კერძოდ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის წერილის საფუძველზე, სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის, შიდა აუდიტის, ინსპექტირების სამსახურისა და ჩიბათის ადმინისტრაციულ ერთეულში სამუშაო ოთახების სარემოტო სამუშაოებზე მიიმართება 20000 ლარი. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო ბაზის სარემონტო სამუშაოებზე - 20000 ლარი.სარემონტო სამუშაოები დაფინანსდება, დამტკიცებულ ასიგნების ფარგლებში საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის და მოვლა-შენახვის, სხვა საქონელი და მომსახურების მუხლის 40000 ლარით შემცირების ხარჯზე.ადმინისტრაციული წარმოება გრძელდება 2018 წლის ბიუჯეტში განსახორციელებელ ცვლილებაზე და ასევე მიღებული რეკომენდაციის საფუძველზე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობის დამტკიცების შესახებ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 დეკემბრის N38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის მიზნით.სხდომაზე ხმაური მოჰყვა მერის მოადგილეების რაოდენობის საკითხს. ოპოზიციონერმა დეპუტატმა, კახა ასკურავამ მერს შეახსენა, რომ მას ჰქონდა ნათქვამი, ერთ მოადგილეზე მეტი არ ეყოლებოდა, მაგრამ ვერ გაიხსენა როდის და რა საკითხის განხილვას მოჰყვა ეს საუბარი. თავის მხრივ ალექსანდრე სარიშვილმა კატეგორიულად უარყო, თითქოს მას ასეთი რამ ეთქვას: ,,ბატონო კახა, ალბათ თქვენ გეშლებათ, მაქვს ნათქვამი, რომ კანონით მონიჭებულ უფლებას, მყავდეს სამი მოადგილე, არ ვიყენებ და მეყოლება მხოლოდ ორი მოადგილე-მეთქი. ასე რომ, ნუ შეიყვანთ საზოგადოებას შეცდომაში. სინამდვილეში საქმე რაშია: 2017 წლის 25 დეკემბერს, გაიმართა საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, სადაც დეპუტატებმა სხვა საკითხებთან ერთად განიხილეს ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის გაყოფის საკითხი. მაშინ კახა ასკურავამ ჰკითხა მერს, თუ რატომ ხდებოდა ამ სამსახურის გაყოფა, როდესაც ზოგადი ტენდეცია ოპტიმიზაციისკენ მიდის. ხოლო, დეპუტატი ამირან გიგინეიშვილი დაინტერესდა, რა ზიანს მოუტანდა ადგილობრივ ბიუჯეტს ახალი სამსახურის უფროსის შტატის დამატება. ალექსანდრე სარიშვილმა ამ საკითხთთან დაკავშირებით ასეთი განმარტება გააკეთა: ,,რაც შეეხება ფინანსურ მხარეს, მოგეხსენებათ, რომ მე შეიძლება მყავდეს სამი მოადგილე და მყავს ერთი, ასე რომ ფინანსური კუთხით ბიუჯეტს ზიანი არ მიადგება და სიტუაცია იქნება დაბალანსებული. მე მგონი, სამი მოადგილე რომ მყოლოდა, მაშინ უფრო დიდ ხარჯს ნახავდა ბიუჯეტი“. ალექსანდრე სარიშვილს არ უთქვამს, რომ მას არ ეყოლებოდა მეორე მოადგილე, თუმცა არც ის უთქვამს, რომ ეყოლებოდა. უფრო მეტიც, სარიშვილის და მერიის იურიდიული სამსახურის უფროსის, შოთა ჩაგუნავას ლოგიკას აშკარად იქეთ მივყავდით, რომ არც ერთ შემთხვევაში მერს მეორე მოადგილე არ უნდა ჰყოლოდა და ამით ბიუჯეტს დაზოგავდნენ. ხოლო, რასაც სარიშვილი აცხადებს, რომ თითქოს მან განაცხადა, სამი მოადგილის ნაცვლად ეყოლებოდა ორი მოადგილე, მსგავსს ინფორმაციას ვერ მივაკვლიეთ. ყოველ შემთხვევაში, ოფიციალურად ეს არსად არ თქმულა, თუმცა მუნიციპალიტეტის მერი ბოლო დროს კულუარებში უფრო აქტიურობს და არაფერია გასაკვირი. მეორე საკითხი, რასაც დებატები მოჰყვა იყო გრიგოლეთის ბაზის რემონტისთვის გამოყოფილი თანხა, ასკურავამ მოუწოდა მერს, ჯერ გამოიკვლიონ თუ რატომ ფუჭდება ახლადგარემონტებული ბაზა, დაისაჯოს დამნაშავეები და ამის შემდეგ განიხილონ ბაზის შესაკეთებლად გამოსაყოფი თანხის შესახებ. მისივე თქმით, ბაზა კატასტროფულ მდგომარეობაშია და ამაზე პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს კონკრეტულ პიროვნებებს. ამირან გიგინეიშვილი დაინტერესდა, თუ ვის საკუთრებაშია ბაზა, მუნიციპალიტეტის თუ კლუბის. მან ასეთი კითხვით მიმართა როლანდ ლაშხიას: ,,ბატონო როლანდ, მაინტერესებს ბაზა მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია, თუ საფეხბურთო კლუბი ,,გურია“-ს? თუ მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია, მაშინ მითხარით რამდენი ადამიანი არის მუნიციპალიტეტის მიერ დასაქმებული ბაზაზე?“... როლანდ ლაშხიას თქმით, ბაზა მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია, მაგრამ იქ მხოლოდ დარაჯი მუშაობს. რასაც გიგინეიშვილის მორიგი შეკითხვა მოჰყვა: ,, ე.ი თუ მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია და იქ მხოლოდ დარაჯი მუშაობს, გამოდის, რომ დაკონსერვებულია ბაზა. თუ მუნიციპალიტეტის მიერ მოხდა მართვის უფლების გადაცემა კლუბზე, მაშინ ტენდერიც მათ უნდა გამოაცხადონ და ფულიც კლუბის უნდა დაიხარჯოს. ასეთ შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის მხრიდან თანხის არამიზნობრივ ხარჯვასთან გვექნება საქმე , ვინაიდან, გარკვევით ითქვა, რომ კლუბს ბიუჯეტიდან თანხა არ გამოეყოფოდა. ძალიან მაგარი არეულობა გაქვთ და იქნებ როგორმე გაგვარკვიოთ?“ როლანდ ლაშხიამ დეპუტატს უპასუხა, რომ საორგანიზაციო მხარე ნამდვილად მოსაწესრიგებელია და ისინი ამაზე მუშაობენ. სხდომაზე ასევე გაისმა კითხვა, თუ რატომ გამოყოფდა მაინდამაინც ახლა ბიუჯეტი თანხას და არა მაგალითად რამდენიმე თვით ადრე. საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის, ალექსანდრე მახათაძის თქმით, ბიუჯეტი ცოცხალი ორგანიზმია, როცა საჭიროება მოითხოვს, მაშინ უნდა გამოიყოს თანხები. კახა ასკურავა დაინტერესდა, თუ რა ნიშნით შეირჩა ,,გურიას“ახალი ხელმძღვანელობა:,, ჩემი ოჯახური პირობებიდან გამომდინარე, ცოტა ხნით მოწყვეტილი ვიყავი მუნიციპალიტეტის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს და კითხვებს ახლა დაგისვამთ. როგორც ვიცი, მერაბ ჟორდანიას მოეთხოვა, რომ მილიონიანი ინვესტიცია განეხორციელებინა კლუბში და ასევე აეღო იმ ვალებზე პასუხისმგებლობა, რაც კლუბს წლებია მოსდევს. როდესაც საფეხბურთო სამყაროსთვის ასეთ ცნობილ კაცს, რომელსაც უამრავი რამ აქვს გაკეთებული ფეხბურთისთვის ასეთ მკაცრ პირობებს უყენებთ, მაინტერესებს რა პირობები წაუყენეთ ჩემთვის და ბევრისთვის სრულიად უცნობ დავით ყენიას?“ ალექსანდრე სარიშვილმა ასკურავას უპასუხა, რომ ყენია არის ,,გურიას“ აღმასრულებელი დირექტორი და მსგავსი ვალდებულებების აღების საჭიროება მისი მხრიდან არ დგას დღის წესრიგში. კახა ასკურავა: ,,თუ პასუხისმგებლობას არ იღებს ვალებზე, არ მოაქვს ინვესტიცია, მაშინ გამოდის, რომ უბრალოდ ვასაქმებთ ადამიანს. მაშინ, ლანჩხუთელი მაინც დაგვესაქმებინა, თუ ამ პირობებით მოგვყავდა ხელმძღვანელობა. ვგონებ, ყენიაზე არანაკლებ გამოცდილი და წარმატებული ხალხი გვყავს აქ, ჩვენს რაიონში“. სარიშვილის თქმით, ყენია სულ ახლახანს დაინიშნა და მისთვის ტალახის სროლა არ არის ლამაზი. ის ამბობს, რომ ,,პასუხისმგებლობა ჩვენ ყველამ, ერთად უნდა ავიღოთ ,,გურიაზე“ “, რაზეც მერს ბოდიში უნდა მოვუხადოთ, მას და ახლანდელი უმრავლესობის დიდ ნაწილს მართლაც აქვთ პასუხისმგებლობა ასაღები, როგორც წინა წლებზე, ასევე მიმდინარე პროცესებზე. ,,ჰო და არა“ მუშაობს ფაქტების ბოლომდე დაზუსტებისთვის, რის შემდეგაც ჩვენი მკითხველი გაიგებს, ვინ უკვეთავს ლანჩხუთში მუსიკას, ვინ ვის დაკრულზე ცეკვავს, ვინ არის დამოუკიდებელი თავის გადაწყვეტილებებში და როგორ აბითურებენ ლანჩხუთლებს თითქოსდა ,,პროცესების გამჭვირვალეობით“.! თორნიკე ჯიჯიეშვილი
განყოფილება: პოლიტიკა
გადასვლები: 0