მთელი პანდემიისა და ონლაინ სწავლების განმავლობაში „ჰო და არა" აქტიურად იკვლევს, აანალიზებს და თავის მკითხველს აცნობს მნიშვნელოვან, აქტუალურ საკითხებს. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, არ გამოგვრჩეს არცერთი ის ღირებული ნიუანსი, რომელიც აინტერესებს ან აღელვებს ჩვენი რაიონის მოსახლეობას.
ბოლო კვირების განმავლობაში რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს შევეხეთ ონლაინ სწავლებასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ გავუსვით ხაზი იმ პრობლემების აღმოფხვრის დროულ აუცილებლობას, რაც კორონა ვირუსის გავრცელებას ახლდა თან. ჩავწერეთ, როგორც მოსწავლეები, ისე პედაგოგები და ჩვენი რაიონის სკოლების დირექტორები.
ცხადია, პანდემიის ყოველდღიური ცხოვრება ყველასთვის, თითოეული ჩვენგანისთვის, ძალიან მძიმე იყო, თუმცა, ყველა ერთხმად თანხმდება, რომ სამედიცინო პერსონალისთვის, პედაგოგებისთვისა და მოზარდებისთვის ყველაზე რთული აღმოჩნდა ეს დაძაბული და ზედმეტად გადატვირთული დღის რეჟიმი.
განსაკუთრებით რთული და შრომატევადი აღმოჩნდა პედაგოგების მუშაობა დაწყებითი კლასის ბავშვებთან, რომლებმაც ჯერ არც წერა-კითხვა იციან, არც ანგარიში და დამოუკიდებლად თითქმის არაფრის კეთება შეუძლიათ. ამ პერიოდში მშობელიც მასწავლებლის ფუნქციას ასრულებდა, გამომდინარე იქიდან, რომ პედაგოგი ასეთ მცირეწლოვან ბავშვებთან მარტო ვერ შეძლებდა სრულყოფილი საგაკვეთილო პროცესების წარმართვას. ამჯერად, სოფელ ნიგოითის საჯარო სკოლის ბ კორპუსის დაწყებითი საფეხურის პედაგოგთან, ქალბატონ ფატი კაკულიასთან შემოგთავაზებთ ინტერვიუს, რომელმაც მადლობის სიგელი მიიღო პედაგოგიურ საქმიანობაში განსაკუთრებული დამსახურებისათვის. ის ონლაინ სწავლების პროცესში შექმნილი პრობლემების, უსაფრთხოების ნორმების დაცვასა და მოსწავლეებთან ურთიერთობაში საჭირო ნიუანსებზე გვესაუბრება:
- პირველ რიგში, მოგესალმებით, ქალბატონო ფატი. მინდა, კიდევ ერთხელ შევეხო ბოლო პერიოდში ყველაზე აქტუალურ თემას - საგაკვეთილო პროცესების ვირტუალურ სივრცეში გადანაცვლებას. იქნებ გვიამბოთ, პირადად თქვენ რა პრობლემებს აწყდებოდით ყოველდღიურად და რამდენად ახერხებდით სრულყოფილი ცოდნის მიწოდებას თქვენი მოსწავლეებითვის?
- კორონა ვირუსით გამოწვეული კრიზისი განსაკუთრებით მტკივნეული ბავშვებისთვის იყო. ვირუსმა ოჯახების სიღატაკის მაჩვენებელი გაზარდა და განათლების მიღების შესაძლებლობა შეამცირა. სამწუხაროდ, ამ მხრივ მართლაც არაერთი პრობლემა გვქონდა. ზოგ ბავშვს ინტერნეტთან არ ჰქონდა წვდომა, ზოგს არ ჰქონდა კომპიუტერი თუ ტელეფონი და გულახდილად რომ ვთქვა, თავდაპირველად, რიგი მიზეზების გამო, ვერ ვახერხებდით სრულყოფილი გაკვეთილების ჩატარებას. ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, დაბნეულობაც ახლდა თან, თუმცა, საბედნიეროდ, მალე მოგვარდა ეს პრობლემები და სრულფასოვან საგაკვეთილო პროცესებს ვატარებდით.
რაც შეეხება ბავშვების მხრიდან ახსნილი მასალის გააზრება-გაგებინებას, ვთვლი, რომ საკმაოდ ნაყოფიერი იყო ამ მხრივ ჩვენი ონლაინ გაკვეთილები, რაც ნათლად აისახა მათი ცოდნის შედეგზე.
- როგორც ვიცით, მთელი ქვეყნის მასშტაბით არც თუ ისე სახარბიელო სიტუაცია გვქონდა მოზარდების ონლაინ გაკვეთილებზე დასწრებასთან დაკავშირებით, უამრავი მოსწავლე სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ ახერხებდა ამ პროცესში ჩართვას. ბუნებრივია, გამონაკლისი არც ჩვენი რაიონი იყო. ამ მხრივ როგორი ვითარება იყო თქვენს შემთხვევაში? რამდენად სრულყოფილი იყო თქვენს ონლაინ გაკვეთილებზე მოსწავლეების სწრებადობა?
- დიახ, ხშირად გვესმოდა ამ ფაქტის შესახებ ტელევიზიით თუ სხვა საშუალებით, მაგრამ შემიძლია ვთქვა, იშვიათი გამონაკლისის გარდა, 100 %-იანი დასწრება მქონდა გაკვეთილებზე. ვფიქრობ, სწორედ ესაა მიზეზი ჩვენი ონლაინ გაკვეთილების ასეთი ნაყოფიერების და ეფექტურობის, მთავარი ხომ შრომისმოყვარეობა და მონდომებაა და ჩემმა მოსწავლეებმაც ამის საშუალებით საკმაოდ წარმატებულად გაიარეს ეს მძიმე პერიოდი.
- როგორც თავიდანვე აღვნიშნეთ, ყველაზე რთული დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებთან მუშაობა იყო და შეუძლებელიც მშობლების ჩართულობის გარეშე. რამდენად იყვნენ მშობლები ჩართულნი თქვენს ყოველდღიურ საგაკვეთილო პროცესში? - მადლობა ამ შეკითხვისთვის. მართლაც. ეს იყო აუცილებელი პირობა სასურველი შედეგის მისაღწევად. ჩემი მოსწავლეების მშობლები აქტიურად იყვნენ ჩართულნი ამ პროცესში, რისთვისაც მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ მათგანს.
- ყველა მშობელი ღელავს თავისი შვილების უსაფრთხოებაზე. ამ პანდემიამ თითქოს გააფერმკრთალა ცოდნის მიღების უწყვეტობის აუცილებლობა. აბსოლუტურად ყველა გადართულია ჯანმრთელობის შენარჩუნებაზე.
როგორც ვიცით, არა ერთი ნორმა და რეკომენდაცია მიეცა სკოლებს, რომ თავიდან ავირიდოთ გაუთვალისწინებელი შემთხვევები და ყველაფერი ვიღონოთ, წინ აღვუდგეთ კორონა ვირუსის გავრცელებას.
რამდენად მომზადებული დახვდა ნიგოითის საჯარო სკოლის ბ კორპუსი სწავლის დაწყებას და არის თუ არა აღჭურვილი ის იმ აუცილებელი საშუალებებით, რაც ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ მიმართულ ბრძოლაში მნიშვნელოვანია?
- უდავოდ მნიშვნელოვანია, ბავშვებმა შეძლონ სწავლის გაგრძელება უსაფრთხო, სასიამოვნო და მხარდაჭერით სავსე გარემოში. ამისათვის სკოლაში ყველანაირი პირობაა შექმნილი: აღჭურვილია ყველა საჭირო ნივთით, ეს იქნება სადეზინფექციო ხსნარები თუ პირბადეები. ყველგან გამოკრულია რეკომენდაციები, როგორ უნდა დავიცვათ თავი ვირუსის გავრცელებისგან. დავიცვათ დისტანცია, ხშირად დავიბანოთ ხელები და ა.შ.
ჩვენი სკოლა ყველა რეკომენდაციას ზუსტად იცავს, რათა დავიცვათ, როგორც მოსწავლეების, ასევე, ჩვენი პირადი ჯანმრთელობა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ყოველი ადამიანისთვის.
- როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანი როლი აქვს ყოველ მასწავლებელს ვირუსის წინააღმდეგ მიმართულ ბრძოლაში?
- ჩემი აზრით, მასწავლებელს გადამწყვეტი როლი აქვს კოვიდ 19-ის შესახებ სწორი ინფორმაციისა და მეცნიერული კვლევების დადასტურებული ფაქტები გაუზიარონ მოსწავლეების, რათა ხელი შეუწყონ მათში გაჩენილი შიშისა და შფოთის ადვილად გამკლავებას. უნდა მივაწოდოთ მათ სწორი რეკომენდაციები და მოვუსმინოთ რა აწუხებთ. საჭიროა, ასაკიდან გამომდინარე გავცეთ მათ პასუხი და ავუხსნათ, რატომაა საჭირო ამ ნორმების დაცვა.
- იქნებ გვიამბოთ თქვენი და თქვენი პატარა მოსწავლეების ურთიერთობის შესახებ? რამდენად თბილი, ახლო დამოკიდებულება გაქვთ მათთან, რაც აუცილებელი ფსიქოლოგიური პირობაა მცირეწლოვან ბავშვებთან?
- ჩვენი პროფესია ძალიან რთული და საფრთხილოა იმიტომ, რომ საქმე მოსწავლეების სულთან გვაქვს. მათი ღირსეულ ადამიანებად ჩამოყალიბებაში უდიდესი როლი აქვს სკოლასა და მასწავლებლებს.
პირველ რიგში, აუცილებელია, ბავშვების სიყვარული, პატივისცემა, მათი აზრისა და შეხედულებების გათვალისწინება.ყოველთვის ვცდილობ, მათთან მეგობრული, ახლო ურთიერთობა მქონდეს.
მე ვგრძნობ ჩემი მოსწავლეების მხრიდან სიყვარულს, სითბოს და
ესაა ყველაზე დიდი ბედნიერება.
ესაუბრა
მარიამ კვაჭაძე
ფატი კაკულია: უდავოდ მნიშვნელოვანია, ბავშვებმა შეძლონ სწავლის გაგრძელება უსაფრთხო, სასიამოვნო და მხარდაჭერით სავსე გარემოში
განყოფილება: ---
გადასვლები: 1 125