შეუქცევადობის კანონსაც ჰქონია გამონაკლისი (რა გვიან ხვდები ამას!). ხსოვნის თვალსაწიერიდან კინოკადრებად ბრუნდება ტკბილსახსოვარ-მსასოოვარი დრო შეჩერებული წარსულის ვიდეოკოლაჟებით. ბრუნდება ჩემთვის, მრავალი თაობისთვის, იმ ახლობელი და ძვირფასი ადამიანებისთვის, რომლებსაც ახლა ამ კადრებს ჩემდა უნებურად საკუთარი ქრონიკის გვერდებზე ვუწყობ (ვუზიარებ) და გულიდან სისხლის წვეთისფერი ცრემლი აფენია... ცრემლების მიღმა კი თითქოს ყველაფერი თავიდან იწყება, ხსოვნის ფილმიდან ნელ-ნელა ამოდის, იზრდება, მოძრაობს და ფერადად ვხედავ: თბილისის ქუჩაზე, წერეთლების სახლის მეზობლად (ახლა იქ მრავალსართულიანი კორპუსი დგას), ფართოდ გაღებული ჭიშკრიდან ნაძვებისა და ყვავილების ხეივანს რომ ჩაივლი, ქვის ფართო კიბით ხის სუნითა და შემპარავი ნესტით სავსე დერეფანში ახვალ, საიდანაც პირდაპირი გზით (ისევ დერეფნით) უზარმაზარი, ღია ოთხკუთხა აივნით შემოსაზღვრულ სივრცეში მოხვდები. ირგვლივ სულ საკლასო ოთახებია. ეს ძველისძველი ხის გრძელი შენობა წინა ფასადით ღია ცისფრად შეღებილი შუშაბანდებით, სინათლითა და სიკეთით სავსე ჩვენი ბავშვობის წლების ნავსაყუდელი, ცოდნის ბალავერი და ხსოვნის ლამაზი ხატი _ ქალაქის მე-2 საშუალო სკოლაა (იმჟამად 9-წლიან სკოლად ქცეული). ...ზამთრის ცივი დილაა. წიგნებით დატვირთული დიდი ჩანთით სწრაფად ვუახლოვდები სკოლას. გრძელ ნაწნავებზე პეპლებივით მასხედან თეთრი ბაფთები. კიბეზე ავრბივარ. დერეფნებში მორიგეები დგანან. გასაოცარი წესრიგი და სისუფთავეა. მარჯვნივ, ბიბლიოთეკამდე ჩვენი კლასია მარცხნივ, ბოლოში _ სამასწავლებლო და დირექცია. ზარი ირეკება. პირველი ქართულის გაკვეთილი გვაქვს. დარეჯან მასწავლებელი კი უკვე კლასშია და ეს საკმარისია, რომ ნებისმიერი მოძრაობა შეწყდეს და ოთახის ჰაერიც კი მოსასმენად განეწყოს. ისეთი ცხადია, ისეთი ბუნებრივია ყველაფერი, აი, ამ წუთასაც გარკვევით ვხედავ ჩემს თავს, როგორ ვზივარ მერხის საზურგეს მიყრდნობილი და გაფაციცებით ვუსმენ... დაფის წინ მაღალი, სწორი ტანით დგას. შავი, მოკლედ შეჭრილი გრუზა თმა (შუაში ოდნავ შევერცხლილი) სახეს არშიასავით შემოუყვება და უფრო ამკვეთრებს შთამბეჭდავ ნაკვთებს: ფართო, ჭკვიან შუბლს, მეტყველ, დიდრონ თაფლისფერ თვალებს, ემოციით მოლივლივეებს, მშვილდივით წარბებს, სამიზნედ მომართულებს, ტუჩებს _ სიტყვების ბადაგისა და თაფლის მდინარეებს, გადმოღვრილებს ჩვენი სულებისკენ. ჩახმახივით შემართულია, ხელები ფრთებივით ცისკენ აქვს აშლილი, დაბალძირიანი შავი ფეხსაცმელები, ბუკლეს ქვედაკაბა და თბილი, ხელით ნაქსოვი მუქი სვიტერი აცვია. ღუმელში ახალშენთებულია ცეცხლი და ჯერ მაინც ცივა... ცოტაც და ჰაერი ხურდება, სიტყვები ნაპერწკლებად ცვივა და ოთახიც გუზგუზებს სიტყვით, ჯადოსნური, ღადარივით ცხელი, ზღაპრული სამყაროდან შემოჭრილი ქართული სიტყვით... `ვეფხისტყაოსნის~ მხატვრულ სამყაროზე საუბრობს, რუსთაველის შეუდარებელ მეტაფორაზე და თვითონაც შეუდარებელია. ამაყად თავშემართული ზეცისკენ იყურება, ზეპირად შთამბეჭდავად, პოეტურად წარმოთქვამს რუსთაველის ხატოვან სტროფებს. მხატვრულ ხერხებზე სასაუბროდ კლასსაც ირთავს (საშინაო დავალების რვეულებში პოემაში მოძიებული ჩვენთვის საყვარელი მეტაფორები, ეპითეტები, შედარებები გვაქვს ამოწერილი). ყოველი წუთი დატვირთულია ძიებით, ფიქრით. ვერც კი ვიგებთ, როდის დაირეკა ზარი... მისი ყოველი გაკვეთილი ჩვენი დიდი ერისკაცების საკვირველი რწმენის, გმირობის, ნიჭის, ღვაწლის პატივგებაა... და ამას ფანატიკური სიყვარულით გვასწავლის ყოველდღე. შეწირულია თავის პროფესიას. მისი ხატია სამშობლო და დედაენა, საფიცარია მოსწავლე, რომელსაც თავისი ღირსეული წინაპრების მშობლიურ ენასა და ლიტერატურას ასწავლის, ანუ ქვეყანას მომავალს უზრდის და `ქმნად სიკეთისა~ სულს უძერწავს სიტყვით ქართულით. ვერასდროს ნახავთ დაღლილს ან მოსვენებულ-კმაყოფილს, უშეღავათოდ გასცემს ენერგიას, ხსნის, ასწავლის, მოძღვრავს მაშინაც კი, როცა ცუდადაა, როცა სიცხიანი მოდის გაკვეთილებზე, როცა ხმა თითქმის უწყდება. მაინც ბოლომდე იხარჯება, გასცემს, იცლება და ზღაპრული ფასკუნჯივით ისევ ძალა ემატება, რადგან უყვარს, თავდავიწყებით უყვარს თავისი საქმე, რადგან მასწავლებელია, ერის ზნეობის მოდარაჯე და თესლის კეთილის მთესველი. ...უსწრაფესად ენაცვლება ერთმანეთს ჩემი ხსოვნის ფილმის კადრები. თითქოს აკიდოებად აკინძულან ჩვენი გაკვეთილები, ღონისძიებები, ექსკურსიები, ხელნაწერი ბუკლეტები და გაზეთები, შეხვედრები მწერლებთან, პოეზიის საღამოები სკოლაში, გაზეთის რედაქციაში, ლიტერატურულ გაერთიანება `კალმოსნობაში~, ეგნატე ნინოშვილის სახლ-მუზეუმში... ისევ მოძრაობენ მეტყველი კადრები: თეოდორ დოსტოევსკის `ყმაწვილისა~ და ჯეკ ლონდონის `მარტინ იდენის~ განხილვა, ლიტერატურულ პერსონაჟებზე დისკუსია, საკუთარი ლექსებისა და ჩანახატების კონკურსი, კონფერენციები, შემოქმედებითი ტურები, გამარჯვეული და წარმატებული მოსწავლეებით სიამაყე. დრო კი მიქრის, მიაქანებს ძველსა და ახალ ვნებებს. ქალაქის მე-2 საშუალო სკოლა ახალ, თანამედროვე შენობაში გადადის. დარეჯან მასწავლებელი აქაც ჩვეული ერთგულებით დგას ქართული სიტყვის ხნულში, ისევ თავდავიწყებით უხსნის მოზარდებს ლიტერატურის საგანძურის მოვარაყებულ კარს მშვენიერების თვალშეუდგამი სამყაროსკენ. ერთმანეთს ენაცვლება ღონისძიებები, პოეზიის დაუვიწყარი საღამოები და განხილვა, ისევ დისკუსიები, ქუთაისის მწერალთა სახლში, დავით კლდიაშვილისა და ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმებში ლიტერატურულ-სამეცნიერო კონფერენციები თუ ოლიმპიადები... და ეს ყველაფერი მთელი ლანჩხუთის ზეიმად იქცევა! დიდი პედაგოგი და რეჟისორ-სცენარისტი დარეჯან მასწავლებელი, მერამდენედ აოცებს საქვეყნოდ აღიარებულ მწერლებს: მორის ფოცხიშვილს, ჯანსუღ ჩარკვიანს, ტარიელ ჭანტურიას, ოთარ ნოდიას, დავით კვიცარიძეს, ლევან სანიკიძეს, ლილი ნუცუბიძეს... ბედნიერ ლანჩხუთელებსა და სტუმარ-მასპინძლებს სულთა დასაპურებლად მიჰყვებათ განცდა აღტაცებისა განუმეორებელი მასწავლებლითა და მისი ნიჭიერი მოსწავლეებით. გაკვეთილები კი... განუმეორებელია მისი ჩატარებული ღია გაკვეთილები. იმ დროისთვის (საბჭოთა სინამდვილისთვის) უჩვეულოდ პროგრესულია სწავლებისა და სწავლის ეს მეთოდები. მის არაორდინალურ, შემოქმედებითად დამუხტულ ინტერაქტიურ გაკვეთილებს ესწრებიან განათლების სამინისტროსა და ადგილობრივი განათლების განყოფილების წარმომადგენლები, კოლეგები, მშობლები, ყოფილი მოსწავლეები (მქონდა ბედნიერება ჯერ კიდევ სტუდენტს, დავსწრებოდი რამდენიმე გაკვეთილს). პრაქტიკოსი, ენერგიული და მიზანმიმართული მასწავლებელი პარალელურად ახერხებს მონაწილეობა მიიღოს პედაგოგთა სამეცნიერო კონფერენციებში განათლების სისტემაში მოღვაწე ცნობილ პედაგოგებთან ერთად. ქვეყნდება მისი მეთოდური სტატიები სკოლაში შესასწავლი ნაწარმოებების ახლებურ ინტერპრეტაციასა და სწავლების მეთოდებზე. იწვევენ ლექციების წასაკითხად პედაგოგიკის ინსტიტუტში, წერს და აქვეყნებს ლიტერატურულ წერილებს. ხდება სახალხო განათლების წარჩინებული, უფროსი მასწავლებელი, ღირსეულად ენიჭება საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება. ...მას შემდეგ მრავალი წელი აეწყო ცხოვრების მარგალიტებად (`ვით მარგალიტი ობოლი, ხელის-ხელ საგოგმანები~...) და ბოლომდე დარჩა ლიტერატურის წმინდა მსახურად, ქურუმად ქართული სიტყვისა და იქცა ლეგენდად უნიჭიერესი ფილოლოგისა, რომელსაც ბადალი არ ჰყავს, რომელმაც დატოვა თავისი კვალი პედაგოგიკის ისტორიაში და გაკვალა გზა ახალგაზრდა პედაგოგებისთვის, მომავალი თაობებისთვის. ...და ახლა, როცა ძალიან ძნელია დაჯერება, რომ ეს ლეგენდა თავის ნაჭირნახულევ სახლში, მშობლიურ სკოლასა და ქალაქის ქუჩებში ალბატროსივით მოქანავე მაღალი ტანით უკვე აღარ შემოგხვდება, როცა დიდსა თუ პატარას, ნაცნობსა თუ უცნობს, მოსწავლესა თუ მოსწავლის შვილს თავისი ნაძერწი, სასიამოვნოდ პათეტიკური ქართული სიტყვითYაღარ დამოძღვრავს, გამძაფრებით მიტრიალებს ტვინ-გულში ფიქრში: მაინც რა ზედაპირულია ეს კადრები, ასე არამეტყველ სიტყვებად რომ ვაქციე, თანაც ეს მხოლოდ `საზოგადოებრივი პორტრეტია~ და `სულის პორტრეტი~, ვით აისბერგის წვერი, მაინც არ მოჩანს. ჩემი ხსოვნის ფერად ფილმში მკაფიო კადრებს მიღმა შავ-თეთრად დანისლულ ძველ კადრებსაც დავეძებ, მინდა მოვიახლოვო, მინდა ადეკვატურ სიტყვებად ვაქციო და... მეშინია, ვღელავ. ჩემი დიდი მასწავლებლის `სულის პორტრეტი~ დავხატო სიტყვა _ ლოგოსით _ ეს ამაო ძალისხმევა მგონია, რადგან წინასწარ ვიცი, რა უძლური ვარ თავად სიტყვის ქურუმის სიმაღლის წინაშე... და თუ წერას მაინც ვბედავ, მხოლოდ იმიტომ, რომ არ შემიძლია არ დავწერო (მაპატიოს ეს გაბედულება მისმა უხილავად ხილულმა, ყოვლისშემცნობმა მზერამ). და მაინც, ვინ იყო დარეჯან ქინქლაძე?! მასწავლებელი _ თხემით ტერფამდე, სიტყვის ალქიმიკოსი. იგი ადნობდა სიტყვას მხოლოდ თავისი ყალიბით, ის საუბრობდა და წერდა საკუთარი სტილით, განუმეორებელი სინტაქსური წყობის კონსტრუქციებით, მოოქროვილი ლექსიკით, რომელსაც მზის სუნი და სისხლისფერი გემო დაჰკრავდა, გნუსხავდა, გაჯადოებდა... მაქსიმალისტი იყო, კატეგორიულიც... საჭირო დროს ავტორიტარიც და დემოკრატიც... ღრმად განსწავლული, ფართო ერუდიციის, გამორჩეული ნიჭით დაჯილდოებული ინტელიგენტი და პიროვნება _ შინაგანი წინააღმდეგობებითა და სიახლეების წყურვილით სავსე, მუდამ ცვალებადი, მღელვარე, დამთმობიც და შემტევიც, უსამართლობისა და გულცივობის წინააღმდეგ ამბოხებული, ქრისტიანული პრინციპებით მოაზროვნე, მაგრამ ეკლესიური ფანატიზმის მოწინააღმდეგე, პროგრესულად მოაზროვნე, ევროპული ფასეულობების ამღიარებელ-დამფასებელი, უპირატესად კი ეროვნულის, ტრადიციულის დამცველ-ქომაგი... თავადაც ძველი, ტრადიციული ოჯახის შვილი, ერთგული მეუღლე, შვილისა და შვილიშვილებისთვის თავდადებული დედა და ბებია, ახლობელი და ძვირფასი, ადამიანების და მეგობრების ჭირისა და ლხინის თანაზიარი, სტუმრისთვის კარღია, დაუღლელი მასპინძელი და უჩვეულო დიასახლისი, რომელსაც შეეძლო ღამეები გაეთია (არა მხოლოდ წიგნთან)... და მოწესრიგებული ჰქონოდა სახლში ყველაფერი, ის ამზადებდა და აცხობდა უგემრიელესად, მუდამ ასწრებდა ყოფილიყო ბრწყინვალე მასწავლებელი სკოლაში, მზრუნველი ცოლი, დედა და დიასახლისი _ ოჯახში, საზოგადო მოღვაწე და რეჟისორი, სცენარისა და ლექსის ავტორიც! არაჩვეულებრივად კითხულობდა ლექსს, უკრავდა ფანდურზე და ასრულებდა ხალხურ სიმღერებს, შეეძლო გაეოცებინე ძველი რომანსებით გიტარაზე. ბავშვივით აღტაცება სჩვეოდა, თვალებანთებული გიყურებდა, როცა იმას ამბობდი, რაც ძალიან მოსწონდა. მუდამ მზად იყო პოლემიკისთვის, განსჯისთვის, ვერასოდეს ეგუებოდა უსინდისობას, უსაქმურობას, უცოდინრობას, სიტყვაალესილი იდგა არაკაცთა და მზაკვართა ნების წინააღმდეგ, არასოდეს უკმევდა გუნდრუკს არაღირსთა და არაპროფესიონალთა, არც კერპებისა და ლიდერების მეხოტბედ ქცეულა, პირიქით, ამსხვრევდა გაცვეთილ კერპებსა და დრომოჭმულ აზრებს. ქვეყნის მაჯისცემას გამუდმებით `აყურადებდა~, ეროვნული პრობლემებისა და პოლიტიკური მოვლენების ეპიცენტრში იდგა, როგორც ქვეყნის მოქალაქე და ჭირისუფალი, აფასებდა, აკრიტიკებდა, იწონებდა და იწუნებდა, ერის ხერხემალს _ ენასა და კულტურას ქომაგად ედგა და ამავეს მოითხოვდა სხვებისგან. ყველაფერი აინტერესებდა, ყოველთვის ეძებდა, მღელვარე სულით ნაპირებს ეხლებოდა... და მაინც, ყველაზე დიდი აღმოჩენა, ცხოვრების გამართლება და მიზანი დიდი ლიტერატურა იყო, რომლითაც სულებში მოგზაურობდა და თვითონაც პურდებოდა, ძალა ემატებოდა. ამ უნიჭიერეს ქალს წარმატებით შეეძლო ყოფილიყო ჩინებული რეჟისორიც, იურისტიც, ექიმიც, ეკონომისტიც, სოციოლოგიცა და პოლიტიკოსიც, შეეძლო ემართა და ეხელმძღვანელა, იქნებოდა უძლიერესი დირექტორიც, მაგრამ არც თანამდებობა უნატრია და არც სხვა პროფესიაზე უოცნებია. ის მასწავლებელი გახდა და ეს იყო მისთვის ყველასა და ყველაფრის მათემატიკური ჯამი, მისი ცხოვრების მარადისობის კანონი. არასოდეს უნატრია მატერიალური სიმდიდრე, ხელოვნებას ეთაყვანებოდა, მაღალი იდეალების სამყარო იყო მისი განძი და მალამო სულისა. გაფაციცებით ეძებდა სილამაზესა და სიკეთეს. არც შეეძლო ეცხოვრა მშვენიერების გარეშე და არც ის _ სხვებისთვის არ ეწილადებინა. გასაოცრად მარტივი იყო მისი გულის ანთება, გასაოცრად რთული _ მასთან ურთიერთობა, რადგან ყველაფერი მაღალი, იდეალური, განსაკუთრებული ეწადა, ადამიანებს კი, ამ ნაცრისფერ ყოფითობას მიჯაჭვულებს, ძალიან უჭირთ ძლიერისა და განსხვავებულის აღქმა-შეფასება. ვინ იცის, რამდენგზის იობის მოთმინებით აუტანია ნებსითა თუ უნებლიეთ მოყვასისგან მიყენებული ჭრილობები, უამრავჯერ ეკლები რგებია ვარდების ნაცვლად, დიდი სიყვარულის წინ მადლიერება ვერ მიუღია, მავანი გაღიზიანებულა მისი ნიჭიერების მაქსიმალიზმით... და მაინც იცოდა: სხვა ვარსკვლავზე იყო დაბადებული, იგი არავის ჰგავდა, სულს პოეტური ხანძარი ეკიდა, ისევ იწვოდა და ანათებდა ირგვლივ მყოფთათვის, `გულში სჭირდა~ `ძე შეცდომილთა~ სიბრალული, თუმცა არ შეეძლო, არ ეპატიებინა. ურთიერთობების, ემოციების გარეშე სიცოცხლე ვერ წარმოედგინა. მთელი სამყარო უყვარდა, მთელი კაცობრიობა. სჯეროდა, რომ ლიტერატურა დააპურებდა, გადაარჩენდა, დაამშვიდებდა ადამიანის მოდგმის სულებს დედამიწაზე, ამიტომაც მეროჭიკე ბერივით აგროვებდა ამ სულებისთვის საგზალს, ბობოქრობდა, ვერ ისვენებდა, საზღვრებს აწყდებოდა და გადალახვას ლამობდა... იქ, შორეულ ქვეყანაში, მშვენიერების ლივლივა სამყარო ელოდებოდა, საითკენაც ყოველთვის ისწრაფოდა სულის მოსაოხად, სადაც სინათლის წიაღში დაივანებდა მისი მეამბოხე და ფრთააშლილი სული. იქ მას ბოლომდე შეიცნობდნენ. აქ კი... მაინც მარტო იყო ვერშეცნობილი სული... ის ჩვენ შორის ცხოვრობდა, მაგრამ, მაინც ამოუცნობი დარჩა, ჩვენ შორის იყო და ვერ მივუახლოვდით, რადგან დიდი იყო, ღრმა და თავბრუდამხვევი, როგორც ნაავდრალი ზღვა, ის არავის ჰგავდა, საკუთარი თავის გარდა, რადგან დარეჯან ქინქლაძე იყო. ...დრო აბრუნებს თურმე საკუთარ თავს წარსულისაკენ და ხსოვნის კინოკადრებს თვალწინ ალაგებს, რომ ეს ხსოვნა გადარჩეს და ისევ სიტყვა-ლოგისად იქცეს, რომელსაც სიტყვის ლეგენდარული ქურუმი მარადისობის ღვთაებრივ შუქზე წაიკითხავს. რუსუდან ებრალიძე
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 0