ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ლელა ჩახვაძე: ,,ეს არჩევნები იყო სპეცოპერაცია“

ლელა ჩახვაძე: ,,ეს არჩევნები იყო სპეცოპერაცია“
27-10-2017, 09:43

,,ჰო და არას“ პრესკლუბში ,,პატრიოტთა ალიანსის“ და ,,ბურჯანაძე–დემოკრატების“ ლანჩხუთის ორგანიზაციის ლიდერებმა პრესკონფერენცია გამართეს. ლელა ჩახვაძემ, დარეჯან(მაცაცო) ბურჭულაძემ და ნონა მურვანიძემ ჩატარებულ არჩევნებზე ისაუბრეს და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.
ლელა ჩახვაძე: ,, ჩემი პოლიტიკური წარსულის მქონე ადამიანს თუ რამე გამაკვირვებდა, ნამდვილად არ მეგონა. ეს იყო ჩუმი პოლიტიკური დევნა და ანგარიშსწორება პირადად ჩემი შვილის, გვანცა ჩხარტიშვილისა და ჩემს მიმართ. როგორც მოგეხსენებათ, გვანცამ ხმაურით დატოვა ,,ქართული ოცნების“ რიგები, ხოლო მე დავტოვე საკმაოდ კარგი სამსახური თბილისში და შევუერთდი ,,პატრიოტთა ალიანსს“. დღიდან ჩემი ჩამოსვლისა, თითქმის ყოველდღე დაგვყვებოდა ორი ,,პიკაპი“, გვითვალთვალებდნენ და ყველა ჩვენს ნაბიჯს აკონტროლებდნენ. რაც შეეხება კონკრეტულად არჩევნების პროცესს, დააშინეს ყველა, ვისი დაშინებაც შეიძლებოდა, იყიდეს ყველა, ვინც გაიყიდა, დააშანტაჟეს ყველა, ვისი შანტაჟიც შეიძლებოდა. ამ თვითმმართველობის არჩევნებს თამამად დავარქმევ სპეცოპერაციას. მე სულაც არ ვარ ხალხზე გაბრაზებული, ხელისუფლებამ გამოიყენა ყველა ბერკეტი, რათა მოსახლეობას თავისი ნება არ დაეფიქსირებინა ამ არჩევნებზე. სუსის უფროსის მოადგილის, იოსებ გოგაშვილის პირადი დავალებით ხდებოდა ჩემი და გვანცას დისკრედიტაცია, ამით ოცნებამ დაანახა საზოგადოებას, რომ დაისჯებოდა ყველა ვინც მათ წინააღმდეგ წავიდოდა. საბოლოო ჯამში, მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. როგორც იცით, მიღებული ხმების მიხედვით, ,,პატრიოტთა ალიანსიდან“ მხოლოდ მე შევედი საკრებულოში, ხოლო დარეჯან ბურჭულაძე ვერ გახდა დეპუტატი. სულ რაღაც თვენახევარია, რაც მე და დარეჯანი ერთად ვმუშაობთ და მინდა გითხრათ, გაოცებული ვარ ისეთ სითბოს ამჟღავნებენ ამ ადამიანის მიმართ. იგი წაგებული არ არის, ის ნამდვილად ხალხის რჩულია. კარგად იცით რა სიმცირით იქნება ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი წარმოდგენილი საკრებულოში, იმაზე გაცილებით დიდი ბრძოლა მომიწევს, ვიდრე ამას მდარეჯანთან ერთად შევძლებდი, თუმცა მზად ვარ ამ ბრძოლისთვის“. ამის შემდეგ დარეჯან ბურჭულაძემაც გააკეთა განცხადება: ,,მინდა მადლობა გადავუხადო ლანჩხუთელებს, იმ სითბოსთვის და სიყვარულისთვის, რაც მივიღე მათგან, ამად ღირდა ცხოვრება. მე არსად არ მივდივარ, ვრჩები ერთ-ერთ აქტიურ მოქალაქედ და პოლიტიკოსად. ჩვენს ქვეყანას ნამდვილად სჭირდება აქტიური მოქალაქეები. პლატონს უთქვამს: ,,პასიური მოქალაქეები შობენ ნაძირალათა ხელისუფლებას“, ამიტომ ვპირდები ხელისუფლებას, რომ ვიქნები ღირსეული ოპონენტი. ამ არჩევნებში გაიმარჯვა ფულმა და ძალაუფლებამ, დამარცხდა ხალხის ნება და თვითმმართველობა. ეს ხელისუფლება წავიდა ავტორიტარიზმისკენ, ხოლო ამას რაც მოჰყვება ამას დავინახავთ და გვქონია მაგალითები. ეს არის დეჟავიუ, ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ასეა. ეტყობა, ხელისუფლებაში მყოფი ადამიანები ნირვანას განიცდიან და არ უნდათ ამ ნირვანიდან გამოსვლა, მაგრამ ხალხი აუცილებლად გამოიყვანს. კომისიის წევრები თითქოს მე მიმოწმებდნენ პირადობის მოწმობას და ამ დროს ამ უბნიდან ბიულეტენები აკლდებოდა და იკარგებოდა. მიმდინარეობდა ფსიქოლოგიური ზეწოლა, ხალხი იძულებელი გახადეს ამ არჩევანამდე მისულიყვნენ.“
ნონა მურვანიძემ ძირითადად საარჩევნო უბნებზე მომხდარ დარღვევებზე ისაუბრა. ასევე მან ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ყველაზე დაჩაგრულ პოზიციაში მისი პარტია იმყოფებოდა, რა თქმა უნდა, ფინანსური კუთხით. მისი თქმით, ხელისუფლება იმაზე კი არ წავიდა, რომ შეენარჩუნებინა წინა არჩევნებზე მიღებული პროცენტები, არამედ მოახდინეს საშინელება და წავიდნენ სრული ავტორიტარიზმისკენ. ნონა მურვანიძე არსებულ სიტუაციას არა მარტო ხელისუფლებას აბრალებს. როგორც ის აცხადებს, ,,დროა საზოგადოების ფერებას თავი დავანებოთ, ყველა იღებს ისეთივე მზრუნველ ხელისუფლებას, როგორიც თვითონაა“. მურვანიძის მიერ წარმოდგენილი საარჩევნო დარღვევები მართლაც ყურადსაღებია.
სამივე მათგანმა ისაუბრა იმაზე, რომ უპრეცენდენტოდ ბევრი კოორდინატორი ჰყავდა ,,ქართულ ოცნებას“, რაც თავისთავად არათანაბარ მდგომარეობაში აყენებდა ოპოზიციას. ჟურნალისტების შეკითვაზე, იქნებ უკეთ მუშაობა მართებდა ოპოზიციას, თუნდაც იმისთვის, რომ თავისი ხმები დაეცვათ, პასუხი იყო, რომ ხელისუფლებამ გამოიყენა ყველა ბერკეტი, რათა მოეხდინათ ტოტალური კონტროლი, დაშინება და შანტაჟი და ამ სიტუაციაში სხვა არაფრის გაკეთება შეეძლოთ. ასევე მათ საეჭვოდ მიაჩნიათ კომისიის წევრების ,,კეკლუცობა“. ხომ არ შესულან ოცნებასთან გარიგებაში ოპოზიციის წარმომადგენლები საარჩევნო უბნებზე, ქალი პოლიტიკოსები ვერც ადასტურებენ და არც უარყოფენ. მათი თქმით მოისყიდეს ყველა და ყველაფერი, როგორც შეძლეს.
თორნიკე ჯიჯიეშვილი

განყოფილება: სტატიები
გადასვლები: 1 026
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა