ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ირმა მგელაძე: ეს არჩევნები არის გზაგასაყარი და თუ ისევ ეს მთავრობა დარჩება ხელისუფლებაში, ჩათვალეთ, ჩინეთისა და რუსეთის უკანა ეზო ვიქნებით


22-01-2024, 14:20

ყველა დემოკრატიული ქვეყნის, მათ შორის საქართველოს, მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნქციონირების უმთავრეს, ფუნდამენტურ პრინციპად სუბსიდიარობის პრინციპია აღიარებული - ყველაფერი, რისი გაკეთებაც ხელისუფლების ქვედა დონეზეა შესაძლებელი, არ შეიძლება, განსახორციელებლად ხელისუფლების ზედა დონეს გადაეცეს. მსოფლიო გამოცდილებამ დაგვანახა და ევროპული ქარტიაც მიიჩნევს, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ უკეთ იცის ადგილობრივი საჭიროებანი და მოსახლეობის მოთხოვნებს ბევრად უფრო ადეკვატურად შეუძლია უპასუხოს, ვიდრე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომლებიც დაშორებულნი არიან ცალკეულ დასახლებებში მცხოვრებ ადამიანებს.
თუმცა, ფაქტია, რომ დღევანდელ საქართველოში თვითმმართველობები სტაგნაციის ეტაპზეა და რეალურად ის წარმოადგენს ადმინისტრაციულ რესურსს, რომლის მთავარი დანიშნულება არჩევნებში მმართველი პარტიის გამარჯვების უზრუნველყოფაა. “როგორ წარმოგიდგენიათ, მერი იყოს ოპოზიციონერი?“ - იკითხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2021 წლის 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, - „გვინდა ბევრი პროექტის დაფინანსება და შემაფერხებელი ბარიერი იქნება ჩვენთვის და ნაკლები მოტივაცია გვექნება იმ შემთხვევაში, თუ გაიმარჯვებს ოპოზიციონერი კანდიდატი“.
„სახელისუფლებო ვერტიკალი: პრემიერ-მინისტრიდან დაწყებული სოფლის რწმუნებულით დამთავრებული ყველა ერთი პარტიის წევრია და ემორჩილება ერთ განკარგულებას, ერთ პოლიტიკურ ნებას - ამაზე დგას ძალაუფლების შენარჩუნების მანქანა მრავალი წლის განმავლობაში... გვაქვს თვითმმართველობები, სადაც გარე განათება რომ გამოცვალოს სოფელში, მაგის დაფინანსებაც ცენტრალური ბიუჯეტიდან უნდა მიიღოს" – ასეთია თვითმმართველობის საკითხთა ექსპერტების შეფასებები ამ თემაზე საუბრისას.
საგულისხმოა, რომ განსაკუთრებით ბიუჯეტირების პროცესში ადგილობრივი ხელისუფლებების როლი მწირია, ისინი მეტწილად დამოკიდებულები არიან ცენტრალურ მთავრობაზე და  შედეგად შეზღუდულია მათი დამოუკიდებელი მუშაობა ადგილობრივი პრობლემების გადასაჭრელად.
ლანჩხუთის საკრებულოს წევრი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან, ირმა მგელაძე, რომელიც წინა ხელისუფლების დროს საკრებულოში სოციალურ საკითხთა კომისიას ხელმძღვანელობდა, ბოლოს კი გამგეობის კულტურის სამსახურს ედგა სათავეში, ამ  თემაზე საუბრისას ამბობს, რომ დღეს სახეზე გვაქვს მკაცრად ცენტრალიზებული, ერთპარტიული მმართველობა, სადაც სახელმწიფო ინსტიტუტები არსებობენ ფიქციურად და რეალურად პარტიული სტრუქტურა მართავს ქვეყანას.
,,ჩემი შეფასებით თვითმმართველობა არის კასტრირებული, აბსოლუტურად უუფლებო. იქ, სადაც ადგილობრივი შემოსავლების 80% მოდის მხოლოდ ხელფასებზე, უბრალოდ არ შეიძლება იყოს თვითმმართველობა. დარწმუნებული ვარ, ბევრი ისეთი წვრილმანი საკითხებია მოუგვარებელი მუნიციპალიტეტში, ჩვენ რომ რეალურად თვითმმართველობა ვიყოთ  და ჩვენზე იყოს დამოკიდებული  ამ პრობლემების აღმოფხვრა,  აუცილებლად მოგვარებული იქნებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, დეცენტრალიზაციის ნაცვლად მივიღეთ აბსოლუტურად თავკომბალა პარტიული სტრუქტურა, რომელიც დირექტივებს იღებს ზევიდან, რაც ძალიან ცუდია. ჩვენ ეს არ გვინდოდა. პირიქით, გვინდოდა, რომ ყველა თვითმმართველი ქალაქი  და მუნიციპალიტეტი ყოფილიყო საკუთარი თავის პატრონი, პრობლემების აღმომფხვრელი და საკუთარი ბიუჯეტის თავად განმკარგავი, პრიორიტეტების თავად განმსაზღვრელი".
იმის დასტურად, რომ ქვეყანაში თვითმმართველობა რეალურად არ არსებობს, მგელაძეს რამდენიმე მაგალითიც მოყავს: – ,,ძალიან ბევრი კონკრეტული მაგალითის მოყვანაა შესაძლებელი.  დარწმუნებული ვარ, ადგილზე ჩვენი გადასაწყვეტი რომ იყოს, აუცილებლად აღმოიფხვრებოდა ბევრი, ერთი შეხედვით მარტივი,  პრობლემა. აი, თუნდაც  ქვიანში ბიბლიოთეკა რომაა მიგდებული სადღაც უსახურ შენობაში, სამედიცინო პუნქტის შენობაზე კარი რომ არის ჩამოვარდნილი. სოფელი ჭანჭათი ხომ საერთოდ მე-13 რაიონია.  აქ არც გზაა, არც სხვა რამე სიკეთე. აქაურ მოსახლეობას, იმის გამო, რომ შიდა გზები არ არის, სხვადასხვა საჭიროებისთვის მეზობელ რაიონში, ჩოხატაურში უწევთ სიარული. წარმოიდგინეთ, დღეს, როცა გარეთ 21-ე საუკუნეა შიდა გზები არ არსებობს ცენტრალურ გზამდე მისვლა რომ მოახერხონ ადამიანებმა. და ყველაზე მთავარი, უბრალოდ სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს,  ,,ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის მეთორმეტე წლისთავზე ჭანჭათის ბიბლიოთეკას დენი არ მიეწოდება, საერთოდ არაა სადენი შენობაში შეყვანილი. ბიბლიოთეკის გარდა აქ სოფლის სამედიცინო პუნქტიცაა განთავსებული. წარმოუდგენელია,  რანაირად უნდა იფუნქციონიროს სამედიცინო პუნქტმა ასეთ პირობებში. უბრალოდ, მაცივარი ხომ მაინც სჭირდება  წამლის შესანახად? რაღაცა ხომ სჭირდება? არაფერი არ არის!"
ოპოზიციონერი დეპუტატის აზრით, ქვეყანამ ,,ოცნების" 11 წლიანი მართვის პერიოდში სტაგნაცია განიცადა. მეტიც, მისი გადმოსახედიდან სახელმწიფო ინსტიტუტები სრულად  მოიშალა და გაოხრდა. არადა, აღიარებს, რომ ნამდვილად ჰქონდა უკეთესობის მოლოდინი. ფიქრობდა, რომ ქვეყანა წინ წავიდოდა და უფრო განვითარდებოდა. მისი შეფასებით, სახელისუფლებო გუნდის წევრები კორუფციაში არიან გასვრილები, რის გამოც ,,არ უღირთ ხმის ამოღება'.
,,2012 წლის არჩევნებზე ,,ოცნება" მართლაც ხალხის ხმებით მოვიდა ხელისუფლებაში და ვერ წარმომედგინა, რატომ უნდა ყოფილიყო ადამიანი მილიარდელი, რატომ უნდა ყოფილიყო ქველმოქმედი, რატომ უნდა ყოფილიყო ქართველი, რომელიც აშენებულს დაანგრევდა. პირიქით, მეგონა,  რომ 2014 წლისთვის ჩვენ უკვე გვექნებოდა ყველა ძირითადი პრობლემა მოგვარებული რომ ყოფილიყო ჯანსაღი სიტუაცია, რაც კარგი იყო წინა ხელისუფლების დროს, არადა მართლაც ბევრი რამ იყო კარგი, წესით ის ყველაფერი  უნდა გაგრძელებულიყო. რაც იყო ნეგატიური, მაგალითად,  იგივე სასამართლო სისტემა, ციხეები, ესენი რომ აღმოეფხვრა, რა მინდოდა, რატომ ვიქნებოდი ოპოზიციაში?!  
რომ დავინახე, რომ ეს კაცი არაფერს აკეთებს კარგს. ისიც, თუ რამდენი შიდა და გარე მტერი ჰყოლია  სააკაშვილს და  როგორ მოახერხა იმ პატარა პერიოდში  ამდენი ცვლილებების გატარება, კიდე  უფრო მეტად ვიგრძენი პატივისცემა მიშას მიმართ. 
ამათი მოსვლის დღიდან მუნიციპალიტეტში არ არსებობს სფერო, რომელიც წინ წავიდა და განვითარდა. ასეთი არ არსებობს. მაგალითად, ფეხბურთი საერთოდ დაასამარეს.  2011 წელს უმაღლესი ლიგის პრეტენდენტი გუნდი დღეს სად არის ჩამოქვეითებული? ბიბლიოთეკები სართოდ გაანადგურეს, ორიოდე ბიბლიოთეკაა, რომელიც  ასე თუ ისე სუნთქავს. თეატრი, კულტურა საერთოდ მოსპეს. ამ ბოლო დროს  დაიწყო  სუნთქვა, მაგრამ ჯერჯერობით დიდი ვერაფერი. ერთადერთი პროექტი, რომელსაც  ჯერჯერობით ვერაფერი ვერ მოუხერხეს, არის საბავშვო ბაღები, მაგრამ იქაც  სხვა სეგმენტით მოუღეს ბოლო. გააკეთეს უშველებელი შენობები, რომელიც არაფრით არ არის სოფელთან ადაპტირებული და დაასაქმეს  იმდენი ადამიანი, რომ  ხელფასებსაც ვეღარ აუდიან უკვე.  ერთადერთი რასაც აკეთებენ, არის ეს ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელშიც თავადაც არიან გაბლანდულები და ფულის გამო აკეთებენ ამ ყველაფერს. 
ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ქალაქის ცენტრალურ სკერში საპირფარეშო რომ გაკეთდა, დაგვიპირისპირდა იქაური მოსახლეობა,  აქ ადრე სასაფლაო იყო და არ მოგცემთ უფლებას ჩვენი წინაპრების ძვლები ფეკალიებით შეურაცხყოთო. ახლა, როცა 11 წლის შემდეგ ისევ ათასები დაიხარჯა იქ ტუალეტის აღდგენაში და ,,ოცნების" პრემიერ მინისტრის ხელდასმით განხორციელდა ეს ყველაფერი, არავის გახსენებია წინაპარი.  ახლა არავის ბაბუის ძვლებზე არ გადადის ეს ფეკალიები, მშვენივრად დაუკრეს ტაში პრემიერს.  ისე, ორი წელი გავიდა და ის საპირფარეშო მაინც ვერ აამუშავეს,  კანალიზაციაზე ვერ დააერთესო. ვერც სკვერის ცენტრში გაკეთებული ღია კაფე გახსნეს. კიდევ სპორტული აკადემია, რომელიც ზარზეიმით გაიხსნა, ვერ ფინქციონირებს უკვე, ჯერ რაა, სულ ახლახან გაიხსნა და უკვე მიკეტილია. რასაც აკეთებენ ერთი პროექტიც არ არის ბოლომდე დასრულებული და ხარისხიანად გაკეთებული. მაგალითად ეს ყბადარებული რიონის ხიდიც გამოდგება, რომელიც  ჩავარდა, არადა, წესით  2016 წელს უნდა გახსნილიყო.  რამდენი რამის ჩამოთვლაა შესაძლებელი. 
მოსვლის დღიდან გამარჯვებული ხალხის არაფერი ეტყობოდათ, გახსოვთ ალბათ, როგორი უწმაწური სურათები გამოფინეს ადმინისტრაციულ შენობაზე და თან ორი დროშა ააფრიალეს, ორივე პარტიული, სახელმწიფო დროშა თვეები არ იყო სახელმწიფო სტრუქტურის წინ. ყოველდღიური ლანძღვა-გინება და საქმეების გარჩევა, ცემა-ტყეპა ჩვეულებრივო ამბავი იყო თუ დერეფნებში და თუ კაბინეტებში. ზაზა ურუშაძეს ვინმემ მოსთხოვა პასუხი, მაგალითად იმ ვანდალიზმისთვოს რაც მერიის წინ პარკში ჩაიდინა? თითქმის საუკუნოვანო ძვირფასი ქვები წნევით ააგლიჯა და ისეთი იაფფასიანი ფილები დააგო, ახლა რომ გაიაროთ, თითქმის უკვე აყრილია. მაშინ ავტეხეთ ოპოზიციამ აჟიოტაჟი, მაგრამ ,,შურთო” ასე დაგვიწერეს მეხოტბეებმა. ან ის გრიგოლეთის სანაპირო ზოლი, იმხელა ლოდები ჩაყარეს, დღემდე ფეხსაცმლის გარეშე ვერ ჩადიან ზღვაში იმ მიდამოებში.
დღევანდელი საკრებულოს აბსოლუტური უმრავლესობა, მაშინაც უმრავლესობა იყო, მაგრამ არაფერზე არ იღებენ პასუხისმგებლობას, რაც მაშინ განადგურდა. და რომ დაესწრო საკრებულოს სხდომებს, უნდა ნახო ის ადამიანები, რომლებიც წინა ხელისუფლების დროსაც ხელისუფლებაში იყვნენ და დღესაც იქ არიან, როგორ უტეხად წამოგაძახებენ, თქვენ რა გააკეთეთო.…
ერთ ინსტიტუციას ვერ დამისახელებთ, რომელიც  განვითარდა და წინ წავიდა ამ 11 წლის განმავლობაში. მე სამაგიეროდ, დაგისახელებთ ძალიან ბევრ  ისეთს, რომელიც საერთოდ გაოხრდა და განადგურდა.  ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია საქართველოს რკინიგზა, რომელიც თავის დროზე მილიონობით ლარის მოგებაზე მუშაობდა, თუმცა ,,ოცნების" ხელისუფლების პირობებში, პირიქით,  8-9 წელი  მილიონობით ლარის წაგებაზე იყო. დაახლოებით ბოლო ორი წელია რაღაც მოგებაზე გავიდნენ, თუმცა, ეს არ ასახულა ინფრასტრუქტურაზე, რომელიც  სრულადაა მწყობრიდან გამოსული. ამის ნათელი მაგალითია ლანჩხუთის რკინიგზის სადგური და მისი მიმდებარე ტერიტორია. ხშირად მიწევს მატარებლით მგზავრობა და ანალოგიური მდგომარეობაა ყველგან,  დანგრეული და განადგურებულია ბაქნები, სადგურები. ამ ყველაფერს რომ ვუყურებ,  მახსენდება მინისტრ ბრეგაძის  ნათქვამი ,,შტადლერის" მატარებელი რომ მოადგა შლაგბაუმს, თავი ბედნიერად ვიგრძენიო. ის კი იგრძნობდა თავს ბედნიერად ბოლო მოდელის ჯიპში მჯდარი. ჩვენ კი ეს მატარებელი ლანჩხუთის სადგურში არც კი გვიჩერებს. 
ავიღოთ თუნდაც განათლების სისტემა. მე მნიშვნელოვან მონაპოვრად მიმაჩნია ეროვნული გამოცდები. თუმცა, რა ქნა პრემიერმა ღარიბაშვილმა? მან  საქართველოს ეროვნული ნაკრების გუნდის წევრებს ნება დართო ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, უგამოცდოდ ჩარიცხულიყვნ ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში. რას ნიშნავს ეს?  ეს იქ გვაბრუნებს, საიდანაც წამოვედით.  პასუხი ნათელია, ხელისუფლებას ეს სჭირდება იმისთვის, რომ შემდგომ ეს კუნთმაგარი ბიჭები გამოიყენოს  საარჩევნოდ, რომ დახვდნენ და პრობლემა შეუქმნან იმ ადამიანებს, ვისაც განსხვავებული აზრი აქვთ. ჩვეულებრივი სადამსჯელო ჯგუფები აქვთ შექმნილი სპორტსმენებისგან. ამის ნათელი მაგალითია კორცხელის ფაქტი. ცხადია, რომ არანაირად არ სჭირდება ამ ხელისუფლებას განათლებული ადამიანი. ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან, რომ  ზემოთ, მთავრობაში გაუნათლებლები არიან, უბრალოდ ისე ყავს ივანიშვილს დაჭერილი,  იმდენად არიან კორუფციაში ჩართულები, არ უღირთ ხმის ამოღება. ალბათ, გემახსოვრებათ ლოზუნგი ,,გარეჯი საქართველოა", თუმცა, აღმოჩნდა, რომ გელათი აღარ დარჩა საქართველო. გელათი უნდა დაინგრეს. რადგან ეს ყველაფერი ამ ხელისუფლების პირობებში ხდება არ უნდა შევიმჩნიოთ. 
იტყვიან, რომ ამდენი გზა იგება, ამდენი ბაღი შენდება. კი ბატონო, კეთდება, მაგრამ ეს არის დიდი პროექტები, რომელთა მშენებლები წინასწარ განსაზღვრულია და  ვინ  ვის უნდა გაუყოს ფული, ისიც.  თუ ჩვენ 2007 წელს არაფრისგან შევქმენით ბაღები,  დღეს 2024 წელია და ამ ხნის განმავლობაში თუ ბაღიც არ ააშენე,  მაშინ რა უნდა გააკეთო?! თუმცა, აქაც მაქვს სათქმელი. კერძოდ, სუფსაში რაც გაკეთდა ეს არის თითქოს სტანდარტებს მიახლოებული, ოღონდაც  აბსოლუტურად შეუსაბამო. პირველ რიგში იმიტომ, რომ კანონში ჩაწერეს,  საბავშვო ბაღები არის უფასოო და  ძალიან კარგია რომ უფასოა, თუმცა სუფსის საბავშვო ბაღის მაგალითი რომ ავიღოთ, აქ იმდენი სოფლის ბავშვმა უნდა მოიყაროს თავი,  როგორღაა უფასო? წარმოიდგინეთ, მეზობელი ახალსოფლიდან სუფსის ბაღში მშობელმა ბავშვი რომ მიიყვანოს, სჭირდება ტრანსპორტი, რაც, რა თქმა უნდა, გარკვეულ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ანუ მათთვის ბაღი უკვე აღარ არის უფასო. აქ ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ახალსოფელს, როგორც სოფელს მოეშალა ერთი კარგი სკოლამდელი საგანმანათლებლო კერა, რომელიც ერთგვარ სიცოცხლეს სძენდა ამ სოფელს. ახლა  ეს ბავშვები წავლენ სუფსის ბაღში და ფაქტობრივად,  სოფელი ჩაკვდება, ერთი სკოლაა იქ დარჩენილი, მეტი არაფერი. ეს არის ძალინ ცუდი ტენდენცია, დეცენტრალიზაციის ნაცვლად გვაქვს ცენტრალიზაცია".
ირმა მგელაძე, ამ ყველაფრის პარალელურად, კადრების პარტიული ნიშნით შერჩევაზეც აკეთებს აქცენტს. მისი თქმით, სამსახურებიდან გამოუშვეს კვალიფიციური ადამიანები და მათ ნაცვლად პარტიული კუთვნილების მიხედვით დაასაქმეს ადამიანები. თუმცა, იქვე ლანჩხუთის რეალობაში დაშვებულ იშვიათ გამონაკლისზეც საუბრობს –,,სამწუხაროდ, თუკი რომელიმე სფეროში გვყავდა კარგი, გაბედული  და ისეთი კადრი, ვისაც არ შეუძლია იყოს მონა, ყველა გამოუშვეს სამსახურიდან. იმ სამსახურს, სადაც მე ვმუშაობდი, ამ დროისთვის არ ჰყავს ხელმძღვანელი,მოვალეობის შემსრულებელია დანიშნული. ახლა რომ გამოცხადდეს კონკურსი და მე შევიტანო განაცხადი, ვინმე დამნიშნავს? არადა, ყველა იმ წინაპირობას ვაკმაყოფილებ, რასაც ითხოვენ. არა, არავინ არ დამნიშნავს და ცხადია რატომაც.
ამ ხელისუფლების პირობებში რაზეც შემიძლია ყველა ასპექტში ვთქვა, რომ კარგია, ეს არის კოლეჯი ,,ჰორიზონტი".  არ ვიცი ვინ შეარჩია აქ თანამშრომლები, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ არ არის პარტიული ნიშნით შერჩეული. ეს ნამდვილად თვალშისაცემია, როგორც კი აქ შეხვალ.  თავად შენობაც კარგია, სასიამოვნო ატმოსფეროა. ძალიან  გამიხარდა და მესიამოვნა. ადგილობრივი ა(ა)იპ-ებიდან შეიძლება გამოიყოს ბაღების გაერთიანება და დასუფთავების სამსახური, რომლებიც შედარებით კარგად მუშაობენ. მაგალითად წელს ჩვენი ნაძვის ხე წელს ულამაზესი იყო. რაც კარგია, ის აუცილებლად უნდა ვაღიაროთ".
დღეს ოპოზიციის აბსოლუტური უმრავლესობა თანხმდება, რომ  2024 წლის არჩევნები სტრატეგიული მნიშვნელობისაა და განმსაზღვრელია, თუ რა კურსს აირჩევს სამომავლოდ ქვეყანა. ფაქტობრივად, ეს რეფერენდუმია, სადაც მოსახლეობამ უნდა დააფიქსიროს, რომ სურს ქვეყნის ნათელი მომავალი და არა რუსული მაფიოზური მმართველობა. გამონაკლისი ამ მხრივ არც ირმა მგელაძეა, რომელიც მომავალს იმედიანად უყურებს და თვლის, რომ აუცილებლად მივალთ იქ, სადაც არის ჩვენი ოჯახი.
,,აქამდე არ მომცემია შესაძლებლობა და მინდა ახლა მივულოცო  ჩვენი მუნიციპალიტეტის მოსახლეობას  ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება. ვფიქრობ, ეს ისეთი  შეუქცევადი პროცესია, რაგინდ მავნე ხელისუფლებაც არ უნდა მოვიდეს შემდგომში ქვეყნის სათავეში, აუცილებლად მივალთ იქ, სადაც არის ჩვენი ოჯახი, იქ სადაც ჩვენი ბუნებრივი მოცემულობაა, იქ, სადაც ადამიანის უფლებები დაცულია  მაღალ დონეზე, სადაც განათლებას ფასი აქვს, სადაც მაღალხარისხიანი სამედიცინო მომსახურებაა. 
საარჩევნო წელია და ვფიქრობ, გამოვფხიზლდებით ყველა. ეს არ არის ჩვეულებრივი არჩევნები. ეს არჩევნები განსაზღვრავს სამომავლოდ საით აიღებს  ჩვენი ქვყანა კურსს. 
იმ ფონზე, როცა ჩინეთს მთელი მსოფლიო, ჩვენი ყველა სტრატეგიული პარტნიორი ცდილობს  ჩაეხსნას, ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები  ახლა მიდიან იქ.  
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვიყოთ ევროპის ნაწილი. მე ვარ ნამყოფი პოლონეთში, ლატვიაში, ლიტვაში, ჩეხეთში, სადაც არ არსებობს სოფელი, რომ გზა და სხვა  სახის ნებისმიერი ინფრასტრუქტურა მოწესრიგებული არ იყოს. თუკი ავირჩევთ ევროპას, ყველა სოფელს ექნება მოწესრიგებული სკოლა, საბავშვო ბაღი, გზა, ყველას ექნება საშუალება მიიღოს კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება და არც შეეშინდება, საფასური რითი გადავიხადოო. თვითოეული ადამიანი იქნება ღირებული და ახალგაზრდები აღარ იფიქრებენ ქვეყნიდან გაქცევაზე. 
ეს არჩევნები არის გზაგასაყარი და თუ ისევ ეს მთავრობა დარჩება ხელისუფლებაში, ჩათვალეთ, ჩინეთისა და  რუსეთის უკანა ეზო ვიქნებით!"- მიიჩნევს ირმა მგელაძე. 
                                                                                                                   სოფო წილოსანი

განყოფილება: პოლიტიკა
გადასვლები: 1 212
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა