ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

პავლე ჯიჯიეშვილი: `თუ კი მე, 67 წლის კაცი ვახერხებ იმას, რომ ვიყო ჩემი ხალხის და საქმის სამსახურში, თქვენ ახალგაზრდებს, უფრო გამოგივათ, მთავარია მოინდომოთ...~

პავლე ჯიჯიეშვილი: `თუ კი მე, 67 წლის კაცი ვახერხებ იმას, რომ ვიყო ჩემი ხალხის და საქმის სამსახურში, თქვენ ახალგაზრდებს, უფრო გამოგივათ, მთავარია მოინდომოთ...~
12-04-2017, 00:00

როცა მათ ვუყურებ, ვფიქრობ, რომ ჯერ ადამიანობას გადაგვარება არ უწერია. პავლე ჯიჯიეშვილი ერთ-ერთი მათგანია. ის სოფელ აცანის ტექნიკოს-ელექტრიკოსია, ამავე სოფლის მკვიდრია. თუმცა, გასულ წლებში სოფელ მამათსაც ემსახურებოდა. ბოლო ორწელიწადნახევარია, მამათში აღარ მუშაობს. მას `ბუჭია“-თი მოიხსენიებს ყველა ნაცნობი. მისი სახელი იცის ყველამ, დაწყებული ახლადფეხადგმული ბავშვიდან, დამთავრებული უხუცესით. ვინც არ იცით აცანის და მამათის შესახებ გეტყვით, რომ ეს არის ურთულესი მონაკვეთები სამუშაოდ, ამას ემატება გაუმართავი ელექტრო ხაზები (ახლა ნამდვილად მიმდინარეობს შეცვლა-აღდგენითი სამუშაოები). ასეთ მაღალმთიან სოფლებში, არ გაგიკვირდებათ, რომ ნალექიც უხვად მოდის. განსაკუთრებით ცუდი სიტუაციაა ნოემბერი-მარტის ინტერვალში. ბატონი პავლე ახერხებდა და ახერხებს, თითქმის გამოუვალი სიტუაციებიდან გამოსვლას, ხან მარტო, ხან მოსახლეობასთან ერთად, ხანაც კომპანიის დახმარებით ცდილობს მაქსიმალურად მოკლე დროში ხარვეზების აღმოფხვრას და სოფლელებისთვის ელექტროენერგიის მიწოდებას. პირადად მე ვარ შემსწრე, იმისა, როგორ იჯდა (უფრო სწორად, შემოხვეული იყო) ბოძზე, როცა მეტრზე მეტი თოვლი იდო მიწაზე. როცა დავინტერესდით, გვითხრა, რომ დამხმარე ბრიგადას ელოდებოდა და ქვევით, თოვლში გაყინვას ერჩივნა ბოძზე დარჩენილიყო. აღარაფერს ვამბობ ქარში, წვიმაში როგორ ატარებს ეს პატარა კაცი 7 მეტრიან კიბეს მარტო. ათასჯერ გული შეჰქანებია სოფლელებს იმის დანახვაზე, თუ როგორ ქანაობდა ბოძი და ბუჭია ერთად. თუმცა მას ხომ `მთის ლომი~ შეარქვეს. მისთვის დღე და ღამე არ არსებობს, მიდის სანამდეც შეუძლია და მუშაობს იქამდე, სანამ არ აღადგენს ძაბვას. ერთხელ ბუჭია ნაგომარში მიხმარებია თანამშრომელს, გადახრილი ბოძი ზედ გადარეულ `სუფსაზე~ იწვაო, ჰყვებიან იქაურები, მაგრამ თვალიც კი არ დაუხამხამებია თურმე `მთის ლომს~, საქმეც გააკეთა და უვნებელიც გამოვიდა. აღსანიშნავია, რომ 20 წლის განმავლობაში, არც ერთი სერიოზული დაზიანება არ მიუღია, არც დენს დაურტყამს მისთვის. ეს კაცი, არც მეტი, არც ნაკლები 67(!) წლის გახლავთ. ბიჭია და შეეჯიბროს 20–25 წლის ახალგაზრდა, ან მუხლის სიმაგრეში, ან სისხარტეში, ანდაც შემართებაში. რა თქმა უნდა, უამრავ კურიოზსაც ჰყვებიან სოფელში თავის საყვარელ მონტიორზე. იყო შემთხვევები, დაურეკავთ მისთვის, მისულა ოჯახში და ნათურა ყოფილა გადამწვარი, შუქი ჩაქვრება _ `ჩაგიქვრა ბუჭია თვალები~-ო, მოვა დენი და `აშენდა ბუჭია შენი ოჯახი~-ო. იგი ამ ყველაფერს შეჩვეულია და არც შეუძლია ამ რეჟიმის გარეშე ცხოვრება. ყველგან გაიგონებთ გაკვირვებულ და შეშფოთებულ წამოძახილებს, `რას უძლებს ეს კაცი“-ო. სხვათაშორის, დღემდე ვერ ელევა სპორტულ ცხოვრებას და ზაფხულობით თავისზე სამჯერ და ოთხჯერ უმცროს თანასოფლელებთან ერთად დასდევს ბურთს. როგორ ახერხებს იყოს შესანიშნავი მეოჯახე, `მონტიორი“, უყვარდეს დიდსა და პატარას, თავად ბატონ პავლეს ვკითხოთ: – ბატონო პავლე, ვიცი რომ თქვენი ძირითადი პროფესია არ ყოფილა ის, რასაც დღეს ემსახურებით. – დიახ, სხვათაშორის 45 წელს გადაშორებული ვიყავი, როდესაც მაშინდელმა სოფლის ხელმძღვანელმა ემზარ თევდორაძე წარადგინა ჩემი კანდიდატურა და დავიწყე მუშაობა. მართალია, მაშინ მე არ ვიყავი პროფესიონალი, მაგრამ სოფელს სჭირდებოდა ,ელექტრიკოსი და მეც უარი ვერ ვთქვი. ისე, თავიდანვე მესმოდა ეს საქმე და წლების განმავლობაში, ბატონი ოლეგი იმნაიშვილის, თანამშრომლების გვერდით დგომით, უამრავი ტრენინგებით და გამოცდებით, მივაღწიე მგონი რაღაც შედეგს (იღიმის). _ არცთუ ისე ,,პოპულარული“ სამსახური გაქვთ, როგორ მოახერხეთ ხალხის სიყვარულის მოპოვება? – რა გითხრათ, ცოტა ძნელია ისაუბრო საკუთარ თავზე. თუმცა მადლობა ღმერთს, ნამდვილად ვგრძნობ ხალხის სიყვარულს და თანადგომას. ვინც მიცნობს იცის, რომ ჩემთვის გამოუვალი სიტუაცია არ არსებობს, სულ ერთია დღე იქნება თუ ღამე, მზად ვარ ჩემი მოვალეობის შესასრულებლად და ეს ასეც უნდა იყოს. ყოფილა შემთხვევა, როდესაც მოსახლეობა ჩემთან ერთად იდგა თოვლში, ქარში, წვიმაში და უკან არავის დაუხევია. მაგრამ, მთავარი მაინც ჩემი სამსახურის თანადგომაა, რომ არა ისინი, ნამდვილად ვერ ვიქნებოდი ოპერატიული. _ თქვენ `ენერგო პრო-ჯორჯიას~ თანამშრომელი ბრძანდებით, ხშირად გიწევთ საყვედურების ატანა? – მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ლანჩხუთის სერვის-ცენტრს, ასევე, მის ხელმძღვანელს, ბატონ ოლეგ იმნაიშვილს. მე არ მეგულება მსგავსი მეგობრული, კომპაქტური, ყურადღებიანი კოლექტივი. ჩვენ ვართ ერთი ყველასთვის და ყველა ერთისათვის. რაც შეეხება საყვედურებს, რა თქმა უნდა, არის, გამომდინარე იქედან, რომ დენი ყველას შეუზღუდავად უნდა, პრობლემებია ჩაჭრასთან დაკავშირებით. წლები მაკლდება, როცა ვიცი, რომ აბონენტი უნდა ჩავხსნათ, მაგრამ სხვა გზას უბრალოდ არ გვიტოვებს კომპანიის წესდება. აბონენტს აქვს დრო, ბოლო გადასახდელი თარიღიდან 20 დღე, რომლის განმავლობაშიც უნდა დაფაროს დავალიანება. _ `მემკვიდრე~ თუ გყავთ თქვენ საქმეში, ან თუ გეგულებათ ვინმე ისეთი, რომელიც ღირსეულად გააგრძელებს თქვენს გზას? თქვენი ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ჯერ არ არის საგანგაშო სიტუაცია, მაგრამ მაინც. – ეს ის თემაა, რომელსაც ძალიან განვიცდით. გამუდმებით ვფიქრობთ და ვეძებთ ახალგაზრდებს, რომლებიც დაინტერესებული იქნებიან ამ საქმით და სოფელს მოემსახურებიან. იყო ერთი ახალგაზრდა, რამდენიმეჯერ მახლდა დაზიანებებზე, მერე რატომღაც `შეეშინდა~ (იღიმის), ამას ვინ იზამსო. არადა, მცოდნე და ჭკვიანი ბიჭია. ვამბობდით და ვამბობთ, რომ მთლიანად სერვის-ცენტრი მზად არის გვერდით დაუდგეს დაინტერესებულ პირს, შევასწავლით თეორიასაც და პრაქტიკასაც. ნუ დაფრთხებიან, თუ კი ფრთხილად და დაკვირვებულად იქნებიან, არაფერი დაემუქრებათ. თუ კი მე, 67 წლის კაცი ვახერხებ იმას, რომ ვიყო ჩემი ხალხის და საქმის სამსახურში, თქვენ ახალგაზრდებს, უფრო გამოგივათ, მთავარია მოინდომოთ... თორნიკე ჯიჯიეშვილი

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა