ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

`ნუ შეეჩვევით სიღარიბეს!~

`ნუ შეეჩვევით სიღარიბეს!~
4-09-2015, 00:00

სოფელ ჯურუყვეთის მოსახლეობის სახელით ავთანდილ ანთაძის მიმართვა, თხოვნა თუ მოთხოვნა! ავთანდილ ანთაძე, სოფელი ჯურუყვეთი დაწყებული 1992 წლიდან რაიონის ხელმძღვანელობას თითქმის არაფერი ან ვერაფერი გაუკეთებია მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლების, ეკონომიკის გამოცოცხლების, სიღარიბის და სიღატაკის დაძლევისათვის. ბოლოს და ბოლოს ვიფიქროთ ამაზე და გადავდგათ სწრაფი და გონივრული ნაბიჯები მდგომარეობის გამოსასწორებლად. ძალიან კარგია ზრუნვა ჩაის კულტურის აღდგენისათვის, რაც ალბათ ვაკე ადგილებზე მოხერხდება, მაგრამ ჩაის აღდგენა იქნება ძალიან გახანგრძლივებული პროცესი. იგი მოითხოვს დიდ ფინანსებს და დიდ შრომით დანახარჯს. თანაც ჩაით ნებისმიერი ქვეყნის ბაზარი გაჯერებულია და ძალიან ძნელია ნიშის მოპოვება. არსებობს გაჭირვებიდან გამოსვლის შედარებით უფრო სწრაფი გზა. ეს არის თხილის მასიური გაშენება. მართალია, თხილის საჰექტრო მოსავალი დაბალია, მაგრამ სამაგიეროდ ფასი აქვს მაღალი და ნახარჯი ვენახთან და ჩაისთან შედარებით, გაცილებით ნაკლები სჭირდება. ჩვენი რაიონის ზეგან ადგილებში მრავლადაა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მცირე და საშუალო კონტურიანი მიწის ნაკვეთები, დაფარული ბუჩქნარებით (ტყეებს არ ვგულისხმობ), გამოუყენებლად მიტოვებული. ამაში უფრო დავრწმუნდი, როცა ამ რამდენიმე ხნის წინ რაიონის ეკლესია-მონასტრები დავათვალიერე და ვაკვირდებოდი მთაგორიანი სოფლების ტერიტორიას. მოგიწოდებთ, უსწრაფესად ჩავატაროთ ამ ნაკვეთების ინვენტარიზაცია და შევადგინოთ ამ ნაკვეთებზე თხილის გაშენების გეგმა გათვლილი ორ წელზე. ეს ნაკვეთები გავცეთ იჯარით და დავეხმაროთ მოიჯარეებს შემოღობვასა და ნერგების შეძენაში. დანარჩენს მოიჯარე მიხედავს (ნაკვეთის გაწმენდა, ნიადაგის მომზადება). ხელმძღვანელობამ უნდა გამონახოს საამისო სახსრები. თუ ფეხბურთისათვის ვახერხებთ ასე მსხვილი თანხების მოძიებას, მით უმეტეს ამ საქმისათვის უნდა მოვახერხოთ. შეიძლება აქეთ მივმართოთ სოფლებისათვის ყოველწლიურად გამოყოფილი თანხებიც. შეიძლება შევისწავლოთ თურქეთის გამოცდილება. თურქეთის შავიზღვისპირა ქართველებითა და ლაზებით დასახლებულ სოფლებში ხელისუფლების დახმარებით თხილისა და ზეთისხილის გაშენებამ ქალაქებში წასული მოსახლეობა ისევ სოფლებში დააბრუნა. საკრებულომ და გამგეობამ თხილის გაშენების საკითხი უნდა დააყენოს ცენტრალურ ხელისუფლებაში და მოიპოვოს შესაბამისი დახმარება. თუ მევენახეებს და მეციტრუსეებს ეხმარება ხელისუფლება სუბსიდირებით, ჩვენც ამ ქვეყანას ვეკუთვნით. მოსახლეობის მცირე ნაწილმა გამონახა სახსრები და დაიწყო ასეთი ნაკვეთების ათვისება _ თხილის გაშენება. მათ კარგი მაგალითი მოგვცეს თვითგადარჩენისათვის. აბა რა ექნათ, როცა გლეხს უფლება არ აქვს იჯარით აიღოს მცირე ნაკვეთი (თუ გინდ 2 ჰა-მდე). სააკაშვილის მიწის კანონმა ეს გზა წაართვა მშრომელ ადამიანს. საკრებულომ სოფლის მცხოვრებთათვის მიწის იჯარით აღების უფლების საკითხი უნდა დააყენოს პარლამენტის და მთავრობის წინაშე. თუ ასეთ პროგრამას განვახორციელებთ, შემდეგ შეიძლება ვიფიქროთ საყანე ფართობების ნაწილზე (სადაც სფერული კვლებია გაკეთებული) თხილის გასაშენებლად. სფერული კვლების ორ მესამედ შუა ნაწილზე შეიძლება თხილის გაშენება. სოფლის გამგეობაში ჩემი მუშაობისას პირადად მაქვს გაკეთებული ამ კვლებიდან აღებული მიწის აგრო-ქიმიური ანალიზი. მივიღე პასუხი: ვარგისია თხილის გასაშენებლად. სოფელ ხაჯალიაზე მოსახლეობის მცირე ნაწილმა დაიწყო კიდეც საყანე ფართობებში თხილის გაშენება. ერთიც უნდა გავიხსენოთ: ქვეყნის არსებობის ბაზისი ეკონომიკაა, ფეხბურთი და საერთოდ სპორტი, კულტურა და ა.შ. ზედნაშენია. თუ ბაზარი არსებობს, იქ ზედნაშენიცაა. ბოლოს მოსახლეობას უნდა შევახსენო პატრიარქის ნათქვამი: `ნუ შეეჩვევით სიღარიბეს!~ იფიქრეთ, ისწავლეთ, მოჰკიდეთ იმ საქმეებს ხელი, რომლითაც უშველით თავსაც და სხვასაც.

განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები