აცანის ტოპონიმიკა (სახელწოდება) არის ლაზურ-ჭანური, აცანა მოიხსენიება ანტიკური ხანიდან. სოფელი გამორჩეულია უძველესი ღირსშესანიშნაობებით. აქ აღმოჩენილია უნიკალური, ანტიკური, სპორტული ინვენტარი _ საჯილდაო ქვა, რომელიც სოფლის განაპირად თინა გუგუშვილის ეზოში ინახებოდა, ეს იყო ვაჟკაცთა ქვა. აგრეთვე დავით ქინქლაძის ოჯახში ინახებოდა გოთიკური ტიპის გასაღები, ოქონის ბეჭედი, რომელიც მან გადასცა აცანის მამათა მონასტერს. აცანაში დგას წმ. ნინოს, ოქონის, მაცხოვრის ამაღლების და ღვთისმშობლის მიძინების ტაძრები, არის პატარა სალოცავი `კვიჭიძნების უბანშიც~. სოფლის ცენტრში მდებარეობს აცანის წმ. ნინოს სახელობის მამათა მონასტერი. ორიოდე სიტყვა აუცილებლად უნდა ვთქვათ ტაძრის აღმშენებელზეც, წმ. ნინოს ტაძარი და აგრეთვე მონასტერიც ბადრი წილოსანმა ააშენა; ოქონა _ სოლომონ ჩხაიძემ, ხოლო სიონის უბანში ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი ძმებმა ზაზა და ზვიად ჩხაიძეებმა. მონასტრის წინამძღვარია არქიმანდრიტი გაბრიელი (კახელაშვილი), მასთან ერთად სამონასტრო ცხოვრებას ეწევიან მამა ელისე (ადეიშვილი) და მორჩილი ლევანი (კვარაცხელია). მალაქია გურიელი, რომელიც იყო დასავლეთ საქართველოს პატრიარქი და გამგებელი მოხსენიებულია ოქონის სამონასტრო კომპლექსის კედლებზე (ნანგრევები). ლეგენდის თანახმად ოქონა ამ დროს აიგო, თუმცა არქეოლოგიური საფუძველი მე-9 საუკუნიდან ჩანს. კედლებზე აგრეთვე ნაპოვნია ჭანუყვაძეების, ბერიძეების და ორატაძეების (ურატაძე) საგვარეულო წარწერები. ცნობილია ისიც, რომ გურიელის შემდგომ მართვა კობალაძეებმა გააგრძელეს. აცანაში ფუნქციონირებს გამგეობა, საშუალო სკოლა, სკოლამდელი-სააღმზრდელო ჯგუფი, კულტურის სახლი, ბიბლიოთეკა, სამედიცინო პუნქტი, სოფელში გადის სახელმწიფო მნიშვნელობის გზა _ შუხუთი-ნასაკირალის დამაკავშირებელი. აქ მიედინება მდინარე აცაურა. სოფელში დგას უზარმაზარი ჩაის ფაბრიკა, რომელიც სამწუხაროდ დანგრევის პირასაა. საინტერესოა, როგორი იყო აცანა გასულ საუკუნეში და როგორია დღეს, რა უკეთესობისკენ ან უარესობისკენ. ქალბატონ ნანი კუკულავას ვთხოვეთ მოკლედ მოეყოლა გასული საუკუნის 70-90-იანი წლების აცანაზე. ის იყო ჩაის ფაბრიკის მთავარი ინჟინერი 1973-1998 წლებში და პარალელურად ასწავლიდა სკოლაში ფიზიკა-მათემატიკას. _ ქალბატონო ნანი, რითი ცხოვრობდა და არსებობდა მაშინდელი სოფლის მოსახლეობა? _ იყო ძლიერი კოლმეურნეობა, გაშენებული იყო ჩაის კულტურა, როგორც კოლმეურნეობის, აგრეთვე კერძოც. დიდი იყო სიმინდის მოსავალიც. ჩაის კულტურის და სიმინდის ფართობის მოხმარება იყო რეგულარული. ბარდებოდა ტუნგო, ციტრუსი მისაღებ ფასში. სკოლის მოსწავლეები, ზრდასრული ადამიანები, ასაკის შეუზღუდავად, მუშაობდნენ კოლმეურნეობასა და ფაბრიკაში. მუშახელზე იყო დიდი მოთხოვნა. _ სამუშაო პირობები როგორი იყო? _ ნორმალური, 8 საათიანი გრაფიკით. _ ცნობილია, რომ აცანის სკოლა იყო გამორჩეული. _ დიახ, აქ ტარდებოდა მეგობრობის ფესტივალი, იყო ინტერკლუბი, ამ კლუბს ხელმძღვანელობდა სვეტლანა დანაჩევა და აწ გარდაცვლილი ციალა ჩხაიძე. ჩამოჰქონდათ პროგრამები, ტარდებოდა კონცერტები, აქ რჩებოდნენ უცხოელ სტუმრები კვირაობით და რა თქმა უნდა, სოფლის, მოსახლეობა და ხელმძღვანელობა ღირსეულად უმასპინძლდებოდა მათ. აგრეთვე აცანელი ახალგაზრდობა მთელს საბჭოთა კავშირში მიდიოდა და მასპინძლებს ჩვენს ტრადიციებს აცნობდნენ. _ საინტერესოა, რა რაოდენობის მოსწავლე ჰყავდა სკოლას? _ თითოეულ კლასში დაახლოებით 30-35 მოსწავლე იყო, მინიმუმ 25 პირველკლასელი გვყავდა ყოველ წელს. ახლა კი არის შემთხვევა, როცა კლასში 1 მოსწავლეა. წელს გაგვახარა პირვეკლასელთა რაოდენობამ, 10 ბავშვი მიუსხდა მერხს. _ ასეთი დიდი მიგრაცია რამ გამოიწვია? _ რა თქმა უნდა, ყოველდღიურმა პრობლემებმა, სიდუხჭირემ და სოფელიც იცლება. დიდი იმედი მაქვს ახალი ხელმძღვანელობის, სოფლის დეპუტატის, რომ პრობლემებს მოაგვარებენ. _ გასაგებია, რომ ჩაის კულტურა იყო მოწინავე დარგი, დღეს რა მიგაჩნიათ მის ალტერნატივად? _ ჩემი აზრით, კარგი და ნაყოფიერი იქნება კოლხეთის დაბლობის ათვისება მებოსტნეობის სახით. ვგულისხმობ ბუჩქნარის ამოძირკვას, სასათბურე მეურნეობად ქცევას და ბოსტნეულის მოყვანას, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ არ ვიყოთ დამოკიდებულნი თურქეთის ბაზარზე. საკონსერვო ბაზრის თვითღირებულება გაცილებით ნაკლები დაჯდება, თანხა გაიაფდება, ხოლო მოგება დარჩება დიდი. რეალურია კენკროვანი ხილის მოყვანაც. მინდა დავამატო, რომ აუცილებლად საჭიროა თხილის ხარისხიანად შეწამვლა, რადგან შესაძლოა სრულფასოვანი მოსავალი ვეღარ მივიღოთ. ყველა სოფელი, რაიონი თუ დასახლება მომავალ თაობაზე დგას, საინტერესოა რა ხდება ამ მხრივ აცანაში. ამის გასაგებად სკოლამდელი-სააღმზრდელო ჯგუფის უფროსს, ქალბატონ რუსუდან ჩხაიძეს გავესაუბრეთ: _ ქალბატონო რუსუდან, როდიდან განახლდა ჯგუფი აცანაში? _ 2008 წლის 5 მაისს, იყო წარმოუდგენლად რთული პირობები სამუშაოდ და ბავშვების მისაღებად, მაგრამ რაიონული ცენტრის მაშინდელი ხელმძღვანელის ლია ურუშაძის და ადგილობრივი სააღმზრდელო ჯგუფის ძალისხმევით სიტუაცია გამოსწორდა. აღსანიშნავია, რომ პირველი ხელფასი ყველამ საერთო საქმისთვის და ბაღის ასაღორძინებლად უყოყმანოდ გასცა. აგრეთვე რაიონული ცენტრი დაგვეხმარა 1500 ლარით. _ რა რაოდენობის ბავშვი მიიღეთ პირველ წელს? _ 25, თუმცა გულისტკივილით მინდა აღვნიშნო, რომ მას შემდეგ კლება დაიწყო მისაღები ბავშვების რაოდენობამ. გარდა ბაღში მოსიარულე კონტიგენტისა სოფელში კიდევ არიან საბაღო ასაკის ბავშვები, თუმცა ტრანსპორტის პრობლემის გამო ვერ დადიან. _ თუ გიწევთ დახმარებას ვინმე ფინანსურად ან ფიზიკურად? _ როგორ არა, სოფლის დეპუტატმა ემზარ თედორაძემ შეიძინა ბაღისთვის პიანინო, ტელევიზორი, სხვადასხვა სათამაშოები. ზვიად ჩხაიძემ მოაწესრიგა სველი წერტილი, შეიძინა საწოლები და გადმოგვცა. ეკა მჯავანაძემ გვაჩუქა თეთრეული, აცანის მკვიდრმა ნანუკა ჩხაიძემ გასულ წელს მოიტანა ერთი ტრაქტორი შეშა და გაგვიწია ფულადი დახმარება. ხოლო სოფელში სტუმრად მყოფმა ჰოლანდიელებმა ლეიბები და სათამაშოები გვისახსოვრეს. სოფლის პროგრამით გაკეთდა მეტალო-პლასტმასის ფანჯრები, შემოსასვლელში გაკეთდა რკინა-ბეტონის კვალი, მოგვარდა წყლის პრობლემა. რაიონულმა ცენტრმა უზრუნველყო სამზარეულოს მოპირკეთება და ზოგადად ძალიან გვიდგანან გვერდით. _ ყველაზე დიდ პრობლემას დღესდღეისობით თქვენთვის რა წარმოადგენს? _ ის, რომ მეწყერულ ზონაში ვიმყოფებით, ბაღი აუცილებლად უნდა გადავიდეს სოფლის ცენტრში, შესაბამისად უნდა აშენდეს სტანდარტული შენობა. მინდა აღვნიშნო, რომ ბაღისკენ მიმავალ გზას მხოლოდ ეს სიტყვა შეიძლება ეწოდოს _ საშინელი. წლების განმავლობაში ვერა და ვერ მოგვარდა ეს პრობლემა. მინდა მივმართო ინფრასტრუქტურის სამსახურს _ მარტო ჩვენ `ჯიჯიეშვილების უბანს~ არ გვჭირდება ეს გზა, ის აგრეთვე ბაღისკენ მიმავალი ცენტრალური გზაა (თ.ჯ.). სოფლის დღევანდელ მდგომარეობაზე, არსებულ პრობლემებზე და გეგმებზე საინტერესოა სოფლის დეპუტატის, ემზარ თედორაძის კომენტარი: _ ბატონო ემზარ, დავიწყოთ პრობლემებით... _ აცანას, ისევე როგორც დანარჩენ სოფლებს, რა თქმა უნდა, უამრავი პრობლემა აქვს. განსაკუთრეებით მინდა აღვნიშნო ის, რომ ვიმყოფებით მეწყერსაშიშ ზონაში, ჩასატარებელია ნაპირსამაგრი სამუშაოები. არის წყლის პრობლემაც, შიდა გზები, მინიმუმ 3-4 კილომეტრი დასაგებია, რა თქმა უნდა, ბეტონის... სოფელში აგრეთვე ბევრი გაჭირვებული და ავადმყოფი ადამიანი ცხოვრობს და მათ შველა სჭირდებათ. _ რას აკეთებთ პრობლემების მოსაგვარებლად? _ ჩავატარეთ ცენტრის გამაგრებითი სამუშაოები, რაშიც დაახლოებით 1 300 000 ლარი დაიხარჯა, რითიც დაცულია მთლიანად ცენტრი თავისი კულტურული ნაგებობებით. დაიგო ნახევარი კილომეტრი სიგრძის ბეტონის შიდა გზა, მოიხრეშა პრობლემური ადგილები, რომლებიც გავლადი არ იყო. ჩატარდა ნაპირსამაგრი სამუშაოები მეწყრულ ადგილებში. შეკეთდა წყლის რამდენიმე სათავო ნაგებობა, შეიცვალა წყლის მილები. გაკეთდა განათებები თედორაძეების, ეწერის, სიონის უბნებში, თუმცა სასურველია იყოს ყველა უბანში. იგივე მინდა წყალზეც ვთქვა, ნახევარი სოფელი ისევ ამ პრობლემის წინაშე დგას. ეს ზღვაში წვეთია, თუმცა ვცდილობთ... _ გაჭირვებული მოსახლეობაც ახსენეთ. _ დიახ, სამწუხაროდ, სათანადოდ და სრულყოფილად შეიძლება ვერ ვეხმარებით, ერთჯერადი დახმარებებით მაინც ვცდილობ მათ გვერდით დადგომას. _ რაც შეეხება ახალგაზრდობას, რა გეგმები გაქვთ? _ მინდა მივმართო ჩემს პატარა აცანელებს, რომ მათი სწავლა-განათლება დაუნახავი და წყალში გადაყრილი არ იქნება. წარჩინებით სკოლა დამთავრებულებებს პირადად წავახალისებ ფულადი ჯილდოთი. შეძლებისდაგვარად ახლაც ვცდილობ გვერდით ვედგე მათ, იქნება ეს ექსკურსია თუ საჩუქრები. საახალწლოდ ასევე პედკოლექტივსაც არ ვივიწყებთ. _ უახლოესი გეგმები? _ გეგმაშია საბავშვო ბაღის მშენებლობა სოფლის ცენტრში, აგრეთვე მოსაწესრიგებელია კულტურის სახლი. მინდა გულისტკივილით აღვნიშნო, რომ დღეს იქ დასაქმებულები გაუსაძლის პირობებში მუშაობენ. აუცილებლად მინდა გავიტანო `სოფლის მხარდასაჭერი პროგრამა~ ხალხთან. სოფლის მოსახლეობა ძალიან დაინტერესებულია გაზიფიკაციით, დარწმუნებული ვარ მიუხედავად არასახარბიელო სოციალური მდგომარეობისა, ბევრი მომხმარებელი ეყოლება. მინდა მივმართო კერძო სექტორს და ვუთხრა, რომ ნებისმიერ ბიზნეს-გეგმას ჩვენს სოფელში გვერდით დავუდგები და ყველაფერს გავაკეთებ ჩემის მხრივ. თორნიკე ჯიჯიეშვილი
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 0