ინტერვიუ მაჟორიტარობის კანდიდატთან ლანჩხუთისა და ჩოხატაურის გაერთიანებულ ოლქში გურამ ჩალაგაშვილთან _ ბატონო გურამ, წინა ინტერვიუში თქვენ განაცხადეთ, რომ გყავთ მეუღლე და 3 შვილი. უფრო დაწვრილებით მოგვიყევით თქვენს ოჯახზე?! – მყავს მეუღლე სოფიო ბუტიკაშვილი, რომელიც გავიცანი სამსახურში. 1998 წლიდან ვმუშაობდი მიუსაფარ ბავშვთა სახლში, სადაც ვიყავი სოციოლოგი, აღმზრდელი–პედაგოგი. ჩვენთნ იზრდებოდა დაახლოებით 60 ბავშვი, რომელთა დიდი ნაწილიც იყო ტოქსიკომანი. ამ ადამიანებს არ ჰქონდათ სახლ–კარი, უმრავლესობას არ ჰყავდა მშობლები. იყო შემთხვევები, როცა მეტროსადგურების ჩასასვლელებში, სიგარეტის დიდ ყუთებში მძინარე ბავშვები აგვიყვანია და შემდეგ გამხდარან იმ დიდი ოჯახის წევრები, რომელსაც „მომავლის სახლი“ ერქვა. ამ ბავშვებთან ერთად ხუთ წელზე მეტი გავატარე. თავადაც ძალიან ახალგაზრდა ვიყავი–20 წლის და ახლა რომ მახსენდება, მიკვირს როგორ მანდობდნენ და მატანდნენ ამ ბავშვებს ხან ზღვაზე და ხანაც ბორჯომში დასასვენებლად. შეიძლება ითქვას, რომ თან ვიზრდებოდი და თან ამ ბავშვებს ვზრდიდი. დღეს ვამაყობ, რომ ძალიან ბევრ მათგანთან მაქვს არაჩვეულებრივი ურთიერთობა. დღეს მათ ჰყავთ ოჯახები, აქვთ სამსახური და ჩვეულ რითმში მიჰყვებიან ცხოვრების 2000 წელს ჩემი მომავალი მეუღლეც მოვიდა. ის პროფესიით არის ფსიქოლოგი და ამ პროფესიით დაიწყო მუშაობა. იქ შედგა ჩვენი გაცნობა. დავმეგობრდით, შეგვიყვარდა ერთმანეთი და გაცნობიდან 11 თვის თავზე დავქორწინდით. გვყავს სამი შვილი: 13 წლის გიორგი, 11 წლის ანასტასია და პატარა თეკლა, რომელიც მალე 5 წლის გახდება. – _ ანუ ოჯახის მთავარი წევრია თეკლა... – _ კი, ასე გამოდის. ოჯახის უფროსი ეგ არის, რომელსაც მამა განსაკუთრებით ენატრება. ვინაიდან ჩემი მუშაობის გრაფიკიდან გამომდინარე, ბოლო ათი წელია მუდვივად სხვადასხვა ქალაქში და რაიონში მიწევს ყოფნა და საქმიანობა. პრაქტიკულად დროის უდიდეს ნაწილს ვატარებ საქმეში, ოჯახიდან მოწყვეტილი, რისი გამოსყიდვაც ბავშვებთან საკმაოდ ძვირი მიჯდება მუდმივად. ეს, რა თქმა უნდა ხუმრობით. მეუღლემ და ოჯახის წევრებმა კარგად იციან, რომ ეს საქმეს სჭირდება და ერთ ადგილზე ჯდომა და მხოლოდ ბრძანებების გაცემა არაა ჩემი ჰობი. ერთ ადგილას ჯდომით, საქმე არ კეთდება. ახლა საარჩევნოდ კი ეს დეფიციტი უფრო და უფრო იგრძნობა. – _ თქვენი მეუღლე გურული არ არის, გურულებისთვის დამახასიათებელ ფიცხ ხასიათს როგორ შეეგუა? _ სანამ ის ჩემი მეუღლე გახდებოდა, ეს ყველაფერი ძალიან კარგად იცოდა. არ განვეკუთნები იმ ადამიანების კატეგორიას, რომლებიც პირველ ეტაპზე მსახიობის ნიღაბს იკეთებენ, რომ ანგელოზად მოაჩვენონ ყველას თავი და მერე თავის საწადელს რომ მიაღწევენ, აიხსნიან ნიღაბს და სრულიად საწინააღმდეგო ადამიანები ხდებიან. სწორედ ეს გახლავთ ოჯახების ნგრევის ერთერთი მთავარი მიზეზი და არა მარტო ოჯახების. არა ერთი მეგობრობა დასრულებულა მსგავსი შემთხვევების გამო. ასე რომ, რაც ვიყავი, ვარ ისევ ის და ვეღარაფერი ვეღარ შემცვლის. ვარ საკმაოდ ფიცხი ხანდახან, ვიყავი და ვიქნები ყოველთვის მოთხოვნი რაც მთავარია ობიექტური. ვერ ვუგებ და ვეგუები ადამიანს, რომელსაც არანაირი პასუხისმგებლობის გრძნობა არ გააჩნია. – აღნიშნეთ შვილები მენატრებაო და რამდენად ახერხებთ თავისუფალ დროს მათთან ურთიერთობას?! – მოგეხსენებათ, პატარებს მოთხოვნები ყოველთვის აქვთ და რაც უფრო იზრდებიან ისინი, ეს მოთხოვნები ყოველდღიურად იზრდება. მათ იციან, რომ ზედმეტს ვერაფერს მიიღებენ, მაგრამ რაც სჭირდებათ, შეძლებისდაგვარად აქვთ. მოთხოვნილებებით განსაკუთრებით თეკლა აქტიურობს, პატარაა და მუდმივად რაღაც უნდა. ყოველ საღამოს ვიდეოზარით მირეკავს და აქვს ერთადერთი პრეტენზია–როდის მოხვალ ჩემთან. – _თქვენ ალბათ, კეთილი ტყუილით ეუბნებით, რომ ხვალ ჩამოვალ და ა.შ. – _ სხვათა შორის არა. დედამისი ეუბნება, რომ მამიკო ჯერ ვერ ჩამოვა, იმიტომ რომ აქვს საქმე და შენ რომ ბევრჯერ წახვალ ბაღში, ბევრჯერ რომ დაღამდება და ბევრჯერ გათენდება, აი შემდეგ ჩამოვა. – თქვენი მეუღლე თუ ჩაერთვება წინასაარჩევნო კამპანიაში? – საარჩევნო კამპანიაში არ ჩაერთვება. იმიტომ რომ მე ვთვლი ასე _ ეს არის ჩემი საქმე, რომელშიც მეუღლე არ უნდა ერეოდეს. მე მაქვს ჩემი გრაფიკი, ჩემი მიმართულება და ძალიან გადატვირთული გრაფიკი. მას აქვს მისი პროფესია და საქმე. აქვს სამსახური საკმაოდ დატვირთულ რეჟიმში, გარდა ამისა, არც მამა და არც დედა სახლში, ვფიქრობ ბავშვებისთვის არ იქნება კარგი. ასე რომ, ბავშვებს იმის ბედნიერება აქვთ, რომ დედა მაინც ყავდეთ გვერდით. – რამდენად მკაცრი მამა ხართ? – _ ზოგადად მკაცრი ვარ, არა მხოლოდ როგორც მამა, არამედ როგორ ხელმძღვანელი. თუმცა, ობიექტურად. პირველ რიგში მე და ჩემი შვილები ვართ მეგობრები, მათი მესაიდუმლე და ა.შ. გოგოები ცალკე მეჭორავებიან და აბეზღებენ თავიანთ ძმას, თუ როგორ უშლის გიორგი ნერვებს და მთხოვენ, ზომები მივიღო. რა თქმა უნდა, დაპირებას ღებულობენ, მაგრამ ეს დაპირება რჩება დაპირებად. რაც ყველაზე მთავარია, უფლის წყალობით გაგვიმართლა, რომ ჩემს შვილებს (უფროსებს) არ სჭირდებათ იმის თქმა, რომ წიგნი წაიკითხონ. ბავშვებმა თავად იციან, როგორ უნდა ისწავლონ და მინდა გითხრათ, რომ გიორგი არის დოზირებულად კარგი მკითხველი კლასგარეშე ლიტერატურის. ანასტასია გვყავს წიგნის ჭია. ეს არის ადამიანი, რომელსაც უკვე მუდმივად ვეჩხუბებით, რომ დღის განმავლობაში ერთი საათით მაინც გაერთოს და წიგნის კითხვას მოეშვას, მაგრამ ამაოდ. ამ ზაფხულს, თუ არ ვცდები, 42 ცალი საკმაოდ სქელტანიანი წიგნი დაამუშავა. ამდენი კითხვის პირველი შედეგიც მივიღეთ, უკვე სათვალეს ხმარობს. ხანდახან ნარდს მეთამაშება. მეუბნება რაზე ვითამაშოთ? პირობა ასეთია, მე თუ მოვიგებ, ყავას მომიდუღებს, ხოლო თავად თუ მაჯობებს, გამოაქვს ფურცელი, სადაც ახალი წიგნების საკმაოდ გრძელი სია აქვს ჩამოწერი, რომელიც უნდა ვუყიდო. რას ვიზამ, ვემორჩილები. რაც შეეხება პატარას, ის არის ჰიპერაქტიური და ჰიპერპრეტენზიული ადამიანი. თუ არის კარგ ხასიათზე მიდის ბაღში, თუ უხასიათოდ არის, მოიმიზეზებს, რომ თავი ტკივა, მუცელი ან ყური და თავისთავად ცხადია–რჩება სახლში. _ ეხმარებით თუ არა მეუღლეს საოჯახო საქმეებში და ხართ თუ არა გურმანი?! _ ჩემი გადატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე მაინც ვახერხებ. გურმანი ვარ, მეტყობა კიდეც (იცინის). თბილისში როცა ვარ, მეგობრები ხშირად მირეკავენ და მთხოვენ ჩემს მომზადებულ თევზზე საღამოს გატარებას. ვტრაბახობ და ვამბობ, რომ თევზს ვწვავ და ვამზადებ ისე, ვინც ერთხელ გასინჯავს, იმათ ვეღარ ვიშორებ სახლიდან. ბევრი მეუბნება მასწავლეო, მაგრამ ვერ ვასწავლი, რადგან ეს მხოლოდ მე გამომდის. ეს პროცესი მსიამოვნებს და ამიტომაც გამომდის სავარაუდოდ ასეთი გემრიელი. იგივეს ითხოვენ ხშირად ბავშვებიც და ოჯახის სხვა წევრებიც. მეც რათქმაუნდა ვემორჩილები. უპრობლემოდ შემიძლია სხვა კერძების მომზადებაც, საკმაოდ კარგად თან, მაგრამ თევზს მაინც განსაკუთრებულ უპირატებოსაც ვანიჭებ. _ წინა ინტერვიუში თქვენ რამდენიმე სიტყვით გაქვთ ნახსენები დედა. უფრო ვრცლად რომ გვითხრათ მასზე. მოსამართლე ურთმელიძეს თუ დავუჯერებთ, დედა ჩემი ოჯახის წევრი არ არისო. თქვენ როგორ ფიქრობთ?! _ მადლობა უფალს იმისთვის, რომ ჩვენ ურთმელიძეები არ ვართ. დედა არის დედა. მოგეხსენებათ, ჩემს ქვეყანაში დედა არის ის ადამიანი, რომელსაც უკავია განსაკუთრებული ადგილი ჩემს ცხოვრებაში და შესაბამისად უდიდეს სიყვარულს იმსახურებს. ის არის სულ სხვა ფენომენი _ დედა, დედაღვთისა, ღვთისმშობელი. ჩემი უსაყვარლესი სადღეგრძელო ეკუთვნის დედას, რომელიც დიდხანს მიგრძელდება ხოლმე. დედა არის ძალიან მაგარი ადამიანი და შემიძლია ერთი რამ ვთქვა, ქართველი ერი იარსებებს და არ გადაშენდება მანამ, სანამ დედის, მამის და მშობლის ფასი გვეცოდინება. მე მშობლისადმი სიყვარული განსაკუთრებულად მაქვს გაძლიერებული იქედან, სადაც ვმუშაობდი მთელი 6 წლის განმავლობაში, იმ ბავშვთა სახლში, რომელზეც ზემოთ გესაუბრეთ. სადაც არაერთი სცენა მაქვს ნანახი, როგორ მოდიოდნენ მშობლები, როგორ აიძულებდნენ შვილებს, ქუჩაში ემათხოვრათ და ა.შ. იქ მაქვს მონასმენი ბავშვისგან დედაზე პატარა მონოლოგი. ამ ბავშვს დედა საერთოდ არ ყავდა ნანახი, განა იმიტომ, რომ გარდაცვლილი იყო, არამედ მიატოვა. მიუხედავად ამისა, ეს ბავშვი დედას აღმერთებდა და ამბობდა: მერე რა, რომ მიმატოვა, ალბათ არ ჰქონდა ჩემი გაზრდის საშუალება. რაც მთავარია მან ცხრა თვე მუცლით მატარა და ამ ქვეყანას მომავლინაო. დღეს ეს ბიჭი უკვე კაცია და ძალიან ლამაზი ცხოვრებით ცხოვრობს საკუთარ ცოლ–შვილთან ერთად. ამ წლებმა ძალიან დიდი როლი ითამაშა. ვთვლი, რომ დედა არის არა მხოლოდ ჩვენი ოჯახის წევრი, არამედ ჩვენი სიცოცხლის გამლამაზებელი და რაც მთავარია, რამდენი წლისაც არ უნდა გავხდე, სანამ დედა და მამა ცოცხალი მყავს, თავი მუდმივად პატარა მგონია. დე როგორ ხარ, მა რას შვებით? აი ეს არის ის ის სიტყვები, რითაც ვგრძნობ, რომ ვარ წელმაგარი, ბედნიერი და მე და ჩემს ოჯახს ვერავინ ვერ მოგვერევა. აი ეს გახლავთ ჩემთვის დედა და მამა. ადამიანები, რომლებიც იყვნენ, არიან და იქნებიან მუდმივად ჩემი ოჯახის, სულის და გულის შეუცვლელი წევრები. _ ბატონო გურამ, დღეს ბევრი ადამიანი სწორედ ოჯახის რჩენის მიზნით არის გადახვეწილი უცხოეთში, ასეთი თქვენს ირგვლივაც ბევრი იქნება, რას ეტყოდით იძულებით ემიგრანტებს, რომლებსაც ოჯახები ენატრებათ?! _ ჩვენ, სხვათა შორის გვაქვს ხშირი კონტაქტი უცხოეთში მყოფ ჩვენს დიასპორასთან. მათ აქვთ თავიანთი გულისტკივილი, მათ ენატრებათ ოჯახები, შვილები, მეუღლეები. წლებია გასული რაც ერთმანეთი არ უნახავთ, მხოლოდ ვიდეოზარებით ხედავენ ურთიერთს. შეუძლებელია იმის თქმა, რომ ჩვენ, ხელისუფლებაში მოსვლის თანავე შევქმნით ცხოვრების ისეთ პირობებს, რომ ისინი უმალ დაბრუნდებიან საქართველოში. ვინც ამას იტყვის, ეს იქნება ტყუილი. ჩვენ გვაქვს ზუსტი გეგმა იმისა, თუ როგორ უნდა ამოვიყვანოთ ქვეყანა უფსკრულიდან; როგორ გავაძლიეროთ ეკონომიკა; ნელნელა შევქმნათ სამუშაო ადგილები და ქვეყანა დავაყენოთ სწორ რელსებზე, რაც თავისთავად იქნება წინაპირობა იმისა, რომ ემიგრანტებს ნელნელა გაუჩნდებათ საქართველოში დაბრუნების იმედი და საშუალება. და ამიტომაც, თუ ჩვენ ყველას გვაქვ სურვილი, რომ ვიცხოვროთ უფრო წარმატებულ საქართველოში, მაშინ მივიდეთ 8 ოქტომბერს საარჩევნო ყუთთან, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ და დავაფქსიროთ ჩვენი პოზიცია. არ უნდა გავაკეთოთ არჩევანი ცუდსა და უარესს შორის. დღეს საქართველოში გამოჩნდა და ამას ყველანი ვხედავთ, ერთადერთი რეალური ოპოზიციური ძალა, ეს არის პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის. დღეს ქვეყნები მიიწევენ მზის სხივის სისწრაფით წინ და ჩვენ იგივე სიჩქარით ვბრუნდებით წარსულში. არ შეიძლება რომ დღეს ხელისუფლებაში დაბრუნდნენ შევარდნაძის დროინდელი კორუმპირებული მმართველები, რომლებიც მხოლოდ ფულის კეთებით იყვნენ დაკავებულები. არ შეიძლება ქვეყანა დაბრუნდეს უკან წარსულში. ქვეყანას სჭირდება მომავალი, ახალი ძალა, ახალი სახეები და კომპეტენტური ადამიანები, რომლებიც ჭარბად არიან სწორედ პაატა ბურჭულაძის გუნდში. შემთხევითობა არ არის ის, რომ პირველი ნომერი ვართ და ვფიქრობთ პირველები ვიქნებით 8 ოქტომბერს. ასე რომ, ერთადერთი ძალა, რომელსაც გვაქვს საქმის კეთების გამოცდილება, სურვილი და შესაძლებლობა, გვსურს ახალი საქართველოს აშენება და ახალი, უფრო ლამაზი ცხოვრება, ეს გახლავთ პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის. ყველამ ერთად შემოვხაზოთ ნომერი 1. R
შემთხვევითობა არ არის ის, რომ პირველი ნომერი ვართ და ვფიქრობთ პირველები ვიქნებით 8 ოქტომბერს
განყოფილება: მთავარი თემა
გადასვლები: 0