როგორ ვხვდებით დღესასწაულებს? შემონახული და კარგად დავიწყებული ძველის ჭიდილი უფროა, ამ თარიღებას განსაკუთრებული სიყვარულით ეპყრობოდნენ ჩვენი წინაპრები, ახლა კი მათ ადგილას ჩვენ ვდაგავართ რას ვეტყვით და რას დავუტოვებთ მოსაგონარს ჩვენს მომავალ თაობას? ამას ისინი შეაფასებენ ჩვენ კი კვლავ ვიგონებთ იმას რაც გვახსოვს...
მაშინ, როცა გურიაში მხოლოდ ერთი თარიღი არსებობდა, შობაც და კალანდაც თავისი რიგით თენდებოდა. ჯერ შობა დგებოდა 25 დეკემბერს (7 იანვარს) ძველი სტილით, შემდეგ კი კალანდა შემოაღებდა კარს. ჩემი ბებიის დედის მხრიდან ნინა(მინადორა) მეფარიშვილის მონათხრობიდან მახსოვს, როგორ ემზადებოდა მისი ოჯახი და მთელი სოფელი შობის და კალანდის შესახვედრად, ბებია შეძლებული გლეხის ოჯახიდან იყო, სოფელ ქვედა ბახვში მისი ოჯახი მესაქონლეობას მისდევდა, სურსათ-სანოვაგეც ბევრი ჰქონდათ და გაჭირვებულებსაც ეხმარებოდნენ. ბებიას დედ-მამას, მოსე და მართა მეფარიშვილებს შვიდი შვილი ჰყავდათ, როგორც ბებია იტყოდა, მაშინ სოფელში ჩაი არ იყო და ქალები ხელსაქმეს სწავლობდნენ, ეს იყო: ქსოვა, კერვა და ქარგვა, ბებია ორკლასიანი სასწავლებლის შემდეგ ოზურგეთის გიმნაზიაში სწავლის გასაგრძელებლად ემზადებოდა, თუმცა ხსენებული სასწავლებელი დამწვარა და სწავლა ვეღარ გაუგრძელებია, იგი ძალიან დაუღონებია ამ ამბავს და ხელსაქმის ღრმად შესწავლა დაუწყია, არაჩვეულებრივ ,,მერიაშკებს“ ვაკეთებდი ნაქარგი ტილოების ნაპირებზეო მიყვებოდა და მეც მასწავლა რამდენიმე მათგანი.
სოფელში ყველა დღესასწაული ზეიმად იყო ქცეული, მათ შორის ყველაზე მთავარი, შობა და კალანდა გახლდათ.
სანამ მარხვის დღეები იდგა, მცირეწლოვანი ბავშვებისა და ავადმყოფების გარდა ყველა მარხულობდა, რადგან საქონელი ბევრი ჰყავდათ, ყველიც უგროვდებოდათ და დერგებს ავსებდნენ ჩაკენჭილი ყველით, ასევე იყო ღორის შაშხიც (ვიჩინა) შესაბოლად ოჯინჯალზე რომ ჩამოჰკიდებდნენ, როგორც ბებია იტყოდა, გაჭანდრავდნენ, ადგილი აღარ რჩებოდა,ზოგჯერ რომელიღაცა ბავშვს სული წასძლევდა და მოიპარავდა რაღაც გემრიელს, ამისათვის ყველა ბავშვი მკაცრად ისჯებოდა. ბავშვები უფრო ხშირად კენჭობიას თამაშით და ოჩაფეხებზე (ხისგან გამოთლილი შემაღლებული ფეხსაცმელი) სირბილით ერთობოდნენ. ხშირად გაჭირვებულ, სნეულ მეზობელს გადაუტანდნენ: ყველს, მჭადს და შაშხის ნაჭერს. ტკბილეული: ჩირი, ჯანჯუხა და შაქარყინული იყო, ჩაი მაშინ მხოლოდ ქალაქელების სასმელი გახლდათ და ბათომიდან რომ სტუმრები ესტუმრებოდნენ, იმათ მოჰქონდათ, თან ,,კრიპუსკად“ ნატეხ შაქართან ერთად სვამდნენ. მთელი მარხვის პერიოდში გროვდებოდა ხორაგი და შობას რომ გახსნილდებოდა, დიდი საზეიმო დღეები მაშინ დგებოდა. შობის წინა ღამით გამოაცხობდნენ ღვეზლებს კვერცხით და ყველით, ოჯახის ყველა წევრისათვის, ამას მუცლის სალოცავებს უწოდებდნენ და სათითაოდ ყველას ტანზე შემოატარებდნენ. აანთებდნენ სანთლებს ჩამოასხამდნენ წინასწარ გამოზადებულ ღვინოს და ამის შემდეგ მიირთმევდნენ ღვეზელს. მთავარი მაინც ალილო იყო სიმღერ-სიმღერით შემოივლიდნენ სოფელს და შეგროვებულ სურსათ- სანოვაგეს გაჭირვებულებს ჩამოურიგებდნენ, გაჭირვებულთა მოსაკითხში შედიოდა: ჩურჩხელები, ჩირი, ტკბილეული, ხაჭაპურები, შემწვარი ქათმები ღორის შაშხი და ყველაზე რჩეული პროდუქტები.
მერე მოდიოდა კალანდა, ოჯახის მამაკაცი გათლიდა ჩიჩილაკს, ანუ ბასილას წვერებს ამისათვის ბებიაჩემის მამა მოსე მეფარიშვილი რამდენიმე დღით ადრე ემზადებოდა. მოჭრიდა თხილის ანლუკუმხას (ხეჭრელი) ტოტს, რომელსაც კანს გააცლიდა, შემდეგ სუროს ფოთლით და კურკანტელათი მორთავდა, ასევე დაამაგრებდა ყოველგვარ ნუგბარს და საკალანდოდ გაამზადებდა. კალანდის წინა დღეს ,,ცხემლის ჭრას“ ეძახდნენ და ბუხარში აუცილებლად ცხემლის შეშის ცეცხლი უნდა დაგიზგიზებულიყო.
ღვთისა და კაცის წყალობით თავზესაყრელად გვქონდაო ზუბზუბასავით დედალი, იმისთანა ღვინო, სუნი რომ დაგათრობდა, ჩამოსანთლული ხორცი, ქაფქაფა ღომი და ჩვენ ფეხზე ვიდექით შვიდივე ბაღანაი და ვყურყუტობდით, როის დააწყობდა მამაჩემი გობზე ღორის თავს, დედალს, დოქით ღვინოს, ხაჭაპურებს ჯანჭუხას და ათას რამეს, მერე გევიდოდა გარეთ და სამჯერ შემოუვლიდა ოდას, დადგებოდა კართან და დეიძახებდა, კარი გამიღეთო და ნენაი შესძახებდა აქიდან რა მოგაქ!? ღვთის წყალობა, მშვიდობა და ყოლისფერიო, გევიგონებდით ამას და მერე კიდო სამჯერ კითხავდა ნენაი რა მოგაქვსსო, და ჩამოთლიდა კიდო: მშვიდობა, ღვთისწყალობა, ჯანჯუხა, ხაჭაპური ღორის თავი დედალი და ასე შემდეგ, მერე გუუღებდა კარს ნენაი, შემევიდოდა სახლში დევესეოდით ყველაყაი შემოვძახებდით ,,აგუნას“ და გათენდებოდა კალანდაო.
ბებია ამ ამბავს ყოველ ახალ წელს ყვებოდა და თან დააყოლებდა, მევიდენ კომუნისტები და ყოლისფერი სილამაზე იგინმა დაგვავიწყესო. მაინც რომ ჩავეკითხებოდი, მეტყოდა კომუნისტები რომ მევიდენ ნენა, დიდი ვიყავი უკვე, ნენამ და ბაბამ ქე გამათხუეს სუფსას გაღმა ბაბუაშენზე, არც იმფერი შეძლებული ყოფილა მარა, აზნოურიშვილი არ დეიწუნებოდა, აზნნოურებს მაინც პატივს სცემდნენ, ისე სიმაღლით და წარმოსადეგობითაც არ დეიწუნებოდა მეც მომეწონა და მიმათხუეს, მარა მერე მიწებიც ჩამოგვართვეს და ჩაის ვთესავდი კოლექტივშიო.
მაშინ თურმე ხიდიც არ ყოფილა მდინარე სუფსაზე და ბორანით გაუყვანით ბებიაჩემი სუფსის მეორე ნაპირზე სოფელ ძიმითში.
რაც შეეხება შობას და ახალ წელს, ძველი სტილით აღნიშნავდა ბებია ყოველთვის და ღვეძლებსაც აცხოვდა, ისევე შემოგვატარებდა ტანზე როგორც მაშინ, აგია თქვენი მუცლის სალოცავებიო გვეტყოდა და მერე იქეთ-აქეთ გეიხედავდა ვინმე ხომ არ გვისმენსო.
შობა და კალანდა ბებიის მონათხრობიდან
მაია კუკულაძე
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 1 085



