მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულიმა, ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა ლადო აფხაზავამ, 29 იანვარს არტ კაფეში ,,ქეთოსთან“კიდევ ერთი პროექტის ,,ყვავილები განათლებისათვის“ პრეზენტაცია გამართა. ეს პროექტი გახლავთ პანდემიის მეორე ტალღის პარალელურად წამოწყებული გახმაურებული ინიციატივის, რომელიც შემდეგ პროექტად იქცა ,,იები მეგაბაიტების სანაცვლოდ“ შემდეგი ეტაპი, რომლის ფარგლებში ორგანიზაცია ,,მწვანე სექტორის“ ჩართულობით, ნიგვზიანში ლადო აფხაზავას საცხოვრებელ სახლში შეიქმნა სოციალური საწარმო. იგი წარმოადგენს ორანჟერეას და სათბურს, სადაც გაამრავლებენ სეკულენტებს და სხვა მცენარეებს, ეს მცენარეები ზამთარშიც გაახარებენ მომხმარებელს. მათი რეალიზაციის შედეგად აღებული თანხით დაეხმარებიან იმ სტუდენტებს, რომელთაც შეუჩერდათ სტუდენტობა გადასახადების გამო, ასევე ჩიბათის საჯარო სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც არიან სტიპენტიანტები, ჩაერიცხებათ თანხა და მოხმარდება ახალგაზრდების განათლებას, ორანჟერეაში იმუშავებენ ახალგაზრდები, რომლებიც სამუშაოს ვერ პოულობენ.
როგორც აღინიშნა ,,მწვანე სექტორის“ გარდა, რამდენიმე ორგანიზაციამ გამოთქვა სურვილი დაეხმაროს ამ ამ პროექტს, მათ შორის ბენზინგასამართმა სადგურებმა, სადაც დაიდგმება დახლები ქოთნებით, რომელზედაც წარწერილი იქნება ,,ყვავილები განათლებისათვის.“
პრეზენტაციას ესწრებოდნენ ორგანიზაცია ,,მწვანე სექტორის“ წარმომადგენლები ქალაქ ბათუმიდან, საქართველოს სასოფლო დარბაზის ლანჩხუთის ორგანიზაციის თავმჯდომარე ამირან გიგინეიშვილი, ჩიბათის საჯარო სკოლის მასწავლებლები, მოსწავლეები და მოწვეული სტუმრები.
,,პანდემიის მეორე ტალღის შემდეგ, როცა ჩვენ იებიც ამოგვეწურა, გადავედით სეკულენტებზე. ეს ყვავილი ძალიან სწრაფად მრავლდება, ფოთლებითაც შეიძლება მისი დაკალმება და სადაც ვნახეთ ადგილი, ყველგან ამ ფოთლებს ვაკალმებდით, ასე ვმუშაობდი ჩემს კოლეგებთან ერთად. ინტერნეტის გარდა სხვა პრობლემებიც იყო, ჩემი ერთი მოსწავლის თითები არ მომეწონა და როცა ვკითხე რა სჭირდა, გავიგე, რომ დაფნის ფოთოლს არჩევდა, ამაზე მთელი ოჯახი მუშაობდა დღეში 1 ლარად და 80 თეთრად. ძალიან შეგვეცოდა ჩვენი მოსწავლე და მერე მივხვდით, რომ ბევრი იყო ასეთი მოსწავლე, რომელთა მშობლებმა დაკარგეს სამუშაო ამ პანდემიის დროს. ჩემი კოლეგები დამიდგნენ გვერდით, ქალბატონები ოჯახისათვის აუცილებელი პროდუქტების სიების გაკეთებაში მეხმარებდნენ, დავდიოდით ბაზარში შევიძინეთ ეს პროდუქტები და მიგვქონდა ოჯახებში, ეს ერთჯერადაც არ იყო ,,იები მეგაბაიტების სანაცვლოდ’’ ამ პროექტის ფარგლებში ჩვენ ძალიან რთულ პირობებში ვიყავით, მაგრამ მოსწავლეებს სოციალური პროექტი გავუკეთეთ.“ პროექტი ,,იები მეგაბაიტების სანაცვლოდ“ დასრულდა და დაიწყო ახალი ეტაპი ორგანიზაცია ,,მწვანე სექტორის“ დახმარებით, რომელიც მუშაობს ბათუმში. ,,მწვანე სექტორის“ ხელმძღვანელმა დაწერა პროექტი და მიიღო დაფინანსება.
,,ამ პროექტით ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა, რომ სოციალური საწარმო შეგვექმნა ნიგვზიანში, სადაც პრობლემათა გამო ჩემი ორსართულიანი სახლი დავშალეთ, ხის მასალა გავყიდეთ და დაგვრჩა ბეტონი.
როდესაც ჩვენთან ჩამოვიდნენ ორგანიზაცია ,,მწვანე სექტორის“ წარმომადგენლები, ქალბატონი ციალა და ილია, მოვილაპარაკეთ, რომ ამ პირველი სართულის ქვაზე შეგვექმნა ისეთი კონსტრუქცია, რომელსაც ზემოდან დავაშენებდით ორანჟერეას, მოვიყვანეთ სპეციალისტი. მანაც დაგვიდასტურა, რომ ეს შეიძლებოდა და კარგი იქნებოდა.
ორანჟერეაში მოვაშენებთ სხვადასხვა მცენარეებს, რო გორც თესლით ასევე დაკალმებით. გაზაფხული დაიწყება თუ არა, ამ ყველაფერს დავასრულებთ“ _ თქვა ლადო აფხაზავამ.
მაია კუკულაძე
,,ყვავილები განათლებისათვის~’’ პროექტის პრეზენტაცია
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 864