,,ჰო და არას” სტუმარია მეწარმე ქალბატონი, ხათუნა ჩხაიძე.
ვცხოვრობ სოფელ სუფსის ერთ ძალიან ლამაზ უბანში, ჩქუნში. მყავს მეუღლე ავთანდილ ტიკარაძე და ორი შვილი, რომლებიც დიდები არიან და თავიანთი ცხოვრება აქვთ.
მე იმ ადამიანების კატეგორიას მივეკუთვნები, რომლებსაც სოფელი ძალიან უყვართ. ადრე დავოჯახდი, მერე ვცდილობდი ჩემი ადგილი მეპოვა ცხოვრებაში, ამიტომ გადავწყვიტე მეფუტკრეობა დამეწყო. ყოველთვის აღფრთოვანებას იწვევდა ჩემში ამ პატარა მწერების შესაძლებლობა და უნარი.
რვა წლის წინ შევიძინე ერთი ოჯახი ფუტკარი და აქტიურად შევუდექი სწავლას როგორ მომევლო მისთვის და თან გამემრავლებინა. ბევრი შრომა ჩავდე ამ მადლიან საქმეში, რაშიც სრული მხარდაჭერა და გვერდით დგომა მქონდა ჩემი ოჯახიდან. გავიცანი და დავუმეგობრდი ბევრ კარგ მეფუტკრეს. მერე გაგვიჩნდა სურვილი გაგვეკეთებინა კოოპერატივი, რომელსაც ჩემი ულამაზესი სოფლის სახელი ,,ჩქუნი“ დავარქვი. კოოპერატივის შექმნაში ძალიან დამეხმარა ბატონი გელა ზოიძე და მისი შესანიშნავი გუნდი. ისინი ყველაფერს აკეთებდნენ ჩვენი წინსვლის და წარმატებისთვის. მაკავშირებდნენ უცხოელებს, რომლებსაც სურდათ ნატურალური თაფლის შეძენა. ერთერთს გავიხსენებ, არაბი მყიდველი, რომელმაც წაიღო ჩვენი კოოპერატივის თაფლი კატარში. ძალიან მოეწონათ, აპირებდნენ დიდი რაოდენობით შესყიდვას, მაგრამ იმ ეტაპზე პანდემიამ შეგვიშალა ხელი. იმედია, მალე ეს საქმეც გამოვა.
ბატონი გელას დახმარებით ბევრ გამოფენაზე მივიღე მონაწილეობა, რაც ხელს უწყობდა ჩვენს განვითარებას და მატერიალურ წინსვლას.
მონაწილეობა მივიღე ქალ მეწარმეთა განვითარების პროექტებში. პროექტების მიზანია სოფლად მცხოვრები ქალების ცნობიერების ამაღლება. შევიძინე მეგობრები, რომლებიც მეხმარებიან დაწყებული საქმიანობის სწორად წარმართვაში.
ძალიან ბევრი კარგი და დაუვიწყარი დღე შემატა ჩემ ცხოვრებას ამ პროექტებმა, დიდი როლი შეასრულა ჩემი ცოდნის ამაღლებაში, რომელსაც ვუზიარებ ჩემს ირგვლივ მყოფ სოფლად მცხოვრებ ქალებს, ვეხმარები მათ მეფუტკრეობის შესწავლაში. მინდა, რომ კიდევ მეტად განვვითარდე და განვავითარო ჩემი საქმიანობა.
ბევრი ოცნება მაქვს და იმედია, ავისრულებ ნაწილობრივ მაინც.
ამჟამად მონაწილეობას ვიღებთ ,,გურიის განვითარების კავშირის“ მიერ გამოცხადებულ კონკურსში, რომელიც განხორციელდა CENN-ის პროექტის ფარგლებში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. ასეთი პროექტები თავიანთი საინფორმაციო შეხვედრებით ძალიან მნიშვნელოვანია სოფლად მცხოვრები მეწარმე ქალების წარმატებებისთვის.
სოფელს სჭირდება მეტი მხარდაჭერა, რათა განვითარდეს, რათა შეძლონ ოჯახებმა თავის რჩენა და არ დადგნენ სოფლის დატოვების აუცილებლობის წინაშე.
სოფლის ყველა ოჯახს ვუსურვებ გამძლეობას, მიზანმიმართულ შრომას, სოფელში კერძო საქმიანობის ისე წარმართვას, რომ ოჯახს ჰქონდეს ხვავი და ბარაქა.
გისურვებთ აღორძინებულიყოს თქვენი ოჯახები. საქართველოს ეამაყოს თავისი სოფლებით!
იზრუნეთ სოფლად მცხოვრები მეწარმე ქალების წარმატებებისთვის!
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 752



