პირველმა ტურმა ვერ გამოავლინა გამარჯვებული მაჟორიტარებს შორის. მეორე ტურში ერთმანეთს `ქართული ოცნების~ ფავორიტი ნინო წილოსანი და დამოუკიდებელი კანდიდატი აკაკი ჩხაიძე დაუპირისპირდებიან. პირველ ტურში წილოსანმა 14973 ხმა მიიღო, რაც 47,06 %-ია! მას მხოლოდ 936 ხმა დააკლდა, რომ პირველივე ტურში მოეპოვებინა გამარჯვება. მასზე 6247 ხმით ნაკლები მიიღო აკაკი ჩხაიძემ _ 8726 (27,43%). ეს კი ნიშნავს, რომ მეორე ტურში მმართველი პარტიის წარმომადგენელს სერიოზული უპირატესობა აქვს. `14 973-მა ადამიანმა დამიჭირა მხარი! ამ ადამიანებმა გადაწყვიტეს, რომ მე შემიძლია, მათი ცხოვრება უკეთესობისკენ წავიყვანო, მე კი ამ ადამიანების ნდობის გამართლება უნდა მოვახერხო. მჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია უფრო მეტი ვიყოთ, უფრო მეტის ნდობა გავამართლო და უფრო მეტი ძალისხმევით შევუდგეთ კარგი საქმეების კეთებას. დიახ, ეს ნამდვილი გამარჯვებაა! დიდი და დაუღალავი შრომის შედეგი. დიდი მადლობა ჩემს თანაგუნდელებს, რომლებიც ძალისხმევას არ იშურებდნენ ამ მოკლე პერიოდში მიგვეღო მაქსიმალური შედეგი. მადლობა თითოეულ მხადამჭერს, რომელიც პირადად და სოციალური ქსელების მეშვეობით მამხნევებდა და კიდევ უფრო მეტ ძალას მმატებდა. მადლობა მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც მიუხედავად რთული სიტუაციებისა, ინარჩუნებდნენ ობიექტურობას და სამართლიანობას. ჩემო მეგობრებო, ჩვენ წინ მეორე ტური გვაქვს, რომელსაც კიდევ უფრო მეტი მონდომებით და დამაჯერებელი შედეგით მოვიგებთ~ _ წერს `ფეისბუქის~ გვერდზე ნინო წილოსანი. რაც შეეხება აკაკი ჩხაიძეს, `ჰო და არას~ ინფორმაციით, ის ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებს, რითაც არ დასტურდება გავრცელებული ინფორმაცია, რომ მნიშვნელოვანი ჩამორჩენის გამო იმედგაცრუებული რკინიგზის ექს-შეფი კანდიდატურას მოხსნის. რამდენად მოსალოდნელი იყო მეორე ტური? მას შემდეგ, რაც თემურ ჭკუასელის კანდიდატურა შეიცვალა, დიდ უპირატესობას მაინც ჩხაიძე ფლობდა. ეჭვგარეშეა, ის `ქართული ოცნების~ პირველ კანდიდატს მოუგებდა. თითქოს მარათონში გვიან ჩართულ წილოსანთანაც არ უნდა გაჭირვებოდა ჩხაიძეს, მაგრამ მას შემდეგ, რაც ახალმა კანდიდატმა შეხვედრა შეხვედრაზე გამართა და ამომრჩევლის მხარდაჭერა მიიღო, უკვე ყველა მეორე ტურზე ალაპარაკდა. ხოლო მმართველი პარტიის კანდიდატის გარემოცვა იმასაც იმედოვნებდა, რომ პირველივე ტურში მოახერხებდა მოგებას და თურმე დიდად არც ცდებოდა _ 2,94% დააკლდათ. ნინო წილოსანს ხელი კანდიდატების სიმრავლემ და ამის შედეგად გაყოფილმა ხმებმა შეუშალა. ასევე და უფრო მეტად აკაკი ჩხაიძის პერსონის `ქართულ ოცნებასთან~ `დაკავშირებამ~ _ მართალია, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ აკაკი ჩხაიძეს იქნებ სადმე შეხვედრია, მაგრამ პირადად არ იცნობს და ისედაც, მხარს `ქართული ოცნების~ კანდიდატს უჭერს, ლანჩხუთის უბნებზე მაინც ბევრგან იყო ერთ კონვერტში პროპორციულში `ქართული ოცნება~, ხოლო მაჟორიტარულში აკაკი ჩხაიძე შემოხაზული. მარტივი მათემატიკაც საკმარისია _ `ქართულმა ოცნებამ~ თავის კანდიდატზე თითქმის 4 ათასი ხმით (11%-ით) მეტი მიიღო. შედარებისთვის: 2012 წლის არჩევნებში დაფიქსირდა დაუჯერებელი შედეგი _ თემურ ჩხაიძემ (ვის წარმატებაში `ქართული ოცნების~ წვლილი უმნიშვნელოვანესი გახლდათ) პარტიაზე მეტი ხმა მიიღო!!! ერთი დეტალიც: ნინო წილოსანმა პროცენტულად ყველაზე მეტი ხმა ლანჩხუთში მიიღო! რაც შეეხება აკაკი ჩხაიძეს, მისმა გუნდმა სტარტზე მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლო და ამაში `ბრალი~ უპირველესად ნინო წილოსანს მიუძღვის. არის მოლოდინი, რომ ჩხაიძე გარემოცვის `წმენდას~ მოახდენს. ყოველ შემთხვევაში, მისი გუნდის წევრები ჩხაიძის გადაწყვეტილებაზე საუბრობენ _ კანდიდატი არათუ ბრძოლის შეწყვეტას მეორე ტურში მეტი რესურსის გამოყენებას (მათ შორის ფინანსურისაც, თქმა არ უნდა) და გაორმაგებულ ბრძოლას შეეცდება. რამდენად მოახერხებს 20%-იანი ჩამორჩენის აღმოფხვრას, ეს 2 ნოემბერს გამოჩნდება. მოკლედ, ასეა თუ ისე წინ, მეორე ტური გვაქვს _ ეჭვგარეშეა მარათონში გვიან ჩართულმა ნინო წილოსანმა თითქმის შეუძლებელი შეძლო და რომ არა აკაკი ჩხაიძის პერსონა, პირველივე ტურის ტრიუმფით მოგებას წინ ვერაფერი დაუდგებოდა, ხოლო აკაკი ჩხაიძესთვის სწორედ წილოსანი რომ არ დაეყენებინა მმართველ პარტიას, ის, ალბათ, ერთადერთი არასამთავრობო კანდიდატი იქნებოდა, ახალ პარლამენტში პირველივე ტურიდან რომ მოხვდებოდა. დანარჩენმა კანდიდატებმა ჯამში 25%-იც ვერ მოაგროვეს: როგორც მოსალოდნელი იყო, მესამე ადგილზე `ნაცმოძრაობის~ კანდიდატი ნინო წილოსანი გავიდა 4102 ხმით (12,89%), მან პარტიაზე თითქმის 6%-ით ნაკლები მიიღო. მეოთხეზე გურამ ჩალაგაშვილი გავიდა (ძირითადად ჩოხატაურის უბნების ხარჯზე) _ `პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის~ წარმომადგენელმა 2199 ხმა მიიღო (6,91%) _ მისმა პარტიამაც (1%-ითაც არა) კანდიდატზე მეტი მხარდაჭერა მოიპოვა; დამოუკიდებელი კანდიდატი დავით ჟღენტი ჩოხატაურში მიღებული ხმებით მეხუთეზე გავიდა (988 ხმა, 3,11%). `პატრიოტთა ალიანსზე~ სამჯერ ნაკლები ხმა მიიღო მისმა კანდიდატმა გურანდა მანაგაძემ _ 460 ხმით (1,45%) ის მეექვსეზე გავიდა და თითქმის ორჯერ აჯობა `ლეიბორისტ~ ტარიელ კალანდარიშვილს (248 ხმა, 0,78%). მასზე სამჯერ მეტი კი მიიღო პარტიამ, მაგრამ ეს `ლეიბორისტებს~ ბარიერის გადასალახად არ ეყოთ, არათუ იმ ოდენობის მოსაგროვებლად, პარტიულ სიებში ყველაზე მაღლა მყოფი კალანდარიშვილი პროპორციული სიით მაინც რომ მოხვედრილიყო პარლამენტში. დანარჩენმა სამმა `უცნობმა~ კანდიდატმა 50 ხმაც კი ვერ მიიღეს ლანჩხუთი-ჩოხატაური-ოზურგეთის გაერთიანებულ ოლქში: თამილა ჟღენტი (პროგრესულ დემოკრატიული მოძრაობა) _ 48 ხმა (0,15%), ამირან ჭაღალიძე (თოფაძე-მრეწველები) _ 46 ხმა (0,14%), ლაშა ჯიბლაძე (კახა ძაგანია, სოსო შატბერაშვილი, მემარცხენე ალიანსი) _ 27 ხმა (0,08%). ახლა პარტიის ხმებზეც ვთქვათ. ლანჩხუთი-ჩოხატაურის ოლქში `ქართულმა ოცნებამ~ მთელი 10%-ით გადააჭარბა ქვეყნის მასშტაბით მიღებულ მონაცემს და 58% მიიღო (18469 ხმა). გურიის რეგიონს მუნიციპალიტეტებად თუ `დავშლით~ _ ლანჩხუთი მოწინავეა მმართველი პარტიის მხარდაჭერაში. მეორეზე, მოლოდინისამებრ, `ნაცმოძრაობა~ გავიდა _ ერთ დროს მმართველმა პარტიამ 5847 ხმა (18,36%) მიიღო. `ნაციონალებმა~ `ქართული ოცნებისთვის~ კვლავ `აუღებლად~ დატოვეს ოზურგეთის სოფელი ნასაკირალი, სადაც მაჟორიტარებს შორის ლანჩხუთელმა ნინო კვიტაიშვილმა მოიგო ორივე უბანი! მესამე ადგილზე კი ის პარტია გავიდა, ვინაც ბარიერი ვერ გადალახა _ პაატა ბურჭულაძის ფათერაკებიანმა და უფინანსოდ დარჩენილმა მოძრაობამ 7,62% (2429 ხმა) აიღო, რითაც ორჯერ და მეტად აჯობა მთელი ქვეყნის მონაცემს. სამაგიეროდ, პარლამენტში შევიდა პარტია, რომელმაც ლანჩხუთი-ჩოხატაურის ოლქში ბარიერი ვერ გადალახა _ 1529 ხმით `პატრიოტთა ალიანსმა~ 4,8% შეგროვება მოახერხა. ნინო ბურჯანაძის `დემოკრატიულმა მოძრაობამ~ 948 ხმა მიიღო (2,97%), ზედ არჩევნების წინ ლანჩხუთში უთავკაცოდ დარჩენილმა `თავისუფალმა დემოკრატებმა~ 823 (2,58%), `ლეიბორისტებმა~ _ 774 (2,43%), ხოლო `რესპუბლიკელებმა~ _ 437 (1,37%). ოთხივე პარტიამ ქვეყნის მასშტაბით უკეთესი შედეგები აჩვენა. ყველაზე ცოტა 11 ხმა მიიღო მემარცხენე ალიანსმა (0,03%), მხოლოდ ორჯერ მეტი ხმა პარტიამ, რომელიც ლანჩხუთში გასულ წლებში ანგარიშგასაწევი იყო _ მერაბ კოსტავას საზოგადოებას საკრებულო-გამგეობაში ხელმძღვანელი პირებიც ჰყავდა. პარტიამ, რომელმაც 1999 წელს ლანჩხუთში მაჟორიტარული არჩევნები მოიგო და ფრაქცია ლანჩხუთის დღევანდელ საკრებულოშიც ჰყავს, 100 ხმაც ვერ მიიღო _ `თოფაძე-მრწეველებს~ ახლა მხოლოდ 83 მხარდამჭერი აღმოაჩნდათ!!! 13 ხმა მიიღო ლანჩხუთი-ჩოხატაურის ოლქში თამაზ მეჭიაურის პარტიამ _ `ერთიანი საქართველოსთვის~. ასევე 0,04% აიღო, ოღონდ რაოდენობრივად ერთით მეტი ერთ დროს მმართველმა _ კომუნისტურმა პარტიამ. დანარჩენმა პარტიებმაც 100-ზე მეტი ხმის მიღება ვერ მოახერხეს...
ვინ რამდენი % მიიღო და სად რომელმა კანდიდატმა გაიმარჯვა _ ლანჩხუთი-ჩოხატაურის საარჩევნო ოლქის დეტალური შედეგები
განყოფილება: მთავარი თემა
გადასვლები: 0