ბოლო ხანებში, კატასტროფულად მოიმატა უცხოეთში წამსვლელი ახალგაზრდების რიცხვმა. რა მოთხოვნას წაუყენებდით მთავრობას ამ საკითხთან დაკავშირებით?
უჩა ჩხაიძე, ლანჩხუთი:
ისეთი ტემპით მოიმატებს კიდევ, ეს მთავრობა ვეღარ შეაკავებს და მდგომარეობას ვერც შეცვლის. მარტო საქართველოში არ ხდება ეს. მაკედონიაში, ალბანეთში, კოსოვოში იგივე სიტუაციაა _ იცლება ახალგაზრდებისგან. უნდა დაწესდეს მინიმალური საათობრივი ანაზღაურება - ეს ერთი; მეორე, რაც შეიძლება მეტი პროფესიული სასწავლებელი უნდა გაიხსნას; უნდა იყოს წახალისება, პროპაგანდა, რომ მოანდომონ ახალგაზრდებს შეიძინონ პროფესია.
აუცილებელია დაბალ პროცენტიანი სესხები, კიდევ გარანტია, რომ მე რა მოსავალსაც მოვიწვევ, გაიყიდება და დამეხმარება მთავრობა მყიდველის მოძიებაში.
ეთო სარჯველაძე, ლანჩხუთი:
მთავრობას მოვუწოდებ, შექმნან მეტი სამუშაო ადგილი. ვინც დასაქმებულია, მისცენ შესაბამისი ანაზღაურება, რომ არ გაუჩნდეთ საზღვარგარეთ წასვლის სურვილი. ჩემი მეუღლე იძულებული გახდა დაეტოვებინა ოჯახი, ორი შვილი და წასულიყო საზღვარგარეთ, რადგან საქართველოში ვერასოდეს ვერ იღებდა ისეთ ანაზღაურებას, რომ შვილების და ოჯახის ელემენტალური ყოფა გაეუმჯობესებინა.
ირმაკო ჩხარტიშვილი, ლანჩხუთი: აუცილებელია ზრუნვა ახალგაზრდების უნარების განვითარებისთვის. მათთვის ხელშეწყობა, პრობლემის გადაწყვეტილების პროცესებში დროული ჩართვა, რაც მათ თავდაჯერებულობას, პასუხისმგებლობას მეტად განუმტკიცებს.
თხოვნა მექნებოდა - ჩემი თაობა პოულობს და ვერც პოულობს დღეს საკუთარ ადგილს და ასეთი დაკარგულობა ნამდვილად არ მინდა ჰქონდეს ჩვენს უკან მდგომ ბავშვებს.
ქეთევან წილოსანი, გვიმბალაური:
აუცილებელია სამუშაო ადგილების შექმნა, მისაღები ხელფასები და არა გროშები და სახელმწიფო გრანტები დამწყები მეწარმეებისთვის.
ნანა ფირცხალაიშვილი, ლანჩხუთი, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ინიციატივა სამოქალაქო საზოგადოებისათვის“
მიგრაცია მზარდი პრობლემაა მსოფლიოსთვის და იგი გამოწვეული შეიძლება იყოს მრავალი ფაქტორით. ჩვენი რეალობიდან გამომდინარე ყურადღება ძირითადად ეკონომიკურ მდგომარეობაზე უნდა გავამახვილოთ. საქართველოც დიდი გამოწვევის წინაშე დგას ამ მიმართულებით, ყოველდღიურად იზრდება რიცხვი ჩვენი მოსახლეობის, ვინც ქვეყანას ტოვებს, დროებით თუ სამუდამოდ. განსაკუთრებით გულდასაწყვეტი და მტკივნეულია ახალგაზრდების გადინება ქვეყნიდან.
ახალგაზრდობა ხომ უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის განვითარების, წინსვლისა და წარმატებების გარანტი.
ქვეყანაში არსებობს პრობლემები სოციალურ-ეკონომიკური თუ პოლიტიკური თვალსაზრისით, მაგრამ ახალგაზრდა თუ დაინტერესებულია, აქტიურია და მიზანდასახულია, აქვს შესაძლებლობა დაიმკვიდროს ღირსეული ადგილი საზოგადოებაში.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტმა ისევე როგორც მთლიანობაში რეგიონმა, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა თვითმმართველობის განვითარების, სახელმწიფო სტრუქტურების ადგილობრივი წარმომადგენლობის გაძლიერების, საგანმანათლებლო თუ უფლებათა დაცვით მიმართულებებში, თუმცა აქაც ბევრი ის საერთო პრობლემატიკაა, რაც მთლიანად ქვეყნისთვის არის დამახასიათებელი. გასულ წელს, სწორედ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებთან მუშაობის შედეგად ჩვენ ერთობლივად ჩამოვაყალიბეთ და გამოვკვეთეთ წინადადებები, რომლის ქმედითი განხორციელების შედეგად,ვფიქრობთ, სახეზე იქნება პრევენციული ზომები ამ მიმართულებით და ჩვენი რეკომენდაციაც მთავრობის მიმართ სწორედ ეს იქნება:
1. ახალგაზრდობის დასაქმების პოლიტიკა;
2. საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების ორგანიზება და მობილობის პოლიტიკის განხორციელება;
3. გენდერული და ინკლუზიური თანასწორობის პოლიტიკის ჩამოყალიბება;
4. მუნიციპალური ცენტრისაგან მოშორებით არსებულ დასახლებულ პუნქტებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის სპეციფიური მიდგომების ჩამოყალიბება და განხორციელება. ინსტრუმენტები ახალგაზრდობის საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობისათვის;
სასწავლო სემინარები, ტრენინგები, ახალგაზრდობის ინფორმირება, ახალგაზრდების წახალისება მედიაში, ახალგაზრდების პროექტებისა და ინიციატივების მხარდაჭერა.“
მარი ხანთაძე, არჩეული:
ახალგაზრდები ქვეყანას ტოვებენ უკეთესი მომავლისა და ხელფასის საძიებლად, ისინი სხვადასხვა ქვეყანაში მიემგზავრებიან.
აქ ცხოვრება ძალიან რთულია, სისტემა არ მუშაობს, მისი გაუმჯობესება კი შეუძლებელია ასეთ პირობებში. უამრავი უსამართლობაა, რაც გიკარგავს მოტივაციას. ვფიქრობ, ერთადერთი სწორი გზაა მთავრობამ გამოყოს თანხები, რათა საზღვარგარეთ წასულ თანამემამულეებს ქვეყანაში დაბრუნების და ბიზნესის დაწყების მოტივაცია მივცეთ.
ასევე საშუალება უნდა მიეცეთ მიიღონ სრულყოფილი განათლება, საშუალება და გასაქანი უნდა მივცეთ ახალგაზრდებს, რომ მოახდინონ საკუთარი თავის რეალიზება, არ უნდა ჰქონდეთ ახალგაზრდებს უპერსპექტივობის განცდა, დაბალანაზღაურებადი სამუშაო არის ჩვეულებრივი დემოტივაცია. ახალგაზრდები არიან ცვლილებების კატალიზატორები, შესაბამისად, მნიშვნელოვანია მათი მხარდაჭერა და წახალისება, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე.
განსაკუთრებით დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ მუნიციპალიტეტში აქტიურ ახალგაზრდებს. ვფიქრობ, მნიშვნელოვანი პრობლემაა განათლების, კომუნიკაციის და გასართობი სივრცეების სიმწირის გამო.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ყურადღება მიექცეს ახალგაზრდებისგან დაცლილ სოფლებს, მიზეზი ის არის, რომ მათ არა აქვთ არანაირი ხელშეწყობა.
ახალგაზრდები ქვეყნის ყველაზე დიდი რესურსი არიან, რომლის მეშვეობითაც უნდა მოხდეს რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარება, ამისათვის საჭიროა მათი ჩართულობა ყველა სფეროში.
ქვეყანაში მიღებულია კანონი „შრომის უსაფრთხოების შესახებ,“ რომელიც არ სრულდება თითქმის არცერთი კომპანიის მიერ და არ ხდება სახელმწიფოს მიერ ამ ყველაფრის გაკონტროლება.
შოთიკო ნაცვალაძე, მაჩხვარეთი:
ეს მდგომარეობა ალბათ არავის უკვირს. რასაც ვერ აღწევენ აქ, მიდიან იქ, სადაც უფრო მაღალ ანაზღაურებადია მუშაობა და პარალერულად სწავლაც არის შესაძლებელი. რთულია რაიმე მოთხოვნა წამოუყენო მთავრობას, კომპლექსურად ყველაფერი კავშირშია ერთმანეთთან, დღევანდელი პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ შენი მიზნები აქ განახორციელო, ამიტომ ადრე თუ გვიან, სხვა ახალგაზრდებივით მეც ვაპირებ წასვლას. მოამზადა ნინია ბარამიძემ
რა მოთხოვნას წაუყენებდით მთავრობას?

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 969