ასეთი ლექსი მახსენდება - ,,აღმაშენებელი თბილისს მობრძანდება“, რომელიც მთავრდება ასე, ,,ვერ მოვუარეთ, ვერ გავუფრთხილდით, ვერ ვუპატრონეთ, დავით!"
და მართლაც რამდენ რამეს ვერ მოვუარეთ და ვერ ვუპატრონეთ. არც ისე დიდი ხნის წინ, (ასე იმიტომ ვამბობ, რომ ორი ან სამი ათეული წელი ისტორიისათვის არც ისე დიდია) ორი ომიდან დავბრუნდით, აფხაზეთის ომიდან და სამაჩაბლოს ომიდან. ვერ გავიმარჯვეთ, დამარცხებული დავბრუნდით. ჩვენ რამდენიც უნდა ვიძახოთ გავიმარჯვეთო, ამით არაფერი შეიცვლება. ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის დიდია ადამიანური მსხვერპლი, თქმაც რომ გაგიჭირდება ისეთი გაჭირვება გამოიარეს ადამიანებმა. გაუნადგურდათ ყველაფერი, რაც მთელს ცხოვრებაში შექმნეს და მთავარი _ დავკარგეთ ტერიტორიები, დავპატარავდით და დავცოტავდით. მას მერე ომი არ ყოფილა, მაგრამ მშვიდობიანობის დროსაც ვმარცხდებით მიტინგებზე, საპროტესტო აქციებზე, გამუდმებით ვმარცხდებით, რადგან მოწინააღმდეგე მხარეს ჩვენივე ქვეყნის მოქალაქეები დგანან, გამარჯვება ვერ იქნება, ასეთ დროს ხალხი მარცხდება, საზოგადოება მარცხდება, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, ჩვენს გარშემო უამრავი კითხვაა, პასუხგაუცემელი. კითხვა, რომელზეც პასუხსაც ჩვენ ვერ ვიღებთ. ჩვენს გარშემო სიცრუე, სიცივე, გაჭირვება, შიმშილი და მხოლოდ ჭამაზე ფიქრია. რას ხედავს დღეს ახალგაზრდა, რომლის ცნობიერება და წარმოდგენა მხოლოდ ახლა ყალიბდება, ხედავს როგორ იქცევიან მშობლები სახლში; ხედავს ორ და სამ დიპლომიანი ადამიანები მშიერი არიან, უწიგნურები კი მაღალზე წამოსკუპებულან. ხედავს, რომ სიტყვა ,,პატრიოტიზმი“ სირცხვილი და დასაცინი გახდა. რას წერს ნოდარ დუმბაძე სამშობლოს შესახებ: ,,იქნებ ვაზია სამშობლო. თუ დაბლარია, დაჩოქილმა უნდა დაჰკრიფო, თუ მაღალია ცაში ხელაპყრობილმა. ორივე საოცრად ჰგავს ლოცვას, ლოცვა კი არაფერს ისე არ უხდება, როგორც სამშობლოს~... რაც მე მახსოვს და ვიცი, სამშობლო უფრო მეტად გაჭირვება და ტკივილია, ვიდრე დალხინება და დღესასწაული. დღეს კი სამშობლო, მხოლოდ ფურცელზე დაწერილ სიტყვად დარჩა, ასოების გროვად ადამიანთათვის კი უბრალო თავშესაფრად იქცა.
გვასწავლიდნენ - ,,ეძიებდე და ჰპოვებდე“, მაგრამ ჩვენს საზოგადოებას რა მოუვიდა, გამუდმებით ვეძებთ, მაგრამ ვერსად ვერ ვიპოვეთ სიყვარული, ვერსად ვერ ვიპოვეთ თავისუფლება, ვერ ვიპოვეთ ზეცაში ღმერთი, ვერ ვიპოვეთ სიმშვიდე დედამიწაზე.
მუდმივად მცდარ ნაბიჯებს ვდგამთ, მუდმივად წინააღმდეგობაში ვვარდებით, ეს ქვეყანა მარტო იმათი არაა, ვინც აქამდე იყვნენ ხელისუფლებაში, არც იმათი, ვინც დღეს არიან, ან ხვალ მოვლენ, ეს ქვეყანა იმათიცაა, ვინც ჩვენს შემდეგ მოვლენ და ისინი პასუხს მოგვთხოვენ უამრავ კითხვაზე, ისე როგორც ჩვენ ვთხოვთ პასუხს ჩვენს თაობას, როცა რამე არ მოგვწონს.
ალბათ ბევრ რამეზე მოგვიწევს მათთვის პასუხის გაცემა, მაგრამ ყველა მათგანის ჩამოთვლას შორს მივყავართ, მხოლოდ ამ წუთისთვის ძალიან ცხელ თემას, რიონის ხეობაში ჰესის აშენებას შევეხებით. ზოგიერთები მშვიდად ამბობენ: ,,რა მოხდა ზურგზე ხომ ვერ მოიკიდებენ და ვერსად წაიღებენ ქართულ მიწასო. ახლა არ ვსაუბრობთ იმაზე რაოდენ სწორადაა გათვლილი ყველაფერი, რაც ნაგებობის მშენებლობას სჭირდება, ყველა რისკები, რაც მოსალოდნელია მშენებლობის დასრულების შემდეგ და კიდევ უამრავი საკითხი, რომელთა ჩამონათვალში რიგითი ადამიანები კომპეტენტური არ ვართ. მხოლოდ ერთი საკითხი, თუ ასი წლით ანუ ერთი საუკუნით რიონის ხეობის აღნიშნული ადგილი გადაეცემა უცხო სახელმწიფოს, ხომ წარმოგიდგენიათ ეს რა დიდი დროა, თუ აქ ჩამოვლენ ვიღაც უცხო ტომელები თავიანთი ოჯახებით, ახლობლებით, რა მოუვა მაშინ იმერეთის და მისი შემოგარენის სულიერ მხარეს, არაა საუბარი ამ წუთს იმაზე, ქუთაისს რამდენ მეტრიანი ტალღა გადაუვლის რაიმე საფრთხე რომ დაემუქროს კაშხალს. ეს ხომ ფიზიკურ განადგურებაზე უარესია. ქუთაისი ხომ ჯერ-ჯერობით ინარჩუნებს საოცრად თვითმყოფადი და ქართული ქალაქის სტატუსს, მერე რა იქნება?!
როცა საუბარია იმაზე, რომ ქვეყნის ეკონომიკას სჭირდება აქ ჰესის მშენებლობა, მაშინ უნდა გამოინახოს შუალედები, რომელიც არც ერთ მხარეს არ დააზიანებს და რომელზეც საზოგადოება თანახმა იქნება.
არ მინდა წმინდა პოლიტიკურ საკითხებამდე მივიდე, რადგან ამაზე საუბარი იმათი იყოს, ვინც პოლიტიკოსობაზე დებს თავს, მე ამ საკითხს ისე ვუყურებ, როგორც ერთი ჩვეულებრივი მოქალაქე, იმერეთის და იმერელი ხალხის წიაღში კარგად ჩახედული და მათი ავ-კარგის მცოდნე ადამიან, არ ვისურვებდი, რომ კიდევ ერთხელ და ამ შემთხვევაშიც მორცხვად თავდახრილებმა ვიმეოროთ - ვერ მოვუარეთ, ვერ გავუფრთხილდით, ვერ ვუპატრონეთ...
ვერ მოვუარეთ, ვერ გავუფრთხილდით, ვერ ვუპატრონეთ...
მარინა ჩხაიძე
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 996