ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ამაზონის ჯუნგლებს 2064 წლისთვის განადგურება ემუქრება

18-01-2021, 13:33

ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე ფლორიდის უნივერსიტეტის თანამშრომლის, პროფესორ რობერტ ვოქერის მიერ გამოცემაში Environment გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, ამაზონის ჯუნგლების უდიდეს ნაწილს 2064 წლისთვის განადგურება ემუქრება ამის მიზეზად მკვლევარი კლიმატის ცვლილებასა და ადამიანის სამრეწველო საქმიანობით გამოწვეულ გაუტყეურებას ასახელებს, რაც, შესაძლოა, ახლო მომავალში ადგილობრივი ეკოსისტემის სრულ კოლაფსის საფუძველი გახდეს. 

მეცნიერის განცხადებით, ამაზონის ჯუნგლები მისთვის დამახასიათებელი ტენის ცირკულაციას უზრუნველყოფს, რაც მთლიან რეგიონში წვიმების სიხშირეს განაპირობებს. შესაბამისად, თუ იქ არსებული ბუნებრივი რესურსების გამოყენებას მომავალშიც ამგვარი ტემპით განვაგრძობთ, ეს უარყოფით გავლენას მოახდენს ატმოსფერული ნალექის რაოდენობაზე. ვოქერის თქმით, შედეგი უკვე სახეზეა - ბოლო რამდენიმე დეკადის განმავლობაში ჯუნგლებში მშრალი სეზონი მნიშვნელოვნად გახანგრძლივდა, რომლის შემდეგაც დარჩენილ მოკლე დროში ტყე ძალების აღდგენას ვერ ასწრებს. ნაშრომის ავტორი შიშობს, რომ მსგავსი ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში, აღნიშნულ არეალში 2005 წელს დაფიქსირებული განსაკუთრებულად მკაცრი გვალვა საუკუნის დასასრულისთვის უკვე ჩვეულებრივ მოვლენად გადაიქცევა.

მკვლევრის მიერ ახლახან გამოქვეყნებული ოფიციალური ანგარიშის მიხედვით, ყველაზე რთული ვითარება ამაზონის სამხრეთ ნაწილშია, სადაც ყოველ ათწლეულში მშრალი სეზონი 6,5 დღით ხანგრძლივდება. მისი პროგნოზით, ამ ტერიტორიაზე არსებული ჯუნგლების 30-40 პროცენტის გაუტყეურება დასავლეთით წვიმების სიხშირის 40 პროცენტით შემცირებას გამოიწვევს. მდგომარეობას ბოლო დროს გაჩენილი ხანძრის მრავალი კერა და ხეების ინტენსიური ჭრა ამწვავებს, რაც ვოქერის აზრით, არასწორი გარემოს დაცვითი პოლიტიკის შედეგია.

მეცნიერის განცხადებით, თუ უახლოეს მომავალში ამ უდიდესი ეკოლოგიური პრობლემის მოსაგვარებლად არაფერს ვიღონებთ, ჯუნგლების განადგურების პროცესი შეუქცევადი გახდება. ეს კი არა მხოლოდ მის მახლობლად მცხოვრებ ადამიანებს დააზარალებს, არამედ უნიკალურ ფლორასა და ფაუნასაც მოსპობს და გლობალურ დათბობას კიდევ უფრო დააჩქარებს.


გადასვლები: 376
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა