ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

რა უთხრა ,,ჰო და არას“ გოჩა ჯანაშიამ და რა დააბარა ,,ჰო და არამ“ მას საკრებულოს სხდომაზე გასაჟღერებლად? ვინ არიან ,,მამალი ქოცები“ და ყოფილი ,,მამალი ნაცები“?

რა უთხრა ,,ჰო და არას“ გოჩა ჯანაშიამ და რა დააბარა ,,ჰო და არამ“ მას საკრებულოს სხდომაზე გასაჟღერებლად? ვინ არიან ,,მამალი ქოცები“ და ყოფილი ,,მამალი ნაცები“?
14-02-2022, 11:46

პრობლემები, რომელიც მოსახლეობას აწუხებს ჩვენი მუდმივი სასაუბრო თემაა. ბუნებრივია, ხალხი პრობლემების მოსაგვარებლად ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართავს. თუმცა თითოეული მოქალაქის აქტიურობის გარეშე ნაკლებად უნდა ველოდეთ, რომ ამ კუთხით ნაბიჯები მაინც გადაიდგმება. უპირველესია საზოგადოება, რომელმაც თვალი არ უნდა მოუხუჭოს იმას, რასაც დიდი ხანია თითქოსდა შევეჩვიეთ, შეჩვეულმა ჭირმა კი არასასურველი რეალობა მოგვიტანა, ამიტომ ჩვენი გაზეთის ფურცლებზე შეძლებისდაგვარად იხილავთ საკრებულოს თითოეული წევრის ნააზარევს, როგორც ოპოზიციიდან ისე უმრავლესობიდან. მათ იმ კითხვებს დაუსვამთ, რაც  მოსახლეობას აინტერესებს და რაზედაც  ხშირად გვეხმიანებიან, გზის, სასმელი წყლის,  შიდა გზების, ქალაქის ქუჩების  და მთელი რიგი პრობლემების შესახებ.
ამჯერად ,,ჰო და არას“ სტუმარია საკრებულოს დეპუტატი  პარტია ,,ლელოდან“  და ფრაქცია ,,საქართვე­ლოსათვის“ წარმომადგენელი,   ასევე 2010-14 წლების საკრებულოს წევრი, გოჩა ჯანაშია.
_ ბატონო გოჩა, ლანჩხუთის საკრებულოში მხოლოდ თქვენ  ხართ პარტია ,,ლელოდან.“ ეს დისკომფორტს ხომ არ გიქმნით?
_  როგორც ამბობენ, ,,მარტო კაცი ჭამაშიაც ბრალიაო“, თუმცა მთლად ასედაც არაა, საკრებულო კოლექტიური ორგანოა, სადაც ერთ კაცსაც შეუძლია რაღაცა თქვას, შეიძლება ვერ მიაღწიოს ბოლომდე მიზანს, მაგრამ ამ ნათქვამმა გავლენა იქონიოს საკრებულოს მუშაობაზე. მე ახლა მთლად ერთი კაციც არ ვარ,   ფრაქციული მუშაობით შეიძლება რაღაც გაკეთდეს.  რადგან არ­სებობდა  შესაძლებლობა კანონის შესა­ბამისად შექმნილიყო ეს ფრაქცია, იგი  და­­მტებითი მექანიზმია საკრებულოს მუშ­აობისთვის.
_  რადგან ფრაქციით დავიწყეთ, სიტყვამ მოიტანა და აქვე გკითხავ, ფრაქციები საკმაოდ ყბადაღებული თემა აღმოჩნდა, განსაკუთრებით მოადგილეების საკითხია ღიმილის მომგვრელი. ხშირად ხუმრობენ  ხელისმოსაკიდებელი ადგილი აღარ იყო, თორემ ერთ მოადგილეს კიდევ და­ნი­შნავდნენო.
_ ეს თემა ისეთი რაღაცაა, რომლიც საკრებულოს მუშაობას ჩირქს  ცხებს. იმ გაგებით, რომ მაგალითად: ავიღოთ ორგანიზაცია, რომელშიც მუშაობს 20 კაცი, შეუძლებელია იმ ორგანიაზაციაში იყოს  6 მოადგილე. ეს რატომ გაკეთდა არაა ძნელი მისახვედრი, მაგრამ მეორე მომენტია  ის, რომ კარგია საკუთარი პარტიის წევრების ფინანსური უზრუნველყოფა, თუმცა  თვითონ ფორმაა ძალიან ცუდი, უფრო უკეთესი იქნებოდა კომისიის თავმჯდომარის მოადგილის შტატი ყო­ფილიყო, მაშინ კიდევ რაღაც გა­მართლება ექნებოდა ამას. მიმიტევეთ და თავად ფრაქციაც არ არის იმდენად და­ტვი­რთული საქმიანობით და ამ მოადგილეების ფუნქციები არ ვიცი როგორ უნდა გადანაწილდეს?
,,ქართულმა ოცნებამ“ თავის ამომ­რ­ჩეველთან უნდა გაარკვიოს რა გამოხმაურება აქვს ამ ფაქტს.
_ რაც შეეხება საკრებულოში თანამდებობის პირთა ხელფასების მატებას, ამასაც  უარყოფითი გამოხმაურება მო­ჰყვა საზოგადოებაში, სოციალურ ქსე­ლში ბევრმა დაგვიწერა, რომ ამ პირობებში, რაც დღეს არის, საკმაოდ უხ­ერხულია  ვიღაცას ეზ­­რ­დებოდეს ხელფასი და ვიღაცას საარსებო მინიმუმიც კი არ ჰქონდეს?
_ როგორ შეი­ძ­ლება თქვა, რატომ ეზ­რდებათ ადამიანებს ხელფასი? 2010 წელს ერთი თანა­მშრო­მე­ლი ავ­იყ­ვანეთ კუ­ლ­ტუ­რის სფე­როში, მუშაობს  დღესაც და რამდენიმე დღის წინ შემხვდა. მაშინ მას ჰქონდა 220 ლარი ხელფასი ერთ-ერთ ა(ა)იპში მუშაობდა. თქვა, რომ ისევ  იგივე ხელფასი აქვს. წარმოიდგინეთ, თუ საკრებულოში თანამდებობის პირს არ ჰყოფნის ის თანხა, რაც აქვს და ემატება მას, იმ 220 ლარიანი ხელფასის მქონე ადამიანს როგორ უნდა ჩახედოს თვა­ლებში. პოპულიზმია ახლა ხელფასის მატებაზე დაიწყო საუბარი, თუ ემატება ხელფასი ძალიან კარგი, მაგრამ  უნდა მოინახოს  თანხები იმისათვის, რომ მინიმუმ 30 პროცენტით გაეზარდოს ხელფასი ა(ა)იპის თანამშრომლებს, როცა ა(ა)იპიებში არის 250 ან  200 ლარი, ზოგან 180 ლარია ხელფასი. ჩემთვის იოალია ოპოზიციას წარმოვადგენ და ყო­ველთვის ვიტყვი ამას, თუმცა თავად  მმა­რთველმა გუნდმა როგორ უნდა აწარმოოს მუშაობა ასეთი ხელფასების ფონზე, ისინი ხომ რეალურად მისი ამო­მა­რ­ჩევლები არიან.
_ როგორ ხედავ ოპოზიციის აქ­ტი­ურობას, კიდევ იქედან გამოვდივარ, რომ ერთ-ერთმა მომხმარებელმა ჩვენს  ფეისბუქის გვერდზე დაწერა, ოპოზიაც და პოზიციაც არაფერს აკეთებსო და მხო­ლოდ შენ გამოეხმაურე ამ პოსტს.
_ ოპოზიციონერი საკრებულოს წევრი ყოველთვის იქნება აქტიური, საქმე ისაა, რამდენად ნაყოფიერი იქნება მისი აქტიურობა; რა შედეგის მომტანი იქნება, იმიტომ რომ, რაც უნდა ვთქვათ, 7 ადამიანი 20 ადამიანს ვერ გადაწონის, მაგრამ ოპოზიციის აქტიურობამ  რაღაც შედეგი უნდა გამოიღოს. ნორმალური ხელისუფლება უნდა ხედავდეს ოპოზიციის მიერ დანახულ პრობლემებს და  უნდა აგვარებდეს შეძლებისდაგვარად. 
_ დიდი ხანია ვრცელდება ხმები ა(ა)აიპიებში რეორგანიზაციის შესახებ, ამაზე რაიმე ინფორმაცია გაქვს?
_ მერიამ დაანონსა, რომ ცვლილებებს აპირებს, მაგრამ როგორ და რა ეფ­ექტურობით განახორციელებს ამას, ეს მეორე საკითხია. სამწუხარო ფაქტია, რომ არ არსებობს ა(ა)იპი, რომელიც გად­ატვირთული არაა თანამშრომლებით.
_ როგორ ფიქრობთ,  აზრი, რომ ამ ორგანიზაციებში და თვით მერიის სამსახურში მომუშა­ვეთა 80 პროცენტი ზედმეტია, არის თუ არა ახლოს ჭეშმარიტებას­თან. პანდემიის პირობებში რამდენიმე ადამიანი მუშა­ობდა და ზუსტად იგივე საქმე კე­თებოდა?
_ გეთანხმებით, კად­რებით გადატვირ­თუ­ლია არა მარტო ა(ა)ი­პი­ები არამედ საკრებულო  და მერია. ხელისუფლების მი­დგომაა ასეთი. იმ ფონზე, რომ ახალი სამუშაო ადგილების შე­ქმნა ჭირს, ფიქრობენ ამით და­აკმაყოფილონ თავისი ამბიციური ამომრჩეველი, რაღაცნაირად დაა­საქმოს იგი, მაგრამ შევხედოთ ახლა რას აკეთებს? მთლიანად ანგრევს ქვეყნის ბიუჯეტს.
რეორგანიზაციაც სა­­კ­მაოდ რთული იქნება. ყველა დასაქმებულ ადამიანს თავისი ,,პროტეჟე“ ჰყავს და ყველა იბრძოლებს იმისათვის, რომ შეინარჩუნოს ეს თუნდაც მიზერული ხელფასი, მიზერულიც არ არის ზოგჯერ,  ბოლო წლებში დანიშნულებს საკმაოდ სო­ლიდური ხელფასები აქვთ, იმასთან შედარებით  ვინც უფრო ადრე მუშაობდა. ყველა არჩევნებზე ზრდიდნენ კადრებს ვერ იქნება იოლი ეს რეორგანიზაცია.
_ წინა საკრებულოს სხდომაზე დაისვა საკითხი აკეთის გზის შესახებ თუ როდის დაიწყება მისი მშენებლობა, ითქვა რომ ჯერ ტენდერი არაა გამოცხადებული თუ როდის გამოცხადდება არ ვიცითო, თუმცა სამუშაოები დაიწყება გაზაფხულზე, ეს ინფორმაცია მიიღო მოსახლეობამ რამდენად სარწმუნოა იგი?
_ ფაქტია, რომ წლებია ამ გზაზეა საუბარი, დღემდე კი არ გაკეთებულა. შე­ხვედრაზე ვიყავი აკეთის მოსახ­ლე­ობ­ასთან,  სოფელ ჭანჭათში, წინასაა­რჩევ­ნოდ და ხალხი გაგიჟებული იყო, შთა­ბე­ჭ­დი­ლება მრჩებოდა, რომ ამ  სოფელს მმა­რთველი გუნდი წააგებდა, მაგრამ  ასეთი შედეგი მივიღეთ ყველასგან გასაკვირად, თუმცა მაინც მოტყუებული დარჩა ეს ხალხი.
_ ასევე საუბარია წყლის პროექტზე ოთხ სოფელში, მათ შორისაა აკეთიც, სამუშაოები უნდა დაიწყოს მალე, თუმცა წყალმომარაგების კომპანიას თავის ოფიციალურ გვერდზე  ჯერ არც უხსენებია ლანჩხუთი?
_ რადგან გაერთიანებული წყალმომარაგება აკეთებს, სასმელ წყალზეა აქ საუბარი და არა ტექნიკურ წყალზე.  ჩათვალეთ, რომ წყლის სათავე ნაგებობა უნდა იყოს მოწყობილი ისე, რომ მოსახლეობას მიეწოდოს სასმელი წყალი, მაგრამ სად არის მერე? მომავალ სხდომაზე უნდა მოვიკითხო ეს საკითხი.
_ რა არის ის პრობლემები, რასაც ოპოზიცია დააყენებს ამ მოწვევის  სა­­კრებულოში?
_ პრობლემა, რა თქმა უნდა, ბევრია, თუნდაც ის, რომ მალე გაზაფხული დადგება და სოფლებს აქვს დიდი პრობლემა სასოფლო-სამეურნეო ტექ­ნიკის კუთხით,  ჩემი სოფლის მაგალ­ითზე ვიცი და ზოგადად ასეა, ტექნიკა არის მოძველებული, რომელიც ვერ ამუშავებს ნიადაგს ისე როგორც საჭიროა, თუ ვერ დაამუშავებ, მო­სავალს ვერ მიიღებ. ადრე მახსოვს იყო იმაზე საუბარი თუ რა რაოდენობის მიწის ფართობი მოიხნა, რა მდგომარეობაშია ხვნა-თესვის საქმე. ბოლო დროს ამაზე საუბარიც არაა. 48 ერთეული ტრაქტორი ისე გაიყიდა არავინ არ შეგვეკითხა. კარგი კი იყო შ.პ.ს ,,მექანიზატორი,’’ მაგრამ ის არსებობდა ოზურგეთის ტერიტორიაზე, რამდენიმე ადამიანი უნდა შეკრებილიყო, ვინც სურვილს გამო­თქვამდა და მხოლოდ მაშინ ჩამო­დიოდნენ. როცა ადგილზე არის ტე­ქნიკა, გლეხი ყველანაირად ერგება მას, ეს ძალიან დიდი პრობლემაა, იმიტომ რომ, ჩვენ ვართ ამ მიწებზე და ყანებზე დამოკიდებული. ასევე სასმელი წყალი როგორ შეიძლება არ იყოს, ლანჩხუთის რაიონის სოფლებში სასმელი წყლის პრობლემა თითქმის ყველგანაა.
_ მე როგორც ვიცი, სოფლებში, სადაც არის წყალი, ეს არის ე.წ.  ტექნიკური წყალი, რამდენად არის საკმარისი ეს?
_ ტექნიკური წყალი... მაგრამ ესეც არაა საკმარისი, ზოგი ლოცულობს იმაზე, ეს ტექნიკური წყალი ჰქონდეს. იხარჯება თანხა, რამდენიმე სოფელში გაკეთდა წყლის სისტემა, მრიცხვე­ლებიც კი დააყენეს, მოსახლეობას მაინც არა აქვს წყალი.  ფული და­ხარჯულია, წყალი კი არ არის.
ასევეა შიდა გზების პრობლემა, სა­კანალიზაციო სისტემა მწყობრიდანაა გამოსული და მთელი რიგი პრობლემებია, რომელზედაც ოპოზიციამ უნდა იმუშაოს.
_ გვინდა გითხრათ იმ პრობლემებზე, რაზეც სისტემატიურად გვეხმაურება მოსახლეობა და არაერთხელ დავწერეთ, თუმცა გამოხმაურება არ ყოფილა. იმედი გვაქვს, თქვენ დააყენებთ ამ საკითხებს საკრებულოს სხდომაზე. ესაა ის ქუჩაბი, სადაც არაა ასფალტი, საკანალიზაციო სისტემა და მოსახლეობა მუდმივად სა­უბრობს ამაზე, თუმცა საშველი დღემდე არ ჩანს. ამჯერად ჩვენ ვიციც რა მდგომარეობაა ურუშაძის ქუჩა, მშვიდობის ქუჩა, თუმცა ეს ყველაფერი ამ ორი ქუჩით არ შემო­იფარგლება, ასეა თბილისის ქუჩაც და სხვა ქუჩებიც.
_ ჩვენი პარტიის ხელმძღვანე­ლო­ბა თავად მამაუკა ხაზარაძე აპირებს ჩამოსვლას, ჩვენ ამ პრობლემებს გა­ვაცნობთ და იმ ქუჩებზე, სადაც ასეთი პრობლემებია,  აუცილებლად მივიყავან მათ, ასევე უახლოეს სხდომაზე გავაჟღერებ იმ ქუჩების შესახებ, რომელზეც თქვენ საუბრობთ.
_ ასევე გთხოვთ, რომ აკეთის ამ­ბა­ვიც გააჟღეროთ, როგორც წყლის, ასევე გზის შესახებ. მხოლოდ  და­პირებზე საუბარი არა მგონია საქმეს წაადგეს. მდგომარეობა რთუ­ლია, ბო­ლოს და ბოლოს კვლავ ამ საკითხებს ვუბრუნდებით _ ის პრობ­ლემები, რა­ზეც ვსაურობთ ვიქ­ონიოთ უნდა თუ არა იმედი რომ როდესმე მოგვარდება?
- რა გითხრათ ,,ქართული ოც­ნების“ დაპირებებზე ლეგენდები და­დის, ერთ-ერთი დაპირება, რომელიც ყველაზე მეტად იყო დასამახსოვრებელი, გახლდათ ემიგრანტების ღი­რსეული დაბრუნება, ღირსეულ და­ბრუნებას კი არა ღირსეულ გა­ცი­ლებას ვუწყობთ მათ, ცოტა ხანში დავრჩებით როგორც ,,მე, ბებია ილიკო და ილარიონშია“ მხოლოდ მოხუცები და ბავშვები.
_ საზოგადოება ხედავს რაც ხდება, შესაბამისად სკეპტიციზმმა მოიმატა ხალხიც დაიღალა და მოეშვა, როგორ შეაფასებდით ამ განწყობებს?
_ მინდოდა მეთქვა ის, რომ ღირსებიც შეგრძნება დავკარგეთ, მე­ხვეწებოდნენ, როცა ხელისუფლება  იცვლებოდა გადმოდი ჩვენს გუნდშიო, მაგრამ ვერ გავაკეთე ეს, რადგან მე ჩემი პრინციპი მაქვს, ეს თუ არ გაგ­აჩნია ადამიანს, ისე რთულია ცხოვრება. კარგად ვიცით ჩვენ, ,,მამალი ნაცები“ რომ იყვნენ, ახლა ,,მამალი ქოცები“ არიან, ამას ვერ გავაკეთებდი და ჯობდა ის წლები გაჭირვებაში ვყო­ფილიყავი, ვიდრე ,,მამალი ქოცი“ გა­ვმხდარიყავი, მიუხედავად იმისა ,,მა­მალი ნაციონალიც“ არასოდეს ვყო­ფი­ლვარ. იყო კატეგორია ადამიანებისა, რომლებიც მაშინ აქტი­ურობდნენ რა­ღაც საკითხებში, რაც მიუღებელი იყო, მაგრამ არის პრინციპი, რომ ეს არ გააკეთო, შინაგანი ძალა არ მო­გცემს საშუალებას.
_ საგარეო პოლიტიკა გურიაში ყველაზე აქტუალური თემაა, რადგან პრინციპებზე ვსაუბრობთ, ამ კუ­თხითაც ბევრი რამეა ისეთი, რაც იმ პრინციპებს ეწინააღმდეგება.  ეს პრი­ნ­ციპი ჩვენი დამოუკიდებლობაა, რაც ცალსახად დავადასტურეთ. ბე­ვრი რამ იცვლება და თითქოს გვა­ჩვევენ რა­ღაცას, გაჟეჟილს ყო­ველთვის გატეხილი ჯობიაო იტყვიან, თუმცა რა­ღაცას ვერ გვეუბნებიან ასეა?
_ თავად სახელმწიფოს არა აქვს პრინციპი, საით მივდივართ რა გვინდა არ ვიცით. აძლევ მხარდაჭრას უკრაინას და რუსეთს არ ახსენებ, რისთვის აძლევ ამ მხარდაჭერას? ესე იგი, ვიღაცა ჩაგრავს ხომ? ვინ ჩაგრავს? იმას არ ამბობ და  მალავ, ეს ხომ სამარცხვინოა.
ჩვენი პარტიის დამოკიდებულება ან­­აკლიის პროექტთან დაკავშირებით იცით. ფაქტიურად რა დონის პროექტი გაჩერდა, დასაქმებისთვის სამეგ­რელოს და გურიის ზღვისპირ­ეთის­თვის რამოდენა შეღავათი იქნებოდა. ვერ გავიგეთ თუ დამნაშავეა ერთი მხარე, ხომ შეიძლება სხვა მოინახოს თუ სახელმწიფოს უნდა მისი აშენება შეცვლის  და სხვა ინვესტორს მოიყვანს, თუ არ აკეთებს  ე.ი რაღაცაში არის საქმე.
_ ბოლოს დავასრულებთ ამით, ეს რუსეთის არ გაღიზიანების პოლიტიკა უკვე აქტიურ ფაზაში შესული, უკვე ამის დაფარვაც შეუძლებელია, ფიქრობ, რომ სჯერა კიდევ ვინმეს აქეთკენ არ მივდივართ?
_ ყველაზე ცუდს რას აკეთებს ხელისუფლება არის ის, რომ ქვეყნის იმიჯის დაკარგვას არ ერიდება, ესაა უბედურება.

ესაუბრა მაია კუკულაძე

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 1 056
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა