99 წლის წინ თბილისში დღის მეორე ნახევარში ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით მიღებული იქნა დამოუკიდებლობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება. ამ პროცესს წინ ბევრი საინტერესო რამ უძღოდა. მაშინდელი ცივილიზებული სამყარო პირველ მსოფლიო ომში იყო ჩართული და შესაბამისად, სხვა დროება იდგა. რუსეთის მფარველობის ქვეშ შესული საქართველო იმაზე მცირე მიწაზეღა იყო დარჩენილი, ვიდრე ეს ისტორიულად გახლდათ. თურქეთი აჭარის დაპყრობას ისევ ცდილობდა, არც სხვა მეზობლებისგან მოდიოდა განსაკუთრებული სიკეთე. უკვე ცხადი იყო, რომ თუ საქართველო რაიმეს არ მოიმოქმედებდა, ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ პეტერბურგიდან სამშობლოში დაბრუნდნენ ქართველი სოციალ-დემოკრატები - მენშევიკები, რომელთაც მანამდე რუსეთის დროებით მთავრობაში სხვადასხვა პოსტი ეკავათ. რევოლუციურ პეტერბურგთან შედარებით თბილისი ოაზისს ჰგავდა, მაგრამ პრობლემებმა აქაც მალე იჩინა თავი. რუსეთის ახალ ხელისუფლებას აღარ სურდა გერმანიასა და თურქეთთან ომის გაგრძელება. კავკასიის ფრონტი დაიშალა, საქართველოს კი თავისი არც ხელისუფლება ჰყავდა და არც არმია, თავი რომ დაეცვა. მენშევიკებმა 1918 წელს მოიწვიეს სეიმი, რომელსაც ამიერკავკასიის სამივე ქვეყნის მართვა უნდა ედო თავს. სეიმმა გამოაცხადა, რომ ამიერკავკასია რუსეთს გამოეყო, მაგრამ ჩრდილოელმა მეზობელმა „საჩუქარი“ მოუმზადა თავისუფლების გზაზე შემდგარ ქვეყნებს. საბჭოთა რუსეთმა ბრესტ-ლიტოვსკში დადო ზავი, რომლითაც ბათუმის, ყარსისა და არდაგანის ოლქებს გერმანიის მოკავშირე თურქებს უთმობდა. თურქებთან მოსალაპარაკებლად ბათუმში ახალშექმნილი სეიმის მრავალეროვანი დელეგაცია ჩავიდა. მოლაპარაკება, რაღა თქმა უნდა, უშედეგო აღმოჩნდა. თავი იჩინა ამიერკავკასიის ქვეყნების ინტერესთა სხვადასხვაობამაც: თუ საქართველო და სომხეთი ვერ ეგუებოდნენ თავიანთი მიწა-წყლის დაკარგვას, აზერბაიჯანი ერთმორწმუნე თურქეთთან წინააღმდეგობას არ აპირებდა. როცა საკითხის მოგვარების ყველა იმედი ამოიწურა, ქართულმა დელეგაციამ გამონახა გადარჩენის ერთადერთი გზა - დამოუკიდებლობა. 1918 წლის 26 მაისს მიღებულ იქნა `საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი~, რომელშიც, კერძოდ, ნათქვამი იყო: `მრავალ საუკუნეთა განმავლობაში საქართველო არსებობდა, როგორც დამოუკიდებელი და თავისუფალი სახელმწიფო. მეთვრამეტე საუკუნის დასასრულს ყოველი მხრით მტრისაგან შევიწროვებული საქართველო თავისი ნებით შეუერთდა რუსეთს იმ პირობით, რომ რუსეთი ვალდებული იყო, საქართველო მტრისაგან დაეცვა. რუსეთის დიდი რევოლუციის მსვლელობამ რუსეთში ისეთი შინაგანი წყობილება შეჰქმნა, რომ მთელი საომარი ფრონტი სრულიად დაიშალა და რუსის ჯარმაც დატოვა ამიერკავკასია. `დარჩნენ რა თავისი ძალღონის ამარად, საქართველომ და მასთან ერთად ამიერკავკასიამ თვით იდვეს თავს საკუთარი საქმეების გაძღოლა და პატრონობა და შესაფერისი ორგანოებიც შეჰქმნეს; მაგრამ გარეშე ძალთა ზეგავლენით ამიერკავკასიის ერთა შემაერთებელი კავშირი დაირღვა და ამით ამიერკავკასიის პოლიტიკური მთლიანობაც დაიშალა. ქართველი ერის დღევანდელი მდგომარეობა აუცილებლად მოითხოვს, რომ საქართველომ საკუთარი სახელმწიფოებრივი ორგანიზაცია შეჰქმნას, მისი საშუალებით გარეშე ძალის მიერ დაპყრობისაგან თავი გადაირჩინოს და დამოუკიდებელ განვითარების მტკიცე საფუძველი ააგოს. ამისდა თანახმად, საქართველოს ეროვნული საბჭო, 1917 წლის ნოემბრის 22-ს არჩეული საქართველოს ეროვნულ ყრილობის მიერ, დღეს აცხადებს: 1) ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა. 2) დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური ფორმა – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკაა. 3) საერთაშორისო ომიანობაში საქართველო მუდმივი ნეიტრალური სახელმწიფოა. 4) საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას სურს საერთაშორისო ურთიერთობის ყველა წევრთან კეთილმეზობლური განწყობილება დაამყაროს, განსაკუთრებით კი – მოსაზღვრე სახელმწიფოებთან და ერებთან. 5) საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავის საზღვრებში თანასწორად უზრუნველყოფს ყველა მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს, განურჩევლად ეროვნებისა, სარწმუნოებისა, სოციალური მდგომარეობისა და სქესისა. 6) საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა განვითარების თავისუფალ ასპარეზს გაუხსნის მის ტერიტორიაზე მოსახლე ყველა ერს. 7) დამფუძნებელი კრების შეკრებამდე მთელი საქართველოს მართვა-გამგეობის საქმეს უძღვება ეროვნული საბჭო, რომელიც შევსებული იქნება ეროვნული უმცირესობათა წარმომადგენლებით და დროებითი მთავრობა პასუხისმგებელია საბჭოს წინაშე. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. მანამდე იყო 1921 წლის 21 თებერვალი და მიღებული კონსტიტუცია, რომლითაც ჩვენი ქვეყანა ნეიტრალურ ქვეყნად ცხადდებოდა. ახალმა კონსტიტუციამ მხოლოდ 3 დღეს იმუშავა. 25 თებერვალს თბილისის თავზე წითელი დროშა აფრიალდა, მაუწყებელი იმისა, რომ საქართველოში საბჭოთა წყობილება დამყარდა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, შეძლო. 99 წლის შემდგომაც გრძელდება ბრძოლა თავისუფლებისათვის. დღეს საქართველოს ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულია და ისევ მტრის მიერ არის კონტროლირებადი. გიორგი დარჩიაშვილი
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 0