ინტერვიუ, პოლიტიკური პარტია ,,გირჩის” წევრთან, ისტორიკოს,
ვახტანგ ზენაიშვილთან.
_ ბატონო ვახტანგ, თქვენ ხართ ის ადამიანი, რომელიც 30 წლის წინ ერთ-ერთი, პირველი ჩაერთო ეროვნულ მოძრაობაში. რას ფიქრობთ რა იყო იმ დროის საქართველო და რა არის დღეს?
_ ეროვნულ მოძრაობაში, რომელიც ამავე დროს ანტიკომუნისტურიც იყო, გასული საუკუნის 70-იანი წლების მეორე ნახევრიდან ვარ ჩართული. ეს თავისთავად საინტერესო ისტორიაა და ამაზე ღირს ცალკე საუბარი. ახლა იმას გეტყვით, რომ მიუხედავად ოცდაათწლიანი დამოუკიდებლობისა ჩვენი ქვეყანა კვლავ საქართველოს სსრ-დ რჩება, ვინაიდან არ შეცვლილა მთავარი, საკუთრების ფორმა. ქვეყნის ეროვნული სიმდიდრე, აქტივების 80%-ზე მეტი კვლავ სახელმწიფო საკუთრებაში რჩება. ეს უმნიშვნელოვანესი საკითხია. კერძო საკუთრებაზე დაფუძნებული ეკონომიკა თავისუფლების უმნიშვნელოვანესი გარანტიაა. როდესაც ბოლშევიკები შემოვიდნენ საქართველოში, 1921 წელს, ორ თვეში, 15 აპრილს, გამოსცეს დეკრეტი, რომლის ძალითაც მიწები გადავიდა სახელმწიფო საკუთრებაში. ივლისში კი მოახდინეს საწარმოების (ფაბრიკა-ქარხნები, რკინიგზა, პორტები და სხვ.) ნაციონალიზაცია. რატომ ასე სწრაფად? იმიტომ რომ წარმოების საშუალებებზე სახელმწიფო საკუთრება სოციალიზმია და ისინი სოციალიზმს აშენებდნენ. როდესაც დამოუკიდებელი საქართველოს ყველა მთავრობა გვიმტკიცებს საბაზრო ეკონომიკაზე გადავედითო, ცრუობს, კვლავ სოციალიზმს ებღაუჭება და ქონებას, რომელიც თითოელ ჩვენთაგანს ეკუთვნის ბიუროკრატია განაგებს და იტაცებს! დროში გაწელილი სოციალიზმია ჩვენი პრობლემა, უმუშევრობის და სიღარიბის სათავე.
_ უკან რატომ ვერ დააბრუნა, ან არ დააბრუნა ძველმა თუ ახალმა ხელისუფლებამ ეს წართმეული საკუთრება?! რა მიზეზია, უცოდინრობა?
_უცოდინრობაცაა, მაგრამ მთავარი ინტერესებია. ხელისუფლებაში მოსული ძალა, როდესაც აღმოაჩენს, რომ მილიარდობით დოლარის განმკარგველია, დატაცების ცდუნებას ვერ უძლებს! არადა, პრივატიზაცია, სახელმწიფო ქონების განკერძოება ერთადერთი გზაა ეკონომიკის ამუშავების, აქტივების კაპიტალიზაციის! ხელისუფალნი სარგებლობენ მოსახლეობის გაუთვითცნობიერებლობით, საბჭოთა ინერციით და სახელმწიფო დღემდე აზის უზარმაზარ ქონებას, რომელიც ფაქტობრივად ამოღებულია ეკონომიკური საქმიანობიდან და ზოგ შემთხვევაში იქით ჭამს ბიუჯეტის ფულს! ყველა ეს მავნებლობა მთავრობას პატრიოტულ საბურველში აქვს გახვეული, იოლად აჯერებს მასას თითქოს სახელმწიფო კარგი პატრონ-მომვლელია. გადით ლანჩხუთის ქუჩებში, ჰკითხეთ ხალხს რა აზრის არიან მაგალითად ტყეების განკერძოებაზე. უმრავლესობა გეტყვით, რომ არ შეიძლება, ვინაიდან კერძო თუ იქნება გაიჩეხებაო.... ეს არის პრიმიტიული, სულელური წარმოდგენები, თუ მოიყვან მაგალითს და ეტყვი, შვედეთში არის 90 პროცენტი და მეტი კერძო ტყეები, რომელიც ნადირითა და ფრინველითაა სავსე, ამის საპასუხოდ გეტყვიან, ,,იგენი კაცო სხვა ხალხია". ასე არ არის, სხვა ხალხი იმიტომ არის, რომ საკუთრების ფორმა არის სხვა.
საკუთრების ფორმა განსასზღვრავს მთელი ეკონომიკური ცხოვრების შინაარსს.
ლანჩხუთში 11 ათასი ჰექტარი არის სახნავ სათესი, აქედან 7 ათასი ჰექტარი ისევ სახელმწიფო საკუთრებაშია. ის, რაც სახელმწიფო საკუთრებაშია, გავერანდა, განკერძოებული 4 ათასიც „შეჭამა“ ამ გავერანებულმა ნაწილმა. რატომ არ ხდება მიწების დამუშავება? იმიტომ, რომ მცირე ნაკვეთები არის წამგებიანი, აქ სიზარმაცე არაფერ შუაშია. ადამიანები გადახვეწილი არიან უცხო ქვეყანაში და იქ მუშაობენ. ზოგი ამბობს, აქ შრომა ეთაკილებათო, სისულელეა, უბრალოდ იქ, კერძო საკუთრებაზე დაფუძნებულ ეკონომიკების ქვეყნებში, შრომა უფრო პროდუქტიულია და მომგებიანი, ვიდრე აქ, სოციალიზმში ჩარჩენილ ქვეყანაში!
_ ცოტა შორიდან დავიწყეთ ეს ინტერვიუ და ალბაც საჭიროც იყო გაგვეხსენებინა, კომუნისტების პერიოდიდან მოყოლებული ასე ნაბიჯ-ნაბიჯ ზეწოლების და ათასგვარი დაბრკოლების პირობებში როგორ ხდებოდა თავისუფალი აზრის და გამოხატვის თავისუფლების გამოგლეჯა ხელისუფლების კლანჭებიდან. რაც გუშინ და გუშინწინ მოხდა, არის თუ არა ბინძური ქმედება თავისუფალი აზრისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ?
_თუ მე ვიღაცის გამოხატვის თავისუფლება დავიცავი, თუნდაც ჩემთვის მიუღებელ ადამიანს დავუდექი გვერდით, ეს იმიტომ, რომ მას აქვს უფლება თქვას, ან მოიქცეს ისე, რაც შეიძლება მე არ მომწონდეს. მთავარია სხვა ადამიანს ზიანს არ აყენებდეს, მორჩა და გათავდა.
უნდა გვესმოდეს ერთი რამ, მაგალითად გამოთქმა: ,,ჩემს გრძნობებს შეურაცყოფს"- ეს ისეთი გადღაბნილი ცნებაა, მისი იურიდიულ ჩარჩოში მოქცევა შეუძლებელია, რანაირად შეიძლება კანონში მოაქციო გრძნობა, ვის რა უშლის ნერვებს?! რა არის მიუღებელი?! ამას როგორ განსაზღვრავ? როგორ გაავლებ აქ ხაზს? რა არის დაშვებული, კანონმა რა უნდა აკრძალოს და რა არა?! ერთადერთი, რაზეც ზღვარი შეიძლება გაივლოს, ეს არის ძალადობა. თუ ერთი ადამიანი, მეორეზე არ ძალადობს ფიზიკურად, მას აქვს ყველაფრის უფლება, რაც უნდა ის უქნია, თუნდაც ჩემთვის მიუღებელი ცხოვრების წესი ჰქონია. როცა ამას ვამბობ სინამდვილეში ვიცავ ჩემს უფლებას. ყველაზე დიდი უმცირესობა არის, ერთი ადამიანი ცალ-ცალკე აღებული, შეიძლება შეგექმნას ისეთი ვითარება, როცა უმრავლესობისთვის ჩვენი ცხოვრების წესი ან აზრი არის მიუღებელი. თუ ეს ზღვარი არ იქნა გავლებული ძალადობაზე, შეიძლება ჩავიქოლოთ და შეგვეზღუდოს ჩვენ ის უფლებები, რაც ღვთისგან გვაქვს ბოძებული. ამის გააზრება არის მთავარი. ეს ყველაფერი, რაც მოხდა გუშინ და გუშინწინ, იყო მთავრობის მიერ ორგანიზებული და მოწყობილი. სხვა რამ გამორიცხულია, ადამიანები ასე არ იქცევიან, ადამიანები ერთმანეთს ქვებს არ უშენენ აზრების გულისთვის. ეს ასე არ ხდება. მოგიყვანთ ისტორიულ მაგალითს: თქვენ ალბათ გახსოვთ, რომ როდესაც ზვიად გამსახურდია იყო საქართველოს პრეზიდენტი, მას ჰყავდა ოპოზიცია, მეც მათ შორის აღმოვჩნდი, ხშირად აქეთ მიტინგს ოპოზიცია მართავდა, იქით გამსახურდია. ხშირად გვქონდა, შეხვედრები მის მომხრეებთან, იყო კამათი, დავა, ერთმანეთს ვუმტკიცებდით ჩვენ ჩვენს სიმართლეს, მაგრამ არასოდეს ყოფილა ჯოხებით და ქვებით დავრეოდით ერთმანეთს! გუშინწინ, რაც მოხდა ხომ საშინელება იყო და გუშინ გაგრძელება ვიხილეთ. პოლიცია და რობოკოპები, არ ყოფილან მოძალადეების შესაკავებლად, ასე რომ ყოფილიყო შეაკავებდნენ კიდეც. პოლიცია ელოდებოდა მომენტს, როდესაც ვიღაც აქედანაც ვერ მოითმენდა და ქვას ისროდა, რომ დარეოდნენ შემდეგ და დაერბიათ. ერთი რაღაც არის _ ჩვენ მოვდივართ საბჭოთა კავშირიდან, საბჭოთა მოქალაქე ჩაკეტილი ცხოვრების წესით ცხოვრობდა, უცხოს და განსხვავებულის მიმართ არ ჰქონდა მიმღებლობა. საზოგადოების არცთუ მცირე ნაწილს დღემდე მოჰყვება ეს და უნამუსო ხელისუფლება აღვივებს ამ განწყობილებებს და პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს. ჰომოფობია არ არის ქართული, ის საბჭოთა ტრადიციაა! სამწუხაროდ საბჭოთა და ქართული ბევრს ერთმანეთისგან ვერ გაუყვია....
_ბარემ ისიც უნდა ვთქვათ, ამ ყველაფერში აქტიურადაა ჩართული ჩვენი ეკლესია. დარამდენად მიგაჩნიად სწორი?
_ ეკლესია ფართო ცნებაა და მართებული იქნება ვთქვათ, საპატრიარქოში სტალინური მართლმადიდებლობაა გაბატონებული.
საპატრიარქო დღეს, მისი დიდი ნაწილი და საქართველოს მთავრობა უნისონში მოქმედებენ თავისუფლების წინააღმდეგ, ისინი ძალაუფლების შესანარჩუნებლად იბრძვიან.
_ამ აქციიის დარბევის ერთ-ერთი მიზეზად გამოყენებული იყვნენ ადამიანები, რომლებიც თითქოს ტრადიციებს იცავენ.
როგორ ფიქრობთ, მოწყობილი თავპირისმტვრევა ჰგავდა ტრადიციების დაცვას?
_ძალადობა ყოველთვის პატრიოტიზმსა და ტრადიციებს ეფარება. ქართული ტრადიცია კერძო საკუთრებაა, ამ საკუთრებისა და სიცოცხლის იარაღით დაცვის უფლებაა, განსხვავებულის მიმღებლობაა... „გვაქვს უთვალავი ფერითა“ - ხომ გახსოვთ?!
_ ივანიშვილი და სააკაშვილი არ არიან ქართულ პოლიტიკაში ოფიციალურად? და მაინც, რა გავლენას ახდენენ პოლიტიკაზე.?
_ ივანიშვილი გამოჩნდება თუ
არ გამოჩნდება, ფაქტი ერთია, ყველა ძაფი მასთან მიდის. ის არის მმართველი ქართულ პოლიტიკაში! გერცენი ლონდონში ცხოვრობდა, მაგრამ ვინ იტყვის, რომ რუსეთის პოლიტიკაში არ მონაწილეობსო. ლენინი მთელი ცხოვრება უცხოეთში იყო, მაგრამ მის გარეშე არაფერი ხდებოდა მის პარტიაში. მიშა, რა თქმა უნდა, მონაწილეობს ქართულ პოლიტიკაში, ამას არც მალავს და ვერაფერ უცნაურს ამაში ვერ ვხედავ!
_რას ელოდებით თვითმმართველობის არჩევნებიდან?
_თვითმმართველობის არჩევნები, პირველ რიგში ეს არის რეფერენდუმი, თუ 43 პროცენტს ვერ მიიღებს ,,ქართული ოცნება" მაშინ ახალი არჩევნები ჩატარდება.
რადგან თვითმმართველობაზე ჩამოვარდა საუბარი, გეტყვით, რომ რეალური თვითმმართველობა ჩვენთან მანამ არ იქნება, სანამ არ იარსებებს კერძო საკუთრება. კერძო საკუთრება აძლევს თვითმმართველობას შინაარსს, როგორც ბევრ სხვა რამეს. თუ საკრებულოში მოღვაწეობის საშუალება მექნება, ვიბრძოლებ მოსახლეობაში შევიტანოთ პრივატიზაციის აუცილებლობის იდეა. შეიძლება სხვა მუნიციპალიტეტის საკრებულობთან ერთად დავაყენოთ საკითხი, რომ პარლამენტში განიხილონ კანონპროექტი (რომელიც კარგა ხანია შეტანილია და ბლოკავენ), სახელმწიფო ქონების სპეციალურ საპრივატიზაციო ფულზე (რომელიც ყველა მოქალაქეს თანაბრად დაურიგდება) განკერძოების შესახებ. რანაირად შეიძლება თვითმმართველობაზე ილაპარაკოს უქონელმა ადამიანმა?.
_შეიძინა თუ არა ამ ხნის მანძილზე მოსახლეობამ გარკვეული გამოცდილება და ელოდებით თუ არა პროგრესს ამ არჩევნებში?
ნელა მაგრამ პროგრესი არის. გასეტი ამბობდა: თაობათა ცვლა ისტორიის მამოძრავებელი ძალააო. მოდის ახალი თაობა, მათი იმედი მაქვს. სოციოლოგიური გამოკითხვა ჩატარდა ახლახანს, „გირჩი” მეტი თავისუფლება“-ს 5%-იანი მხარდაჭერა აქვს. სინათლეა სოციალისტურ წყვდიადში! ეს ნამდვილი, ქართული ღირებულებების გადარჩენის იმედია. რაც ახლა ვთქვი, ვერ გაიგებს ის ხალხი, ვინც საბჭოეთშია ჩარჩენილი, ვინც სტალინური ეთნოპატრიოტიზმის კლიშეებით აზროვნებს, ვისაც მახინჯი კომუნისტური ტრადიციები ქართული ჰგონია! თავისუფლებისთვის ბრძოლა მუდმივი პროცესია, როგორც ფილოსოფოსი ამბობს- „მარადიული ბრძოლა და ხმლის ქნევა!“
მაია კუკულაძე
ვახტანგ ზენაიშვილი: მიუხედავად ოცდაათწლიანი დამოუკიდებლობისა ჩვენი ქვეყანა კვლავ საქართველოს სსრ-დ რჩება
განყოფილება: მთავარი თემა
გადასვლები: 967