გურიის მხარემ თავის ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა ბროშურა სახელწოდებით ,,2017 წელი გურიაში“
გურია ყველაზე „სუფთა რეგიონად“ დასახელდა.
►გამჭვირვალობის, საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობის მონაწილეობის ხარისხის კუთხით ოზურგეთის მუნიციპალიტეტი მოწინავეა.
►ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ანგარიშვალდებულობის, გამჭვირვალობის მხრივ საუკეთესოდ შეფასდა და საქართველოში პირველია.
►ოზურგეთი ერთ-ერთი პირველია საქართველოს მუნიციპალიტეტებს შორის, რომელიც OGP-ის სამოქმედო გეგმაში ჩაერთო („ღია მმართველობის პარტნიორობის“ სამოქმედო გეგმა).
►პირველად ისტორიაში ბახმარო ზამთარში ტურისტებს მასპინძლობს.
►დასრულდა კურორტ გომისმთაზე წყალმომარაგების სამუშაოები. პროექტის ღირებულება 815 700 ლარია.
►მიმდინარეობს ავტობანის მშენებლობა ლანჩხუთში.
►გურიაში აშენდა 3 საბავშვო ბაღი და ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდა საბავშვო ბაღების უმრავლესობას.
►მიმდინარე წელს ჩოხატაურში აშენდა 2 ახალი სკოლა და ოზურგეთში მიმდინარეობს ერთი სკოლის მშენებლობა. 4 წლის განმავლობაში რეგიონში რეაბილიტაცია ჩაუტარდა 80-მდე საჯარო სკოლას.
►სრულდება ლანჩხუთში და ჩოხატაურში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრების მშენებლობა.
►რეგიონში გაიხსნა 7 ახალი საწარმო. გაძლიერდა და გადაიარაღდა 10 საწარმო.
►ოზურგეთში იგეგმება ინოვაციური ცენტრის მშენებლობა.
►ოზურგეთში დასრულდა ვარლამ სვიმონიშვილის სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმისა და დაიწყო არტემ ერქომაიშვილის სახელობის სიმღერისა და გალობის მუზეუმის მშენებლობა.
►კურორტ შეკვეთილში განხორციელდა ჩეხურ - სლოვაკური პროექტი, რომელიც სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის ბინებს აერთიანებს. (ინვესტიცია15 მილიონი ლარი).
►აშენდა თანამედროვე დიზაინის სარკინიგზო ბაქანი, რომლითაც „შავი ზღვის არენაზე" გამართულ კონცერტებზე დასწრების მსურველებიც ისარგებლებენ.
►მოეწყო მუსიკოსების სკვერი.
►მიმდინარე წელს დასრულდა ოზურგეთში ძიმითის კულტურის სახლის მშენებლობა. ოთხი წლის განმავლობაში რეაბილიტირდა და აშენდა 10 კულტურის სახლი.
როგორც ხედავთ, 2017 წელსაც ლანჩხუთი მოკრძალებულ ადგილს იკავებს რეგიონში მიმდინარე პროექტებითა თუ ზოგადად განვითარების კუთხით. აღნიშნულია, რომ ლანჩხუთში მიმდინარეობს ავტობანის მშენებლობა და სრულდება ლანჩხუთში და ჩოხატაურში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრების მშენებლობა. სამწუხაროდ, მეტი პოზიტიური ინფორმაცია 2017 წელს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ირგვლივ არსად არ შეგხვდებათ. ავტობანის მშენებლობას რაც შეეხება, მგონი კვირა არ გასულა საპროტესტო აქცია არ გაემართოს მოსახლეობას მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით. ძალიან მაგარი გულშემატკივარი უნდა იყო ხელისუფლების, რომ გასული წელი დადებითად შეაფასო ლანჩხუთში. მთელი წლის განმავლობაში ,,ჰო და არა“ ატარებდა ქუჩის გამოკითხვებს სხვადასხვა თემებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით უიმედოდ უყურებდა ჩვენი მუნიციპალიტეტის მოსახლეობა სოციალური კუთხით არსებულ პრობლემებს. თუმცა, მოხდა ისე, რომ თითქმის წლის მიწურულს 21 ოქტომბერს ,,ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ძალიან დიდი ნდობა მიიღო მოსახლეობისგან. 32 კაციან საკრებულოში 27 დეპუტატი ,,ქართული ოცნებიდანაა“, ასევე გვყავს არჩეული მერი_ ალექსანდრე სარიშვილი, რომელიც ასევე კოალიციის წევრია. საზოგადოებას აქვს განცდა, რომ ახლადარჩეული ადგილობრივი ხელისუფლება მათზე იზრუნებს და პრობლემებს მოუგვარებს. თუმცა, 2018 წლის ბიუჯეტს თუ გადახედავთ, ცოტათი გაგიჭირდებათ ოპტიმიზმის შენარჩუნება. ,,ნაძვის ხე“-ც გამორჩეული იყო მუნიციპალიტეტებთან შედარებით, ალბათ ჩვენც პატივი უნდა ვცეთ ორიგინალურ გადაწყვეტილებებს, მაგრამ ეს დალოცვილი ვიკიპედია რომ წერს: ,,საშობაო ნაძვის ხეს ტრადიციისამებრ შობის დღესასწაულზე ყოველ ოჯახში დგამენ. ბუნებრივ ან ხელოვნურ ნაძვის ხეს რთავენ სხვადასხვა სათამაშოებით და ტკბილეულით, ამის გარდა მიღებულია ნაძვის ხის „წვიმებით“, სანთლებით ან ფერადი ელექტრო ნათურებით გაწყობა. ნაძვის ხის მორთვის ტრადიცია ასევე უკავშირდება ახალი წლის დღესასწაულს. როგორც წესი, შობა-ახალ წელს მოკაზმული ნაძვის ხეები იდგმება ქალაქის მოედნებზე და საზოგადოების თავშეყრის ადგილებში, სადაც ხალხი საზეიმოდ იკრიბება“-ო, ეს გვიქმნის მხოლოდ უხერხულობას. არსებობს ბუნებრივი და ხელოვნური ნაძვი, მაგრამ რკინის ძელზე შემოკრულ განათებას, რომელიც 30 დეკემბერს(!) გაიხსნა საზეიმოდ, ძნელია ,,ნაძვის ხე“ უწოდო და მის გარშემო ირბინო. თუმცა, საახალწლო განწყობას მუნიციპალიტეტის პირველ პირებს ნამდვილად ვერავინ დაუწუნებს. მთელი დეკემბრის თვე, ისინ ჩართული იყვნენ საახალწლო ზეიმებში, როგორც სკოლებში, ასევე ბაღებში. ვერც იმას ვიტყვით, რომ ალექსანდრე სარიშვილი და ბესო ტაბიძე მხოლოდ ზეიმებზე დადიან, რა თქმა უნდა არა, ისინი ყველგან შეგხვდებოდნენ, საპროტესტო აქცია იყო ეს, სტიქიური უბედურება, ტრაგედია თუ დალხინება. მაგრამ, როცა თითქმის ყველა ზეიმზე დადიხარ(გასაგებია, რომ ბავშვებს უხარიათ) და საამისო დროს პოულობ, ეს იმას ნიშნავს, რომ შენს მუნიციპალიტეტს მცირე პრეტენზია მაინც უნდა ჰქონდეს, რომ იყოს მოწინავეთა შორის. ზემოთ აღნიშნულ ბროშურაზე კი ნათლად იხილავდით, წარმატებულია თუ არა ლანჩხუთი რომელიმე სფეროში(იგულისხმება სახელმწიფო პროგრამები). ახალი წელი, ზოგადად მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში განსაკუთრებით უყვართ და აღნიშნავენ, მაგრამ რეალობას თვალი ხომ უნდა გავუსწოროთ, რა გვაქვს სამხიარულო და სატაშფანდურო, როდესაც მუნიციპალიტეტის მოსახლეობის დიდ ნაწილს საკვების პრობლემა უდგას, გლეხს არ ჰქონდა საერთოდ შემოდგომა, წელი რომელიც ფაროსანას მეფობის დასაწყისი იყო, გაისად უარესს გპირდება. იმედი გვქონდა, რომ ფაროსანასთან ბრძოლას სახელმწიფო აქტიურად შეუდგებოდა ამისთვის სოლიდურ თანხებს გამოყოფდა ბიუჯეტიდან, მაგრამ აქაც კრახის სუნი ასდის მავნებელთან ბრძოლის მცდელობას. პირდაპირ გეტყვით, არ ჩანს არცერთი წინაპირობა იმისა, რომ 2018 წელი წინა უკეთესი იქნება. ისევ მეზობელი თურქეთის იმედად უნდა დარჩეს ხელისუფლება, რომ ახალგაზრდების უმეტესობამ კვლავ ჩაის პლანტაციებს მიაშუროს ოჯახების სარჩენად. საკრებულოს ბოლო სხდომაზე დეპუტატები ერთმანეთს აყვედრიდნენ, სად იყავით როდესაც ჩვენ ჩინურ კომპანიებს ვებრძოდით და ვაპროტესტებდით მათ უკანონო ქმედებებსო. ჯერ ერთი, როდესაც ხელისუფლება გქვია, კი არ უნდა გააპროტესტო და აღშფოთდე, მოქმედებაზე უნდა გადახვიდე და კუდით ქვა ასროლინო ნებისმიერ კომპანიას, რომელიც შენი მოსახლეობის უფლებებს აბუჩად იგდებს და ფეხქვეშ თელავს შენს კანონმდებლობას(თუმცა, არც ქართველები აკლებენ, კონსტიტუციას მაინდამაინც სტანდარტულ 41 ,,რაზმერზე“ირგებენ). მეორეც, მართლა სად იყავით თქვენ, როცა ,,ჰო და არა“ კონკრეტულ ფაქტებზე წერდა, თუ როგორ ექცეოდნენ ჩინური კომპანიის წარმომადგენლები ადგილობრივ მუშახელს, როგორ ამეტებდნენ ხშირ შემთხვევაში თავის უფლება-მოსილებებს, ჩვენ ამასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის მაშინდელ გამგებელს, ზაზა ურუშაძესაც შევხვდით, მან გვითხრა, რომ არცერთი საჩივარი არ შესულა პირადად მასთან და კონკრეტული კანონდარღვევის შემთხვევაში კანონის შესაბამისად იმოქმედებდნენ. არადა, მეტი ფაქტი რაღა უნდოდათ, გაზეთი პირდაპირ წერდა, თუ სად ხდებოდა ეს კანონდარღვევები, ვისი მხრიდან და ვინ იყვნენ დაზარალებულები. მაგრამ, ფაქტი ჯიუტია, ხელისუფლება გაურბოდა ამ თემაზე საუბარსაც და მოქმედებებსაც. ასე რომ, თუ პოპულისტობაზე მიდგება საქმე, ბატონებო, მარტო ოპოზიციას ნუ შეახოცავთ ხელს. რუსლან მიქაბერიძეს აქვს შესანიშნავი ლექსი სამშობლოზე, მცირე ამონარიდს დავწერთ, რომლითაც ალბათ მთელი მოსახლეობის სათქმელს ვიტყვით: ,,ვისია ეს საქართველო, ბოლოს და ბოლოს ვისია, იქნება მართლა არვიცით, იქნება მართლა სხვისია?! არ მოსათმენის მოთმენა, ძალიან საძრახისია! აქ, ჩვენ მხოლოდ ის უნდა ვიგუოთ, ვინც ჩვენი ძმობის ღირსია“!
თორნიკე ჯიჯიეშვილი
როდესაც ხელისუფლება გქვია მოქმედებაზე უნდა გადახვიდე!

განყოფილება: მთავარი თემა
გადასვლები: 830