ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

რა არის თქვენი ქალაქისა თუ სოფლის პრიორიტეტული პრობლემა?

რა არის თქვენი ქალაქისა თუ სოფლის პრიორიტეტული პრობლემა?
24-10-2022, 11:20

ნაზი მაისურაძე: სოფელ ხაჯალიას საყანე ფართობში და საძოვარზე მისასვლელი გზა არის ჩვენი პრობლემა. ავტობანის ქვეშ გაგვიკეთეს გვირაბი. ყოველ გაწვიმებაზე ასეთ მდგომარეობაში ვართ სოფლის მაცხოვრებლები _ ვერც ფეხით გაივლი და ვერც ტრაქტორით. ვერ გავიგეთ რომელ სამსახურს მივმართოთ, ერთმანეთისკენ იშვერს ყველა თითს.
მარიამ კუკულაძე: ყველაზე დიდი პრობლემა, ჩემი აზრით, არის ტრანსპორტი, რომელიც 5 საათის მერე აღარ მიდის სოფლებისკენ, რის გამოც მოსწავლეები, რომლებიც მასწავლებლებთან ან დამატებით წრეებზე დადიან ლანჩხუთში სოფლებიდან, ან თუნდაც ის ადამიანები რომლებსაც სამუშაო 5-6 სთ-ზე უმთავრდებათ, სახლში ვერ მიდიან. რაც შეეხება სამარშრუტო ავტობუსებს, რომლებიც მიდიან ბათუმის, ფოთის მიმართულებით, არ მიჰყავთ ახლო მცხოვრები ადამიანები.
მარიამ ჯალაღანია: სამწუხაროდ, დაპირება ვერ აშენებს ჩვენს ქვეყანას. გზა არ არის-მეთქი, რომ ვამბობ, მეუბნებიან, ცოტა გავიჭირვოთ, აბა, წყალი და გაზი ხომ გინდათო...
წყალი და გაზი არჩევნებამდე მაინც არ მოაღწევს და იქამდე კიდე უამრავი თვეა...
ანა ურუშაძე: გრიგოლეთში არ არის პარკი ბავშვებისთვის. ოღონდაც დასაკარგავში და სოფლის ბოლოში ან ბახმაროს დასახლებაში კი არა.. აქეთაც ცხოვრობს ხალხი დასაწყისისკენ.
ლუიზა პატარაია: შუხუთში, გაბრიელ ბერის ქუჩა, რომელზეც შუა ადგილას, აღმართზე დაგებულია ბეტონი და იქეთ-აქეთ წყალს მიაქვს ყველაფერი. მანქანით ვერ ადის ვერავინ. არც სანიაღვრეებია. ისეთი მდგომარეობაა, თითქოს იქ ხალხი არ ცხოვრობდეს.
მაია ჯანიკაშვილი: სოფელ ორაგვეში ტრანსპორტის პრობლემაა. რომ დაინიშნოს ტრანსპორტი და პენსიონერმა ხალხმა 15 ლარიანი ტაქსით არ იაროს საჭიროების შემთხვევაში, რატომ არის შეუძლებელი?! და კიდევ, ძალიან ჭირს ტელეფონზე დაკავშირება. 
შორენა თავაძე: სოფელ ომფარეთში ერთი პრობლემა რომ იყოს, კიდევ მოაგვარებდა ვინმე. პირველ რიგში გზის პრობლემაა. ბავშვებიც, შესაბამისად, ვერც დაგვყავს ბაღში, რადგან ტრანსპორტირება ძვირი ჯდება. კარგი იქნება ყურადღება მიაქციონ ამ საკითხს.
ნარგიზი კილაძე: ლანჩხუთში, მშვიდობის ქუჩაზე დანგრეული და გაუბედურებულია გზა, რომლის გაკეთებას გვპირდებიან უკვე 10 წელია.
ნაირა მგელაძე: სოფელი ჯუნეწერში, ვინ იცის რამდენი წელია სოფლის ნახევარი გზა, ზემოთა მხარე სულ გაოხრებულია. საშინლად არის გზა დაღარული. ნუთუ ჩვენ გზა არ გვჭირდება? რა დავაშავეთ ზევით მცხოვრებმა მოსახლეობამ?! სანამდე უნდა ვიყოთ ასეთ სიტუაციაში?! ეს ყველა ჩვენგანის გასაჭირია, რომელიც დროულად უნდა მიიხედოს. 
მარიამ ქამუშაძე: ჭანჭათში გზის პრობლემა დგას. წარმოუდგენლად ცუდი გზებია, განსაკუთრებით ზედა მხარეს,  სკოლის  მინიავტობუსი ძლივს ამოდის. საზოგადოებრივი ტრანსპორტი კი საერთოდ არ ამოდის, უფრო სწორად ვერ ამოდის, ვერც მოსთხოვ მძღოლს, იმიტომ რომ საკუთარი ავტომობილითაც გვიჭირს ხალხს ამოსვლა. როგორც ცნობილია, აკეთში დაწყებულია გზის კეთება და ვიმედოვნებთ,  ჭანჭათსაც მიხედავენ. ველოდებით ჩვენს დროს... მართალია, დიდი ხანია ველოდებით, მაგრამ მთავარია ლოდინმა შესაბამისი შედეგი გამოიღოს და საბოლოოდ გვეღირსოს ბეტონის ნორმალური გზა. მოხრეშვას აზრი არ აქვს, მიაქვს წვიმას და იგივე მდგომარეობას ვუბრუნდებით.
მედეა შავაძე: ქალაქის ტერიტორიაზე, კერძოდ გურიის სტადიონი რომაა იქ, გაუსაძლისი პირობებია. თამარ მეფის ქუჩაზე არც სანიაღვრე არხები მოაწესრიგეს და არც გზა და თანაც ნაგავსაც ყრიან. არ რცხვენიათ, ამოდენა სტადიონია ჩვენს წინ ან როგორ იღებენ სტუმრებს. არ ვიცი მერამდენედ მივმართეთ, მაგრამ არავინ მოსულა. იმედი მაქვს მაინც გამოგვეხმაურება ვინმე და ადგილზე გაეცნობა ჩვენს პრობლემებს.
რუსო ბოკუჩავა: ჯურუყვეთში არც გზაა, არც წყალი და არც გაზი და არც პატრონი. ყველა სოფელში არის მოასფალტებული მისასვლელი გზა. იქ ჯერ არ ვიცი რომელ საუკუნეში ჩარჩა მოსახლეობა. ეს ხდება ქალაქიდან სულ რაღაც 11 კილომეტრში. შეგიძლიათ გადაამოწმოთ თუ სურვილი გაგიჩნდებათ.
თამრიკო ჩხაიძე: მარტო სოფელი? ქალაქში ყველაფერი მოგვარებულია? რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორია ნახეთ. ნინოშვილის ბაღში რომ ძროხები ,,დაგულაობენ," ერთი ჩამკეტიანი ჭიშკრის გაკეთება რატომ ვერ მოხერხდა?! ნანგრევებადაა ქცეული თითქმის მთელი ნინოშვილის ქუჩა.
მაია ჭანტურია: ლანჩხუთი, კვირკველიას ქ. N18, კორპუსი წვიმის დროს ვენეციას ჰგავს, კვლები ორაგვიდან წამოსულ წყალს ვერ ატარებს.
გთხოვთ შესაბამის სამსახურებს დაგვეხმაროთ, წინასწარ მადლობა!
მოამზადა ნინია ბარამიძემ

განყოფილება: რას ფიქრობს ხალხი
გადასვლები: 598
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა