თითქმის 3 საათის განმავლობაში მსჯელობდნენ ლანჩხუთელთა რჩეულები იმ თემებზე, რომელიც დღეს რაიონის წინაშე აქტუალურია. როგორც ბოლოდროინდელმა პრაქტიკამ აჩვენა საკრებულოს ბოლო სხდომასაც არ ჩაუვლია ხმაურის გარეშე. პირველი ხმაური გამგებელისთვის თანხმობის მიცემამ, ა(ა)იპ `ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლისთვის~, სოფელ გვიმბალაურში მდებარე N1 შენობა-ნაგებობის 1322,1 კვ.მ. ფართიდან 827,2 კვ.მ. ფართისა და 5 შენობის (სტადიონი) პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე გამოიწვია. დეპუტატთა ნაწილმა გააპროტესტა, იქ მოჭიდავეთა დარბაზია და იმ შენობას ან ლანჩხუთელ ფალავნებს რა ეშველებათო. ისიც ითქვა, რომ ერთ-ერთმა მშობელმა ტატამზე გველი შენიშნა, რომ არა დროული რეაქცია, ვინ იცის რა დატრიალდებოდაო. როგორც სხდომაზე განმარტეს, შენობა მოჭიდავეებს დარჩებათ და მათ იქედან არავინ გამოასახლებს. შემდგომ კი ქალაქში ახალი სპორტული დარბაზი აშენდება და იქ გადმოვლენო. თუმცა, აქაც გაისმა შენიშვნები. ნონა მურვანიძემ იკითხა, რომელ დარბაზს ამბობთ, 4-ჯერ რომ მოვიწონეთ მისი პროექტი და ჯერ არსად გვინახავთ თვალითო?! რასაც სხდომაზე მყოფი გამგებლის, ზაზა ურუშაძის რეპლიკა მოჰყვა: `ასე იმიტომ მოხდა, რომ 4-ჯერ შევიდა ცვლილება პროექტში და სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს 6 თვე დასჭირდა პროექტის საბოლოოდ მომზადებისთვის.~ გამგებელმა ისიც შენიშნა, რომ საფეხბურთო აკადემიის აშენება ძალიან კარგი ფაქტია და ამას დროშებით არ უნდა შევეწინააღმდეგოთ. `როცა ლევან კობიაშვილი კენჭს იყრიდა ფეხბურთის ფედერაციის თავკაცად მისგან წამოვიდა დაპირება, რომ თუ ბავშვთა საფეხბურთო აკადემია სადმე გაკეთდებოდა ეს იქნებოდა აუცილებლად ლანჩხუთში. 1,5 მილიონიანი პროექტია და რა ვქნათ ახლა, არ გადავცეთ ჩვენი ხელთ არსებული ინფრასტრუქტურა?! თუ წინააღმდეგნი წავალთ და დროშებით მოვლენ, არიქა არ გვაწყობსო, წაიღებენ ამ პროექტს. ეს აკადემია დასავლეთ საქართველოში ერთი იქნება და ისიც ლანჩხუთში. არ გვინდა, წაიღებენ ბათუმში, განა ვინმე უარს იტყვის ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის დაარსებაზე?! რაც შეეხება ჭიდაობის სექციას, ისინი ჩვეულებრივ გააგრძლებენ მუშაობას. იქ არის იატაკის პრობლემა. ჩვენ ჩინელებისგან ველოდებით მასალის გადმოცემას და როგორც კი გვექნება, ალბათ, მაისის ბოლომდე ეს პრობლემა მოიხსნება. ეს აკადემია სადმე ხომ არ მიმაქვს, მუდმივი არაფერია ქვეყანაზე, არც ეს თანამდებობა, რომელიც მიკავია, მაგრამ ნამდვილად კმაყოფილი ვიქნები როცა გავიხსენებ, რომ ჩემი გამგებლობისას ეს გაკეთდა,~ _ განაცხადა ბატონმა ზაზამ. დარბაზში იკითხეს, _ აკადემია უეფას სტანდარტების იქნება და იქ სხვა სექციას არავინ დაუშვებს და ეს წარმატებული ფალავნები გარეთ დარჩებიანო. ოპოზიციონერმა ელგუჯა ჩხაიძემ შენიშნა: `ჩვენი სიტუაცია ახლა იცით რას ჰგავს, ორი მამალი რომ ჰყავს კაცს ეზოში, ერთ აუცილებლად ჰკლავს. აი, ასეთ დღეში ვიქნებით.~ `ახალი უმრავლესობის~ ლიდერმა გიორგი ჩახვაძემ განაცხადა, _ `ამ ჩხუბს და კამათს სჯობია ეს ჭიდაობის დარბაზი ჩიბათში გავაკეთოთ. სოფლის ცენტრში არის შენობა და მისი გაკეთება შეიძლება. ამით სოფელს კარგი კერა შეემატება და თქვენც არ იჩხუბებთ, სად რა სჯობია.~ აკაკი იმნაიშვილმა განაცხადა: `აკადემიას გრიგოლეთის ბაზა გადავცეთ, საკურორტო ზონაა, მაინც არ ეყოლება იქაურობას პატრონი და უკეთესი საქმე გამოგვივა.~ კარგა ხნიანი კამათის შემდეგ გადაწყვეტილება ისე მიიღეს, როგორც წარმოდგენილი იყო და მალე, როგორც დაანონსდა, სოფელ გვიმბალაურში საფეხბურთო აკადემიას ვიხილავთ, რომელსაც გამგებლის ინფორმაციით, სფფ-ს პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი დღეს მოინახულებს. საკრებულოს სხდომაზე დამტკიცდა განკარგულება ,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის დამტკიცების შესახებ~. საკითხი წარმოადგინა მუნიციპალიტეტის გამგებელმა. როგორც აღნიშნა, ძირითადი ვალდებულებები, რაც მუნიციპალიტეტს ჰქონდა აღებული, შესრულდა. გამგებელმა ანგარიშში ვრცლად ისაუბრა მუნიციპალიტეტში განხორციელებული ინფრასტრუქტურული და სხვა მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ. მისი თქმით, _ ბოლო წლების განმავლობაში თითქმის 30 მილიონი ლარის მობილიზება მოხდა ინფრასტრუქტურის მხრივ. `ჩვენი რაიონი ამ კუთხითაც მოწინავეა. 4 მუნიციპალიტეტია ჩვენზე წინ მხოლოდ. ეს იმიტომ, რომ იქ დიდი ქალაქები ფიგურირებს, ვიდრე ლანჩხუთია. `ნაციონალების~ მმართველობის დროს 8 მილიონი იყო შემოსული და სხვაობას კი უნდა ხედავდეთ. წლის განმავლობაში რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტის განხორცილებას ველოდებით. მოხდება საფეხბურთ აკადემიის გაკეთება, სპორტული დარბაზის მშენებლობის დაწყება. 2013 წელს 1,4 მილიონამდე იყო ბიუჯეტი, ახლა გაორმაგებული და უფრო მეტიცაა. ეს იმ პირობებში, როცა ჩვენთან არც საწარმო გახსნილა და არც ფაბრიკა-ქარხნები. ეს არის სწორედ სწორი მენეჯმენტის დამსახურება, რომელზეც ხშირად მიუთითებენ. რა არის გამგებლის ფუნქცია _ რაც შეიძლება მეტი ფული მოიზიდოს მუნიციპალიტეტში,~ _ განაცხადა გამგებელმა. დეპუტატების ნაწილმა 3-იანი დაუწერა 2016 წლის ბიუჯეტის ანგარიშს. ოპოზიციონერმა გია გოგუაძემ გამგებელს რამდენიმე კითხვა დაუსვა. ბატონი გია პირველ რიგში დაინტერესდა ვისი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს ბიუჯეტის არასწორი დაგეგმვის გამო, რომელმაც გამოიწვია გეგმის შეუსრულებლობა. ბატონმა ზაზამ უპასუხა, რომ არავის პასუხისმგებობაზე არ არის საუბარი, რადგან მხოლოდ 1,5 პროცენტი დააკლდა ბიუჯეტის შევსებასო. ბატონმა გიამ ასევე ისაუბრა გამგეობაში ინტერნეტის და ქსეროქსის არ არსებობაზე. რაზეც ურუშაძემ მიუგო, რომ ინტერნეტთან დაკავშირებით ტენდერია გამოცხადებული და მალე მოგვარდება პრობლემა: `თქვენ ინტერნეტის და ქსეროქსის გარდა სხვა თუ ვერაფერი აღმოაჩინეთ საპრობლემო, ე.ი. კარგად ვმუშაობთ.~ დეპუტატებმა საკრებულოს თავმჯდომარის სამსახურებრივ მანქანაზეც ისაუბრეს და განაცხადეს, სანამდე უნდა იყოს ის ხან ერთ ქუჩაზე აყირავებული, ხან მეორეზე. ხომ შეიძლება შეიცვალოს და ამ სანახაობას მაინც აღარ შევესწროთ ყველა დღესო. აკაკი იმნაიშვილმა ბოლოს ჩატარებული ლელობურთი შეახსენა დამწრეებს და გამგებელს მიუგო: `კარგად იყო ყველაფერი ორგანიზებული. საპატიო ლანჩხუთელებიც დასახელდნენ. მათი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ერთი შუხუთელი რატომ არ აღმოჩნდა მათ სიაში. ხომ შეიძლებოდა, ძველი ლელობურთელისთვის მიგვეცა ეს ჯილდო. შუხუთში 90 წლის ლელობურთელიც კი ცხოვრობს~. `ვისთვის არ მიგვეცა საპატიო მოქალაქეობა, ჯემალ დობორჯგინიძისთვის, რომელიც 75 წლის შესრულდა თუ რევაზ როყვასთვის, რომელსაც 80 წელი შეუსრულდა. მე ეს ჩემით არ გადამიწყვეტია. არის შესაბამისი კომისია, რომელმაც დაადგინა ამის შესახებ. მოგემართათ წერილით, განიხილავდა კომისია და მიანიჭებდა შესაბამის ჯილდოსაც,~ _ განაცხადა გამგებელმა. აკაკი იმნაიშვილმა ზაზა ურუშაძეს შუხუთის კულტურის სახლის თემაც შეახსენა. როგორც გამგებელმა განმარტა, ეს შენობა აღდგენას არ ექვემდებარება და შესაბამისად, მისი დემონტაჟი უნდა მოხდეს: `ეს არის 1934 წელს აგებული შენობა. დაათვალიერეს სპეციალისტებმა და თქვეს, რომ საძირკველი პრაქტიკულად დამწვარია, იქ არ არსებობს ალმატურა და სხვა რამ, რაც შენობის მდგრადობას ხელს შეუწყობს. დასკვნაც დაიდო შესაბამისი. ნულოვანი არის მისი ღირებულება და რა გავაკეთოთ. იცით თქვენ ამის შესახებ და მაინც საუბრობთ მის აღდგენაზე~. `ეს შენობა 60-იან წლებშია აშენებული და სოფლისთვის უნიკალურია. როცა საქმეს სჭირდება მე-12 საუკუნის ძეგლების აღდგენა-რესტავრირება ხდება და მას ვერ შეინარჩუნებთ?! უბრალოდ, არ გინდათ და ეს არის სიმართლე~ _ განაცხადა ბატონმა აკაკიმ. გამგებელსა და შუხუთის მაჟორიტარს შორის კამათი იმით გაგრძელდა, რომ დეპუტატმა ჰკითხა: `თქვენ ერთ-ერთ სხდომაზე განაცხადეთ, რომ მე კი არა, ყველა დაპირება ბიძინა ივანიშვილმა ვერ შეასრულაო. მაინტერესებს, რა დაპირდა ბატონი ბიძინა ხალხს და რა ვერ შეასრულა. გამეცი ამ კითხვაზე პასუხიო.~ ეს შეკითხვა სხდომის მიმდინარეობისაც დეპუტატმა გამგებლის მისამართით რამდენჯერმე დასვა, მაგრამ პასუხი ვერ მიიღო. ბატონმა ზაზამ მას თვითმმართველობის არჩევნები შეახსენა: `სხვათა შორის თქვენ ჩვენი კოალიციის მიერ იყავით მაჟორიტარ დეპუტატად წარდგენილი და მე მხარს არ მიჭერდით გამგებლის კანდიდატურაზე. ეს არის სიმართლე.~ ბატონმა აკაკიმ დეპუტატების ნაწილს და ჟურნალისტებს სხდომაზევე აჩვენა ფოტო, რომელიც საარჩევნო კაბინაშია გადაღებული და მასში კარგად ჩანს, ბიულეტენში თუ ვინ არის შემოხაზული. `ამით შეიძლება მე კანონი დავარღვიე, მაგრამ ფაქტი მაქვს შენახული თუ ვის მივეცი ხმა. ეს არის ზაზა ურუშაძე და ახლა ამბობს, რომ მხარს არ მიჭერდიო. აგერ ბატონო ფაქტი, მეტი რა ენით ვისაუბრო~, _ კატეგორიული იყო შუხუთის მაჟორიტარი. ცხარე კამათის შემდეგ მიკროფონთან დარეჯან ბურჭულაძე მოვიდა და კოლეგებს გრიგოლეთში მცხოვრები ადამიანების გასაჭირის შესახებ მოუთხრო: `ეს ხალხი არის ძალიან ცუდ დღეში. მათ პლაჟზე გადასვლელი პრაქტიკულად არ აქვთ. ყველაფერი ისეა ირგვლივ გადაღობილ-გადმოღობილი, რომ იქ გავლა შეუძლებელია. როცა ამაზე ვსაუბრობდი ამას წინეებზე, ერთმა ჩემმა კოლეგამ მითხრა, რომ ფაქტებით ისაუბრეო. ა, ბატონო, ფაქტები, ფოტოსურათები მაქვს გადაღებული სადაც ნათლად ჩანს თუ რა მდგომარეობაა.~ კახა ასკურავამ გრიგოლეთში არსებულ მდგომარეობას საგანგაშო უწოდა: `იქ არა მარტო ეს პრობლემაა. ცოტა ხნის წინ სტუმარი მყავდა ჩაყვანილი და მასთან ერთად იქ გავლის შემრცხვა. ათასი სიბინძურე ჰყრია ირგვლივ. რაღაც მექანიზმი უნდა ამოქმედდეს, რომ მსგავსი რამეები არ იყოს დაყრილი. ყველაფერი უბედურება ეყარა, უბრალოდ, მცხვენია მათი დასახელების, რაც იქ ვნახე.~ საკრებულომ დაამტკიცა განკარგულება ,,მერების შეთანხმება - ,,აღმოსავლეთის ხელმოწერაზე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის თანხმობის მიცემის შესახებ". აღნიშნული საკითხი გამგებლის მოადგილემ, ნუგზარ ცინცაძემ წარადგინა. სხდომაზე ისაუბრეს დასუფთავების მოსაკრებელზე. როგორც დეპუტატების ნაწილმა განაცხადა, კარგი იქნება თუ დასუფთავების სამსახურს ნაწილობრივ თვითდაფინანსებაზე გადავიყვანთ, ამით მოსაკრებლის ამოღებაც უფრო მოხდებაო. როგორც ცნობილი გახდა, რომ 8 ათას ლარამდეა ამ მხრივ შემოსული. `იმდენი საბანკეტო დარბაზი გაიხსნა ჩვენთან, ან მაღაზია ფუნქციონირებს, რატომ არ ახდევინებთ მათ ფულს?~ _ იკითხეს დეპუტატებმა. როგორც განმარტეს, სადამსჯელო ფუნქციები არ აქვს დასუფთავების სამსახურს და აქედან გამომდინარე, როგორ მოითხოვს ურჩი გადამხდელებისგან თანხის ამოღებას. ხმაურიანი სხდომა ტრადიულად `სხვადასხვათი~ დასრულდა.
განყოფილება: პოლიტიკა
გადასვლები: 0