდნენ გაფრთხილებისთვის და ამავდროულად გვთხოვდნენ, რომ ყურადღება არ მოვადუნოთ. თუმცა, იყვნენ ისეთებიც, ვინც უკმაყოფილონი დარჩნენ. მათი თქმით, ჩინელები საქმისთვის არიან ჩამოსული და ცილს ტყუილად ვწამებთ, ,, ასეც რომ იყოს ქართველები უნდა იყვნენ წესიერად და პატიოსნად, ჩინელი არავის მოხტომიან ზურგზე, მეძავები და გათახსირებულები მუდამ იყვნენ და ამას ნურავის ნუ დააბრალებთ“- გვითხრა სატელეფონო საუბრისას ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელიც დაფარული ნომრიდან რეკავდა რატომღაც და ვინაობის გამხელაც არ ისურვა, მისი საუბრის ტონი, რბილად რომ ვთქვათ, არ იყო მთლად ცივილიზებული. ჯერ ერთი, ,,ჰო და არა“ ცილს არავის წამებს, ჩვენ რეაგირება მოვახდინეთ შემოსულ ინფორმაციაზე და საზოგადოება საქმის კურსში ჩავაყენეთ. მეორეც, მიგვაჩნია რომ შექმნილი სიტუაცია არ არის სახარბიელო, არც ჩვენთვის და არც ჩვენი შვილებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვართ თავისუფალი პრესა და უნდა მოვერიდოთ პოზიციის დაფიქსირებას, საჭიროდ ვთვლით მსგავს შემთხვევაში გამონაკლისი დავუშვათ და ვიდგეთ იქ, სადაც ჩვენი ხალხის კეთილდღეობა ითხოვს. წერილს გამოეხმაურნენ საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები, მაგალითად: ყოფილი მოსამრთლე და გამგეობის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი(ახლა ალბათ მერიისაც) მაგული კუნჭულია წერს: ,, აზრების გამოთქმის კი არა, მოქმედების დროა. არც ერთმა ვაჟკაცმა ლანჩხუთელმა არ უნდა დაუშვას ასეთი ფაქტი. ლანჩხუთი იმდენად პატარაა, საჭმელში ვინ რა სუნელს იყენებს ის იციან. ეს მოვლენა, ქუდზე კაცმა არ უნდა დაუშვას. ჩვენ მთელ საქართველოს ვერ გადავარჩენთ, მაგრამ ლანჩხუთს უნდა მივხედოთ. ასევე მიხედონ სხვებმა თავიანთ მუნიციპალიტეტებს. მე მჯერა ობიექტური ჟურნალისტის მოკვლეული ფაქტების და დარწმუნებული ვარ, რომ დროულია ამ საკითხზე განგაშის ატეხა“.
სრულიად საპირისპირო პოზიციას აფიქსირებს ლანჩხუთის გამგებლის ყოფილი მოადგილე ვახტანგ ზენაიშვილი: ,, ბავშვები ვეღარ გაგვიშვია გარეთ მაგათი შიშით, ისედაც ცისფერების და ვარდისფერების ხანა დადგა და კიდე ეს გვინდოდა?“- ეს ფრაზა ხომ თავისთავად სისულელეა და ვერც წერილის სულისკვეთება გავიგე. რაზე ხართ აღშფოთებული? ზრდასრული ადამიანები თუ სხვაზე არ ძალადობენ და სხვას არ ვნებენ, ნებაყოფლობით რა ურთიერთობებში შევლენ ერთმანეთთან ვისი რა საქმეა?!“. ბატონი ვახტანგი იქვე დასძენს: ,, პროსტიტუცია რომ ლეგალიზებული უნდა იყოს არც ესაა საკამათო!
ქალბატონი მაგულის კომენტარს პასუხს არ ვცემთ, ჩვენს მიერ ზემოთ დაფიქსირებული პოზიციის შემდეგ მიხვდებოდით, რომ ჩვენი აზრები ემთხვევა. რაც შეეხება ბატონი ვახტანგის კომენტარს, მიუხედავდ მისი პიროვნების მიმართ დიდი პატივისცემისა, სრულიად გაუგებრად მიგვაჩნია, თუ რატომ ცდილობს ის, თავისუფალი ნება და აღვირახსნილობა გააიგივოს. ,,ეს ფრაზა ხომ სისულელეა“აღნიშნავს ზენაიშვილი ერთ-ერთი მოქალაქის მიერ გამოთქმულ პრეტენზიაზე, რომელიც ვგონებთ სტატის ავტორის მიერ დაფიქსირებულ პოზიციად აღიქვა. ბატონო ვახტანგ! ეს არ არის სისულელე, თუ კი ადამიანები ცდილობენ, რომ ზნეობრივად სრულყოფილები იყვნენ, დაიცვან თავიანთი შვილები გარყვნილებისგან და მანკიერი ცდუნებებისგან, რა არის ამაში მიუღებელი? გვესმის, რომ თქვენ ორგანიზაცია ,,გირჩის“ აქტიური მხარდამჭერი ბრძანდებით და მათ პოზიციებს სრულად იზიარებთ, მაგრამ ეს აპრიორი არ ნიშნავს იმას, რომ ჭეშმარიტებას ღაღადებთ. სხვა დანარჩენი კი მუდმივად ცდება. აგრეთვე გვინდა პასუხი გავცეთ თქვენს მინაწერს, ,, პროსტიტუცია რომ ლეგალიზებული უნდა იყოს არც ესაა საკამათო!“- საბედნიეროდ, ჯერჯერობით საქართველოში არ არის პროსტიტუცია ლეგალიზებული, ასე რომ, ამაზე მართლაც არ ღირს კამათი.
თორნიკე ჯიჯიეშვილი
,,მჯერა ობიექტური ჟურნალისტის მოკვლეული ფაქტების და დარწმუნებული ვარ, რომ დროულია ამ საკითხზე განგაშის ატეხა“.

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 1 135