–იყო ძალიან რთული მომენტები მუნიციპალიტეტის გამგებელთან ურთიერთობის დროს, მისი მხრიდან არ იყო კოლეგიალური დამოკიდებულება. ელემენტალური ამბავია, როდესაც რაიონში საკრებულოს თავმჯდომარე ითვლება პირველ პირად, მასთან უნდა შეათანხმო მნიშვნელოვან თანმდებობებზე კადრების დანიშვნის საკითხი, ასეთი რამ არ ყოფილა. თუმცა, ჩვენ არ დაგვიბლოკავს არც ერთი მისი ინიციატივა, წინადადება და ზურგს უკან არ გვიმოქმედია, მაგრამ საპირისპირო ხდებოდა მათი მხრიდან, კარდაკარ სიარულის დროს ამბობდნენ, რომ არა საკრებულო და მისი თავმჯდომარე, გაცილებით მეტ საქმეს გავაკეთებდითო. ხოლო ვინმეს რომ გასჩენოდა კითხვა, რაში გამოიხატება მათი მხრიდან ხელშეშლაო, დაიბნეოდნენ და ვერაფერს უპასუხებდნენ. საბედნიეროდ, ამ გაუგებრობის პარალელურად კეთდებოდა ბევრი კარგი საქმე, ინფრასტრუქტურული პროექტები, ხორციელდებოდა სოფლის მხარდამჭერი პროგრამები და ა.შ ჩემი საქმიანობა ყოველთვის იყო გამჭვირვალე, ერთხელ ვთხოვე ჟურნალისტებს, მოსულიყვნენ ჩემს სამუშაო ოთახში და ენახათ რას ვაკეთებდი, რამდენ ხანს ვმუშაობდი, რამდენი სტუმარი მეყოლებოდა. ჩემი სამუშაო დღე იწყებოდა დილის 9 საათზე და მთავრდებოდა საღამოს 6 საათზე. იმდენი ადამიანი მოვიდა სხვადასხვა პრობლემებით, რომ ჟურნალისტებმა რამდენიმე საათის მეტი ვერ გაუძლეს და წავიდნენ. არ მქონდა მიღების დღეები, ყოველდღე შეეძლოთ მოსვლა ლანჩხუთელებს და ისინი აუცილებლად უნდა მიმეღო. –ბრძანეთ, რომ გამარჯვების შემთხვევაში, თქვენ კი არ მოხვალთ ხელისუფლებაში, არამედ ხალხი. რას გულისხმობთ, უფრო რომ დაკონკრეტდეთ? –ყველაფერი იქნება ღია და გამჭირვალე, მეტიც_ ვაპირებთ ჩვენთან ერთად პასუხისმგებლობა გავუნაწილოთ მოსახლეობას, ყველა სოფელში შედგება კანონით გათვალისწინებული დასახლების საერთო კრებები, სადაც სურვილი იქნება რა თქმა უნდა. ეს იმიტომ, რომ სოფლის დაუკითხავად ვერავინ გაყიდოს რაიმე სახის ქონება, ვერავინ მოახვიოს თავს ისეთი პროექტები, რომლებიც მათ არ სჭირდებათ. პირიქით, მოსახლეობამ უნდა იმსჯელოს, მიიღოს გადაწყვეტილებები და ჩვენ მათ განხორციელებაში დავეხმაროთ. ამას ჰქვია პასუხისმგებლობის გადანაწილება, ხალხთან ერთად მოქმედება. ხმამაღლა ვაცხადებთ, ჩვენი მოსვლის შემთხვევაში დასრულდება ყველანაირი საუბრები ,,ატკატებზე“, ანუ ფულის გათეთრებაზე. ხელს ვერ ვადებთ ვერავის, თუმცა არსებობს ხმები, რომლის მიხედვითაც დღეს აქტიურად მძვინვარებს კორუფცია. –თქვენ ადგილობრივი თვითმმართველობის ექსპერტი ბრძანდებით, იქნებ უფრო კარგად გაგვაცნოთ მისი ფუნქცია და უფლება–მოსილებები? –ბევრს ჰგონია, რომ თვითმმართველობა წარმოადგენს სახელმწიფო სტრუქტურას, ან მის წარმონაქმნს. სინამდვილეში, ეს ხალხის უფლებაა, თვითონ განახორციელოს ადგილობრივი საქმეები და საზოგადოებასთან შეთნხმებულად უნდა იმოქმედონ არჩეულმა პირებმა. თუ მერი არ ითვალისწინებს ხალხის აზრს, არ უსმენს მათ, იღებს დამოუკიდებელ და სუბიექტურ გადწყვეტილებებს, მაშინ ის მერი კი არა, რაიკომის მდივანია, რომელიც პასუხს აგებს არა ხალხის, არამედ გამომგზავნი ცეკას წინაშე. თვითმმართველობის ფუნქციაა მაღალ დონეზე მიაწოდოს მოსახლეობას სერვისები: გაზი, წყალი, ელექტროენერგია, გზების კეთილმოწყობა, ბაღები... თუმცა არსებობს კოდექსში მუხლი, რომელიც სოციალური პროგრამების ხელშეწყობას ითვალისწინებს. არავინ მოატყუოს ხალხი, რომ თუ ამირან გიგინეიშვილი მოვა მერად, ცენტრალური ხელისუფლება დაბლოკავს მის გადაწყვეტილებებს. არსებობს საბიუჯეტო კოდექსი, სადაც წერია რამდენი გაქვს თანხა და როგორ უნდა გახარჯო ის. ამასთან ერთად ,,ევროპული საქართველო“ ამბობს, ადგილობრივი ბიუჯეტის რეფორმირება შეიძლება ისე, რომ პენსიონერებს დაემატოს 20–20 ლარი. ხარჯვით ბიუჯეტს გადავიყვანთ პროგრამულზე ანუ ბიუჯეტი იქნება ორიენტირებული არა ხარჯვაზე, არამედ შედეგებზე. –ძალიან რთული იქნება დაუპირისპირდეთ სახელისუფლებო რესურს, ხოლო შემდეგ დაიცვათ ხმები. როგორ აპირებთ ამას? –სწორედ კარდაკარ სიარულით, მოსახლეობისთვის იმის გაგებინებით, რომ ჩვენ არ მოვდივართ ფულის გასაკეთებლად და გასათეთრებლად. წარვუდგენთ იმ პროგრამებს და პროექტებს, რომლებიც მათთვის იქნება ძალიან მისაღები. რაც შეეხება ხმების დაცვას, არავის მივცემთ საშუალებას მოიპაროს ხალხის არჩევანი. ჩვენი პარტიის და კომისიის წევრები მაქსიმალურად დაიხარჯებიან იმისათვის, რომ სამართლიანი შედეგი იხილოს საზოგადოებამ.
განყოფილება: პოლიტიკა
გადასვლები: 0