წელს ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ განსახორციელებლად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს 748 ათასი ლარი გამოეყო. დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მუნიციპალიტეტის 54 სოფელში საერთო კრება ან კონსულტაცია, წინასწარ შედგენილი გრაფიკით ჩატარდა. მერიის განმარტებით, პროგრამის ძირითადი პრიორიტეტებია შიდა გზების, სასმელი წყლის სისტემების, სანიაღვრე არხების, სკვერების, სპორტული და საბავშვო გასართობი მოედნების, მგზავრთა მოსაცდელების მშენებლობა-რეაბილიტაცია და სხვა.მაგალითისთვის, მაჩხვარეთის ადმინისტრაციულ ერთეულში პროგრამის ფარგლებში ჯამში 36 000 ლარია გამოყოფილი და როგორც მერიის გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, ამ თანხით სოფელ მაჩხვარეთის მოსახლეობამ სასაფლაოს შეღობვის გადაწყვეტილება მიიღო. ჯუნმერეში სპორტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა, ხოლო ორაგვეში რკინა-ბეტონის გზა დაიგება. მოსახლეობასთან შეხვედრები აკეთის ადმინისტრაციულ ერთეულშიც ჩატარდა და როგორც მოსახლეობის კომენტარებიდან ირკვევა, სოფელ ჭანჭათისთვის გამოყოფილი თანხით გარე განათების მოწყობა გადაწყდა, რასაც აქაური მოსახლეობის გარკვეული ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა. ,,კიდევ ერთხელ განიხილეს თუ რაში დახარჯულიყო სოფლისთვის გამოყოფილი 16 000 ლარი. ერთი საუკუნის წინ აპოლონ წულაძემ თქვა: ,,ჭანჭათი განათლებული..." დღეს კი მე ვამბობ-"ჭანჭათი განათებული". თუმცა დღეს ცოტა დადის განათლებული (ძირითადად გარბის სოფლიდან). ჭანჭათელი თუ უგზოობის გამო ორმოში ჩავარდება, გზის მაგივრად განათებას ითხოვს, ის ორმო რომ დაინახოს. ექვსი წლის წინ ჩემი და კიდევ რამდენიმე ადამიანის ინიციატივით, სოფლის კლუბის რემონტი ჩავსვით. ბევრმა მაშინ ლამის თავი გამიტეხა. ბევრმაც შემდეგ გალანძღა ეს პროექტი. თუმცა, კლუბში პერიოდულად სკოლაც ატარებს ღონისძიებებს, არჩევნებიც იქ ტარდება და უამინდობაში სოფლის კრებაც იმართება. სულ მცირე, ხუთი წლის მანძილზე სოფლის პროგრამით გამოყოფილ თანხას ჭანჭათლები განათებაში ,,აბანდებენ". ეს კი მინიმუმ 75 000 ლარია. ხომ შეიძლება ცოტა გონივრულად გამოვიყენოთ ეს თანხა? ან რით ვერ გავნათდით ან რით ვერ გავნათლდით? ფანტაზიაც აღარ არის?...
ჭანჭათლებო. მე არასოდეს მიტრაბახია ჩემი სტატუსით, ყოველთვის ყველასთან თავმდაბალი ვიყავი, ვარ და ვიქნები. თუმცა იქნებ ერთხელ მაინც მომისმინოთ...“ - დაწერა ფეისბუქზე ჭანჭათის სკოლის პედაგოგმა, ილია ვადაჭკორიამ, რომელმაც, როგორც თავად ამბობს, შეკრება პროტესტის ნიშნად დატოვა. ილია ვადაჭკორიას ამ პოსტს ბევრი ეხმიანება და საკუთარ პოზიციას აფიქსირებენ ჭანჭათში სოფლის კრებაზე შერჩეულ პრიორიტეტზე. საბა წულაძე - ,,ყველას სახლის წინ უნდა თან ხო?“ ნინო მამარდაშვილი: „გზაა აუცილებელი... წყალი რომ დამთავრდება და შევა მოსახლეობაში“.
სოფო მახარაძე: - „ნეტა რა შეიძლება გაკეთდეს ამ სასაცილო თანხით, ან რით ვერ დამთავრდა ეს განათებები, ან რააა გასანათებელი. გზა გაკეთდეს მთავარია. წყალს ვერ ვეღირსეთ ჯერ.“ ლია გოგუაძე:- „სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს ჩვენი მდგომარეობა (ჭანჭათს ვგულისხმობ) ... გაანათეთ, კარგად გაანათეთ გაწკრიალებული ასფალტი, ახალ გამოყვანილი წყლით რომ რეცხავთ ხოლმე... რით ვერ ამოილია ეს განათება. რა ღირს თითო განათება? გაანათე კი არა ჩააბნელეთ, რომ არ გამოვჩნდეთ საერთოდ!“
ვეკო წულაძე: - „სამწუხარო რეალობაა. გავანათოთ ჭანჭათი, მოსახლეობა გზას დაინახავს და ხმას მაინც არ ამოიღებს. განათლება კი საერთოდ პრიორიტეტული არც არის .სწორედ ამიტომ იცლება სოფლები. რომელი უბანი იყო დარჩენილი განათების გარეშე?“
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამასთან“ მიმართებაში, საკუთარი მოსაზრება აქვს საკრებულოს წევრს, „ლელოსან“, გოჩა ჯანაშიას, რომელიც მიიჩნევს, რომ ამ პროგრამას ეფექტურობა აკლია.
„სოფლის კრებების შემდგომ მოსახლეობის უკმაყოფილება, ბევრ ადგილზე შეინიშნება, სამწუხაროდ ამის მიზეზი უშუალოდ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამაა“, რომელმაც ბევრის აზრით, დაკარგა ის ეფექტი, რაც ადრე ჰქონდა. იმდენად მიზერულია ამ პროგრამით სოფლებისთვის გამოყოფილი თანხები, კრებაზე შეკრებილი მოსახლეობის საჭიროებებს, ვერ აკმაყოფილებს და ხშირია ფაქტები, როცა ხალხი იმედგაცრუებული რჩება, რამეთუ საერთო პრიორიტეტებს ვერ აგნებენ. მართალია ყველა კმაყოფილი ვერსდროს ვერ იქნება, მაგრამ ცხადია, რომ ლოკალური პრობლემის აღმოსაფხვრელად საჭირო ეს თანხები, არაეფექტურია და ხშირ შემთხვევაში ნიჰილიზმის საფუძველსაც იძლევა“ - ამბობს ჯანაშია.
სოფო წილოსანი
აკლია თუ არა ეფექტურობა ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამას~
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 449