როგორ უნდა მისცენ ხმა საავადმყოფოებსა და იზოლაციაში მყოფმა მოქალაქეებმა
თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს, რომელთა მონაცემებიც ოფიციალურად ფიქსირდება შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში, არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, აქვთ შესაძლებლობა ზეპირი განცხადებით მომართონ ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრს 24 ოქტომბრიდან 26 ოქტომბრის 22:00 საათის ჩათვლით. საარჩევნო პროცესის ყველა მონაწილე, აღჭურვილი იქნება შესაბამისი ეკიპირებით, კერძოდ: ერთჯერადი ხალათით, ნიღბით, ხელთათმანით, დამცავი ფარითა და სადეზინფექციო საშუალებებით. სპეციალური ჯგუფის წევრების მიერ ამომრჩევლისთვის გადასატანი საარჩევნო ყუთის სიისა და საარჩევნო ბიულეტენის გადაცემა მოხდება ამომრჩევლებთან ახლო კონტაქტის გარეშე, არანაკლებ ერთნახევარი მეტრის დისტანციის დაცვით.

სპეციალური საარჩევნო უბნები გაიხსნება დილის 07:00 საათზე და გადასატანი საარჩევნო ყუთით ხმის მიცემის პროცედურა დაიწყება დილის 08:00 საათიდან, რომელიც გასტანს 20:00 საათამდე. გადასატანი საარჩევნო ყუთი სპეციალურ საარჩევნო უბანზე დაბრუნდება 21:00 საათამდე. ამის შემდეგ, სპეციალური საარჩევნო უბნები, უსაფრთხოების წესების სრული დაცვით, არჩევნებში ჩართული მხარეების საარჩევნო პროცესში მონაწილეობით, განახორციელებენ ხმების დათვლის პროცედურებს. გურია ნიუს
ავტორი: ნათია ებრალიძე
ავტორი: ნათია ებრალიძე