ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

არის თუ არა საკრებულოს თავმჯდომარე დიქტატორი?!

არის თუ არა საკრებულოს თავმჯდომარე დიქტატორი?!
1-12-2017, 07:24

დაბრონა თუ არა ილა კეჭაღმაძემ ბესიკ ტაბიძის კანდიდატურა?!
არის თუ არა საკრებულოს თავმჯდომარე დიქტატორი?!
ბესიკ ტაბიძე: ,,ადამიანი, რომელიც არის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე და იღებს ჯამაგირის სახით 1400 ლარს, ვალდებულია სამსახურში გამოცხადდეს, ამასთან კეთილი ინებოს და ბოლომდე დაიხარჯოს თავისი მოსახლეობის საკეთილდღეოდ“
,,ჰო და არა“ გთავაზობთ ინტერვიუს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან, ბატონ ბესიკ ტაბიძესთან.
მკითხველს შევახსენებთ, რომ ტაბიძე პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკია, იყო ლანჩხუთის პოლიციის სამმართველოს უფროსი, წინა მოწვევის საკრებულოში კი, გარდა იმისა, რომ ნიგვზიანის დეპუტატის მანდატს ატარებდა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტსაც ფლობდა. ბესო ტაბიძის დედა, ქალბატონი ლეილა ტაბიძე, საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატი გახლდათ. მამა, ვახტანგ ტაბიძე, ფიზიკა-მათემატიკას ასწავლიდა სკოლაში, ამავდროულად წერდა ლექსებს, რაიონული გაზეთები ხშირად უთმობდა ფართს მის პოეზიას. საკრებულოს თავმჯდომარის და პროფესორია და ლექციებს კითხულობს უნივერსიტეტში. ვიცე-პოლკოვნიკზე ნაკლებ წარმატებული არც მისი შვილი მარიამია, ის ერთ-ერთი სოლიდური ფირმის დირექტორია ბათუმში, ბატონი ბესოს ვაჟი ფეხბურთელია, ის ბათუმის ,,დინამოს“ რიგებში ირიცხება, ხოლო მეუღლე ფილოლოგია. როგორც ხედავთ, ტაბიძის როგორც მშობლები, ასევე ცოლ-შვილიც და დედმამიშვილიც წარმატებული იყვნენ და არიან. ბესიკ ტაბიძე ,,ჰო და არასთან“ გულახდილად საუბრობს საზოგადოებისათვის საინტერესო თემებზე.
-ბატონო ბესო, პირველ რიგში გილოცავთ თანამდებობას და წარმატებებს გისურვებთ! საინტერესოა, რას ფიქრობს ბესო ტაბიძე, საკრებულოს თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებულ გაუგებრობაზე. რატომ გაგიდგათ 9 კაცი უმრავლესობიდან?
-დიდი მადლობა მოლოცვისთვის. სიმართლე გითხრათ, მე გაკვირვებული დავრჩი და ცოტა ნაწყენიც ამ ფაქტით, 18 ხმა მივიღე, როცა გაცილებით მეტს ველოდი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პარტიის წინააღმდეგ წავიდა ეს ხალხი, მაგრამ არა უშავს, მე დავივიწყე ის დღე და მზად ვარ, ჩემი გაკეთებული საქმეებით დავუმტკიცო ყველას, რომ ღირსი ვარ ამ თანამდებობის.
-ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ ტაბიძის კანდიდატურა ილა კეჭაყმაძემ დაბრონა. ასევე, ამბობენ იმასაც, რომ თქვენი საკრებულოს თავმჯდომარეობა, მინი დიქტატურას ნიშნავს. ეს ასეა?
_არ უარვყოფ, რომ ილა კეჭაყმაძესთან მაქვს ნორმალური, კარგი ურთიერთობა, მაგრამ ის, რომ თურმე ჩემი კანდიდატურა ილამ გაიყვანა და ა.შ. ეს არის დემაგოგია, ამ სისულეებს ავრცელებს ის ხალხი, ვისაც ჩემი შურს. გააკეთონ ბატონო საქმე და ექნებათ რეიტინგი. რას ეძახიან დიქტატურას, ვერ გავიგე ნამდვილად? ვის რა ვუბრძანე, ან ვეუხეშე, არაკორექტულად მივმართე? რაც შეეხება დისციპლინას, ეს მართლაც საჭიროა, ვინაიდან ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობა არ გვაძლევს მოდუნების საშუალებას. როდესაც ხალხს შია და შენ დასეირნობ, ასე არაფერი გამოვა. ადამიანი, რომელიც არის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე და იღებს ჯამაგირის სახით 1400 ლარს, ვალდებულია სამსახურში გამოცხადდეს, ამასთან კეთილი ინებოს და ბოლომდე დაიხარჯოს თავისი მოსახლეობის საკეთილდღეოდ. თუ საქმისადმი დიდ პასუხისმგებლობას და ამ პასუხისმგებლობის სხვებისთვის შეხსენებას, დიქტატურა ჰქვია, მაშინ აღარ ვიცი...


-,,დავით აღმაშენებელს“ მართლა უწოდებთ საკუთარ თავს?
-ღმერთმა დამიფაროს ისე გავკადნიერდე, რომ ბუმბერაზ და წმინდან მეფეს თავი შევადარო. უბრალოდ, მოხდა ასეთი ფაქტი: როგორც მოგეხსენებათ, ყოველ პარასკევს, მუსლიმი თემი სალოცავად იკრიბება ნიგვზიანში. ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა იკითხა თურმე, დავით აღმაშენებელი არ მოდისო? როცა შეეკითხენ, ვის გულისხმობდა, ამ კაცმა უპასუხა- ჩვენი დავით აღმაშენებელი ბესო ტაბიძეაო. ერთს კი ვიტყვი, აღმშენებლობა ნამდვილად არ მაკლია ნიგვზიანის თემში, ხოლო ახლა უკვე მთელს მუნიციპალიტეტს უნდა მივაქციო ყურადღება. აქვე, ვისარგებლებ მომენტით და დიდი სიყვარულით მოვეფერები ჩვენს მოსახლეობას, აბსოლუტურად ყველას, განურჩევლად რელიგიური მრწამსისა და პოლიტიკური პოზიციისა. ჩვენ ხალხის მიერ ვართ დაქირავებულნი და ეს უნდა შევიგნოთ, ყველაზე უბრალოები უნდა ვიყოთ და დამიჯერეთ, ხალხი არასოდეს დაგვივიწყებს ამას. მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ ის ჭორი, რომელიც წინასაარჩევნოდ ამიგორეს, თითქოს მე ფატი სურმანიძეს შეურაცხყოფა მივაყენე და დავემუქრე, არის ტყუილი. იმდენი ჭკუა კი მაქვს, რომ მივხვდე ადამიანებს როგორ მოვექცე. ჩემი მეუღლეც აჭარელია და კარგად იციან აჭარლებმა, მე როგორ მიყვარს ისინი. ფატისაც და ნებისმიერ საწინააღმდეგო აზრის მქონე ადამიანსაც ისე დავეხმარები და გავუგებ, როგორც თანამოაზრეს. საკუთრ სიცოცხლეს ჩამოვდივარ ფსონად, თუ მე ვისამე დისკრედიტაციაში მამხელთ. ყველა ერთნაირად მიყვარს.
-მერთან, ალექსანდრე სარიშვილთან, როგორი ურთიერთობა გაქვთ?
-შესანიშნავი. ძალიან ზრდილი, ჭკვიანი, წინდახედული კაცია ალექსანდრე, რაც მთავარია მართალი კაცია. ჩვენ ერთად დავდივართ მოსახლეობასთან შესახვედრად, ვეცნობით მათ პრობლემებს და ვცდილობთ ხალხს მაქსიმალურად დავეხმაროთ, ძალინ მიხარია, რომ ის ხიდჩატეხილობა, რაც წინა მოწვევის საკრებულოსა და გამგეობას შორის იყო, წარსულს ჩაბარდა. ჩვენ უკვე ვიყავით ნიგოითში, შუხუთში, გავეცანით მოსახლეობის პრეტენზიებს, შეძლებისდაგვარად მოვუგვარეთ პრობლემები და ახლაც მუშაობის პროცესში ვართ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ბესო ტაბიძეს და ალექსანდრე სარიშვილს იხილავთ ყველგან, სადაც მოსახლეობის ინტერესები მოითხოვს. დიდი ნდობა გამოგვიცხადა ხალხმა და სრულად უნდა გავამართლოთ. გაცემული გვაქვს ბევრი დაპირება, რომელსაც შესრულება სჭირდება. ყველანი უნდა ვიქცეთ ერთ სისხლხორცად და შეუძლებელი შევძლოთ ლანჩხუთისთვის. აღარაა ერთმანეთის დაცინვის და ქილიკის დრო, ძალიან მინდა ლანჩხუთის ისტორიაში შევიდეთ, როგორც ამ რაიონის ჭეშმარიტი პატრიოტები.
-ბატონო ბესო, ლადო ნანაძეზე რას გვეტყვით, როგორ ფიქრობთ ღირსეული კადრია?
-ეს არის კაცი, რომელიც ძალიან მოწესრიგებულია, აკურატული, მცოდნე, განათლებული და ზრდილობიანი. ერთი სიტყვით, ძალიან კმაყოფილი ვარ ლადოსთნ ურთიერთობით და დარწმუნებული ვარ, ერთად ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ. დიდი იმედი მაქვს უმრავლესობისაც, არ უნდა მოგვადუნოს იმ ფაქტმა, რომ 32 კაციდან 27 ,,ქართული ოცნებისაა“, ოპოზიცია 5 დეპუტატითაა წარმოდგენილი, მაგრამ მერწმუნეთ, ისინი თავისი განათლებით, ცოდნით, კომპეტეციით 20 დეპუტატს უდრიან.თორნიკე ჯიჯიეშვილი

განყოფილება: პოლიტიკა
გადასვლები: 839
FACEBOOK კომენტარები