- „ევროპული კაფეების ტურის“ ფარგლებში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სამსახურების წარმომადგენლებს, მეწარმეებს, ფერმერებს, საჯარო სკოლების ისტორიის მასწავლებლებს და დაინტერესებულ პირებს შეხვდნენ. პროექტი ექსპერტებს, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ოფიციალურ წარმომადგენლებსა და რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას შორის - საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის გარშემო დიალოგის დაწყებას გულისხმობს. ექსპერტმა მიხეილ მირზიაშვილმა, სტრატეგიული კვლევების რეგიონული ცენტრის დირექტორმა მოკლედ მიმოიხილა მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება, როგორიცაა: მედიის გაძლიერება, ეთნიკური უმცირესობების ჩართვა სამოქალაქო აქტივობებში, ადამიანის უფლებების დაცვა, კონფლიქტების გადაჭრა, პოლიტიკური პარტიების განვითარება და სხვა. ბატონ მიხეილს 25 წლიანი გამოცდილება აქვს სამოქალაქო სექტორში და არის ასოცირების შესახებ შეთანხმების გზამკვლევის ავტორი. დოქტორი მარსელა ხრენეკოვა სლოვაკეთის აგრარული უნივერსიტეტის პროფესორია. უნივერსიტეტში სწავლების გარდა, ეწევა კვლევით საქმიანობასაც. წარსულში მუშაობდა აგრიკულტურულ სამეცნიერო და ტექნიკურ ინსტიტუტში. ასევე ხელმძღვანელობდა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ეროვნულ ბიუროს. გამომცემლობა „ლესმედიუმ სლოვაკეთის“ დირექტორს ჟურნალ LES & Letokruhy-ს მთავარი რედაქტორს პიტერ გოგოლას 2010-2014 წლებში ეკავა სლოვაკეთის სიდიდით მესამე ქალაქის ბანსკა ბისტრიცას მერის თანამდებობა. აღსანიშნავია მისი მიღწევები სამუშაო ადგილების შექმნის, ტურიზმის განვითარებისა და ახალგაზრდებისათვის ხელშეწყობის კუთხით. სლოვაკმა ექსპერტებმა დამსწრე საზოგადოება მიაწოდეს ინფორმაცია სლოვაკეთისა და სხვა ცენტრალური ევროპის ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ. უპასუხეს დამსწრეთა შეკითხვებს. ცნობისთვის: პროექტს გლობალური უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტი GLOBSEC (ყოფილი სლოვაკეთის ატლანტიკური კომისია ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და სლოვაკეიდის მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის და საქართველოში სლოვაკეთის საელჩოს ეგიდით ხორციელდება, რომლის მთავარ მიზანსაც სლოვაკეთის ევროპული ინტეგრაციის გზაზე მიღებული გამოცდილების საქართველოსთვის გაზიარებას წარმოადგენს. გელა ზოიძე, საგარეო-ეკონომიკური კავშირურთიერთობის, ინვესტიციების, ტრანსპორტის, ტურიზმისა და მეწარმეობის ცენტრის დირექტორი: - საზოგადოებისთვის, მეწარმე-ფერმერებისთვის ძალიან საინტერესოა ნატოსთან და ევროკავშირთან თანამშრომლობის პერსპექტივები, მაგ. კოოპერატორებმა უნდა იცოდნენ, რომ თუ საით მიდიან, რამდენად სწორია მათი არჩევანი და როგორი საწარმო ექნებათ 5 თუ 10 წლის შემდეგ, ამაში დაწმუნება კონკრეტული მაგალითებით შეიძლება, რაც თავის გამოსვლაში აღნიშნა სლოვაკეთის აგრარული უნივერსიტეტის პროფესორმა, დოქტორმა მარსელა ხრენიკოვამ, ასევეა ნებისმიერი დარგის მუშაკებისთვის, არის პერსპექტივები, მაგრამ ამავე დროს არის გამოწვევები, რომელიც მეწარმეებმა ხელისუფლების მხარდაჭერით უნდა დაძლიონ, ერთობლივი საქმიანობით კი ეს მიღწევადია, მთავარია შევინარჩუნოთ სწორი ვექტორი - ევროკავშირსა და ნატოსკენ, ამ გზაზე ყოყმანი წამგებიანია, ასეთ შემთხვევაში წყალში გადავყრით ყველაფერს, რასაც ბოლო წლებია ვაკეთებდით. ნატო და ევროკავშირი ეს არის მტკიცე დემოკრატია, ცხოვრების მაღალი სტანდარტები, ძლიერი სახელმწიფო, დაცულობა და კეთილდღეობა.
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 0