მე როგორც მოძღვარს, ხშირად მეკითხებიან, რატომ ვართ ასეთ დღეში და რა გვეშველება? ყველაფრის პასუხი შეიძლება სახარებაში ნახოს ადამიანმა.
პირველ რიგში ჩვენი ამ მდგომარეობაში ყოფნა, ჩვენი უსიყვარულობის მიზეზია. დავკარგეთ სიყვარული, დავკარგეთ ღმერთთან კონტაქტი, აქედან გამომდინარე აღარ ვიცით რა არის სიყვარული? ამ ყველაფერს მოჰყვება ის, რომ იკარგება კომუნიკაცია ადამიანებს შორის, იკარგება ნორმალური ურთიერთობა, რაც გამოიწვევს სიძულვილს, შფოთვას და ა.შ.
დღეს კიდევ უფრო დაძაბული სიტუაციაა, კიდევ უფრო გაძვირდა ყველაფერი, არ მატულობს ხელფასები, ქვეყანა დგება პოლიტიკური არჩევანის წინაშე, რა ვქნათ ვის მივცეთ ხმა?
ხმა ვის მივცეთ? ეკლესია ამას არავის არ უკარნახებს, რადგან ყველა მხარე ეკლესიის შვილია, ორივე მხარეს ადამიანები დგანან, რომლებიც ღვთის ქმნილებები არიან და ერთი გამორჩეულად გიყვარდეს და მეორე არა, ასე არ შეიძლება, იმიტომ, რომ ადამიანი შეიძლება საქციელით გძულდეს მხოლოდ და მხოლოდ. მოწოდება ეკლესიიდან, ვინ უნდა ავირჩიოთ, არასწორია, სხვაზე პასუხს ვერ ვაგებ, მაგრამ ვერავინ ვერ იტყვის ჩემი მღვდლობის პერიოდში, ვინმესთვის მითითება მიმეცეს, ან ეს ავირჩიოთ ან ის, რა არჩევანს გავაკეთებ ეს ჩემი პირადია, გამოსავალი ამ სიტუაციიდან ერთადერთია - უფალი მხოლოდ და მხოლოდ.ადამიანები ძალიან ხშირად ელიან უფლისგან სასწაულებს, მაგალითად ერთხელ მივიდა ტაძარში, პირჯვარი გადაიწერა, რაღაც სთხოვა ღმერთს და წავიდა. დღეს ორშაბათია და იკითხებოდა მარკოზის სახარება: ბრმა ბარტიმეოსის თვალის ახელის შესახებ, როდესაც იესო თავის მოწაფეებსა და დიდძალ ხალხთან ერთად იყო, ბრმა ბარტიმეოსი, გზის პირას იჯდა მოწყალების მთხოვნელად.
როცა გაიგონა, იესო ნაზარეველიაო, ყვირილი მორთო: იესო, დავითის ძეო, შემიწყალე მე!
ბევრი რისხავდა, გაჩუმდით, მაგრამ ის უფრო ხმამაღლა ყვიროდა, დავითის ძეო, შემიწყალე მე!
იესო შეჩერდა და ბრძანა, დაუძახეთო; დაუძახეს ბრმას და უთხრეს: ნუ გეშინია, ადექ, გეძახის.
მანაც დააგდო თავისი მოსასხამი, ადგა და იესოსთან მივიდა.
იესომ ჰკითხა: რას მოითხოვ ჩემგან? ხოლო ბრმამ მიუგო: თვალის ახელას!
იესომ უთხრა მას: წადი, შენმა რწმენამ გადაგარჩინა. მაშინვე აეხილა თვალი და გზად გაჰყვა იესოს.
რას გვასწავლის ეს იგავი? ჩვენ ერთხელ თუ მივედით და ვერ გავაგონეთ უფალს ტაძარში ჩვენი ხმა, ამით კი არ უნდა შევწყვიტოთ ლოცვა და ღმერთთან ურთიერთობა, უფრო ხმამაღლა უნდა ვიყვიროთ ასე ვთქვათ, მეტი უნდა ვილოცოთ, მეტი უნდა ვიმარხულოთ, მეტი სუფთა უნდა ვიყოთ, რომ მივიდეს ღმერთთან ჩვენი ლოცვა. სახარებაში წერია: მართლისა ისმინოს უფალმაო, ჩვენ თუ მართლები არ ვიქნებით ღმერთის წინაშე, ისე ჩვენს ლოცვას ძალა არ ექნება, როცა ვიქნებით მართლები მაშინ მოგვხედავს უფალი, მაშინ გადაგვარჩენს, მაშინ აგვიხელს თვალებს. ტაძარში სანთელი ავანთოთ და წავიდეთ, არ არის ეს ქრისტიანული. ჯვარი სიმბოლოა ქრისტიანობის, მაგრამ ზოგი ატარებს ამ ჯვარს და ზოგი სეირნობს ამ ჯვრით, ამათ შორის ძალიან დიდი სხვაობაა. ჯვარი სიმძიმეა, პასუხისმგებლობაა ღმერთის წინაშე, პასუხისმგებლობა ადამიანების წინაშე, როგორ ვატარებთ ამ ჯვარს ისეთი ქრისტიანები ვართ, აქედან გამოჩნდება, მაგრამ არა ადამიანის თვალით დანახული. ქრისტიანობა ჩვენი ქველმოქმედებაა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ადამიანური თვალსაწიერით იზომება, კეთილი საქმე გავაკეთეთ და არიქა ვინმემ დაგვინახოს, ან ტელევიზორში გამოვჩნდეთ, აი, რა კარგი ვართო, ასე არ არის. ამ დროს სახარება გვასწავლის, რომ მარჯვენამ შენმან არა უწყოდეს, რას აკეთებს მარცხენა შენი. კეთილი საქმეც დაფარული უნდა იყოს, ის ლოცვაც დაფარული უნდა იყოს. არ არის ასე, არიქა ტაძარში მივალთ, შემოვუვლით ტაძარს და მუხლებს გადავიტყავებთ. ჩაიკეტეთ და ილოცეთო - უფალი გვეუბნება. მამამან ჩვენმან ზეცათამან იცის ჩვენს გულში რა არის, უფალი მოგაგნებს თქვენ იგი დაფარულს ხედავს. უნდა გვქონდეს სურვილი ღმერთან მისვლის და გადავრჩებით, ითხოვეთ და მოგეცემათ; ეძებეთ და ჰპოვებთ; დააკაკუნეთ და გაგიღებენ ...
თუ არ ვთხოვეთ უფალს გადარჩენა ისე, არ გადაგვარჩენს. ღმერთის სიყვარული უსაზღვროა ყველას მიმართ, მაგრამ ადამიანის თავისუფალ ნებაში უფალი არ ერევა. ამიტომ ჩენ უნდა მივიდეთ ღმერთან და უნუგეშოდ არ დავრჩებით.
ვიდეო მასალა იხილეთ ,,ჰო და არას” ფეისბუქ გვერდზე:
ავტორი: ლაშა ქედელი
მივიდეთ ღმერთთან და უნუგეშოდ არ დავრჩებით!
განყოფილება: საზოგადოება
გადასვლები: 1 093