ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

რას ფიქრობენ ოჯახები, რომელთაც მცირეწლოვანი შვილები ჰყავთ, სააფთიაქო მომსახურებასთან დაკავშირებით

რას ფიქრობენ  ოჯახები, რომელთაც მცირეწლოვანი შვილები ჰყავთ, სააფთიაქო მომსახურებასთან დაკავშირებით
4-11-2022, 11:42

თორნიკე კუჭაშვილი: ქვეყანა, სადაც ბავშვის საფენის შეკვრა 80 ლარი ღირს, რომელიც ერთი თვეც არ ჰყოფნის, განწირულია დაქცევისთვის. ან სააფთიაქო ქსელი დაარეგულირეთ ან პირდაპირ გვითხარით, რომ უნდა წავიდეთ ამ ქვეყნიდან და სხვაგან გავზარდოთ შვილები.
თორნიკე კუჭაშვილი: ბავშვის პატრონს, ვფიქრობ, ყოველთვის უნდა გედოს გარკვეული სახის თანხა სახლში, იმიტომ, რომ თითქმის არასდროს იცი, რა დროს რა დასჭირდება. ჩნდება კითხვა - გვაქვს კი დღეს საქართველოში ისეთი შემოსავალი, რომ უზრუნველვყოთ ბავშვის კვება, ჰიგიენა, ჩაცმა-დახურვა, ამავდროულად კი გვქონდეს დანაზოგი ე.წ ,,შავი დღისთვის" ?
ყურადღება მიაქციეთ. ჩვენ ბავშვებზე ვსაუბრობთ. ადამიანებზე, რომლებიც განსაზღვრავენ ქვეყნის ბედს და საერთოდ, ქვეყანას აქვს მომავალი ბავშვების გარეშე? ბავშვი უნდა გახდეს ხელისუფლების მთავარი საზრუნავი, მშობელთან თანამშრომლობით, სხვანაირად ძლიერი სახელმწიფო ვერ შედგება.
ზაქრო გოგატიშვილი: ჩვენ სტაბილური შემოსავალი გვაქვს, მაგრამ ისეთი ძვირია, კვება და ჰიგიენა, რომ არ გვეხმარებოდეს, ემიგრანტი ოჯახის წევრი, ძალიან გაგვიჭირდებოდა. პატარა წლის და სამი თვისაა, ასევე გვყავს ხუთი წლის და ოთხი წლის შვილები. ლუკას კვირაში ერთი კოლოფი რძე სჭირდება, ნუტრიბენი პრემიუმი 3 ნომერი, რაც ღირს 33 ლარი, ფაფები 300 გრ. ღირს 11 ლარამდე, რომელიც დღეში ორჯერ სჭირდება, სულ სამი-ოთხი ულუფაა კოლოფში; პამპერსი ოთხი ზომა, 70 ცალიანი შეფუთვა, 58 ლარი ღირს, რასაც ვერ ვყიდულობთ ერთიანად, ცალობით ვყიდულობთ; სეზონური ვირუსებია, მედიკამენტებია საჭირო, უძვირესია ყველაფერი, ასევე საინჰალაციო მედიკამენტებია ძვირი, საინჰალაციო აპარატი ძვირია, 200 ლარამდე ღირს. მოკლედ, საქართველოში შვილების მოვლა და გაზრდა ფუფუნებაა, ამ ყველაფრის შემხედვარე, წყვილებს უჭირთ შვილების გაჩენა, რადგან იციან, რომ ორი ან მეტი შვილი უდიდეს ფინანსურ შესაძლებლობასთან არის დაკავშირებული. არის სახელმწიფოსგან საყოველთაო დაზღვევა, მაგრამ რაც ჩვილ ბავშვს ჭირდება, საქართველოში შესაბამისი არც ხელფასები აქვთ მშობლებს, არც ხელმისაწვდომი ფასები საჭირო საკვებზე და მედიკამენტებზე. ჩვენი ქვეყნის რეალური სოციალური ფონი, ვერ პასუხობს ჩვილების და არასრულწლოვანების საჭიროებებს, რაც არ უნდა მონდომებული იყოს ოჯახები.
ვერიკო გუგუჩია: მე მარტოხელა დედას მყავს ორი მცირეწლოვანი ბავშვი ოჯახში _ 9 წლის და 2 წლის. ჩვენს ოჯახს აქვს სოციალურად დაუცველი სტატუსი და სახელმწიფოსგან ჩვენი ყოველთვიური სარგო შეადგენს 480 ლარს, რომელიც რეალურად არც აკმაყოფილებს საარსებო მინიმუმს. ორი წლის ბავშვის მოვლა და ,,გაზრდა" ძალიან რთულია და დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. მართალია, პოლიკლინიკაში მომსახურება უფასოდ ეკუთვნის ბავშვებს, მაგრამ როცა იქ მყოფი მედიკოსი ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს (არ აქვს კვალიფიკაცია ხშირ შემთხვევაში ), გვიწევს სხვა კლინიკაში წასვლა, სადაც კონსულტაციის ხარჯი 70 ლარიდან იწყება. მედიკამენტები პატარებისთვის საკმაოდ ძვირადღირებულია, საშუალო ფასი არის 15 ლარიდან. საფენების ღირებულებაც საკმაოდ გაიზარდა. ამ ეტაპზე ჩვენ აღარ ვიყენებთ არც საფენს და არც სააფთიაქო ქსელში არსებულ საკვებ დანამატებს, მაგრამ  ერთი დღის  კვება სრულფასოვანი რომ გაუხადო ბავშვებს, დაახლოებით 40 ლარია საჭირო.  ჩემი შემოსავლით არარეალურია ეს გავაკეთო.
ნინი ორაგველიძე:  მყავს ორი წლის ბიჭი. მინდა ვთქვა, რომ პატარა თანხებთან ნამდვილად არ არის დაკავშირებული ბავშვის მოვლა. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველაფერს მიირთმევს, მაინც არის რაღაცები, აუცილებლად რომ უნდა მიიღოს პატარამ . მაგალითად: ხილი კვირაში მინიმუმ ორჯერ მაინც, რძე ყოველ დილით. (რამდენი ოჯახია ამას მოკლებული), დასაბანი საშუალებები, რომლებსაც იაფად ნამდვილად ვერ შეიძენთ. ყველას გვინდა საუკეთესო ჩვენი შვილისთვის, პლუს დამატენიანებელი (შესაძლებლობის მიხედვით) გამომწვარზე მალამო და ასე შემდეგ. ასეთი წვრილმანები, რომლებსაც აფთიაქში ცეცხლის ფასი აქვს.  სამ წლამდე ასაკის ბავშვი სვამს ,,“ ვიტამინს ყოველ დილით, ანუ სისტემატურად უნდა იყოს ეს წამალი სახლში, ფასი (25-30 ლარი). პამპერსი ყველაზე სათუთი შესარჩევია  ბავშვისთვის, ვინაიდან უხარისხო პამპერსმა ძალიან ბევრი რამ შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის ორგანიზმში (საკუთარი გამოცდილებით ვამბობ). მიუხედავად ამ ყველაფრის ცოდნისა, ვეძებთ ყველაზე იაფს, მაგალითად 16 ლარიდან რომელიც განსაკუთრებულ აქციებზე არის ხოლმე. ისე ალბათ 20-დან ზევით აქვს ღირებულება. გაუთვალისწინებელ რაღაცებს თუ ჩავთვლით, მაგალითად ბავშვს ყური ასტკივდა და სჭირდება ექიმთან ვიზიტი, ან თუნდაც შეხვდა ვირუსი, უმრავლესობა ვცდილობთ ხალხური მეთოდებით დავიხსნათ პატარა ტკივილებისგან, ვინაიდან აფთიაქში შესვლა ვიცით, რომ იაფი არ არის. მედიკამენტები, რომელიც აქამდე ჩემს შვილს დასჭირვებია და რასაც მოვიხმართ, მინიმუმ 25 ლარიდან იწყება. ჩემს პატარას ყელ-ყური აქვს სუსტი და  ავადობს, ხშირად გვიწევს აფთიაქში მისვლა. ძალიან რთულია მიმდინარე პირობებში პატარას სრულფასოვნად გაზრდა. საბოლოო ჯამში, პატარას თვიდან თვემდე ერთ ზრდასრულ ადამიანზე მეტი სჭირდება. ყველას ჯანმრთელი გაზრდოდეს თავისი პატარა.
ნანუკა თევზაძე: ორი ბავშვი მყავს და დაახლოებითი 600 ლარი სჭირდებათ კვებასა და ჰიგიენაზე.  არის გაუთვალისწინებელი ხარჯებიც, ვგულისხმობ ავადობას, სეზონურად ყველა ბავშვი ცივდება და მედიკამენტები საკმაოდ ძვირია. მარტო ეს ხომ  არ არის, ბავშვებს ბევრი რამ სჭირდებათ გარდა კვებისა და ჰიგიენისა. მართლა ვფიქრობ ხოლმე,  მრავალშვილიანი ოჯახები როგორ ახერხებენ თავის გატანას  სასწაულად გაძვირებულ ცხოვრებაში.
ანა კვიტაიშვილი: მყავს წლის და ექვსი თვის შვილიშვილი, ექვს თვემდე იკვებებოდა დედის რძით. ექვსი თვიდან გადავიყვანეთ მყარ კვებაზე, რაც საშუალოდ თვეში 450 ლარი ჯდება. ჰიგიენური მოვლის საშუალებები 150 ლარამდეა. კვებისთვის საჭირო ინვენტარს, სათამაშოებს ყოველთვიურად არ ვიძენთ, მაგრამ ვცდილობთ ბიო შემადგენლობის შევიძინოთ, რაც დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. თუ ოჯახში მშობლებიდან ერთია დასაქმებული, ამ შემთხვევაში ძალიან რთულია  თავი გაართვას ზემოთ ხსენებულს. რაც შეეხება ჯანმრთელობას და მის პრევენციას, ცალკე თანხების მობილიზება სჭირდება მშობლებს. მოგეხსენებათ დღევანდელ სააფთიაქო ქსელში ბავშვის ჯანმრთელობისთვის განკუთვნილი მედიკამენტები სოლიდური თანხებითაა წარმოდგენილი. ჩემი აზრით, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის ბიუჯეტის ზუსტად განსაზღვრა დღევანდელ პირობებში შეუძლებელია.
ნინი შავიძე: საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული ბავშვის აღზრდა. მითუმეტეს თუ  ხელოვნურ კვებაზეა. ყოველ მესამე დღეს სჭირდება რძე, ასევე პამპერსი, რომელიც  შეკვრა 35-40 ლარი ღირს და მე პირადად თვეში სამი შეკვრა მჭირდება. თუ მედიკამენტებიც დასჭირდათ, მაშინ საერთოდ კატასტროფული მდგომარეობაა.  სიროფებში ძალიან ძვირს ვიხდით და ვადა მაქსიმუმ 1კვირა აქვს გახსნის შემდეგ. მოკლედ, პატარებს ძალიან ბევრი სჭირდებათ და ამის ფინანსური რესურსი მწირია.

მოამზადა ნინია ბარამიძემ

განყოფილება: რას ფიქრობს ხალხი
გადასვლები: 910
FACEBOOK კომენტარები