ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

მექსიკაში მოღვაწე მეცნიერი სოფელ ჭინათიდან

18-11-2020, 10:46

,,7 წლის ასაკში გურიიდან თბილიში ჩამოვედი და 23-ე ფრანგული სკოლის პირველკლასელი გავხდი. ამ დროს, ქართულად გამართულად ლაპარაკი მიჭირდა, რადგან ჩემს ლექსიკონში ჭარბობდა გურული სიტყვები და დიალექტი. ამის შემდეგ ისე განვითარდა ჩემი ცხოვრება, რომ დღეს ექვს ენაზე შემიძლია თავისუფლად წერა, კითხვა და ლაპარაკი“ - მექსიკაში მოღვაწე ქართველი გეოფიზიკოსი – ავთო გოგიჩაიშვილი,  რომელიც უკვე 20 წელზე მეტია მექსიკაში მოღვაწეობს, ამ ეტაპზე კი მექსიკის ეროვნული უნივერსიტეტის დაქვემდებარებაში არსებულ არქეომაგნეტიზმის ეროვნულ ცენტრს ხელმძღვანელობს. 
მისი კარიერა 200-ზე მეტ სამეცნიერო ნაშრომს, დედამიწის მაგნიტური ველის კვლევას და უამრავ დაფრთიანებულ მეცნიერს მოიცავს. დღეს, მის ხელმძღვანელობაში არსებული ცენტრის, ერთგვარი კონგლომერატის ფრთის ქვეშ ლაბორატორიათა ქსელი ერთიანდება, რომელთა მიზანია არქეოლოგიაში ფიზიკური მეთოდების გამოყენება, მოპოვებული ნიმუშების აბსოლუტური ასაკის დასადგენად. 
ავთო გოგიჩაიშვილის მოღვაწეობა ათწლეულებია სხვადასხვა ქვეყნის სამეცნიერო წრეებსა და ექსპედიციებს უკავშირდება, თუმცა, მას საქართველოში ჩატარებულ არქეოლოგიურ სამუშაოებშიც დიდი წვლილი მიუძღვის. „აქტიური მონაწილეობა მივიღე დმანისის უძველესი ადამიანის ასაკის განსაზღვრაში. ასევე, ვმონაწილეობ უნიკალური არქეოლოგიური ძეგლის – გრაკლიანის გორის შესწავლაში, რომელსაც კურირებს უბადლო არქეოლოგი, თსუ-ს პროფესორი ვახტანგ ლიჩელი. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ერთობლივი კვლევა გრძელდება ჯავახეთის და ყაზბეგის ვულკანურ წარმონაქმნებზე“.
დედამიწის სიღრმე მის მეხსიერებას ინახავს. გათხრებისას ნაპოვნი, ათასობით წლის წინანდელი გამომწვარი თიხის საგნები მაგნიტური ველის იმ მნიშვნელობებს გვაჩვენებს, რომელიც დედამიწას კონკრეტულ ადგილზე, საგნის გამოწვის დროს ჰქონდა. ეს ერთგვარი ანაბეჭდია, რომლის პოვნისა და შესწავლის შემდეგ, შესაძლებელი ხდება აღვადგინოთ დედამიწის მაგნიტური ველის დამახარისხებელი პარამეტრები. საბოლოო ჯამში კი, სხვადასხვა ასაკის არქეოლოგიური ობიექტების არქეომაგნეტური მეთოდით კვლევა გვაძლევს, დროის მიხედვით, დედამიწის მაგნიტური ველის ცვლილებების გრაფიკის შედგენის შესაძლებლობას. მოკლედ რომ ვთქვათ, არქეომაგნეტიზმი, ერთი მხრივ, არქეოლოგიური ობიექტების დათარიღების ინსტრუმენტია, მეორე მხრივ კი დედამიწის მაგნიტური ველის ცვალებადობის შესწავლის საშუალება. ეს, დაახლოებით, ის პრინციპებია, რომლებსაც მექსიკაში, არქეომაგნეტიზმის ეროვნულ ცენტრშიც ეყრდნობიან და რა თქმა უნდა, სანამ ავთო ამ ცენტრს უხელმძღვანელებდა, მისი ამბავი სულ სხვა კონტინენტზე, სულ სხვა გარემოში დაიწყო. ამის თქმის საშუალებას მასთან, მისი „მეხსიერების დათარიღების მიზნით“ ჩატარებული ინტერვიუ გვაძლევს. ისევე, როგორც იმის თქმის საშუალებას, რომ ავთოს განვითარება, დაახლოებით, 50 წლის წინ, გურიაში, სოფელ ლესაში (ჭინათში) დაიწყო.  როგორც ჩვენმა წყარომ მოგვაწოდა ინფორმაცია იგი სიბერეში სოფელში დაბრუნებასაც გეგმავს.
,,ვფიქრობ, რომ ოჯახურ გარემოს კრიტიკული მნიშვნელობა აქვს. მამა თსუ-ს ფსიქოლოგიის პროფესორია, ხოლო დედა პედიატრი – ინფექტოლოგი. მათი მაგალითით ჩამენერგა შრომისმოყვარეობა და პასუხისმგებლობის გრძნობა. მახსოვს, ყოველ დღე უნდა ჩამებარებინა გაკვეთილები მამისთვის, რაც გაცილებით რთუ-ლი იყო, ვიდრე მეორე დღეს, გაკვეთილზე გამოძახება. ზუსტად იგივე გზა გამოიარა ჩემმა ძმამ – ყველასთვის ცნობილმა დათო გოგიჩაიშვილმა და როგორც ხედავთ, მეთოდმა გაამართლა.” - ამბობს იგი.
მათემატიკისკენ მიდრეკილების გამო, მე-8 კლასიდან  ჩააბარა ილია ვეკუას სახელობის 42-ე ფიზიკა მათემატიკურ სკოლაში, სადაც ასწავლიდა  უბადლო მათემატიკოსი, ოლეგ კვეტენაძე და ასევე, შესანიშნავი ფიზიკოსი ლეილა ნარიოდოშვილი. ამ ორმა ადამიანმა  შეაყვარა ეს დარგი, რის შემდეგაც 1988 წელს, თსუ-ს ფიზიკის ფაკულტეტზე ჩააბარა. მიუხედავად  რთული პერიოდისა, ამ დროის ფიზიკის ფაკულტეტი არ ჩამოუვარდებოდა მსოფლიოს არც ერთ უნივერსიტეტის ფიზიკის მიმართულებას. წილად ხვდა ბედნიერება ჰყოლოდა  ლეგენდარული მასწავლებლები – არჩილ სულაქველიძე, ოთარ ნაფეტვარიძე, გოგი ალექსანდრია, არჩილ ხელაშვილი, ჯემალ მებონია და სხვები. მისი გეოფიზიკოსად ჩამოყალიბებაში კი განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის პროფესორ ჯემალ სოლოღაშვილს.
მისი კარიაერა ასე დაიწყო:
1991 წლის ზაფხულში, სამცხე-ჯავახეთში ჩატარდა საერთაშორისო პალეომაგნიტური ექსპედიცია, სადაც  მთსუ-ს გეოფიზიკის კათედრის პროფესორმა – ჯემალ სოლოღაღვილმა მიიწვია, როგორც სტუდენტი და თარჯიმანი. აქ გაიცნო მონპელიეს (სამხრეთ საფრანგეთი) უნივერსიტეტის პროფესორი მიშელ პრევო, რომელმაც შემდგომში მიიწვი საფრანგეთში, სწავლის გასაგრძელებლად. ასე აღმოჩნდა 1993 წლის ოქტომბერში საფრანგეთში, სადაც 1999 წლის იანვრამდე დაჰყო.
,,დღემდე გამოქვეყნებული  მაქვს 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, ინდექსირებულ სამეცნიერო ჟურნალებში, სხვადასხვა თემებზე და სხვადასხვა გეოგრაფიული ადგილიდან. ანუ დედამიწის კვლევა კონტინენტიდან. ჩემთვის განსაკუთრებულად საინტერესოა გეომაგნიტური ინვერსიების შესწავლა, ანუ პროცესი, როცა მაგნიტური პოლუსები იცვლიან პოზიციას. დგინდება, რომ დედამიწის არსებობის ისტორიაში სტატისტიკურად ნორმალური პოლარობა (მაგნიტური პოლუსი ფლუქტუირებს გეოგრაფიულ პოლუსთან ახლოს, რაც დღეს ხდება), იმდენივე დროის განმავლობაში არსებობდა, რამდენიც შებრუნებული პოლარობა (ასეთ შემთხვევაში კომპასი, პოპულარულ ენაზე რომ ვთქვათ, უთითებს სამხრეთს). მე განსაკუთრებით მაინტერესებს გარდამავალი გეომაგნიტური ველის თავისებურებები, ანუ როცა ვირტუალურად მაგნიტური პოლუსი არც ჩრდილოეთშია და არც სამხრეთში. ამ პროცესს ჰქვია მესამე მეტასტაბილური მდგომარეობა, რაც დედამიწის ისტორიაში ძალიან იშვიათია.’’ამბობს იგი.       დოქტორანტურის დამთავრების შემდეგ, მონაწილეობა მიიღო პოსტდოქტორანტის კონკურსში, სადაც გაიმარჯვა. სამწლიანი კონტრაქტის შემდეგ მიიღო პერმანენტული პოზიცია, 2004 წლიდან კი სრული პროფესორის სტატუსი. აქვე შექმნა  გურულ-მექსიკური ოჯახი. მისი  მეუღლე მექსიკელია, პროფესიით ფსიქოლოგი. ჰყავს შვილები ნიკოლოზი და მაია. ნიკოლოზი 19 წლისაა და მათემატიკური ეკონომიკის (ეკონომეტრიის) მეორე კურსის სტუდენტი, მაია კი 12 წლისაა. ,,ძალიან მეამაყება, რომ ის დოქტორანტები, რომელთა ნაშრომებსაც ვხელმძღვანელობდი, დღეს მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში მუშაობენ. დღემდე, აკადემიური თვალსაზრისით გაზრდილი მყავს 17 დოქტორანტი და 30-ზე მეტი მაგისტრი. მივიჩნევ, რომ ყველა მეცნიერის პირდაპირი მოვალეობა და მიზანია ახალი მეცნიერების დაფრთიანება.’’ ამბობს იგი. ავთო გოგიჩაიშვილი მექსიკაში მოღვაწეობას აგრძელებს. თუმცა, მისი საქმიანობის არეალი მხოლოდ ერთ ქვეყანას, ან კონტინენტს იშვიათად მოიცავს. ჩვენ ყველას განსხვავებული სიღრმეები გვაქვს და შეიძლება, ბევრს მოგვწონს მათში ჩაძრომა და ახალი რამეების აღმოჩენა, თუმცა, მინიმუმ დედამიწასთან დამოკიდებულებაში ავთოსგან მაინც განვსხვავდებით. რადგან კიდევ ერთხელ – ჩვენ ვცხოვრობთ ამ პლანეტაზე, ის კი იკვლევს მას.
მაია კუკულაძე

განყოფილება: მთავარი თემა
გადასვლები: 1 719
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა