სერგო ტუსკია ერთ-ერთი მათგანია, ის აცანის მკვიდრია და მეფუტკრეობას მისდევს. მისმა დამოკიდებულამ და ცოდნამ საქმის მიმართ სასიამოვნოდ გამაოცა, იგი დღესაც შესწავლის პროცესშია და სურს სრულყოფილი მეფუტკრე გახდეს. სერგო 5 შვილის მამაა. - ბატონო სერგო, მოგვიყევით მოკლედ თქვენს შესახებ. - დავიბადე ქალაქ ბათუმში, იქვე დავამთავრე საშუალო სკოლა, შემდეგ კი პოლიტექნიკური ინსტიტუტი. ვიყავი საცხოვრებლად რუსეთში 6 წელი, ამის შემდეგ დავუბრუნდი მამაპაპისეულ კერას. - ფუტკართან ბავშვობიდან გქონდათ შეხება? -არა, არასდროს. ახლობელმა მაჩუქა ერთი ოჯახი ფუტკარი, ერთიც შევიძინე და დავიწყე სამოყვარულო დონეზე, დაახლოებით 8 წლის წინ. მინდა გითხრათ, რომ მეფუტკრეობა არის უდიდესი მეცნიერება, ფუტკარი არის შეუცნობადი, ღვთაებრივი არსება, რომელიც ბიბლიაში 58 ჯერაა ნახსენები. აგრეთვე მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ღმერთმა დაიფაროს და ფუტკრის გადაშენების შემთხვევაში, დედამიწაზე სიცოცხლე მოისპობა გარკვეული დროის შემდეგ, რადგან აღარ დაიმტვერება მცენარეები და ეს ნელ-ნელა გამოიწვევს ჯერ მცენარეების, მერე ცხოველების, შემდგომ ადამიანების გადაშენებას. ასე რომ, აუცილებელია გავუფრთხილდეთ და მოვუაროთ ამ ღვთიურ არსებას. - აღნიშნეთ, რომ სამოყვარულო დონეზე იყავით, რამ გადაგაწყვეტინათ სერიოზულად მოგეკიდათ ხელი? - ძალიან აზარტული ვარ, მეფუტკრეობა კი სხვა ყველაფერთან ერთად უდიდესი აზარტია. დამაინტერესა ამ მეცნიერებამ, ვიძიებდი წიგნებს, ვეკითხებოდი მეფუტკრეებს მეთოდებზე და მიდგომებზე. სამწუხაროდ, ყველა კითხვაზე ვერ მივიღე პასუხი. ასე ძებნა-ძებნით მივაგენი პროფესორ ივანე ნიკოლაძის წიგნს, დავუკავშირდი ავტორს, რომელიც არის უაღრესად განათლებული, ინოვატორი ადამიანი. ის არის მსოფლიოს მეფუტკრეობის ორგანიზაციის `აპიმონდიას~ წევრი. მან გამაცნო ვალერიან ბეჟუაშვილი, რომელზეც მითხრა რომ ლანჩხუთელი კაცია და ჩემსავით გაგიწევს დახმარებასო, ძალიან ნიჭიერი და განათლებული კაციაო. მართლაც, დავუმეგობრდი ვალერიანს და მან უამრავი რამ მასწავლა, დღესაც ვუზიარებთ ერთმანეთს იდეებს. მინდა აღვნიშნო, რომ ყველა კარგი მეფუტკრე აუცილებლად მორწმუნე იქნება, ყოველ შემთხვევაში, მე ასე მგონია და მინდა ასე იყოს. - დავუბრუნდეთ თქვენს დამწყებ მეფუტკრეობას, რა სირთულეები შეგხვდათ, როგორ გაიარეთ ის პერიოდი? - სირთულეები მართლაც იყო, კუსტარული ყუთებით მიწევდა მუშაობა, რაც ვერანაირად მოგცემს კარგ შედეგს. შევიძინე 2 000 ლარად ღირებული კომბინირებული დაზგა. ახლა უკვე მე თვითონ ვამზადებ ყუთებს. ვისარგებლე კრედიტით, რადგან ეს საქმიანობა აუცილებლად მოითხოვს ფინანსურ დატვირთვას. ასე წვალებით, ბრძოლით გადავლახე ის საწყისი, რთული ეტაპი. - ვიცი, რომ ცდილობთ ახლებური მეთოდით მიუდგეთ ამ საქმეს, რა სხვაობაა ამ ახლებურ და ძველებურ მეფუტკრეობაში? - ჩემი აზრით, გაუმჯობესებულია მოვლა-პატრონობის მეთოდები. მაგალითად, ადრე იყო 12 ჩარჩოიანი სკები, ახლა 10 ჩარჩოიანს ენიჭება უპირატესობა. აღარ იღებება ყუთები, თუკი მას სანთელში მოვხარშავთ. ჯერ ერთი, ეკოლოგიურად უფრო სუფთაა და მეორე, გამძლეობის ხარისხი გაუმჯობესებულია. ზამთარში მიმდინარეობს ფუტკრის კუჭის წმენდის პროცესი და ამ დროს ის გამოყოფს ჩO2-ს,ამიტომ სასურველია ყუთის ქვედა მხარეს ერთ მესამედზე გაკეთებული იყოს ბადე, რათა მოხდეს ვინტილაცია. ფუტკარს უყვარს ყურადღება, უნდა დროული შეწამვლა, მასტიმულირებელი საკვების მიცემა, მკურნალობა. დიდია ამინდის როლიც, თუმცა შეგვიძლია ზემოთ ჩამოთვლილი ინსტრუქციით ვიხელმძღვანელოთ, ანუ დროულად შევწამლოთ, მივცეთ ინვენსირებული სიროფი, არ მოვაკლოთ ზრუნვა და მარტო ამინდზე არ ვიქნებით დამოკიდებულნი. - რაც შეეხება პროდუქციას? - გეტყვით, რომ ქართული ფუტკარი ერთ-ერთი საუკეთესოა, თუ საუკეთესო არა თავისი მუშა თვისებებით, პროდუქციის ხარისხით მსოფლიოში. ფუტკარი იძლევა 6 პროდუქტს -თაფლს, სადედე რძეს, ჭეოს, ცვილს, შხამს და პროპოლის (დინდგელს). მათგან პირველი სამი საკვები პროდუქტია. რაც შეეხება სადედე რძეს, დადგენილ იქნა და მსოფლიო საერთო ორგანიზაციამ `აპიმონდიამ~ გამოაქვეყნა, რომ არც ბიოლოგიაში და არც მედიცინაში, ჯერჯერობით არ არსებობს ისეთი ეფექტური, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება, ცოცხალი ორგანიზმის გაახალგაზრდავებისა და აგრეთვე გამრავლების სტიმულირებისათვის, როგორიცაა ფუტკრის რძე. - თუ არის განსაზღვრული, რამდენ კგ. თაფლს უნდა იძლეოდეს ერთი ოჯახი, ან სადედე რძეს? - გავიმეორებ, რომ თუ კი ზედმიწევნით შევასრულებთ იმ საჭირო პროცედურას, მაშინ დაახლოებით 15-20 კილო თაფლი უნდა მივიღოთ ერთი ოჯახიდან. რაც შეეხება რძეს, მის მისაღებად სხვადასხვანაირი მეთოდია. თუ კი აქაც ივარგებს მეფუტკრე, 300-400 გრამს მიიღებს ერთი ოჯახიდან. საერთოდ, 6-ივე პროდუქტი გაყიდვადია, თუმცა ჩვენს პირობებში უფრო მარტივი და რეალური თაფლის და რძის რეალიზაციაა. - საქართველოში პროდუქტის რეალიზაციაში აღებული თანხა შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს? - როგორ გითხრათ, ევროპაში გაცილებით ძვირია ფუტკრის პროდუქცია, მაგრამ ძალიან დაბალი ფასები აქაც არ ჰქვია ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე. უბრალოდ, სასურველია პროდუქციის რეალიზაცია, სახელმწიფომაც მოახერხოს, ამჟამად საჭიროა მოიძიო კლიენტურა. - თუ არსებობს სახელმწიფო პროგრამა მეფუტკრეთა დასახმარებლად? - ვიცი, რომ აღმოსავლეთ საქართველოში და აჭარაში შეუძინეს რამდენიმე მათგანს სკები, მისცეს სამკურნალო ნივთიერებები და ა.შ. რაც ძალიან კარგია, მაგრამ სხვა რეგიონებშიც აუცილებელია! - რას ურჩევდით დამწყებ მეფუტკრეს? - ვურჩევდი, რომ რაც შეიძლება ძლიერად შეიყვაროს ეს საქმე, იყოს ბედნიერი იმით, რასაც აკეთებს, მას შეხვდება უამრავი წინააღმდეგობა ფინანსური თუ სხვა, მაგრამ ამისთვის უნდა იყოს მზად. მიჩნეულია, რომ ადამიანი რაც უფრო განათლებულია, უფრო ძლიერი მეფუტკრე ხდება. როგორც სამხედრო სისტემაშია, მფრინავები ელიტა, ასევე არიან სოფლის მეურნეობაში მეფუტკრეები. მე მაგალითად მივაგენი ჩემს საყვარელ საქმიანობას და უდიდეს სულიერ სიამოვნებას ვიღებ. - ბატონო სერგო, მინდა პატივისცემა გამოვხატო იმ ფაქტის მიმართ, რომ ხართ 5 შვილის მამა. მოგეხსენებათ, დღეს ჩვენს ქვეყანაში მრავალშვილიანობა გმირობად ითვლება, როგორ ახერხებთ გაუმკლავდეთ ყოველდღიურ ყოფით პრობლემებს? - უფალმა თუკი ინება და მოგვცა 5 შვილი, ე.ი. მის გაზრდაშიც მოგვეხმარება, მთავარია ჩვენ არ ვიზარმაცოთ, არ ჩამოვყაროთ ყურები და არ დაველოდოთ სასწაულს. იცით, რომ არიან ადამიანები, რომლებიც ნატრობენ შვილებს და მე რა უფლება მაქვს, თუ უფალი მაძლევს შვილს, მის დაბადებას ხელი შევუშალო. რაც შეეხება ფინანსებს, 4 შვილი იღებს 25-25 ლარს, ხოლო მეხუთე 150 ლარს თვეში. შორს წაგვიყვანს სხვადასხვა ქვეყნების და საქართველოს შედარება ამ კუთხით, მაგრამ მე ამაზეც მადლობელი ვარ, ვინაიდან მე ვარ მშობელი და პასუხისმგებელი მათზე. მეუღლე მუშაობს, მაქვს თხილის ნაკვეთიც, მყავს მსხვილფეხა საქონელიც, ასე რომ, 5 შვილთან ერთად გაცილებით დიდია რაღაცის შექმნის, ფეხზე მყარად დგომის სურვილი... თორნიკე ჯიჯიეშვილი
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 0