ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

`ჰო და არამ~ ციხიდან სკანდალური წერილი მიიღო!

`ჰო და არამ~ ციხიდან სკანდალური წერილი მიიღო!
13-01-2016, 00:00

გაზეთ `ჰო და არას~ რედაქციამ ბათუმის #3 პენიტენციალური დაწესებულებიდან 6 იანვრით დათარიღებული სკანდალური წერილი მიიღო _ სკოლამდელი აღზრდის ცენტრის ყოფილი უფროსი დავით დობორჯგინიძე, რომელიც ქალაქში ჩატარებული სპეცოპერაცისას თანამშრომელთან ერთად ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს, დუმილს არღვევს!!! გაზეთის `ჰო და არას~ რედაქტორს, ქალბატონ ნონა გიგინეიშვილს!ქალბატონო ნონა, #3 პენიტენციალური დაწესებულების მსჯავრდებული დათო დობორჯგინიძე მოგესალმებით. პირველ რიგში, მოგილოცავთ შობა-ახალ წელს, გისურვებთ წარმატებებს და მეტ სიყვარულს. მკითხველის მხრივ, დაე, მათი რიცხვი გაორმაგებულიყოს ახალი 2016 წლიდან. ასევე თქვენი გაზეთის საშუალებით მინდა ახალი წელი მივულოცო ჩემს მეგობრებს, თანასოფლელებს, ყველა ღირსეულ ლანჩხუთელს.განსაკუთრებით ვულოცავ ჩემს ყოფილ თანამშრომლებს, სააღმზრდელო-საგანმანათლებლო ცენტრის და მასში დაქვემდებარებული ყველა საბავშვო ბაგა-ბაღის თანამშრომლებს. მიუხედავად ჩემი მათთან ხანმოკლე ურთიერთობისა, ამ ადამიანებმა ჩემში უდიდესი სიყვარული და ნდობა დაიმსახურეს, ისინი ღირსეული და თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალები არიან, განსხვავებით იმ ზოგიერთი გაბოროტებული ჩინოვნიკებისაგან, რომლებიც თავიანთ თანამდებობებს შურისძიებისთვის იყენებენ და რომლებსაც გადაწყვეტილი ჰქონდათ, ჩემი ხელით სამსახურიდან გაგვეშვა თანამშრომლების 80% მაინც. ეს კი რიცხობრივად 200 (ორასი) თანამშრომელი იყო. ეს ჩემთვის, რა თქმა უნდა, მიუღებელი გახლდათ.მიზეზი ამ შურისძიებისა მარტივი იყო: `თურმე ამ ხალხმა ერთ-ერთ ხელმძღვანელ ჩინოვნიკს არჩევნებში მხარი არ დაუჭირეს. მიზნის მისაღწევად `ბოროტმა~ გადაწყვიტა, ამ საქმეს სამარეში ჩაყოლოდა. მიზანს ვერ მიაღწიეს. თუმცა ვფიქრობ სამარეში ნამდვილად აღმოჩნდნენ.`ჩვენს ეპოქაში ადამიანების უმრავლესობა უსულოდაა აღზრდილი, მათ არ აქვთ შიში და სიყვარული ღმრთისა, ამდენად მათ არ აქვთ მუხრუჭი და რბოლას ისინი უფსკრულში ასრულებენ~. ეს სიტყვები მამა პაისს ეკუთვნის, კარგი იქნება თუ მას გაითვალისწინებს ზოგიერთი რაიონული ხელმძღვანელი. მე მწამს, რომ სიყვარულით ყველა უნდა გიყვარდეს, მაგრამ თუ ვერ შეძლებ ყველას სიყვარულს, ცუდი მაინც არავის არ უნდა უსურვო.ქალბატონო ნონა, დარწმუნებული ვარ დააკმაყოფილებთ ჩემს თხოვნას და თქვენს გაზეთში გამოაქვეყნებთ ჩემს მონაწერს, რისთვისაც წინასწარ გიხდით მადლობას. ასევე დარწმუნებული ვარ მკითხველიც და თქვენც დაინტერესდებით, თუ რა მოხდა სინამდვილეში და რატომ წამიყენეს ბრალი ქრთამის აღების მუხლით. მზად ვარ, საზოგადოებას სრულად გავაცნო მომხდარი და ნიღაბი ჩამოვხსნა ზოგიერთ ვირთხას!პატივისცემით, დავით დობორჯგინიძებათუმის #3 პ./დ., 06/01/2016 წ.`ჰო და არას~ მინაწერი:`ჰო და არა~ მზადყოფნას გამოთქვამს, ბატონ დავითს მისცეს საშუალება, თავისი მოსაზრება სრულად დააფიქსიროს და გაირკვეს ისიც, რა მოხდა რეალურად!ჩვენს მკითხველს კი შევახსენებთ, რომ თითქმის ერთი წლის წინ, 2015 წლის იანვრის ბოლოს, ქალაქ ლანჩხუთში სამართალდამცველებმა ჩაატარეს სპეცოპერაცია, რომლის ფარგლებშიც სკოლამდელი აღზრდის ცენტრის დირექტორი დავით დობორჯგინიძე და მისი თანამშრომელი ზურაბ ჩხაიძე დააკავეს. მათ ბრალი ქრთამის აღების მუხლით წაუყენეს. მაშინ გავრცელებული ინფორმაციით, საქმე შესყიდვებს ეხებოდა. `შემსყიდველი~, როგორც ითქვა, სამართალდამცავების მიერ იყო `კონტროლირებადი~. როგორ ამოიღეს დაკავებულებისგან სამართალდამცველებმა დანომრილი ფული (თუ საერთოდ ამოიღეს!) და რა იყო ლანჩხუთში ჩატარებული სპეცოპერაციის მიზანი _ რეალური დამნაშავეების დაკავება, `გაჩალიჩებული~ საქმე თუ სახელმწიფო მოხელეების პროვოცირება (რაც ასევე სისხლის სამართლის დანაშაულია), ამაზე პასუხი გამოძიებას უნდა გაეცა. თუ დავით დობორჯგინიძე თვლის (და მისი წერილიც ადასტურებს, რომ ასეა!), რომ მისი უფლება დარღვეულია, `ჰო და არა~ მზად არის მას მოუსმინოს. მით უფრო, რომ მის დაკავებამდეც არსებობდა ინფორმაცია, რომ ახალ უფროსს ბაღებში `წმენდა~ უნდა დაეწყო (აქვე სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ მისი დაკავების შემდეგაც არ მომხდარა საკადრო `წმენდა~), ხოლო დაკავების შემდეგ ითქვა, რომ ის იმ `ურჩობას~ შეეწირა, როცა საკადრო ცვლილებებზე უარი თქვა, ახლა მას შეუძლია დაამტკიცოს, რომ მისი პერსონის მიმართ დაკავებამდე არსებულ ინფორმაციებს ალიბად კი არ იყენებს, არამედ, მართლაც `წმენდაზე~ უარის თქმის გამო `გაუჩალიჩეს~...

განყოფილება: მთავარი თემა
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა