საკრებულომ დაამტკიცა ბიუჯეტში ცვლილება. საკითხი გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, როლანდ ლაშხიამ წარმოადგინა. ,,საქართველოს მთავრობის 22 ივნისის განკარგულებით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს გამოეყო 150123 ლარი საპროექტო დოკუმენტაციისა და სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურეობის შესყიდვაზე, ცვლილებები შესაბამისად უნდა აისახოს ბიუჯეტში. ა(ა)იპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი საგანმანათლებლო სააღმზრდელო ცენტრის სუბსიდირების მუხლი შემცირდეს 11507 ლარით და გაიზარდოს არაფინანსური აქტივების მუხლი 11507 ლარით, ა(ა)იპ საფეხბურთო სკოლის სუბსიდირების მუხლი შემცირდეს 3400 ლარით და გაიზარდოს არაფინანსური აქტივების მუხლი 3400 ლარით“, _ აღნიშნა როლანდ ლაშხიამ. საკრებულოს წევრების ნაწილს ზედამხედველობის სამსახურთან დაკავშირებით შენიშვნები ჰქონდა. ზოგმა არსებული დაიწუნა, ზოგმაც კიდევ განაცხადა, რომ ძალიან კარგად მუშაობენ და რატომ უნდა ხდებოდეს მათი ცვლილებაო. ნაწილმა ისიც შენიშნა, რომ ამით თვითმმართველობის კიდევ ერთხელ დაკნინება ხდება და ისედაც შემცირებულ უფლებებს კიდევ უფრო გვიმცირებენო. დეპუტატებმა ერთმანეთს ისიც წამოაძახეს, რომ წინა მთავრობის დროს გაკეთებული პროექტი ან სხვა სჯობდაო. ისიც აღნიშნეს, სად არის დაგებული ფილები აყრილი ან სანიაღვრე არხები ძალიან ცუდად გაკეთებული. მიუხედავად კამათისა, საკითხი მაინც დადებითად გადაწყდა. საკრებულოს წევრებმა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 2017 წელს განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები მოიწონეს. კერძოდ, ქალაქ ლანჩხუთისა და მაჩხვარეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში ქუჩების რეაბილიტაციის პროექტი (დუმბაძის, მუსხელიშვილის, ურუშაძის, სამების, სტალინის ქუჩები), რომლის ღირებულება 693 497 ლარს შეადგენს. ასევე დასაფინანსებელი პროექტების ნუსხას შეემატა ა(ა)იპ სპორტული ცენტრის და გვიმბალაურის საჭიდაო დარბაზის სარემონტო სამუშაოები. როდესაც ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მიდგა ჯერი საკმაოდ ემოციური იყო გიორგი ჩახვაძის გამოსვლა. „ახალი უმრავლესობის“ ლიდერმა კიდევ ერთხელ ისაუბრა ჩიბათში არსებულ მშენებარე სტადიონზე: „ხალხი არ ხართ გამაგებინეთ, რატომ არ მოხდა ჩიბათის სტადიონი ამ პროექტებში. არის ჭადრაკი, არის ჭიდაობა, სტადიონმა რა დააშავა. დავპირდით ახალგაზრდებს გაგიკეთებთო, მაგრამ ახლა რა ვუთხრათ?! სანამდე უნდა ვიძახო, რომ როდის გაკეთდება.“ ჩახვაძეს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ მიუგო, რომ ინფრასტრუქტურულ პროექტებში 50 ათას ლარზე ნაკლები ღირებულების პროექტი ვერ მოხვდებოდა, თუმცა დაპირება მისცა, რომ სტადიონის მშენებლობა ბოლომდე მივიდოდა. ჩახვაძემ დამსწრეებს მიუგო: „ხომ ხედავთ დამპირდნენ, რომ გაკეთდება. ყველას გესმით, ალბათ, ეს. იმედი მაქვს, რომ გაკეთდება.“ შუხუთის მაჟორიტარმა აკაკი იმნაიშვილმა გამგებელს მიუგო: „სოფელში არც კულტურის სახლი გვაქვს, არც ბიბლიოთეკა, არც სტადიონი. იქნებ რაიმე გაიმეტოთ ჩვენი სოფლისთვისო“. ბაღის მშენებლობაც ახსენა და აღნიშნა, რომ გარკვეული შენიშვნები აქვს ამასთან დაკავშირებით _ ეზოს მოპირკეთება, საინაღვრე არხის არ არსებობა, სასმელი წყლის პრობლემა და ღობე. ურუშაძის თქმით, _ ღობის პრობლემა მოიხსნება, დანარჩენზე კი ორშაბათს მოვალ ადგილზე და მშენებლებთან ერთად გავიაროთ რა პრობლემებიც არისო. შუხუთის მაჟორიტარმა გამგებელს ისიც უთხრა, სოფელში არც სტიქიისთვის არის ფული გათვალისწინებულიო. დარეჯან ბურჭულაძემ განაცხადა, დღეს არის მეორე შემთხვევა ჩემი საკრებულოში ყოფნის პერიოდში, როცა ზაზა ურუშაძეს მადლობას ვუხდი: „მე არ ვარ დაუნახავი ადამიანი და აუცილებლად უნდა ვთქვა. 3 წელია საკრებულოს წევრი ვარ, ამ ხნის მანძილზე არაერთხელ მისაუბრია დუმბაძის ქუჩის შესახებ თუ რა მდგომარეობაშიც იყო. ბევრმა ჩემმა კოლეგამ მოინახულა ის და დამეთანხმა, რომ იქ მძიმე სიტუაცია გახლდათ. მადლობა ჩემს კოლეგებს მხარდაჭერისთვის. თუმცა გამგებელს ეკუთვნოდა აქ მაინც გადამწყვეტი სიტყვა და ბატონმა ზაზამ დადებითად გადაწყვიტა ეს საკითხი. ამისთვის მადლობას ვუხდი მას.“ ინფრასტრუქტურის კომისიის თავკაცმა ჯუმბერ ბლაგიძემ იმ ქუჩების შესახებ ისაუბრა, რომელიც ქალაქის ტერიტორიაზე კეთდება ან გაკეთების პროცესშია. ახსენა ბესიკის ქუჩა, რომლის მოსახლეობა თვეებია აპროტესტებს ჩატარებულ სამუშაოებს. სხდომაზე განმარტეს, რომ ბესიკის ქუჩაზე რაც იყო დაგეგმილი გაკეთდა და არც დიდი ქვები დაუყრია ვინმეს, როგორც ამას ამბობენო. როგორ ადგენენ ჩინელები შავ სიას ლანჩხუთში `ჰო და არა~ წინა ნომრებში წერდა ლანჩხუთში მომუშავე ჩინური კომპანიის შესახებ, მისი წარმომადგენლების დამოკიდებულებაზე ქართველების მიმართ, თუმცა კონკრეტული ფაქტები არ მოგვიყვანია. თითქმის ყოველდღიურად გვიკავშირდებიან კომპანიაში მომუშავე უკმაყოფილო ლანჩხუთელები და არსებულ გაუსაძლის პირობებზე ჩივიან. ჩვენი ინფორმაციით, იქ დასაქმებულთა უმრავლესობა თავს მონებად გრძნობს. მუშების თქმით, ირღვევა შრომითი ხელშეკრულებები, გარდა ამისა, საფრთხე ექმნება მათ სიცოცხლეს. დავინტერესდით, კონკრეტულად რას გულისხმობდნენ, რა ან ვინ უქმნის მათ სიცოცხლეს საფრთხეს. ,,მეტი რაღა გინდათ, კაცს უთხრეს ე.წ ,,მეშალკა~ ამოწმინდეო, ისიც ჩავიდა და ერთ-ერთმა ჩინელმა, არ ვიცი განგებ თუ განზრახ, ჩაურთო მანქანა, რომ არა იქვე მდგომი ქართველის მყისიერი რეაქცია ყველაფერი ფატალურად დასრულდებოდა~ _ ამბობს თვითმხილველი. მეორემ გაიხსენა, თუ როგორ გამოუშალა სიმაღლეზე მომუშავე ქართველს ჩინელმა კიბე, რის შემდეგაც სიცილით ირთობდნენ თავს. ზოგიერთს კი დღიურ ანაზღაურებას მხოლოდ იმიტომ აკლებენ, რომ რამდენიმეტონიანი სიმძიმე ვერ გადაადგილა. პრობლემაა დამატებითი სამუშაო საათები, რომლის შესრულების შემდეგ მუშები ვერ (არ აძლევენ) იღებენ შესაბამის სარგოს. სხვათა შორის, ჩვენი წყაროს ინფორმაციით, სამუშაოების დაწყებამდე კომპანიის შეფებს უკითხავთ _ რამდენია ნორმალური ანაზღაურება, დამხვდურებს უპასუხიათ, 250 ლარიო, ხოლო ჩინელებმა `კეთილი ნება~ გამოიჩინეს და 200 ლარი დაამატეს, ისიც თუ ყოველდღიურ რეჟიმში იმუშავებდა მუშა. ასევე ამბობენ, კომპანიაში სოლიდურად ჩაცმული ქართველი მამაკაცი მისულა, ძვირადღირებული მანქანით და უკითხავს, ვინმე ხომ არ გაწუხებთო, თუ ვინმემ გაბედოს მე მითხარით და აქ ვარო. ანუ რა გამოდის, ჩინელების ასეთ დამოკიდებულებას ზურგს ქართველების მხარდაჭერა უმაგრებს, ისინი ვინც ამ მფარველობაში არცთუ პატარა თანხას იღებენ. `ნუთუ პატრონი არ გვყავს, სადაა პროფკავშირები, ან მთავრობა. გვიჭირს და ვითმენთ, მაგრამ ასე როდემდე უნდა გაგრძელდეს, იმის შიშით, რომ ეს მონური სამუშაოც არ გვექნება, ენა ვერ ამოგვიღია. იტყვით, წამოდი მერეო, მაგრამ რა ვუყოთ მშიერ ცოლ-შვილს, ეს 15 ლარიც შვებაა ჩვენთვის~ _ აცხადებენ ჩინურ კომპანიაში დასაქმებული ლანჩხუთელები. ,,ჰო და არამ~ ისიც გაარკვია, რომ კომპანიაში შექმნილია ე. წ `შავი სია~, რომელშიც შეყვანილი პირები ვეღარასდროს დაბრუნდებოდნენ სამუშაოზე. ჩვენ გადავწყვიტეთ ერთ-ერთ მათგანს დავხმარებოდით სიტუაციის გარკვევაში. მისი პრობლემა შემდეგში მდგომარეობდა, ის დასაქმებული იყო კომპანიაში, საიდანაც აღებული ანაზღაურებით ფარავდა ბანკის ვალს. თუმცა ბოლო პერიოდში მისი სამუშაო პირობები აუტანელი გახდა, რის შესახებაც მან მორიდებულად მოახსენა ადმინისტრაციაში, ამის შემდეგ ის მალევე დაიბარეს, გაუსწორეს ანგარიში და გაუწყვიტეს კონტრაქტი, მიზეზად კი ზედმეტი კითხვების დასმა წაუყენეს. ეს ახალგაზრდა დარჩა გამოუვალ მდგომარეობაში, ყოველგვარი ფინანსური შემოსავლის გარეშე. ის უკვე იმ გაუარესებულ პირობებში მუშაობაზეც თანახმა იყო და დახმარებისთვის ჩვენ მოგვმართა. `ჰო და არას~ კითხვაზე _ თუ რატომ ვერ ხერხდებოდა ამ ადამიანის აღდგენა სამუშაოზე, ჩინელებს თავდაპირველად პასუხი არ ჰქონდათ, ცოტაოდენი თათბირის შემდეგ გადაწყვიტეს ჩვენთვის ეთქვათ, რომ თურმე ეს ახალგაზრდა ჩქარი ტემპით ვერ მუშაობდა. არადა, ყველა მის შრომისმოყვარეობაზე მიუთითებდა. როგორც იტყვიან, ქვასავით შეუვალები არიან და მათ მიერ ჩამოწერილ `შავ სიას~ დიდ პატივს ცემენ. როგორც ადგილობრივები ამბობენ, თავიანთი იმპერია აქვთ შექმნილი, როგორც უნდათ ისე იქცევიან და კაციშვილი პასუხს არ(ვერ) თხოვთ... ამ ვითარებიდან გამოსავალი რომ რთული იქნება ფაქტია, ჩვენი რაიონის ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე. `ჰო და არამ~ გადაწყვიტა მუნიციპალიტეტის გამგებელთან, ზაზა ურუშაძესთან გაერკვია რას ფიქრობს ადგილობრივი ხელისუფლება არსებულ სიტუაციაზე, როგორ აპირებს დაიცვას თავისი მოქალაქეები. _ ბატონო ზაზა, ჩინურ კომპანიაში დასაქმებული ლანჩხუთელები გაუსაძლის პირობებზე ჩივიან, მათი თქმით პრობლემაა, როგორც არასტანდარტული სამუშაო გრაფიკი, ასევე ცუდი დამოკიდებულება ჩინელების მხრიდან, საუბარია უამრავ მძიმე ფაქტზე. თქვენ რას აკეთებთ იმისთვის, რომ მათი უფლებები დაცული იყოს? _ სიმართლეს გეუბნებით, არავის ჩვენთვის არ მოუმართავს მსგავსი პრობლემის გამო. კი ბატონო, კულუარულად შეიძლება მეც გავიგო რაღაც, მაგრამ საჭიროა ოფიციალურად მომმართონ. ვუშუამდგომლებ ამ ადამიანებს შესაბამის სამსახურებთან, გავაგზავნი წერილს საგზაო დეპარტამენტშიც. მოვიწვევ ჩინური კომპანიის წარმომადგენლებსაც, მაგრამ ამისთვის მე მჭირდება დადასტურებული ფაქტები. გჯეროდეთ, გამგებლობას კი არა, ყველაფერს შევწირავ იმას, რომ ჩაგრულ და მონურ ყოფაში არ იმყოფებოდნენ ლანჩხუთლები იმ კომპანიაში. თუმცა ხდება ისეც, რომ ჩვენი თანამოქალაქეებიც არღვევენ ხოლმე ხელშეკრულების პირობებს, აგვიანებენ, აცდენენ, ან უბრალოდ არ მუშაობენ. ასე რომ, კარგად უნდა შევისწავლო თითოეულის საკითხი. - სამწუხაროდ, უმეტესი მათგანი ვინაობის გამხელისგან თავს იკავებს იმ მოტივით, რომ შესაძლოა კომპანიიდან დაითხოვონ... _ თქვენი გაზეთის საშუალებით მივმართავ მათ და ვეტყვი, რომ ვაძლევ თითოეულ მათგანს სრულ გარანტიას, ვერავინ დაითხოვს იმ მიზეზით, რომ მათ სიმართლე თქვეს. სულაც არ ვეტყვი ჩინელებს თავდაპირველად მათ სახელებს და გვარებს, მთავარია ეს პიროვნებები არ ტყუოდნენ. ზოგადად ძნელია ადამიანს დაეხმარო, რომელსაც არც მწვადის დაწვა უნდა და არც შამფურის. ჩემის მხრივ პირობას გაძლევთ გვერდით დავუდგები ყველას, ვინც მოგვმართავს და დაგვეხმარება სიმართლის დადგენაში. აგრეთვე მზად ვართ, პრესაც ჩავაყენოთ საქმის კურსში და ყველამ ერთად განვიხილოთ არსებული პრობლემა... `ჰო და არა~ მომდევნო ნომრებში შემოგთავაზებთ სკანდალურ მასალას კომპანიაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. თორნიკე ჯიჯიეშვილი
ოპოზიციონერი დეპუტატის მეორე მადლობა გამგებელს: `მე არ ვარ დაუნახავი ადამიანი და აუცილებლად...~
განყოფილება: პოლიტიკა
გადასვლები: 0