ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

დაშლილმა `ნაციონალებმა~ ქელეხის მაგიერ დაბადების დღე გადაიხადეს?!

დაშლილმა `ნაციონალებმა~ ქელეხის მაგიერ დაბადების დღე გადაიხადეს?!
24-01-2017, 00:00

გუშინწინ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სპორტის სასახლეში რიგით მეშვიდე ყრილობა მოიწვია. ყრილობას 7 000-მდე დელეგატი დაესწრო. ყრილობაზე დაამტკიცეს პარტიის ახალი წესდება, აირჩიეს პოლიტსაბჭოს ახალი თავმჯდომარე და სამომავლო გეგმებიც დასახეს. დელეგატებს ვაშინგტონიდან სიტყვით მიმართა პარტიის დამფუძნებელმა და ლიდერმა, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმაც. `ესეც ასე, `ნაცმოძრაობის~ 7-ვე მოწვევის დელეგატი ვიყავი, მეტი რაღა ვთქვა... ახლა ივანიშვილს რომ გავუშვებთ, მერე შეიძლება ღირსეულ პენსიაზეც გასვლა... ყველაფერი იყო ძალიან თბილი და უბრალო - 20 იანვარი~ _ დაწერა ფეისბუქის გვერდზე ყრილობის დასრულების შემდეგ ლანჩხუთელ `ნაციონალთა~ ლიდერმა კახა ასკურავამ. ახალი წესდება, განახლებული შემადგენლობა, პოლიტსაბჭოს ახალი ხელმძღვანელობა და გეგმები - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მეშვიდე ყრილობა 20 იანვარს სპორტის სასახლეში საქართველოს ჰიმნით გაიხსნა და პოლიტიკური ლიდერების გამოსვლებით გაგრძელდა. პარტია, მისივე ლიდერების განცხადებით, ახალ ცხოვრებას იწყებს და მისი კარი ღიაა ყველა ახალი ადამიანისათვის, ვინც მათ იდეებს იზიარებს. „მე მაქვს პირადი ამბიცია, რომ საქართველო იყოს ყველაზე გამორჩეული ქვეყანა“, „როგორც იდეალები არ იყოფა, ისევე არ იყოფა ნაციონალური მოძრაობა“, „ნაციონალური მოძრაობის~ `გაქოცების~ ივანიშვილისეული გეგმა ჩაიფუშა“, „ის სახელმწიფო, რომლის აშენებაშიც ამდენი ოფლი ჩავდეთ, აღარ არსებობს“ - ეს ციტატებია მიხეილ სააკაშვილის მისასალმებელი სიტყვიდან, რომლითაც მან ყრილობის დელეგატებს მიმართა. დელეგატებმა სააკაშვილს პასუხი ტაშით და „მიშა-მიშას“ სკანდირებით დაუბრუნეს. „ჩვენ ერთადერთი პარტია ვართ, ვინც სწორედ მაშინ აიღო პასუხისმგებლობა ქვეყანაზე, როცა ყველას ხელი ჰქონდა ჩაქნეული საქართველოზე უშუქობის, უბედურების, კრიმინალის თარეშის პირობებში. ჩვენ ვართ სწორედ ის პარტია, რომელმაც ხელისუფლებაში ყოფნისას გაატარა არაერთი რეფორმა. ჩვენ გვიკავშირდება ლარის კურსის სიმყარე, ხალხს დაავიწყა უშუქობა, უგზოობა და უპენსიობა. ჩვენ ვიყავით ხელისუფლებაში, ვიყავით ოპოზიცია და ახლა ისევ მზად ვართ დავიბრუნოთ ხელისუფლება და ასეთი რამ საქართველოს პოლიტიკურ ისტორიას არ ახსოვს“ _ თქვა სააკაშვილმა. „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის პოლიტიკურ გუნდს დიდი ამბიციები აქვს, გიორგი ბარამიძემ თქვა, რომ სწორედ ამ ძალას დაუკავშირდება ქვეყნის წარმატება. მან დაასახელა სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს ახალი თავმჯდომარე - ნიკა მელია. დელეგატებს მანვე ამცნო, რომ მელიას მოადგილეების პოსტებს დაიკავებენ ზაზა ბიბილაშვილი და ლევან ვარშალომიძე. ყრილობაზე მიწვეულ საზოგადოებას თავად ნიკა მელიამაც მიმართა: „მეამაყება, რომ ვარ ყველაზე მაგარი, ყველაზე გულწრფელი, თავდადებული და ქედმოუხრელი გუნდის წევრი. ჩემთვის და თქვენთვის პოლიტიკა არ არის ინტრიგები და ვაჭრობა. ჩვენთვის პოლიტიკა არის და იქნება ვემსახუროთ მთავარ იდეას - ქართულ სახელმწიფოებრივ იდეას“. „როდესაც დაისვა მთავარი შეკითხვა - ვინ არის ან რა არის „ნაციონალური მოძრაობა“, თქვენ გაეცით ამას მკაფიო პასუხი: „ნაციონალური მოძრაობა“ ეს მე ვარ“, - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პეტრე ცისკარიშვილმა, პარტიის ყრილობაზე შეკრებილ დელეგატებს სიტყვით გამოსვლისას და თქვა, რომ პარტია ახალ სიცოცხლეს დაიწყებს ცვლილებებით - მათ შორის იქნება სამდივნოს გაუქმება, პარტიაში კი, მისივე სიტყვებით, მუდმივად შეიცვლებიან პასუხისმგებელი პირები. „ქელეხს გვიმზადებდნენ და დაბადების დღე გამოუვიდათო“ - ამ სიტყვებით დაიწყო თავისი გამოსვლა „ნაციონალური მოძრაობის~ ყრილობაზე საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ: `ეს იმიტომ, რომ სიმართლე არის თქვენს მხარეზე. იმიტომ, რომ თქვენ მიშასთან ერთად გადააქციეთ კორუფციით და კრიმინალით განადგურებული ქვეყანა თანამედროვე სახელმწიფოდ. თქვენ დაწესებულ დროშას სწევენ დღეს. ჩვენ შემოღებულ ჰიმნს მღერიან, თქვენ დატოვებულ ბიუჯეტს ხარჯავენ, თქვენს ინსტიტუციებში სხედან, თქვენი შექმნილი პოლიცია იცავთ. მაგრამ ეს ყველაფერი წარსულია, ყველაფერი წარსულია და ამით თავი არ უნდა დავიმშვიდოთ, ჩვენ საქართველოს მოქალაქისთვის მეტი უნდა გაგვეკეთებინა და შეგვეძლო. დღეს ფიზიკური გადარჩენის ზღვარზე მყოფ ადამიანებს უნდა ვუთხრათ, რომ ჩვენ მათი ტკივილი გვესმის. სალონურ თამაშებს უნდა მოვრჩეთ და ყველა რეგიონში, ყველა კარი უნდა შევაღოთ და ვუთხრათ, რომ ვიცით რა უჭირს, მართლა ვიცით. ვიცით, რომ მობეზრდათ ამ ადამიანებს ვითომ ”ოქსფორდში” და ვითომ ჰარვარდში ნასწავლი, ვითომ ციტატებით შეჯერებული ყალბი, ცალყბა დაპირებები”. მისი თქმით, უნდა დასრულდეს ის, რაც 2003 წელს დაიწყო _ საქართველოს გარდაქმნა ნამდვილ ჭეშმარიტ დემოკრატიულ რესპუბლიკად. `როდესაც მისი უდიდებულესობა ქართველი ამომრჩეველი გადაწყვეტს, რომ ხელისუფლებაში დაგვაბრუნოს, უნდა დავარწმუნოთ იმაში, რომ ეს შეგნებული გვაქვს. ჩვენ გვაქვს სამი მთავარი ინსტრუქცია მისგან მიღებული: პირველი - იმის დამთავრება, რაც 2003 წელს დაიწყო- საქართველოს გარდაქმნა, ნამდვილ ჭეშმარიტ დემოკრატიულ რესპუბლიკად, არაორაზროვანი კონსტიტუციით, ხელისუფლების შტოების მკაცრი ბალანსით და არავითარი პრივილეგია არავის, თუ ეს პრივილეგია საქართველოს ყველა მოქალაქეზე არ ვრცელდება. უმრავლესობის მიერ ქვეყნის მართვა, რა თქმა უნდა, მაგრამ უმცირესობების, ყველას უპირობო დაცვა, სოციალური და ეკონომიკური თანასწორობა, როდესაც ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიუროკრატი ვერ ჩაკლავს ბიზნესს იმიტომ, რომ ვიღაცას ეს საქმე გარიგებული აქვს და პერსპექტიულ სამუშაო დაკარგულ დედას 5 შვილის ჩაიზე და პურზე ყოფნა არ მოუწევს, მაშინ როდესაც ბიუროკრატი წყნარად ვერ დაიძინებს, რომ ბავშვს სკოლამდე 7 კილომეტრი ფეხით აქვს სასიარულო, როდესაც ვიღაც თანამდებობის პირი ევროპის ქალაქში `როლს როისით~ იჯირითებს. თუ არ მივეცით თავისუფლება ქართველი ხალხის, საქართველოს მოქალაქეების პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინიციატივას, ჩვენ მსოფლიო არენაზე „აუტსაიდერებად“ დავრჩებით. ასევე ჩვენი წარმატების მთავარი გარანტია არის დემოკრატია შიდაპარტიული და სახელმწიფოებრივი. ამიტომ მინდა გთხოვოთ დელეგატებს, კინწისკვრით გააგდეთ მოძრაობიდან ის ადამიანი, ვისაც შეამჩნევთ სურვილს იდაყვებით იმუშაოს თანამდებობის დაკავებისთვის პარტიაში ან შემდეგ ხელისუფლებაში - განგრენა უნდა მოიკვეთოს დასაწყისში და განსაკუთრებით, ვინმეს თუ შეამჩნევთ თავისი საძმაკაცოს კომერციული ინტერესების ლობირებაში. მოძრაობის ყველა წევრს შუბლზე, სახლის კარებსა და პერანგის „მანჟეტზე“ უნდა ეწეროს „მე ჩემთვის პირადად არაფერი მინდა~, - განაცხადა ვაშაძემ. თინათინ ბოკუჩავამ თავის გამოსვლისას პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობაზე გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ პარტიულ სიაში რაც შეიძლება მეტი ქალი უნდა იყოს და ეს იქნება კიდეც, მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკის ნაწილი, ამის დასტური კი „ნაცმოძრაობის“ ქალთა ორგანიზაციების გაძლიერებაა. ყრილობის დელეგატებმა მხარი დაუჭირეს პარტიის განახლებულ შემადგენლობასაც. პარტიის ლიდერების გადაწყვეტილებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებამდე ვაკანტური დარჩა. პარტიის გენერალურ მდივნად კი პატიმრობაში მყოფი ვანო მერაბიშვილი იქნა არჩეული. სანამ მერაბიშვილი დატოვებს საპყრობილეს, მანამ პარტიის გენერალური მდივნის თანამდებობას ნიკა მელია შეასრულებს. მოგვიანებით მერაბიშვილმა `ფეისბუქის~ საკუთარ გვერდზე დაწერა: `მინდა გაცნობოთ, რომ დღეს გამართულ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე, პარტიის გენერალურ მდივნად არჩევაზე მე თანხმობა არ განმიცხადებია.~ ამ განცხადებას მელია გამოეხმაურა და თქვა: `ჩვენ უკანასკნელ დღეებში გვქონდა მცდელობა, კომუნიკაცია, რომ მას გაეკეთებინა საჯარო განცხადება ან უბრალოდ პრივატულ საუბარში, თუ რა პოზიცია აქვს, თუმცა იგი თავს იკავებდა. რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ არ ერევა დაპირისპირებაში. ჩვენ, მისი თანხმობის გარეშე ბუნებრივია გენერალური მდივნის თანამდებობიდან ვერ გავათავისუფლებდით. თუ ვანო მერაბიშვილი უარს ამბობს თანამდებობაზე, ბუნებრივია, შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მისაღები.~ ყრილობაზე პარტიის პოლიტსაბჭოს წევრებად აირჩიეს: ნიკა მელია, ზაზა ბიბილაშვილი, ლევან ვარშალომიძე, რომან გოცირიძე, თინათინ ბოკუჩავა, სალომე სამადაშვილი, აზერ სულეიმანოვი, კობა ნაყოფია, გრიგოლ ვაშაძე, სამირა ისმაილოვა, დავით ბერიტაშვილი, გიორგი ბარამიძე, ნიკოლოზ რურუა, მარიამ გერსამია, ირაკლი ნადირაძე, მარიამ ქასრაშვილი, გიორგი ბოტკოველი, ეკა წამალაშვილი, ანი წითლიძე, ვანო პეტრიაშვილი, ბესო ქათამაძე, ზაალ სამადაშვილი, მერაბ ჯანელიძე, ნინო კალანდაძე, ხათუნა ოჩიაური, დავით კირკიტაძე, ზურაბ მელიქიშვილი, ლევან ბეჟაშვილი, პეტრე ცისკარიშვილი, ნუგზარ წიკლაური, აკო მინაშვილი, ირაკლი ქავთარაძე, გიორგი კარბელაშვილი, ეკა ხერხეულიძე, კობა სუბელიანი, გიორგი კუბლაშვილი, ვახტანგ ლემონჯავა, გოჩა კუპრავა, დათო გოგოხია, რამაზ კერეჩაშვილი, ზურაბ ცერცვაძე, გიორგი პატარაია, კახა ბუცხრიკიძე, კობა ხაბაზი, ომარ მეგრელიძე, პაატა ლეჟავა, გია ნაცვლიშვილი, ალეკო კვახაძე, ბიძინა ხერხეულიძე, ნატა მჭედლიშვილი, გიორგი იმედაშვილი, დავით დარცმელიძე, ჩიორა თაქთაქიშვილი, კოტე იოსელიანი, გია უკლება, თემურ გრიგალაშვილი, მარიამ დათუკიშვილი, რუსუდან ცირეკიძე, მარიამ ჯავახიშვილი, ნინო ლაპიაშვილი, ნიკა ჭურაძე. ლანჩხუთიდან ყრილობას საკმაოდ წარმომადგენლობითი ჯგუფი ესწრებოდა, მათ შორის იყვნენ ყოფილი გამგებლები _ კახა ასკურავა და გია გოგუაძე. გავრცელებული ინფორმაციით, ლანჩხუთსაც ეყოლება პოლიტსაბჭოში წარმომადგენლები, მას შემდეგ რაც ადგილზე პარტიული კონფერენცია გაიმართება. ყრილობას მიხეილ სააკაშვილის მეუღლე, დედა და ბებია ესწრებოდნენ. იყო ხარვეზები, როცა პრეზიდენტყოფილი სიტყვით მიმართავდა შეკრებილებს და არსებულ ხელისუფლებას კრიტიკის ქარცეცხლში ატარებდა, მისი ჩართვა რამდენჯერმე შეწყდა. როგორც კი მიხეილ სააკაშვილმა ყრილობის დელეგატებთან ომახიანი საუბარი დაასრულა და იმედი გამოთქვა, რომ მალე საქართველოში დაბრუნდება და ქვეყნის შენება დაიწყება, ყრილობაზე დამსწრეთა ნაწილმა შეკრების დატოვება დაიწყო. როგორც ჩანს, მიშას გამოსვლის დასრულება ყრილობის დასრულებად ჩათვალეს. ამიტომ იყო ერთი ხვეწნა-მუდარა, არიქა არსად წახვიდეთ, კიდომ იქნებაო _ `იმერული ესკიზებისა~ არ იყოს...

განყოფილება: პოლიტიკა
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა