ჩვენო ძვირფასო მკითხველო, წინა ნომერში შეგპირდით, რომ ჩვენ გავაგრძელებდით საუბარს ადამიანის უფლებებზე ჩვენს ქვეყანაში. ამ დანაპირებს მომდევნო ნომერში შეგისრულებთ, რადგან დღეს ერთი უმძიმესი ფაქტის შესახებ უნდა გესაუბროთ, რომლიც ჩემთვის ცნობილი გახდა ორი დღის წინ.
ამ ფაქტითაც, რა თქმა უნდა, ირღვევა ადამიანის მიმართ კონსტიტუციით დადგენილი უფლება. კერძოდ, პირველ რიგში, ადამიანის პატივისა და ღირსების ხელშეუხებლობა, რადგან რა უნდა იყოს ადამიანისთვის იმაზე მეტად პატივის ამყრელი და ღირსების შემლახავი, ვიდრე მშობლიური ადამიანების საფლავების ხელყოფა.
ჩემი აღშფოთება ზღვარს მიღმაა, რადგან ეს მოხდა დღეს, ამ გარემოში, ჩვენს თვალწინ... და ჩვენ, მაშინ, როცა ვსაუბრობთ მაღალ მატერიებზე, იმაზე, როგორ ვიცხოვროთ უკეთესად, როგორ გავიტანოთ ერთმანეთი, როგორ გადავარჩინოთ ერთმანეთის სული ერთურთის გვერდში დგომით, როგორ გადავურჩეთ ბიოლოგიურ ომს, რომელიც ეშმაკმა გამოუცხადა სამყაროს, რომლის ნაწილიც ჩვენც ვართ, ამ დროს, სწორედ ამ დროს, არამზადები სასაფლაოებს ძარცვავენ, ჩვენი წინაპრების ძვალთშესალაგს, ჩვენთვის უწმინდეს ადგილს ზედ აფურთხებენ.
სირცხვილი _ გასული საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლები მეორდება, წლები როცა ქვეყანაში სრული განუკითხაობა სუფევდა იმ მიზეზის გამო, რომ ფორმაციაშეცვლილი ქვეყანა პირველ წლებს ითვლიდა. სრული ქაოსი იყო ყველა მიმართულებით, ქვეყანას შიოდა... რა თქმა უნდა, გამართლება ვერავითარ შემთხვევაში ვერაფერი ჰქონდა მაშინაც ასეთ ფაქტებს და უმეტეს შემთხვევაში ეს უმორალო დამნაშავეები ისჯებოდნენ. სხვისი ქონების მიმტაცებელი, ქურდი, ყველა შემთხვევაში უმორალოაო, მეტყვით თქვენ და მეც დაგეთანხმებით, მაგრამ ერთს დავამატებ _ სასაფლაოს შეურაცხმყოფელი, მიცვალებულის გამქურდავი, ათგზის ამორალური ადამიანია.
...ყოჩაღ, ბიჭებო, აფერუმ თქვენს ვაჟკაცობას, ვერ წამოგიხტათ ხომ მიცვალებულები, ვერ გამოგენთოთ, ვერ დაგაყრევინათ ხელიდან ნაძარცვი? აფერუმ, თქვენს ვაჟკაცობას, თქვენს ოჯახში ასეთი გზით შეტანილი ლუკმა პურის ნუთუ არ გეშინიათ, არ გეშინიათ, რომ ყელში გაგეჩხიროთ და დაგახრჩოთ?!
სად არის სახელმწიფო, რომლის შესახებ ჩვენ ბოლო ხანებში არაერთხელ დაგვიწერია?! სად არის მთავრობა?! საითკენ დავეშვით, 30 წლის წინანდელი საქართველოსკენ?! სად არის სახელმწიფო სტრუქტურები?! რაზე გაქვთ პრეტენზია? აღმშენებლობაზე? ესეც თქვენი აღმშენებლობა!
შენ კი მოგმართავ, შენ, არაკაცო, სჯობდა ხელი გაგეშვირა, ქუჩაში მათხოვრად დამდგარიყავი და საშვილიშვილო ცოდვა არ აგეკიდებინა!
რა საცოდავი ხარ, შესაცოდებლად საცოდავი! ჩემი ქვეყანაც მეცოდება, რომელსაც ასეთი საცოდავი შვილები ჰყავს... ჩემი თავიც მეცოდება, რადგან სხვა საფლავებთან ერთად ჩემი დედ-მამის საფლავებიც გაძარცვულია, იმ ხალხის, რომელთაც ნამდვილად აქვთ ღვაწლი იმ სოფელზე, სადაც უცხოვრიათ.
ჩემი თავი მეცოდება, რადგან სხვებთან ერთად გაძარცვულია ღვაწლმოსილი პედაგოგის, სევერიანე ჭყონიას საფლავი, რომელმაც 50 წელზე მეტი გაატარა ჯურუყვეთის საშუალო სკოლაში და დიდი ამაგი აქვს სოფლის წინაშე. ჯურუყვეთის თემის სოფელ ბაღლეფის სასაფლაოზე მოხდა ეს ვანდალური ფაქტი...
როცა ამ ჩანაწერს ვწერ, ცრემლები ღვარად მდის, ტკივილამდე განვიცდი ამ საზიზღარ მოვლენას, მინდა კიდევ ერთხელ შევიცხადო 52 წლის ასაკში გარდაცვლილი ჩემი უძვირფასესი დედა; თავი დავხარო ჩემი უკეთილშობილესი მამის წინაშე; ბოდიში მოვუხადო სოფლის დიდ ინტელიგენტს, ჩემს გამზრდელ პედაგოგს, სევერიანე ჭყონიას... დიახ, ასე მინდა... და ჩემებურად ამას შევძლებ... მაგრამ უთუოდ შევძლებ იმასაც, რომ თვალებში ჩავხედო ლაჩარს, ვინც ეს ჩაიდინა და ვუთხრა _ შენზე საცოდავი ამ ქვეყნად არავინაა, როგორ მეცოდები!..
შესაბამისი ორგანო კი, დიდი იმედი მაქვს, დროულად მოიკვლევს ამ საქმეს. მოგმართავთ თქვენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ლანჩხუთის განყოფილებას, _ ეს ის საქმეა, რომლის წაყრუება უთუოდ დიდი დანაშაული იქნება. მთავრობას კი ვეუბნები _ დაფიქრდი სადამდე მისულა ქვეყანა, დაფიქრდი, სანამ ჯერ კიდევ გვიანი არ არის!
რა უნდა იყოს ადამიანისთვის იმაზე მეტად პატივის ამყრელი და ღირსების შემლახავი, ვიდრე მშობლიური ადამიანების საფლავების ხელყოფა
ნონა გიგინეიშვილი
განყოფილება: რედაქტორის ჩანნაწერი
გადასვლები: 1 274