არქიმანდრიტი ანდრია, ერისკაცობაში გულადი კბილაშვილი, 1979 წლიდან დედა ეკლესიის წიაღშია. მისი ბერად აღკვეცა მოხდა 1987 წელს, 35 წლის ასაკში და იქედან მიუყვება ბერ-მონაზვნობის ურთულეს, ამავე დროს საპატიო გზას. გადავწყვიტეთ მამა ანდრიასთან გასაუბრება, რათა ჩვენმა მკითხველმა კარგად გაიგოს მისი ღვაწლის შესახებ.
_ მოგვიყევით თქვენი ცხოვრების შესახებ. გზა ერისკაცობიდან ბერობამდე?
_ გავიზარდე ბაღდათის რაიონის კურორტ საირმეში, ვარ ერთი ჩვეულებრივი ოჯახიდან. ყოველთვის მინდოდა, ცოლი და შვილები მყოლოდა და ჩვეულებრივი რიგითი ერისკაცი ვყოფილიყავი, მაგრამ ამავე დროს სულ მქონდა ხილვები, რომ მე ბერი ვიყავი და ჩემი თავი კაბაში და სკვნილით ხელში მეცხადებოდა. ცხონებული ბებიაჩემი დილის ოთხ საათზე მაღვიძებდა, ადექი საჭმელი ჭამეო, საჭმელი კი არა, სამუშაოდ მივყავდი ტყეში: სოკოს საძებრად, შეშის მოსატანად ან კიდე წაბლის საძებრად, თურმე მონასტრისთვის მამზადებდა, წესით ბერი შუა ღამეზე უნდა ადგეს და ლოცვა დაიწყოს ვიდრე პირველ ჟამამდე. როცა მე ბერად აღვიკვეცე, დედაჩემმა შეიცხადა და ბებიაჩემს უთხრა, ეს რა უქნია, ბერად აღკვეცილაო, ბებიაჩემმა მიუგო: შვილო, რა შეიცხადე ეს ბავშვი ბავშვობიდან ბერი არ იყოო?! შვიდი წლის რომ ვიყავი, აღთქმა მივეცი ღმერთს, რომ სიგარეტს არ მოვწევდი,
ღვინოს არ დავლევდი და ხორცს არ შევჭამდი; არ მქონია ეს ვნება ამ სიბერემდე. ასე რომ, ბავშვობიდან ინერგებოდა ჩემში ღვთის შიში და მონაზვნური ცხოვრების წადილი.
_ მოგვიყევით ჯიხეთის მონასტრის დაარსების ისტორია?
_ ჯიხეთის მონასტერი უძველესი დროიდან შეიქმნა, ჩვენ ყველაფერს შუა
საუკუნეებს ვეძახით, მაგრამ შუა საუკუნეები მეორედან მეთვრამეტემდეა,
წარმოიდგინეთ რამხელა ჟამია, როცა ანდრია პირველ წოდებული ქრისტეს სჯულის საქადაგებლად მოვიდა საქართველოში სამჯერ მოუწია ჩამოსვლა. პირველად დიდ აჭარიდან შემოვიდა, შემდეგ აწყურში გადავიდა, მერე ოვსეთში ავიდაო, წერს მემატიანე. მეორედ სარფიდან შემოვიდა გონიოში მატათა და სვიმონ მოციქულებთან ერთად და ამ გურიის მხარეში გადმოიარა როგორც მემატიანე გვაუწყებს. ხრიალეთში სუფსიდან რვა ვერსის მოშორებით, დეკანოზი მეგრელიშვილი წერს წერილს ივანე ჯავახიშვილს, რომ არ არის მითი წმინდა გიორგიო და წმინდა ნინოო. აქ პირველ საუკუნეში მოვიდაო ანდრია პირველწოდებული ხრიალეთშიო, საიდან ხელის გულივით სჩანს ბათუმი და ფოთიო და მონასტერი დაარსაო, მღვდელ-დიაკვანი დაადგინა წავიდაო. შემდეგ ხომ არ გადაფრინდებოდა, მაშინ სიმონ კანანელიც ახლდა, ხომ უნდა გადაეარა, საიდან ივლიდა ჭაობში, გზა არ იყო, როგორც ჩანს ტყე-ტყე გადაიარა. ყელას პარალელურად ერთი სოფელია, სადაც მოვიდა, ეკლესია დააარსა, მერე გადმოვიდა ტყე- ტყე წამოვიდა
და საიდან გადმოვიდოდა თუ არა იმ ჯიხეთისკენ. ცხოვრობდა ხალხი ადრე იქ და უეჭველი ხდება, რომ სწორედ ჯიხეთში გადმოიარა მან, შემდეგ ისევ გააგრძელა გზა მთა-მთა და გადავიდა სამეგრელოში, მარტვილში იქაც იქადაგა ქრისტიანული სარწმუნოება. დაარსა ეკლესი-მონასტრები და შემდეგ ავიდა აფხაზეთში ახლანდელ ახალ ათონში, მაშინ ანაკოფია ქვიოდა, სიმონ კანანელი დატოვა ერთ-ერთი მთის წვერზე, სადაც ბოლო ხანებში მონასტერი დაარსებულა. მემატიანე წერს, რომ ერთხელ, როცა ანდრია პირველწოდებული ესტუმრა სიმონ კანანელს და როცა ისინი ერთად
ლოცულობდნენ, მათ შორის აღიმართა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და სამივე ივერიის გადარჩენისათვის ევედრებოდა ღმერთს. იქედან, სადაც ლოცულობდნენ, ქვემოთ ერთ კილომეტრში იყო სვიმონ კანანელის გამოქვაბული, რომელიც დღესაც არის, მე პირადად ყოველ ორ კვირაში ერთხელ ჩავდიოდი და პარაკლისებს ვიხდიდი. შემდეგ სიმონ კანანელს პანტელეიმონის გამოქვაბულის ქვემოთ თავი მოკვეთეს, საიდანაც შემდეგ მდინარე გამოვარდა. ის ახალი ათონის ხეობაში დაკრძალეს. მის ზემოთ არის წმინდა პანტელეიმონ მკურნალის ლავრა, სადაც 150 ბერი ცხოვრობდა, რომლებიც 1935 წელს კომუნისტებმა იმ ხეობაში აიყვანეს, ზემოთ,
მთის ძირას, დახვრიტეს ყველა ბერი და დაწვეს. კომუნისტების დროს მონასტერში იყო დავთარი თუ რა მოჰყავდა150 ბერს, იქ იყო აუარება პროდუქტი: ზეთისხილი, ყურძენი, ციტრუსები, ბოსტნეული და კიდევ ძალიან ბევრი პროდუქცია.
_ მოგვიყევით ჯიხეთის დღევანდელ და ძველ მდებარეობაზე და როგორ
გადაურჩა ის საბჭოთა რეპრესიებს?
_ ახლა სადაც ჯიხეთი არის, ეს ადგილი მშვიდობაძეების ნაყანებიაო, ამბობენ, მაგრამ ის ძველი მონასტრის მიწა, ამბობენ, რომ მაჭუტაძეებმა შესწირეს მონასტერსო, იმიტომ რომ, ის ძველ ლანჩხუთს ეკუთვნოდა ძველი ჯიხეთის მდებარეობა ეს დღევანდელი სამების მთაა, ეს ჩოხატაურს ეკუთვნოდა, რომელიც 1934 წელს ჩოხატაურის მაშინდელმა რაიკომის მდივანმა, როინიშვილმა გადმოსცა ლანჩხუთის ახალგაზრდა რაიკომის მდივანს. რამიშვილი იყო მაშინ. მას უთხრა, რომ ჯიხეთი არის ქვეყნის სიმდიდრე, ახალგაზრდა კაცი ხარ, გაუფრთხილდიო და გადმოსცა ჯიხეთის მონასტერის ტერიტორია ლანჩხუთის რაიონს. 1937 წელში მისი ეროვნულობისათვის დახვრიტეს კომუნისტებმა ჩოხატაურის ყოფილი რაიკომის მდივანი როინიშვილი.
_ ჯიხეთის აღმშნებლების ვინაობა თუ არის ცნობილი?
_ ჯიხეთის აღმშნებლების ვინაობა ცნობილია, ესენი იყვნენ არქიტექტორები:
მენაბდე და ბერძენი. ასევე, რა თქმა უნდა, ადგილობრივ მოსახლეობასაც დიდი ღვაწლი აქვს მონასტრის წინაშე.
_ როგორი დამოკიდებულება ჰქონდა მონასტრის მიმართ რაიკომის მდივნებს?
_ წლების წინ მე და ჩემმა ერთ-ერთმა მეგობარმა გამოვიკვლიეთ რამდენი რაიკომის მდივანი იყო რამიშვილიდან დაწყებული ვიდრე ემზარ ბერიძემდე. 11 იყო ასეთი და უმეტესება ძალიან პატივისცემით ეპყრობოდა, როგორც მონასტერს, ასევე მონაზვნებსაც, რომელთა შორის იყვნენ, როგორც ვთქვი, როინიშვილი და რამიშვილი აგრეთვე ყველასთის ცნობილია, რომ ოზურგეთელი რაიკომის მდივანი ჰყავდა ლანჩხუთს 60-იანი წლების დასაწყისში, რომელიც 15 წელი მართავდა ლანჩხუთს, ეს იყო დავით საბაშვილი. მახსოვს ემზარ ბერიძის სიტყვები ხალხს რომ მოუწოდებდა: „ჯიხეთის მონასტერი წალკოტად უნდა ვაქციოთო სხვა არაფერი საქმე არ გვაქ ჩვენ რაიონშიო’’, ვმეგობრობდი მე პირადად მასთან, მან ძალიან
ბევრი კეთილი საქმე გააკეთა, არამარტო მან, უმეტესობა ლანჩხუთელმაც, რაიონის თითქმის ყველა წარმოებამ. ყველანი გვერდში გვედგნენ. ასევე როცა ესტაფეტა გადასცეს ზვიად გამსახურდიას მთავრობის წევრებს, მთელი დასავლეთ საქართელოს პრეფექტი დადიოდა და ესწრებოდა წირვა-ლოცვას ჯიხეთში. ეს იყო, ზვიად ძიძიგური. ოზურგეთიდან _ თოიძე, ხარაგაულიდან დადიოდა აწ განსვენებული, ნოდარ ებანოიძე. 120 კილომეტრს გადიოდა წირვა-ლოცვისთის, ზიარებისთვის, აღსარებისთვის, ღმერთის პატივისცემისა და თაყვანისცემისთვის.
_ როგორი იყო ხალხის დამოკიდებულება საბჭოთა პერიოდში ეკლესიის მიმართ?
_ ხალხი ბრძენიცაა და ცხვარიცაა, საითაც გინდა იქეთ გარეკავ. როცა ზვიად. ძიძიგური სამტრედიის პრეფექტი გახდა, მთელი სამტრედია დადიოდა და ამბობდა, რომ უთხარი ზვიადსო, რომ ეკლესიას რაღაცეები შევწირე, პროდუქტი მოვიტანე, ვეზიარე და ვილოცეო. ამათ შესაწირი მოჰქონდათ და ეზიარებოდნენ იმისთვის, რომ თავი გამოეჩინათ და სათქმელი ჰქონოდათ, ეკლესიას შევსწირეო და ვეზიარეო და ამით ამპარტავნებაში ვარდებოდნენ, ასეთი რაღაცეებიც ხდებოდა. „წინამძღვარი უნდა ჯოჯოხეთისკენ წაიყვანს უნდა სამოთხისკენ’’. ნაპოლეონს აქვს ნათქვამი:
„უთავო მწყემსის ხელშიო ფარის საკლავი ფარაა ცხვრისაო’’. ჰიტლერი ამბობდა: „მთავარია მთავარიო’’. სანამ ეკლესიაში მოვიდოდი ჩვენი სკოლის ისტორიის მასწავლებელი კოლია დახუნდარიძე, სულ იძახდა ჰიტლერი ვირიაო, ნაომარი კაცი იყო კოლია, ძაან დამაინტერესა და ჰიტლერთან დაკავშირებით თუ რამე წიგნი ჩამივარდა ხელში ყველა წავიკითხე, მერე ჰიტლერი რომ დავამთავრე გადავედი ნაპოლეონზე, მერე ღმერთმა იფიქრა არიქა არ დაიღუპოსო და მონასტერში მიმიყვანა.
_თქვენი მოღვაწეობის პერიოდში იყო თუ არა ტაძრების შებილწვა, დანგრევა და იდევნებოდა მღვდელი?
_ მღვდელს ძალიან ავიწროვებდნენ კომუნისტები, თხოვდნენ მიეტოვებინათ ტაძრები და სკოლებში ემსახურათ, მოგეხსენებათ მღვდლები განათლებული.
ადამიანები იყვნენ და ასეთი ადამიანები სკოლას ყოველთვის სჭირდებოდა. ეკლესიაში ამოდიოდა ფინგანი (გადასახადების ამკრები პირი) და მღვდელს აკისრებდა ყოველთვიურ გადასახადს. მაგალითად: მე მქონდა ასეთი შემთხვევა, ერთხელ შემაწუხა ფინგანმა, მონასტერს დააკისრა ყოველთვიური გადასახადი, თვეში 300 მანეთი, ვუთხარი, რომ დილას რომ ამოხვალ, პური წამოიღე, მოგშივდება, მთელი დღე აქ დამჯდარ-იმეთქი, დადექი მონასტრის კარებთან და შენი თვალით ნახე ხალხი რამდენს მოიტანს შესაწირს-მეთქი. მოვიდა ერთხელ, ორჯერ, სამჯერ შემაწუხა უკვე სამასი მანეთი მინდა, რა ვქნა ძმაო, წესია ასეთიო. კი ვთქვი უკვე რაიკომის მდივანთან ვმეგობრობდი და მას ჰქონდა ნათქვამი ჩემთვის, რომ რასაც მთხოვ ყველაფერს გაგიკეთებო, მაგრამ კვირაში ერთხელ და ბიბლიაზე, სახარებაზე და წმინდა წერილზე მესაუბრეო. ჩავედი მაშინდელ მთავარ ფინგანთან, მე ვუთხარი არ მაყენებ იმ ტყეში ხომ მეთქი. რა ვქნა, ძმაო, ასეაო, წესი წესია კაცოო. კაი, მაშინ წავალ და რაიკომის მდივანს ვეტყვი-მეთქი, რაოო, მოდი ვიძმაკაცოთო, ვიმეგობროთო, და რასაც მთხოვ ყველაფერს შეგისრულებო, ოღონდ მაგი არ გააკეთო, არ დამღუპო კაცოო. მე არ დამავიწყდება პოლიციის მაშინდელი უფროსი გოდერძი ქურიძე. ამოდიოდა, ჩვენს ერთ მედავითნეს ლიმონათები უყვარდა, ბულკები ამოჰქონდა და არც ერთ ოჯახში რომ არ ვიყავი ნამყოფი, ლანჩხუთში სამჯერ მიმიყვანა თავის სახლში. ყველა ადამიანი ერთნაირი არ არის, ყველას სხვადასხვანაირი გული აქვს, ერთი ფილოსოფოსი ამბობდა: „ყველა კაცი თავისი მწამსით უნდა ცხონდესო’’.
_ მონასტერი ყოველთვის მოქმედი იყო?
_ დიახ, კომუნისტების დროს მე რომ ჩამოვედი, ყოველდღე ვატარებდი წირვა-ლოცვას, ღამის სამ საათზე რომ დავიწყებდი: ცისკარი, მწუხრი, გადავაბამდი წირვას და დილის 12 საათისთვის ვასრულებდი. მერე გავრბოდი, დავქოქავდი მანქანას, ლუაზი მყავდა მაშინ. გავრბოდი საქმეზე წირვა-ლოცვისგან დაქოქილი და მადლით შემოსილი, სანამ საქმეებს არ მოვილევდი, მანამდე საჭმელს არ ვჭამდი და ვამბობდი, რომ თუ გამოიძინე და საჭმელი შეჭამე, იმ დღეს ვერაფერს გააკეთებ-მეთქი. ამ დევიზით დავდიოდი გამუდმებით, არასდროს უქმად არ ვფლანგავდი დროს. როგორც ბებიაჩემმა დამქოქა დილის სამ საათზე რომ მაყენებდა საჭმელი ჭამეო,საჭმელი კი არა, სამუშაოდ მივყავდი, შემდეგ გადამეცა ეს ენერგია და სულისკვეთება ეს დღემდე მომყვება. ასე შევძელი: ხულოში ეკლესიის გახსნა, ჩოხატაურში _ უდაბნოსი, ოზურგეთში _ ჯუმათის, ზესტაფონში_ ტაბაკინის მონასტრის და ასე შემდეგ.
_ რა შეგიძლიათ გვითხრათ ჯიხეთის წყაროს შესახებ?
_ წყალი არის ცოცხალი არსება, ეს ქვეყნიერება შედგება მიწისგან და წყლისგან, როგორც თითოეული ჩვენგანი შევდგებით მიწისგან და წყლისგან. ადამიანი 25% მიწაა, 75% _ წყალი. წყალს ესმის, ყველაფერს ესმის, რაც გააჩინა ამ ქვეყანაზე ღმერთმა, ყველაფერი მგრძნობიარეა, ხეც კი გრძნობს ყველაფერს, დავით წინასწარმეტყველის ფსალმუნში წერია: „მწვანე სამსახურებელად კაცთაო’’, მოგვცა ღმერთმა ყველაფერი, რომ ვისარზდოოთ და ვადიდოთ ღმერთი უკუნისამდე. როგორც ბიბლიის დასაწყისში წერია: „ პიროფლიანი ვჭამდე პურსო და სიმწრით ვშობდეო’’. აუარებელი სასწაული მოხდარა ჩვენს სანათლავში. 20 წლის უშვილოებს შვილი ეყოლათ. ჩამოვიდა ერთი ქუთაისელი ბიზესმესმენი ცოლ-ქმარი, დაიწყეს სიცილხარხარი, 20 წელი შვილი არ გვყავს, ახლა ამ წყალში ჩასვლით მეყოლებაო, კარგი ბარემ მოსულები ვართ და ჩავიდეთო. წლის თავზე შვილი ეყოლათ, მაგრამ ყველას ჯვარი სწერია, ორ დღეში გარდაეცვალათ, ჩამოვიდნენ დამწუხრებულები, დადარდიანებულები, ღმერთმა დაგვსაჯაო, ჩვენი უგუნურობისა და ურწმუნოების გამოო, კიდევ ჩავიდნენ ორივე ცოლ-ქმარი წყალში, კიდევ ეყოლათ წლის თავზე ბიჭი. დოდო ესართია იყო სუფსის გამგებელი, მან მოიყვანა ნავთძიების უფროსი, ინლისელი თავის ცოლთან ერთად. მითხრეს, რომ კათოლიკეა და მართლმადიდებლობა უნდაო, მოვნათლე სანათლავში. იმ ქალმა თქვა, რომ მე ავსტრალიელ-ინგლისელი ვარო, ეს ადგილი ძალიან გავსო ავსტრალიასო. აღმოჩნდა, რომ ამ ქალს და მის ქმარს შვილი არ ჰყავდათ 20 წლის განმავლობაში, მონათვლის შემდეგ წლისთავზე შვილი შესძენიათ და ერთ დღეს მომივიდა წერილი: „გმადლობ, შენ და მართმადიდებლობას, 20 წელი შვილი არ მყავდა და მონათვლიდან ერთი წლის თავზე შვილი შემეძინაო’’. მრავალი სასწაული მომხდარა ჯიხეთის სანათლავში, ათეულობით კი არა ასეულობით სასწაული აღსრულებულა. დიდია ღვთის ძალა, დიდია ღვთის მადლი, ღვთის მადლით ვცოცხლობთ თითოეული ჩვენგანი, როგორც ვამბობთ ლოცვებში: „მეუფეო ზეცათაო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენ შორის და წმინდა მყვენ ჩვენ, ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნე სახიერო სულნი ჩვენი“
ბიწი ყველა ადამიანს აქვს, ცოდვა ყველა ადამიანს აქვს, „რამეთუ არა არს კაცი რომელი ცხონდეს და არა სცოდეს“. მაგრამ ღვთისმოსავები უნდა ვიყოთ, ღვთის ძალით და მადლით უნდა ვიყოთ შემოსილი და მისი მსასოებელი უნდა ვიყოთ. რამეთუ მან შეგვქმნა ჩვენ და ერთ წუთს არ დაგიმატებს, როცა საჭირო იქნება წაგიყვანს მასთან.
_ როგორ საქართველოს ისურვებდი წლების შემდეგ?
_ ზვიად გამსახურდიას დროს ვამბობდი, რომ ქვეყნის მთავარს გინდა ცეკას მდივანი დაარქვი, გინდა პრეზიდენტი, მზე ამოყავს მას, განაწყობს ყველაფერს, წარმართავს ერის ბედნიერებას. მე მაქვს სომხეთის ისტორია წანაკითხი, როგორ დაკარგა მართლმადიდებლობა სომხეთმა, როცა მათი განსწავლული კაცი იტალიაში წავიდა მოსეს ხორენაცი და 10 წელი ისწავლა და ჩამოვიდა სომხეთში, თქვა, რომ ჩავედიო: „ ბუნებაც კი შეცვლილი დამხვდაო, არა მარტო მართლმადიდებლობაო, ფრინველებიც და ცხოველებიც გაუკუღმართებული იყოო’’. ასე რომ, მზე ხელმწიფეს ამოჰყავს, ღმერთშემოსილ, აღმსარებელ და კაცთმოყვარე ხელმწიფეს, ის არის ღვთისა და ერის მსახური. როგორც 90-ე ფსალმუნში წერია: „ანგელოზთა მისთა დაუბრძანებიეს შენთვის დაცვათ მისთა’’. რამეთუ ჩვენ მრავალი გვახსოვს, როცა ომში ქართველებს ყოვლადწმინდა ღვისმშობელი და წმინდა გიორგი, ეხმარებოდა ქართველ ლაშქარს, როგორც სულიერად, ისე ფიზიკურადაც; ჩვენ ვიცით რომ წმინდა გიორგი მიუძღოდა დიდგორის ბრძოლაში ქართველ ჯარს, მისი მეოხებით და მადლით გავიმარჯვეთ მტერზე და ეს ბრძოლა ისტორიაში: „ძლევაი საკვირველის“
სახელით შევიდა. ასე რომ, ლოცვა, მარხვა და თავმდაბლობა გადაგვარჩენს. ჯიხეთში ერთი კაცი დამესხა თავს, რომ ქართველები წაეთრიეთ აქედანო, 7 კაცი დაგვესხა ღამის პირველ საათზე, თოფი მომადო გულზე, მონასტრის ეზოში უნიკალურ ნაძვთან. 90-ე ფსალმუნის კითხვა დავიწყე გულში, ლოცვა დამთავრებული არ მქონდა და დაიწყო ამ კაცმა ტირილი, არაადეკვატური ქცევები და მითხრა, რომ რაღაც ძალა არ მაძლევს უფლებას, რომ იარაღი გესროლოო. ტიროდა, ბღაოდა, ერთი ფეხებს შორის მესროლა, მეორე ჰაერში და შევარდა ეკლესიაში ტირილით, ჯვარცმასთან მიიტანა იარაღი, დაეცა მუხლებზე, თოფი დადო და ღმერთს პატიება სთხოვა. ისევე, როგორც მურმან ყრუ, ქართველმა კაცმა როგორ არ უნდა იცოდეს თუ სად წააგო მურმან ყრუმ ქართველებთან ბრძოლა, როცა აბაშაში შევიდა და იქედან გადმოვიდა რიონზე, ძალიან ბევრი მეომარი დაიღუპა წყალში და ბალოტში. მოიხსნა სატევარი და კეთილარის წმინდა გიორგის ტაძარში შევიდა, წმინდა გიორგის ხატის წინ დაიჩოქა, დადო სატევარი და შეევედრა, რომ ცოცხალი გამიყვანე აქედანო და აჰა, ჩემი სატევარი შენო. ეს ქართველმა კაცმა რატომ არ უნდა იცოდეს. საქართველოში ძალიან რბილი ხალხია, ერთეულები იყვნენ კლდე და ძლევამოსილები, ამ ერთეულების ხარჯზე გადარჩა ღვთივ დაცული ერი ჩვენი.
როგორც ბიბლიაში, ეკლესიასტეში წერია: „ერთი მართალი კაცი გადაარჩენს მის ქვეყანას უცხო მტრების შემოსევისგან, მიწისძვრებისგან, წყალდიდობისგან და ასე შემდეგ“, ღმერთს მადლობას ვწირავ, რომ ჯერ კიდევ არსებობს ჩვენს ქვეყანაში ისეთი ხალხი, რომლებიც არსებობაც ჩვენს ქვეყანას გადაარჩენს. არც ის იცის ქართველმა და აქაურმაც კი, რომ გულეკარი, კეთილარი, კოდორი ეს სამი სოფელი ადრე რიონს იქეთ
იყო, შემდეგ როცა ყმების გაყიდვა გააპროტესტა, შეწყვიტა და კანონი გამოსცა იმერეთის მეფემ და კათალიკოსმა, აბაშის მთავარმა ჭილაია ბატონმა გაგულისებულმა, რას ქვია ეს გააკეთაო, 12 მღვდელი მიიწვია, აგერ ეკლესიაა ჩვენს გადაღმა, წირვის შემდეგ 12-ივე მღვდელი გაპარსა, შეკრა და საზღვარგარეთ გაყიდა, მერე დიდი რისხვა მოვიდა საჭილაოზე, რიონმა გადახეთქა, წალეკა იქაურობა, სოფელი მთლიანად წყალმა წაიღო, მხოლოდ ეკლესია გადარჩა რომელიც დღესაც მოქმედია, ჭილაიევსაც კარგი არაფერი დამართნიათ. ესეთი ისტორიები უნდა იცოდეს ქართველმა კაცმა, მხოლოდ მართალნი და ღვთის მოშიშნი გადარჩებიან, ასე წერია საღვთო წერილში.
_უღრმესი მადლობა მამაო, ასეთი საინტერესო და ნაყოფიერი საუბრისთვის. თქვენ ძალიან საინტერესო და პატივსაცემი პიროვნება ბრძანდებით. სანამ საქართველოს თქვენნაირი მღვდელ-მონაზვნობა ეყოლება და ქვეყნისთვის და ხალხისთის თქვენნაირი მლოცველები, მჯერა სამარადისოდ გაისმება ქრისტიანთა ხმა და საქართელო გაბრწყინდება. მრავალჟამიერ თქვენს მოღვაწეობას სასულიერო საქმეში!
ლუკა გოგეშვილი, წმ.იოანე ნათლისმცემლის სახელობის სასულიერო გიმნაზიის მოსწავლე
რა ხილვები ჰქონდა მამა ანდრიას ბავშვობაში, რა სასწაულები მომხდარა ჯიხეთის სანათლავში; როდის ჩაინერგა მასში ღვთის შიში და მონაზვნური ცხოვრების წადილი
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 883