როცა დილის მზის სხივი ყველას ფანჯარაში შეანათებს, ჩემს სარკმელსაც გაუცინებს და ჩურჩულით მეტყვის: ცხოვრებას თვალი არ უნდა მოუხუჭო. იგივე სიტყვები ლამისაა დავიზეპირეთ ქართველებმა, რისთვისაც ჩვენივე მოძმის ხელით იქნა სასიკვდილოდ გამეტებული დიდი ერისკაცი, უკვე მოხუცებული: ,,თუ წუთისოფელს ერთი ბეწო ხანს თვალი მოუხუჭე, ისე გაგთელავს, როგორც დიდოელი ლეკი ნაბადსა…” – ილია ჭავჭავაძე. გამოდის, რომ კი დავიზეპირეთ, მაგრამ მის შინაარსს მაინც ვერ ჩავწვდით.
დღევანდელი, გუშინდელი და ხვალინდელი დილაც იგივე იქნება თუ საკუთარ თვალებს და ათსგზის მოსმენილის არ დავუჯერებთ, რაც ყოველდღე დედის ნანასავით ჩაგვესმის ყურებში.
ბედნიერი ვარ რომ ამ პატარა რაიონში მომიყვანა ბედისწერამ და მეოთხედი საუკუნე ცოტა არაა, ერთ ქუჩაზე ჩავივლი და ერთსა და იმავეს ვისმენ ადამიანებისაგან, რომელთაც მშვიდი დალაგებული ცხოვრება უნდათ, მერედა ვინ დაალაგებს ამას, თითოეული ჩვენგანი ხომ არა? თუ სხვა ვინმე?
ჰოდა, რატომ უნდა ვკითხოთ ჭკუა იმას, ვისაც ჯერ გონების თვალი არც გაუხელია, ვისაც მხოლოდ დააბარეს და უთხრეს: შენ ეს ასე და ასე უნდა თქვა და სიტყვაც კი არ შეცვალო, თორემ დღეს რომ ლუკმა პურს ჭამ, ხვალ ნამცეცსაც ვეღარ ეღირსებიო. იმ ასინეთას ამ დანაბარების ჩვენამდე მოსატანად ბევრიც გადაუხადეს და ბევრითაც დააშინეს, ამბავი რომელიც ამ უკანასკნელმა უნდა მოგვიყვეს წინასწარ ვიცით, არც ღირს მოსასმენად, ეს ხომ გაღატაკების ფორმულაა....
ადამიდან და ევადან მოყოლებული ასე იწყებოდა ყოველი დღე, როგორც ამ დილით დაიწყო, დარი იქნება თუ ავდარი, ნათელი მაინც მზის სხივმა უნდა მოგვფინოს, სწორ გზას თუ გულისყურით შევხედავთ, თვალს არ დავიბრმავებთ მართლები ვიქნებით, ყველანი ერთად შევძლებთ ბევრის გაკეთებას. სწორს რამდენი სინონიმი აქვს ქართულად? გურულებმა კიდე მისი საპირისპირო მიგნებული სიტყვა ვიცით - ბრუნდი.
სწორედ იმ ,,ბრუნდმა“ უწყის მონად როგორ გაქციოს, როგორ გათხოვნინოს მოწყალება და როგორ ჩამოგირიგოს კარტოფილი, სტაფილო, კომბოსტო და მისი მომყოლ-მიმყოლი ერთი კაი რუსული ცხელი ბორში რომ აათუხთუხო, თან გეუბნება შენთვის ვაკეთებ ამ სიკეთეს, შე უმადუროო. არადა ამ პროდუქტს გუშინ მთელი დღე ერთი კაცი ყიდდა ბაზარზე, ვერ გაყიდა იმიტომ, რომ ხალხის დიდი ნაწილი ღარიბია და რა ექნა ხომ არ გადაყრიდა? ვიღაცას თავადაც გაატანა უფასოდ, რაც დარჩა გააჩუქა, ამ გაჩუქებულს კიდევ სხვამ მიუმატა თავისი წილი ,,ვერ გაყიდული“ და ასე გიყიდეს შენ იმ ,,ბრუნდებმა’, ხარშე ახლა ცხელი რუსული ,,ბორში“!
გაზაფხული მოდის, ხვნა-თესვის დრო დადგა, დილაა, მივდიმარ ქუჩაში და მხვდება აწუწუნებული ხალხი, ვერ ვხნავთ, ვერ ვთესავთ, ტრაქტორები არაა ტექნიკა არაა, ხარი, ცხენი და გამწევი ძალა დიდი ხანია დაგვავიწყდა, 21-ე საუკუნეა, სასმელი წყალი არ გვაქვს... აკი, ყველაფერი კარგადააო? როგორ გეკადრებათ, ჩემთან ერთი კილო არაფერი მოუტანია და არც არავის კაპიკი გადაუხდია, მეუბნება უკვე ხანშიშესული პედაგოგი. მჯერა მისი და კიდევ მრავალი კარგი ადამიანის მჯერა, მაგრამ ისიც უნდა ვთქვა, ეს ქვეყანა აქამდე ჩვენ მივიყვანეთ მე და შენ, თორემ ის ,,ბრუნდ“ ვერაფერს დაგვაკლებდა.
,,როცა მოწყალებას იქმ, დაე, შენმა მარცხენამ არ იცოდეს, რას იქმს შენი მარჯვენა, რათა შენი მოწყალება იყოს დაფარული და შენი მამა, რომელიც ხედავს დაფარულს, მოგიზღავს შენ", - ბრძანებს უფალი. გამოდის, რომ თუკი ადამიანი ხმამაღლა საუბრობს მის მიერ ქმნილ კეთილ საქმეებზე, მისი მოწყალება უფლის საყდრამდე არ ამაღლდება... ქველმოქმედებაცაა და ქველმოქმედებაც, ახლა რომ ამ სიტყვას ვიგებ ტანში ზაფრა მედება, ნეტა ეს მართლა სიკეთეა თუ უკეთურება, რასაც თვალები ხედავს?
არასოდეს დამავიწყდება ის სიკეთე, რაც ადამიანებმა გამიკეთეს და ასეთი შემთხვევა ბევრი მქონია, ყოველთვის ვიფიქრებ, რომ ეს ვალი მე მათ დავუბრუნო, რამდენი მაქვს დასაბრუნებელი რომ იცოდეთ?! ეს ის ვალია, ვერაფრით რომ ვერ აწონი, მხოლოდ ერთი ფიქრი შეიძლება, იგივე სხვასაც გავუკეთო და ყოველთვის ვთქვა სიმართლე, რაც სათქმელად მიმაჩნია და არ დავაღალატო მხცოვანი პედაგოგი, გუშინ რომ შემომჩივლა: ხომ ხედავ ახლა მართლის მთქმელიც გამოილიაო.
კიდევ ერთი სიბრძნე მინდა გავიხსენო: ,,მართალს ვიტყვი, შევიქნები ტყუილისა მოამბე რად?ვერას უქებ საძაგელთა, უფერულთა პირ-საფერად. მე თუ გინდა, თავიც მომჭრან, ტანი გახდეს გასაბერად, ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად." დავით გურამიშვილი
ასე იყო ათადან და ბაბადან, ასეა დღესაც, რაღაცას ვამბობთ რაღაცას ვერ ვამბობთ, ბოლოს მაინც დილის მზის სხივმა იცის, რომ ჩვენ მართლები ვართ, ერთს გაგვიცინებს, თვალს ჩაგვიკრავს და გვეტყვის, ცხოვრებას თვალი მაინც არ უნდა მოუხუჭოოო. დღეს ეს არის რისი თქმაც მინდოდა.
დილის მზის სხივის მოტანილი თუ ასგზის გაგონილი სიბრძნე
![დილის მზის სხივის მოტანილი თუ ასგზის გაგონილი სიბრძნე დილის მზის სხივის მოტანილი თუ ასგზის გაგონილი სიბრძნე](/uploads/posts/2022-02/1645170547_maia.jpg)
მაია კუკულაძე
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 1 022