19 აგვისტოს საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლანჩხუთში ,,ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი ალექსანდრე სარიშვილი და ლანჩხუთის ადმინისტრაციული ერთეულების მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. მან აღნიშნა რომ ალექსანდრე სარიშვილი ოთხი წელია, როგორც მუნიციპალიტეტის მერი ემსახურება ლანჩხუთს და ლანჩხუთელებს, აქედან გამომდინარე სჯერა, რომ იგი წარმატებით გააგრძელებს ამ მსახურებას.
,,გავიდა ოთხი წელი და მე კიდევ ერთხელ მიწევს თქვენს წინაშე დგომა, დიდი მადლობა პარტია ,,ქართულ ოცნება დემოკრატიულ საქართველოს", რომელმაც კიდევ ერთხელ მომცა შანსი ვემსახურო ჩემს ხალხს, გავიზიარო მისი ტკივილი და გასაჭირი. ,,ქართული ოცნება" წარმოადგენს ერთადერთ პასუხისმგებლიან ძალას და მე მასთან ერთად ვიქნები ჩვენი მოსახლეობის გვერდით" _ თქვა სარიშვილმა. წარდგენა ლანჩხუთის ცენტრალურ პარკში კოვიდრეგულაციების დაცვით გაიმართა.
წარდგენას ესწრებოდნენ: პარლამენტის თავმჯდომარე _კახა კუჭავა, სოფლის მ ეურნეობის მინისტრი _ ლევან დავითაშვილი, პარლამენტის ყოფილი და მოქმედი წევრები: ნინო წილოსანი, ვასილ ჩიგოგიძე, ხატია წილოსანი, ქეთი დუმბაძე, თემურ ჩხაიძე და სხვები.
შესავალ სიტყვაში ღარიბაშვილმა მშვიდობაზე და სტაბილურობაზე გააკეთა აქცენტი, მან ფერიცვალება მიულოცა ლანჩხუთელებს.
,,სიტყვა გურია, გულიდან მოდის და ყველაზე გულიან ხალხს გაუმარჯოს, თქვენი გამჭრიახობით და ჩვენი გუნდის ძალისხმევით გახდა შესაძლებელი ის, რომ ქვეყანაში დასადგურდა გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა, რომელიც განმსაზღვრელია ყველაფრის. ვინ, თუ არა გურულებმა იციან ყველაზე კარგად მშვიდობის ფასი, შემთხვევითი არაა, რომ პირველ სიტყვას გურული ამბობს მშვიდობისთვის. მშვიდობას მოფრთხილება და დაფასება სჭირდება. ერთადერთი პასუხისმგებლიანი ძალა, რომელმაც დაამტკიცა, რომ ბოლო წლებში შეუძლია ქვეყნის მართვა მშვიდობით და სტაბილურობით, არის ,,ქართული ოცნება", ჩვენ არა ერთი პროექტი განვახორციელეთ, ყველა რეგიონში შევიტანეთ პროგრესი, განვითარება, წინსვლა"_ თქვა პრემიერმა.
ლანჩხუთელებს ასევე მიესალმა საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე, კახა კუჭავა.მან გურულ ტრადიციებსა და გურულ სითბოზე გაამახვილა ყურადღება.
,,მე ჩემი ისტორია მაქვს, რომელიც გურიას უკავშირდება. ჩემი გამზრდელი ბებია ლანჩხუთიდან არის. ბევრი ტრადიციაა, რომელიც ოჯახში გვაქვს დამკვიდრებული, მათ შორის განსაკუთრებით გამოვყოფდი ახალ წელს და შობას, სანამ ღვეზელს მიირთმევ, წელზე სამჯერ უნდა შემოიტარო იგი, შემდეგ მშვიდობა და წინსვლა უსურვო შენს ოჯახს და ქვეყანას. ვცდილობ ჩემს შვილებსაც გადავცე ეს ტრადიცია, დიდი სითბოა და გურული ღვეზელიც განსაკუთრებულად გემრიელია ამის შემდეგ.თქვენ მართლაც განსაკუთრებულები ხართ ტყუილად არ უთქვამთ და უწერიათ თქვენზე _,,ლანჩხუთლებმა გადარიეს მთელი გურია“... ეს მარტო ფეხბურთზე არაა ნათქვამი. მე მიხარია, რომ ათწლეულების შემდეგ ის სახელოვანი კლუბი, რომელმაც სახელი გაუთქვა და წარმატებები მოუტანა ჩვენს ქვეყანას, აგრძელებს კვლავ ფუნქციონირებას, აკადემიის სახით და ძალიან ბევრი ქართველი ჩემპიონი იქნება გაზრდილი რეგიონში ამ კლუბის მეშვეობით. წარმატებები კიდევ ბევრია სხვა მიმართულებითაც, დარწმუნებული ვარ, რომ ის გეგმები, რომელიც ცენტრალურ ხელისუფლებას გააჩნია, როგორც გრძელვადიან, ისე მოკლევადიან პერსპექტივაში, აუცილებლად საჭიროებს ძლიერ აქტიურ თვიმმართველობის გუნდს.
დარწმუნებული ვარ, თქვენ განსაკუთრებით კარგად გესმით პოლიტიკა, გააკეთებთ ბრძნულ არჩევანს მხარს დაუჭერთ იმ განვითარებას. რომელიც ჩვენ წლების განმავლობაში გვქონდა ამ ქვეყანაში და გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რაც ბოლო პერიოდში ამ მუნიციპალიტეტში გაკეთდა, ადრე ასეთი მასაშტაბით არ განხორციელებულა არც ერთი პროექტი. ვისურვები, რომ კიდევ უფრო გაათმაგდეს ეს ტემპი" _ თქვა კუჭავამ.ფერი იცვალოს ჩვენმა ქვეყანამ ისე, რომ იყოს ხვავი და ბარაქა თითოეულის ოჯახში, ფერისცვალება ასე მიულოცა ლანჩხუთელებს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და სოფლის მეურნეობის იმ პროექტებზე ისაუბრა, რაც გურიაში ბოლო წლებში ხორციელდება. მან თქვა, რომ მოსახლეობის დაახლოებით ნახევარია საქართველოში სოფლის მეურნეობაში დაკავებული, ამ კუთხით მნიშვნელოვანია გურია.
ჩვენი პოლიტიკა გულისხმობს იმას, რომ თქვენს ინიციატივებს მხარი დავუჭიროთ, მეტი რესურსი გავაჩინოთ იმისათვის, რომ ნიჭიერმა ხალხმა საქართველოს მასშტაბით და ასევე გურიაში შესძლონ თავიანთი შესაძლებლობების რეალიზება, შესაძლებელია შეიქმნას ისეთი პროექტები, რაც კონკრეტულად თქვენს რეგიონზე იქნება მორგებული"_ განახცადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.წარდგენაზე სიტყვით გამოვიდნენ გურული პარლამენტარები: ხატია წილოსანი და ნინო წილოსანი.
რაც შეეხება მაჟორიტარებს, ესენი არიან: ქალაქი - კარლო კვიტაიშვილი; ლესა-ჯურუყვეთი _ ელისო ჭიჭინაძე; ნიგვზიანი-ნინოშვილი _ ბესიკ ტაბიძე; ჩოჩხათი _ რევაზ კვერენჩხილაძე; ღრმაღელე _ კახა თედორაძე; სუფსა _ ია მოქია; ჩიბათი-გვიმბალაური-მაჩხვარეთი _ გიორგი ჩახვაძე; აკეთი-მამათი -აცანა _ ემზარ თედორაძე; შუხუთი ნიგოითი _ზაზა წულაძე.
მაია კუკულაძე
ალექსანდრე სარიშვილი: ,,ქართული ოცნება" წარმოადგენს ერთადერთ პასუხისმგებლიან ძალას და მე მასთან ერთად ვიქნები ჩვენი მოსახლეობის გვერდით!
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 1 253



