,,ჰო და არას“ სტუმარია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიის დირექტორი, ქალბატონი ნატო მენაღარიშვილი.
_ ქალბატონო ნატო, როგორც რიგითმა მოქალაქემ, მინდა მადლობა გადაგიხადოთ თავდაუზოგავი შრომისთვის. ძალიან ბევრჯერ მინახავს, რომ გვიან ღამემდე აგრძელებთ სამუშაო გრაფიკს.
როგორ გაიხსენებდით თქვენს სამსახურს კოვიდ პანდემიამდე, როგორი იყო თქვენი სამუშაო დღე და როგორია ახლა?
_ პანდემიამდე ჩვენი სამსახურის - საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის შესახებ ბევრს წარმოდგენაც კი არ ჰქონდა. სხვა და სხვა ინფექციები ამა თუ იმ რაოდენობით ყოველთვის იყო და იქნება. მათ წინააღმდეგ ღონისძიებებს ვატარებდით, მაგრამ შემთხვევათა სიმცირის გამო ამას საზოგადოება ვერ ხედავდა. ზუსტად ამ ღონისძიებების წყალობით ზოგი ინფექცია საერთოდ გაქრა, მოხდა ე.წ. ელიმინაცია ან არის ერთეული შემთხვევა. ეს ინფექციები ახლაც არის და ჩვენ ვმუშაობთ ამ მიმართულებით, თუმცა პანდემიამ გადაფარა ყველაფერი. ისეთი დაავადებები, როგორიცაა ტუბერკულოზი, წითელა, ჰეპატიტები, საკვებისმიერი მოშხამვები კვლავ ფიქსირდება და ჩვენ ვატარებთ ყველა საჭირო ეპიდღონისძიებას ისევე, როგოც ეს პანდემიამდე იყო.
სამუშაო დღეს რაც შეეხება, ვმუშაობდით ჩვეულებრივად დაწესებული გრაფიკით და დროით, შაბათ-კვირას დასვენებით, ვსარგებლობდით საშვებულებო დღეებით.
პანდემიამ თავდაყირა დააყენა მთელი მსოფლიოს ცხოვრება, განსაკუთრებით ეს სიმძიმე სამედიცინო სფეროს დააწვა მხრებზე. უკვე ორი წელია ვმუშაობთ არანორმალური სამუშაო გრაფიკით- 24/7-ზე, რომ არაფერი ვთქვათ რისკზე, ჩვენს სამუშაო გარემოზე და პირობებზე.
_ როგორ ფიქრობთ, რატომ მივიღეთ ეს შედეგი?
_ შედეგში ალბათ საქართველოში შექმნილ მდგომარეობას გულისხმობ. ზოგადად პანდემიას არავინ არ ელოდა და ჩვენზე მდიდარ ქვეყნებსაც შეექმნათ პრობლემები. მიუხედავად იმისა, რომ არ ვართ მდიდარი ქვეყანა, მაინც მოხერხდა ვაქცინების შემოტანა ქვეყანაში, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
თავიდან იყო მოსახლეობის უკმაყოფილება და მოთხოვნა, სანამ შემოვიდოდა ვაქცინები. შემოტანილი იქნა ჩინური წარმოების ვაქცინები, ვისაც სურვილი ჰქონდა, დარეგისტრირდა და აიცრა, მაგრამ მაინც უკმაყოფილო იყვნენ, რადგან ითხოვდნენ ფაიზერის შემოტანას. ესეც შეძლეს და შემოიტანეს ფაიზერი, მაგრამ მაინც არ მოხერხდა ვაქცინაციის დონის ამაღლება. ჩატარდა საგანმანათლებლო კამპანიები, იმუნიზაციის. მარათონი, წამახალისებელი ლატარია, 200 ლარიანი ფულადი დანამატი, ახლა კიდევ 100 ლარიანი დანამატი 50 წელს ზევით მოსახლეობისთვის ბუსტერ დოზაზე. მეტი რა უნდა ქნას ქვეყანამ? თუ თვითონ საზოგადოების თვითშეგნება და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა არ ამაღლდა, ისე რა გამოვა? ნიღაბი ნახევარ მოსახლეობას არ უკეთია, ვისაც უკეთია არასწორად და უხარისხოდ, არანაირი იზოლაციის და დისტანციის დაცვა. ორი წლის მანძილზე დანახულმა მძიმე შედეგებმაც კი ვერ შეაგნებინა ზოგს, რომ ახლა არაა ქეიფების, ქორწილების, ქელეხების და სხვა ხალხმრავალი ღონისძიებების დრო, რადგან ახლა მთავარია გადავრჩეთ, ნაკლები იყოს მძიმე და ლეტალური გამოსავალი. სიცხიანმა და სხვა სიმპტომებიანმა ადამიანმა არ უნდა იაროს გარეთ, დარჩეს სახლში და ამით სხვებსაც არ უნდა შეუქმნას საფრთხე. სამწუხაროდ, უფრო ნაკლებია ამ წესების შემსრულებელი და სრულად ვაქცინირებული ადამიანი, ამიტომაც ვიღებთ იმ შედეგს, ისეთს რაც გვაქვს.
_ „კოვიდ-19“-ის სხვადასხვა შტამი არსებობს, რამდენად ეფექტიანია დღეს არსებული ვაქცინები ამ შტამების მიმართ?
_ უკვე გამოცდილ, ე.წ. ძველ ვაქცინებსაც კი არ აქვს 100%-იანი დაცვა (95-98%). თავიდანვე ითქვა, რომ ეს ვაქცინები ინფიცირების შემთხვევაში დაგვიცავს გართულებებისგან და ლეტალური გამოსავლისგან. ეს განა ცოტაა?! როცა აცრილ ადამიანებს ემართებათ და მსუბუქად მიმდინარეობს დაავადება, ან საერთოდ უსიმპტოდ არიან, უკვირთ და მეკითხებიან - ტესტი ხომ არ შეცდა, ვერაფერს ვერ ვგრძნობ, ან ერთხელ მქონდა ტემპერატურა და მეტი არაფერი...
ეს არის ზუსტად ვაქცინის დამსახურება. თუ ჩვენ აცრასთან ერთად რეგულაციებსაც სწორად დავიცავთ, მაშინ შედეგიც უკეთესი გვექნება. ჩვენთან არსებული ვაქცინები ნამდვილად ეფექტურია, თუ დროულად ჩავიტარებთ აცრას.
_ რას ურჩევდით ლანჩხუთის მოსახლეობას?
_ მოსახლეობას ვეტყვი: მე მესმის, რომ დაიღალეთ ამდენი სტრესისგან, შიშისგან, რეგულაციებისგან და პანდემიით გამოწვეული ყველანაირი დისკომფორტისგან, მაგრამ პანდემიის დასასული ჩვენზეა დამოკიდებული გარკვეულწილად; სადავეები ჩვენს ხელშია და ის ძალზე მიშვებულია, რაც ზემოთ აღვნიშნე, ამიტომ გთხოვთ, აიცარით, თქვენი, თქვენი ოჯახის წევრების და საყვარელი ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად! გაიკეთეთ პირბადე და მოერიდეთ ხალხმრავლობას! ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი და გამძლეობა. სამედიცინო პერსონალი ამ გამძლეობის ზღვარზეა, ჩვენც ადამიანები და ცოცხალი არსებები ვართ; პანდემიამ რამდენი მედიცინის მუშაკის სიცოცხლე შეიწირა, ამიტომ გავუფრთხილდეთ ერთმანეთს!
ჯანდაცვის საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორი პანდემიის, მის მიერ მიღებულ შედეგების, სხვა დაავადებების და ცენტრის არანორმალური სამუშაო რეჟიმის შესახებ

მოამზადა ნინია ბარამიძემ
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 959