ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

პროტესტის ნიშნად დატოვებული სხდომა, ფოტო-ფაქტების წარდგენა გამგებლისთვის...

პროტესტის ნიშნად დატოვებული სხდომა, ფოტო-ფაქტების წარდგენა გამგებლისთვის...
17-08-2015, 00:00

  წარმოდგენილ დღის წესრიგთან დაკავშირებით შენიშვნები რამდენიმე დეპუტატს ჰქონდა. როგორც წესი ოპოზიცია აქტიურობდა, თუმცა დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ აღმოჩნდა, რომ არც უმრავლესობა იყო სტატისტის როლში და თითქმის ყველა გამომსვლელი აფიქსირებდა შენიშვნას. სანამ საკრებულოს პირველი პირი, გოგი ხელაძე დღის წესრიგის დამტკიცებას კენჭისყრაზე დააყენებდა, მიკროფონთან სუფსის თემის მაჟორიტარი დეპუტატი ჯუმბერ ბლაგიძე მივიდა და რამდენიმე მადლობაც გადაიხადა.  ბლაგიძეს მიუთითეს, რომ სხდომა რიგგარეშე იყო და მხოლოდ წარმოდგენილ საკითხებზე გაეკეთებინა კომენტარი, მაგრამ ბატონმა ჯუმბერმა შენიშვნა არ გაითვალისწინა და თავისი სათქმელი მადლობებიანად ბოლომდე თქვა:  `პირველ რიგში მადლობა იმ დღისთვის, რაც შინდისში ჩვენი ვიზიტით იყო გამოწვეული. ეს მართლაც ამაღელვებელი და გასაოცარი წუთები იყო. იქ ხომ ჩვენი ვაჟკაცები დაიღუპნენ, კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი მათი ხსოვნის წინაშე და ორგანიზატორებს მადლობას ვეუბნები. არ შეიძლება არ აღინიშნოს ის სპექტაკლი, რომელიც ჩვენი კულტურის ცენტრის მიერ იყო წარმოდგენილი. უდიდესი მადლობა მათ ამ ემოციისთვის. ასევე უნდა ვთქვა სუპერ-თასის მატჩზე. სასურველი იქნებოდა, რომ ყველა დეპუტატი წამოსულიყო და ტრიბინებიდან ენახა ეს მართლაც საოცარი თამაში. როცა მადლობას ვამბობ, მე ამისი თქმის არ მცხვენია, როცა შენიშვნაა, ამასაც ღიად ვაფიქსირებ. სწორედ ეს მინდა ახლა გითხრათ. მოსახლეობის მიერ 17 აგვისტოს სუფსაში დიდი აქცია იმართება. ამის შესახებ ინფორმირებულია გაზეთები, ტელევიზიები. ეს ეხება ავტობანის მშენებლობას. საკმაოდ მტკივნეული თემა გახლავთ და თუ მე ვინმე შემეკითხება ვის მხარეს ვარ, გეტყვით, რომ მოსახლეობის. იქ არის პრობლემები, რომელიც აუცილებლად უნდა გადაიჭრას ხალხის საკეთილდღეოდ.~ დღის წესრიგთან დაკავშირებით შენიშვნა ჰქონდა ოპოზიციონერ გია გოუგაძეს. `ჩვენ 2014 წლის 25 დეკემბერს დავამტკიცეთ მუნიციპალიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგგმის პროექტი, რომელიც მოიცავდა 2015-16 და 17 წლებს. გუშინ შედგა კომისიის სხდომა და სპონტალურად მოხდა საკითხის შემოტანა. ახლა ვამტკიცებთ, 2016 წლის გეგმას?! აბა, მაშინ რა დავამტკიცეთ. ასე როგორ იქნება. უცებ შემოვა რაც გინდათ?! მერამდენედ ხდება, რომ საკითხს ჩქარი ტემპით ვიხილავთ. იყო გარკვეული შეკითხვები კომისიის სხდომაზე, რომელზეც პასუხები ვერ იქნა მიღებული. ვადებში რატომ უნდა ვიყოთ შეზღუდულები, ხომ შეიძლება წინასწარ ვიცოდეთ რასთან გვაქვს საქმე?!~ საკრებულოს ეთიკის კომისიის თავკაცმა, რომან ბიწაძემ განაცხადა, რომ სტრატეგიული გეგმა ერთ წლიანი არ არსებობს ბუნებაში. შეიძლება ამას სტრატეგიის 2016 წლის გეგმა ვუწოდოთ. მან ასევე დეპუტატებს მოუწოდა, სჯობია საკითხს მხარი დავუჭიროთო. საბოლოოდ დღის წესრიგი დამტკიცდა და საკრებულომ სწორედ მესამე საკითხით დაიწყო განხილვა.  ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის, ლევან ჩხაიძის მიმართ შეკითხვების კასკადი წამოვიდა. ჩხაიძეს რიგ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე ეხმარებოდა პასუხების გაცემაში.  ოპოზიციონერმა კახა ასკურავამ იკითხა: _ იქნებ აგვიხსნათ რატომ ვართ შეკრებილები. დღის წესრიგში წერია, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის სტრატეგიული განვითარების გეგმის პროექტის მოწონების თაობაზე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების დამტკიცება. გეგმაში კი გვიწერია, 2016-17-18 წლები. როგორ გავიგოთ, რასთან გვაქვს საქმე?! ან, ზოგიერთ სოფელთან მიმართებაში წერია თანხა, მომდევნო წელში არაფერია მითითებული. ეს რაღას ნიშნავს. საკითხის განხილვის ფორმატი არის გაუგებარი. ოპოზიციონერს ლევან ჩხაიძემ უპახუსა, რომ ვინაიდან არის შეკითხვები, კითხვა-პასუხის რეჟიმში გავიაროთ საკითხებიო. ასევე ისიც შენიშნა, რომ ეტყობა ბეჭდვისაც ტექნიკური ხარვეზია, თორემ სხვა ვარიანტი უნდა გქონდეთო. დარბაზში დეპუტატების მხარეს არსებულ ერთადერთ მიკროფონთან რიგები დადგა. მანამდე განცხადება კი მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ გააკეთა: `აქ გაუგებარი რა არის, უბრალოდ უხერხულია. 20 დღეა ეს საკითხი ცნობილია. ის გავლილია ყველა მაჟორიტართან და სოფლის რწმუნებულთან. 17-მდე კიდევ გაქვთ დრო, გავიაროთ თუ რამე შენიშვნა გვაქვს. შემდეგ მოხდება განხილვა გუბერნიაში და 20-ისთვის გადაიგზავნება ინფრასტრუქტურის სამინისტროში. ჩვენ გვინდა 6 მილიონი წამოვიღოთ. ვეცდები ეს თანხა დარჩეს.~ ურუშაძეს ასკურავამ ურეპლიკა: `ამბობთ, რომ ყველასთან გავლილია და რეალობა ის არის, რომ ყველა მაჟორიტარს აქვს შენიშვნა. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ საკითხი მოუმზადებელია.~ გელა კილაძე: `რატომ ამბობთ რომ მოუმზადებელია. როცა ეს საკითხი შემოვიდა გამგეობიდან მე პირადად ყველა ფრაქციას და კომისიას ელექტრონულად გადავუგზავნე. გაცნობიდით დროულად.~ კახა ასკურავა: `როგორ გავცნობოდით, ამდენი ხანია ფრაქცია გვაქვს შექმნილი საკრებულოში და ოთახი არ გვეღირსა. სად მენახა გადმოგზავნილი. თქვენ ხართ საკრებულოს ხელმძღვანელობა და კეთილი უნდა ინებოთ და სამუშაო პირობები შექმნათ.~  შენიშვნის შემდეგ ასკურავამ პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა. თემურ ალექსაია, ნიგოითის მაჟორიტარი: `ჩემს თემში 6 სოფელი შედის. თავიდან მითხრეს, რომ 240 ათასი ლარი იქნებოდა გამოყოფილი. ახლა გავიგე, რომ 200 ათასია. 40 ათასი დაკლებულია. ასე არაფერი გამოვა.~ `არ არის დაკლებული~ _ უთხრა ურუშაძემ. `როგორ არ არის, აგერ წერია ამის შესახებ~ _ მიუთითა ალექსაიამ. ურუშაძემ ისევ უპასუხა: `პირობას გაძლევს, რომ არის 240 ათასი, დარჩება 240 ათასი.~ ელგუჯა ჩხაიძემ ჩიბათში წყლის პრობლემაზე გააკეთა აქცენტი. `ვიცი ამ ხალხის მდგომარეობა. ფული გამოვყოთ და 200 ოჯახი დაისვენებს. ხალხი 5 კმ-ში დადის სასმელი წყლისთვის. რეზერვუარი არის, ჭაბურღილიც. ერთი კილომეტრი მილის გაკეთება იქნება საჭირო და მოგვარდება~.  ბესო ტაბიძემ ნიგვზიანის თემში არსებულ პრობლემაზე ისაუბრა: `კარგია წყალი რომ კეთდება. ამას ყველა მივესალმებით, მაგრამ გარკვეული შენიშვნები გვაქვს. პროექტის დროს შეიძლება დაუშვა, რომ 100 მეტრი შეეშალოს ადამიანს, მაგრამ 1 კმ. და 100 მეტრი რომ შეგეშლება, ამაზე რა უნდა ვილაპარაკო. 75 ტონიანი მარაგი უნდა გაკეთებულიყო და როგორც ვიცი, ტონიან ავზს დგამენ. ეს უნდა გამოსწორდეს~.  გია გოგუაძემ აკეთის თემში გამოყოფილი 200 ათას ლარზე ისაუბრა. `ეს არანაირად არ ეყოფა. იქ არსებულ პრობლემას ვერ მოაგვარებს~. ყოფილ გამგებელს მოქმედი გამგებელი გამოეპასუხა: `ყველა თანხას ახლა ჩვენ ერთ სოფელში ვერ მივმართავთ. უნდა ვეცადოთ, რაც შეიძლება მეტი ფული მოვიზიდოთ. იცით აკეთში რამდენი ფული იხარჯება მარტო ნაპირგასამაგრ სამუშაოებზე?! 2,3 მილიონია გამოყოფილი. აქედან 1,2 მილიონი წელს დაიხარჯება. ჩვენ თანაბრად უნდა გადავანაწილოთ თანხები~. ლესის მაჟორიტარმა ელისო ჭიჭინაძემ სოფელში გაკეთებული წყალი გაიხსენა. `როცა ინფრასტრუქტურული პროექტების გეგმა განიხილებოდა, მინახავს რომ ლესაზე არაფერი ეწერა. სხვაგან ხომ კეთდებოდა და ეს მიხაროდა. ახლა ლესაზეც არის გათვალისწინებული და ბუნებრივია, მივესალმები. მეტიც კი არის საჭირო. წყლის გაკეთების ისტორიას გავიხსენებ. როცა მოსახლეობაში უნდა წამოსულიყო ერთ-ერთი კომისიის წევრი იძახდა, ოღონდ დღეს წამოვიდესო. ინფარქტი კინაღამ მიიღო ნერვიულობისგან. მართლაც, ერთ დღეს წამოვიდა და გაჩერდა. კარგია პროექტები, მაგრამ ის ბოლომდე უნდა გაკეთდეს.~ დარეჯან ბურჭულაძემ მუნიციპალიტეტის გამგებელს ფოტო-ფაქტები წარუდგინა, რომელიც ქალაქში ზენაიშვილის ქუჩაზე ხდება.  `ეს ქუჩა რკინიგზის სადგურთან მდებარეობს. ბოლო ორ სესიაზე გია გოგუაძისგან მესმის, რომ ქალაქი შესაძლოა დაიტბოროს. აქცევთ მის განცხადებას ყურადღებას?! ავიღე ფოტოაპარატი და აღნიშნულ ქუჩას მივაშურე. იქ გადის სანიაღვრე არხი, რომელიც ამოსაწმენდია. იქ თითქმის ყველა ქუჩის წყალი ჩაედინება. როცა აპარატით დამინახეს ხელში, ეტყობა ჟურნალისტი ვეგონე და მოსახლეობა თავად შემოვიდა კონტაქტში. მათგან მოვისმინე საკმაოდ მძიმე ბრალდებები ჩვენს მიმართ, რომ არაფერს ვაკეთებთ. სიტყვებით ვერ გადმოგცემთ, რაც იმათ საყვედურები თქვეს, თუმცა ვიტყვი, რომ ეს იყო სამართლიანი.~ შუხუთის მაჟორიტარმა აკაკი იმნაიშვილმა სოფლისთვის ინფრასტრუქტურის კუთხით გათვალისწინებული  თანხა დაიწუნა: `შუხუთი მთელს რაიონში ერთ-ერთი დიდი სოფელია თავისი მოსახლეობით. ძალიან ცოტა თანხაა გათვალისწინებული. 300 ათასი მარტო ბაღს არ ეყოფა. ეს ბაღი ხომ მარტო შუხუთის არ არის, ის ქალაქსაც მოემსახურება.~ ზაზა ურუშაძე: `300 ათასი ლარი როგორ არ ეყოფა. ვარემონტებთ, ახალს ხომ არ ვაშენებთ?! 240 ათასად ახალს, ევროპული დონის ბაღს ვაშენებთ და რემონტს არ ეყოფა 300 ათასი?! მაშინ, ახალი ავაშენოთ~.  ნონა მურვანიძემ ჩოჩხათის თემში, კერძოდ შრომისუბანში არსებულ ბაღზე გაამახვილა ყურადღება. როგორც დეპუტატმა თქვა, ბაღს წყლის პრობლემა აქვს და აუცილებლად უნდა მოვუგვაროთო. მოკლედ, საკრებულოს სხდომაზე შენიშვნები მრავლად იყო და გოგი ხელაძემ ბრძანა: `მაქსიმალურად გამოვიყენოთ ეს შაბათ-კვირა იმისათვის რომ ცვლილებები შევიტანოთ და სწორედ ამ შენიშვნების გათვალისწინებით ვაყენებ წარმოდგენილ პროექტს კენჭისყრაზეო.~        

განყოფილება: პოლიტიკა
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები