ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

`არც მოსვლა იყო ჩემი დაგეგმილი და... არც წასვლა~

`არც მოსვლა იყო ჩემი დაგეგმილი და... არც წასვლა~
29-11-2016, 00:00

`არც მოსვლა იყო ჩემი დაგეგმილი და... არც წასვლა~ _ ასეთი სათაურით აქვეყნებს გამოსამშვიდობებელ წერილს ლანჩხუთის აწ უკვე ყოფილი მაჟორიტარი თეიმურაზ ჩხაიძე, რითაც ის ღიად მიანიშნებს, რომ როგორც მაჟორიტარად მისი არჩევა მაშინ არსებულმა ვითარებამ მოიტანა, მორიგ მაჟორიტარობაზე უარი თავად არ უთქვამს _ არც წასვლა იყო ჩემი დაგეგმილიო... ეს ერთგვარად გულდაწყვეტაცაა, რომ შანსი მეორედ არ მისცეს. `ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ჩემს ამომრჩეველს, ყველა იმ ადამიანს, ვინც გვერდით მედგა და ჩემთან ერთად აკეთებდა იმ საქმეს, რასაც საქართველოს აღორძინება ქვია. დიდი მადლობა იმ ნდობისთვის და დიდი სიყვარულისთვის, რასაც ყველა ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობდი არა მარტო `ქართული ოცნების~ მომხრეებისგან, არამედ თითქმის ყველა ლანჩხუთელისგან~ _ აღნიშნულია გამოსამშვიდობებელ წერილში, რომელსაც ექს-მაჟორიტარი `ფეისბუქის~ საკუთარ გვერდზე აქვეყნებს. მართალია, `გურიას~ სახელოვანი კაპიტანი პირდაპირ არ ამბობს, თუმცა მიანიშნებს, რომ მისი ხელმეორე მაჟორიტარობა მისაღები უნდა ყოფილიყო _ 2012 წელს `ქართულ ოცნებაზე~ მეტი ხმა დავაგროვეო: `ამაყი ვარ იმითაც, რომ მე, ჩვეულებრივმა, არაპოლიტიკურმა პიროვნებამ, ხალხის სიყვარულით, პარტიაზე ბევრად მეტი ხმა დავაგროვე, მით უმეტეს, იმ დროს, როდესაც ყველა გვებრძოდა, ბევრ ცილისწამებას და არაადამიანურ ქცევებს ვაწყდებოდი~ _ მართლაც, როცა ქვეყანა ბიძინა ივანიშვილის გამოჩენის იმედზე იყო და `ქართულ ოცნებას~ მაღალი რეიტინგი ჰქონდა, თემურ ჩხაიძემ ერთადერთმა მოახერხა საქართველოს მასშტაბით, რომ პარტიულ ხმებს გადაუსწრო! ეს აშკარად მისი საფეხბურთო კარიერისა და ხალხის სიყვარულის დამსახურება გახლდათ, თუმცა ასეთი მინიშნება პოლიტიკურ გუნდზე, ურომლისოდაც ის პარლამენტარი ვერანაირად გახდებოდა (გაუჭირდებოდა `ქართულ ოცნებასაც~ სხვა კანდიდატი რომ ჰყოლოდა), ცოტათი არაკორექტულად მოჩანს, თუმცა თუ გავითვალისწინებთ თემურ ჩხაიძის პერსონა არაკონფლიქტურობითა და კორექტულობით გამოირჩევა, გამოდის _ ეს გულდაწყვეტაა, რომ არ დაუფასეს იმ დროში პარტიაზე ბევრად არა, მაგრამ მაინც მეტი ხმის მიღება. `ჩემო ლანჩხუთელებო, მე ყველაფერს ვაკეთებდი თქვენთვის, რაც შემეძლო. თავს არ ვზოგავდი, რომ თითოეული თქვენგანის გასაჭირი, თუ ავადმყოფობა, სოციალური პრობლემები გულთან ახლოს მიმეტანა და რეაგირება მომეხდინა. ხან გამომდიოდა, ხან არა (თუ ჩემს კომპეტენციას არ აღემატებოდა)~ _ წერს ლანჩხუთის ყოფილი მაჟორიტარი. ის ასევე აღნიშნავს, რომ `ჩემი დეპუტატობის დროს ბევრ მნიშვნელოვან პროექტს ჩაეყარა საფუძველი, რომლის სიკეთესაც თანდათან იგრძნობენ ლანჩხუთელები~ _ თუმც არ აკონკრეტებს, რა პროექტებზეა ლაპარაკი: `მართალია, ლაპარაკში მოვიკოჭლებდი, მაგრამ საქმეს ნამდვილად გულით ვაკეთებდი. თუ რაიმე არ გამომდიოდა, ძალიან განვიცდიდი. მადლობელი ვარ, რომ ოთხი წელი თქვენი დეპუტატი მერქვა. მადლობა მინდა გადავუხადო `ქართულ ოცნებას~, ყველა დეპუტატს ვის გვერდითაც გავატარე ოთხი წელი~. ის მემკვიდრეს წარმატებებს უსურვებს: `ჩემი დეპუტატობის დროს `ქართულ ოცნებას~ არ გვქონდა სრული თავისუფლება. ჯერ კოალიციაში ვიყავით, სხვადასხვა თანამდებობებს ჯერ კიდევ `ნაციონალების~ ჯგუფი იკავებდა. დღეს კი, ყველა ბერკეტი ჩვენს ხელშია და წარმატებებიც აუცილებლად იქნება! წარმატებებს და ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ თქვენს ახალ დეპუტატს, დარწმუნებული ვარ, თქვენს ნდობას გაამართლებს!~ მის წერილს ბევრი თბილი კომენტარი მოჰყვა. `უმადურია ხალხი ყოველთვის, რაც უნდა თავით ნაყოთ მარილი... სუფთად გივლიათ წარსულით დღემდე, არ გენატრებათ, წლები განვლილი?! მიზანში ბევრი გოლი დაგირტყამთ, თქვენ გაღმერთებდათ მთელი დუნია კაპიტან! - ისევ ხმამაღლა ვიტყვი, ვაშა გურია, მიდი გურია!!!~ _ ბევრს ჩაუვარდა კოვზი ნაცარში და გამარჯვება თქვენი ეფუცათ, ისევ მიზანში უნდა მოარტყათ თქვენს იმედზე ვართ, ეხლაც, დეპუტატ!!~ _ ამ 4 წლის წინ მიძღვნილი ლექსით დაემშვიდობა მაჟორიტარს მისი ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი. თემურ ჩხაიძე თვლის, რომ პოლიტიკის ნიჭიც აღმოაჩნდა და მის თავს აღმასრულებელ ხელისუფლებაში ხედავს: `მჯერა, ჩემს ადგილს დავიკავებ ისეთ სამსახურში, რომლითაც კიდევ გამოვადგები ჩემს ხალხს, ჩემს ქვეყანას და ჩემს ამომრჩეველს. მე, დღეს სრულიად აპოლიტიკური ადამიანი, პოლიტიკოსი გავხდი, კარგი სკოლა გამოვიარე და თუ ადამიანს ნიჭი აქვს, ყველაფერს შეძლებს~ _ ფიქრობს ექს-მაჟორიტარი. ფაქტია და ასეც იყო მოსალოდნელი: თემურ ჩხაიძემ მაჟორიტარობის დროს ვერ შეძლო იმის მინიმუმიც კი, რომ `გურიას~ ლეგენდარულ კაპიტნის რეგალია დაეჩრდილა...

განყოფილება: პოლიტიკა
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა